reportiori.ge - ჟვანიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე პროკურატურას დღემდე არ დაუკითხავს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:01
პრეს-დაიჯესტი
ჟვანიას საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე პროკურატურას დღემდე არ დაუკითხავს!
ავტორი:
04 აპრილი, 2014. 15:01



ეროვნული  მოძრაობის ძველი წევრი, პედაგოგი ნათელა მოდებაძე, ზურაბ ჟვანიას საქმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და მთავარი მოწმეა. 2005 წლის 3 თებერვლის ავბედით ღამეს მან საკუთარი თვალით დაინახა, საბურთალოს ქუჩის 53ა-ში მდებარე კორპუსის სადარაზოში როგორ შეიტანეს ყუთის ფორმის მოზრდილი ნივთი და როგორი მისვლა-მოსვლა და ფაცი-ფუცი იყო იქ გაჩაღებული შუაღამისას. მეორე დილით კი ქვეყანამ გაიგო,  რომ საბურთალოს ქუჩის 53ა-ში მდებარე კონსპირაციულ ბინაში, გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია და მისი მეგობარი რაულ იუსუპოვი. ამის შემდეგ ნათელა მოდებაძის მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარებს, სატელეფონო ტერორს და ოჯახშიც მიუვარდნენ, რის გამოც იძულებული გახდა, მეუღლესთან ერად საქართველო დაეტოვებინა და ახლა ირლანდიაში ცხოვრობს, სადაც პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ერთ-ერთ ინტერვიუში ნათელა მოდებაძემ განაცხადა, რომ ბინა, სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები აღმოაჩინეს, ამ ტრაგედიამდე რამდენიმე თვით ადრე მას და მის მეგობარს უნდა ექირავათ ეკა კიკიანისაგან. რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთ ინტერვიუში ეკა კიკიანმა ნათელა მოდებაძე სიცრუეში დაადანაშაულა და განაცხადა, ასეთი რამ არ ყოფილა, ამ ქალბატონს საერთოდ არც ერთი მეზობელი არ იცნობსო. ჩვენ ნათელა მოდებაძეს ირლანდიაში დავუკავშირდით და მასთან ინტერვიუ სწორედ ამ თემაზე საუბრით დავიწყეთ, თუმცა, წინამდებარე მასალაში მკითხველი კიდევ ბევრ საინტერესო რამეს წაიკითხავს.

 

 

 

– ქალბატონო ნათელა, ეკა კიკიანი აცხადებს, რომ მას თქვენთან ბინის მიქირავებაზე არასოდეს ჰქონია საუბარი და საერთოდ, თქვენ იმ სამეზობლოში არავინ გიცნობდათ. რას იტყვით ამასთან დაკავშირებით?

 

– ეკა კიკიანს ბინა უნდა მიექირავებინა არა ჩემთვის, არამედ ჩემი მეგობრისათვის ლენა სარიასთვის. იგი ქირით ცხოვრობდა საბურთალოს ქუჩის 55 ნომერში, კიკიანის მოპირდაპირე კორპუსში და მეც ხშირად მიხდებოდა მასთან სახლში დარჩენა. 2004 წლის ნოემბრის დასაწყისში მე და ჩემი მეგობარი უკვე უნდა გადავსულიყავით კიკიანის ბინაში, ბარგიც შეკრული გვქონდა.

 

 

– ე. ი. თქვენი მეგობარი და ეკა კიკიანი შეთანხმებულნი იყვნენ ბინის თაობაზე?

 

– ჩემი მეგობარი ესაუბრა ეკა კიკიანის დედას. ლაპარაკი იყო, რომ 150 დოლარად უნდა ექირავებინა ლენა სარიას ეს ბინა, მაგრამ ბოლო მომენტში კიკიანის დედამ უთხრა, ძალიან დიდი ბოდიში, ვასიკო მაღლაფერიძე ორმაგ ფასს გვიხდის და მას უნდა მივაქირავოთო.

გეფიცებით, არანაირი ინტერესი არ მაქვს, რომ ტყუილი ვთქვა. საერთოდ, ზვიად გამსახურდიას მომხრეებს რა განწყობა გვაქვს ზურაბ ჟვანიას მიმართ, ყველამ ხომ კარგად იცით? მე ამ საქმეში არავის მხარე არ ვარ, უბრალოდ, მინდა, სიმართლე გაირკვეს და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვას. რა ინტერესი უნდა მქონდეს ან ვასიკო მაღლაფერიძის, ან კიკიანის მიმართ? კიკიანს საერთოდ არ ვიცნობ, არც შევხვედრივარ არასდროს.

 

 

– ე.ი. როგორც თქვენ ამბობთ, ვასილ მაღლაფერიძემ ჟვანიას სიკვდილამდე 4 თვით ადრე იქირავა კიკიანის ბინა?

 

– დიახ, ვასიკო მაღლაფერიძემ 2004 წლის ნოემბერში იქირავა კიკიანის ბინა და მას მერე ორჯერ ჩემი თვალით დავინახე იმ სახლის ეზოში.

 

 

– ეკა კიკიანი რომ ამბობს, ჩემგან ბინა ჟვანიას დაცვის წევრმა მიშა ძაძამიამ იქირავაო, ე.ი. ტყუის?

 

– დიახ, კიკიანი ტყუის, მისი ბინა იქირავა არა ძაძამიამ, არამედ მაღლაფერიძემ! ამოიღეთ კადრები, ჟვანიას სიკვდილის მეორე დღეს მაღლაფერიძე როგორ ფერდაკარგულია და როგორი შეშინებული ლაპარაკობს. ჟვანიას სიკვდილიდან ცოტა ხანში მაღლაფერიძე გუბერნატორად რომ დანიშნეს, მაშინვე ვთქვი, დივიდენდი მიიღო, როგორც ჩანს, ჟვანიას საქმეში რაღაც დამსახურება დაუფასეს–მეთქი და ახლაც ასე ვფიქრობ!

ან, ის შემთხვევითი იყო, რომ ჟვანიას სიკვდილის შემდეგ მისი დაცვის უფროსი ხარშილაძე გამგებლად დანიშნეს და დიდი ბიზნესიც მისცეს?!

 

 

– ქალბატონო ნათელა, ჟვანიასა და უსუპოვის ცხედრების ახლახან გავრცელებულ ფოტოებზე რა აზრის ხართ?

 

– იცით, რა? არის რაღაც ნიუანსები, რასაც მე ბოლომდე ვერ ვლაპარაკობ. გოგლა ჟვანიასაც ვუთხარი, არის რაღაცეები, რასაც მე ბოლომდე ვერ ვამბობ და რასაც მხოლოდ პროკურატურას ვეტყვი-მეთქი.

ძალიან მინდოდა, რომ გამომძიებელი ჩამოსულიყო ჩემთან ირლანდიაში და დეტალური ჩვენება მიმეცა. პროკურატურიდან ვიღაცეები მირეკავდნენ, ზოგი ზაზად მეცნობოდა, ზოგი – ნუგზარად, ზოგი – გიორგიდ, ზოგი – თემურად, რამაც დამაეჭვა და გოგლასაც ვუთხარი, ეს ხალხი რომ მირეკავს, რაღაც საეჭვოდ მეჩვენება-მეთქი. მერე რომ გადავამოწმე, ასეთი ხალხი საერთოდ არ აღმოჩნდა პროკურატურაში.

 

 

– ანუ ეჭვი გაქვთ, რომ პროკურატურის სახელით სხვა პირები გიკავშირდებოდნენ?

 

– დიახ, ეს ეჭვი მაქვს და გოგლასაც ვუთხარი ამის შესახებ.

 

 

– ე.ი. ჟვანიას საქმეზე დღემდე არ ხართ დაკითხული?

 

– არა, არ ვარ! კბილაშვილმა თქვა, დავკითხეთო, მაგრამ მსგავსი რამ არ ყოფილა. მე ვითხოვდი ოფიციალურ მომართვას. ჩემმა ადვოკატმა მითხრა, ორი სიტყვა დაწერონ, რომ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით უნდათ თქვენი დაკითხვა და ფაქსით გადმოაგზავნონო. არ გააკეთა ეს პროკურატურამ და არ შემდგარა ჩემი დაკითხვა.

ჩემი ვაჟები დაიბარეს პროკურატურაში და მაშინ გამომძიებელმა „სკაიპის“ საშუალებით რაღაცეები გაკვრით მკითხა. მე ვუთხარი, არის რაღაც დეტალები, რომლებსაც ვერ ვამბობ, თუ ირლანდიაში ჩამობრძანდებით, ყველაფერს გეტყვით-მეთქი. რაზეა ლაპარაკი, აუცილებლად ჩამოვალთო, მითხრა, მაგრამ დღემდე არავინ ჩამოსულა ჩემთან.

 

 

– კი მაგრამ, თქვენ ხომ ჟვანიას საქმეში ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი მოწმე ხართ. როგორ ფიქრობთ, რატომ არ იჩენს პროკურატურა თქვენდამი ინტერესს?

 

– ვერ გეტყვით, ეს თვითონ პროკურატურას უნდა ჰკითხოთ, მაგრამ რაღაც ეჭვები ნამდვილად მიმძაფრდება... 2011 წელს ირლანდიურ გაზეთ „ნაციონალისტში“ დაიბეჭდა ჩემი ინტერვიუ საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ზურაბ ჟვანიას მკვლელობაზეც ვისაუბრე ამ ინტერვიუში.

მაშინ სასტუმროში ვცხოვრობდი და მენეჯერმა მითხრა, არ გეშინია, ასეთ ინტერვიუებს რომ იძლევიო? მკაცრად ვუთხარი, რისი უნდა მეშინოდეს-მეთქი, მაგრამ სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ მომიწყვეს ავარია, ორმა მანქანამ გადამიარა. მესამე წელი დაიწყო და ეს ფაქტი დღემდე გამოძიებული არ არის, ხოლო ადვოკატი ერთი წელია, საერთოდ აღარ მიკავშირდება, ვურეკავ და ტელეფონზე არ მპასუხობს.

 

 

– თბილისელ ადვოკატზე საუბრობთ?

 

– არა, ირლანდიელ ადვოკატზე!

 

 

– ქალატონო ნათელა, ჟვანიას და უსუპოვის ცხედრების ფოტოები რომ ნახეთ, უფრო მეტად ხომ არ დარწმუნდით, რომ ის, რაც 2005 წლის 3 თებერვლის ღამეს საბურთალოს ქუჩის 53ა ნომერში შეიტანეს და რაც თქვენ საკუთარი თვალით იხილეთ, მართლა ჟვანიას ცხედარი იყო?

 

– ჩემთვის ამ ფოტოებში ახალი არაფერი ყოფილა, მე ისედაც ვიცოდი, რომ ჟვანია და იუსუპოვი გაზით არ გაგუდულან და ისინი მოკლეს! მე ვიცი კიდევ სხვა ფოტოების არსებობის შესახებ, მაგრამ რა არის იმ ფოტოებზე და ვინ მითხრა ამის თაობაზე, ეს ჩემი საიდუმლოა, რომელსაც მხოლოდ პროკურატურას გავუმხელ!

 

 

– მოდით, კიდევ ერთხელ დეტალურად გაიხსენეთ, რა ნახეთ იმ ღამეს?

 

– მე ვნახე, როგორ შეიტანეს სადარბაზოში დიდი კომოდის მსგავსი რაღაც, ასევე დავინახე, რომ აქეთ-იქიდან ხელკავით შეიყვანეს ერთი კაცი, ზუსტად ისე, როგორც ძალიან მთვრალი ადამიანი მიჰყავთ ხოლმე და ფეხებს მიწაზე მიათრევს!

 

 

– ამ ყველაფერს თქვენ აივნიდან უყურებდით?

 

– დიახ, აივანზე ვიდექით, მარტო მე არ ვიყავი, სხვებიც იყვნენ იქ. თავიდან ჩვენი ყურადღება იმან მიიქცია, რომ გვიან ღამით „ჯიპი“ ეზოში ჩამქრალი ფარებით შემოვიდა.

 

 

– რამდენი კაცი იქნებოდა?

 

– 4-5 კაცი, ალბათ, მეტი არ იყო. ძალიან სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი.

 

 

– იმ 4-5-მა კაცმა რამდენ ხანში დატოვა იქაურობა?

 

– მალევე წავიდნენ, ზუსტად ვერ გეტყვით წუთებს, მაგრამ დიდხანს ნამდვილად არ ყოფილან.

„ჯიპი“ რომ შემოვიდა ჩამქრალი ფარებით, მანამდე ერთი „ჯიპი უკვე იდგა სადარბაზოსთან.

 

 

– ქალბატონო ნათელა, ცოტა ხნით ისევ დავუბრუნდეთ კიკიანისა და მაღლაფერიძის თემას...

 

– ეკა კიკიანი და ვასილ მაღლაფერიძე დასაჭერები არიან, ისევე, როგორც ექსპერტი ჩაჩუა და ჟვანიას დაცვის ბიჭები დაიჭირეს!

მე თუ რამეს არასწორს ვამბობ, მაღლაფერიძე ერთხელ მაინც რატომ არ დამირეკავს და რატომ არ მეტყვის, ქალბატონო ნათელა, რატომ ცრუობთო?! მე რომ თქვენ ცილი დაგწამოთ, არ დამირეკავთ და არ მეტყვით, არ გრცხვენიათ, ტყუილს რომ ამბობთო?!

დიასპორის მინისტრი კოტე სურგულაძე იყო ირლანდიაში ჩამოსული. ჩემი ამბავი იცის. შევუთვალე, ისე არ წახვიდეთ, რომ არ შემხვდეთ-მეთქი, მაგრამ ყურადღებაც არ მომაქცია. რისთვის არის დიასპორის სამინისტრო, ჩემნაირი ხალხისათვის არ არის?!

ჩემს მეუღლეს ამდენი ნერვიულობის გამო ინსულტი დაემართა და ლოგინად არის ჩავარდნილი. ერთადერთი ის იყო, ვინც მივლიდა და ახლა იქით გახდა ჩემი მოსავლელი. ამაზე არ უნდა ჰქონდეს არავის რეაქცია, როცა ჩვენს ოჯახს ეს უბედურება ჟვანიას მკვლელობის გამო დაატყდა?!

 

 

– ზურაბ ჟვანიას ოჯახთან არ გაქვთ კონტაქტი?

 

– გოგლასთან ინტენსიურ კავშირზე ვიყავი. ჩემი ვაჟი ავღანეთში მიჰყავდათ და გოგლას ვთხოვე, ომის მონაწილეა, ხერხემალი დაზიანებული აქვს და იქნებ დამეხმაროთ, რომ არ წაიყვანონ-მეთქი. ამის მერე გოგლამაც გაწყვიტა ჩემთან კონტაქტი, ჩემი ვაჟი კი ავღანეთში წაიყვანეს.

ხომ გახსოვთ, ავღანეთში ქართულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმა რომ მოხდა და მერე სააკაშვილმა ჩემს შვილს რომ ჰკითხა, შენ რამდენი ტერორისტი მოკალიო?!

 

 

– როგორ არ მახსოვს... თქვენი ვაჟი იყო ის ჯარისკაცი?

 

– დიახ, დიახ, ჩემი ვაჟი იყო, რომელსაც ახლა ხელფასი გაუნახევრეს და სამსახურიდან აგდებენ.

ჩემი უფროსი ვაჟი, რომელსაც 7 შვილი ჰყავს, სამსახურიდან გაათავისუფლეს, ცინიკურად ელაპარაკებოდნენ, დედაშენი რატომ არ ჩერდება, არ ეშინია, რომ თქვენ რამე დაგემართებათო?!

 

 

– ქალბატონო ნათელა, ინტერვიუს განმავლობაში რამდენჯერმე თქვით, რომ ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით ბევრ რამეს ვერ ამხელთ. მზად ხართ, ეს ყველაფერი გამოძიებას უთხრათ?

 

– რა თქმა უნდა, გამოძიებას ყველაფერს ვეტყვი!

 

 

– თქვენ ხომ საქართველო იმიტომ დატოვეთ, რომ საბურთალოს ქუჩაზე ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრების მიტანის უნებლიე მოწმე გახდით?

 

– დიახ, რა თქმა უნდა, მე და ჩემი მეუღლე ამიტომ წავედით საქართველოდან. 2008 წელს ომი რომ დამთავრდა, ხომ გახსოვთ, 12 აგვისტოს სააკაშვილმა რუსთაველის გამზირზე ზეიმი რომ გამართა? ჩემი შვილი წინა ღამის ჩამოსული იყო ომიდან და კინაღამ ჭკუიდან გადადგა, ამათ რა ეზეიმებათ, ჩვენი ბიჭები ცხინვალში სიცხეში ყრიან და ყვავები კორტნიანო. ტიროდა, ესენი ვინ არიანო.

ვერ მოვითმინე, ჩემს მეგობრებს დავურეკე და ვუთხარი, წავიდეთ რუსთაველზე, ნაციონალების ზეიმი გავაპროტესტოთ-მეთქი. წავედით, მაგრამ ახლოს ვინ მიგვიშვა, ვიღაც კაცი დროშით გამოგვეკიდა, მერე პატრულმა ჩაგვტენა მანქანაში და პოლიციაში წაგვიყვანეს.

იმავე ღამით ნიღბიანი და ავტომატიანი ადამიანები შემოგვიცვივდნენ სახლში და გამოკითხვა დამიწყეს, რა იცით ჟვანიას სიკვდილის შესახებ, გოგლა ჟვანიას საიდან იცნობთო?! ჩემი მეუღლე რუსეთის მოქალაქეა და უთხრეს, შე მოღალატე, აქ აგენტად შემოგაგზავნესო! გვითხრეს – სასწრაფოდ დატოვეთ საქართველო ან შუბლს გაგიხვრეტთო!

ამის შემდეგ ერთ კვირაში დავტოვეთ საქართველო!

ბოლოს, თქვენი ნებართვით, მინდა, გამოვეხმაურო ზურაბ ჟვანიას დედის, ქალბატონ რემას მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას...

 

 

– კი ბატონო, გისმენთ.

 

– როდესაც „მწვანეთა პარტიის“ ლიდერი ზურაბ ჟვანია ბატონი ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ უნივერსიტეტის ეზოში მიტინგს მართავდა, ბატონმა ზვიადმა გვთხოვა, მივსულიყავით ამ მიტინგზე და თუ ისინი ტყვიებს გვესროდნენ, ჩვენ ყვავილები გვესროლა. მე ზურაბ ჟვანიას მართლაც მივართვი ვარდების კონა, მაგრამ მან ეს თაიგული არ მიიღო და ისეთი სიტყვები მითხრა, რის გამოც მის მიმართ არასდროს ვყოფილვარ კეთილგანწყობილი, მაგრამ დღეს მის უნებლიე დამცველად გამოვდივარ და გულნატკენიც ვარ მისი მკვლელობის გამო. ჟვანიას დედის, ქალბატონი რემას ამაღლებულმა გამოსვლამ რამდენიმე დღისწინანდელ პრესოკონფერენციაზე ჩემზე ძალიან იმოქმედა. საქართველოში რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად მივიდოდი, თანავუგრძნობდი და მოვეფერებოდი, მასთან ერთად დავიტირებდი შვილს, რომელიც მან დაკარგა, პატიებას ვთხოვდი, თუ რამე უარყოფითი მითქვამს ზურაბ ჟვანიაზე. ჩვენ „ვეფხისა და მოყმის“ შემქმნელი ერი ვართ და თანადგომა და ნუგეში ყველაზე დიდი ქველმოქედებაა.

ვეკითხები ზურაბ ჟვანიას იმ ყოფილ მეგობრებს, რომლებმაც ადამიანური სახე დაკარგეს – რამდენი სიკეთე და თანადგომა გახსოვთ ჟვანიასაგან? ის მაინც არ შეგიძლიათ, რომ შვილდაკარგულ დედას დამძიმებული გული კიდევ უფრო არ ატკინოთ?!

 

 

ესაუბრა ჯაბა ხუბუა

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

31. 03. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016