reportiori.ge - ვლადიმერ გუცაევი: „სიჭინავას ადგილას თავმოყვარე კაცი ხუთჯერ მაინც გადადგებოდა“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:23
ინტერვიუ
ვლადიმერ გუცაევი: „სიჭინავას ადგილას თავმოყვარე კაცი ხუთჯერ მაინც გადადგებოდა“
ავტორი:
04 აპრილი, 2014. 15:20



საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა კახი ცხადაძემ თქვა, რომ 1998 წელს ნაკრების დაშლა დანაშაული იყო: „ორი შესარჩევი ციკლის შემდეგ, პოტენციალითაც და გამოცდილებითაც, საქართველოს ნაკრები უკვე მზად იყო ფინალურ ეტაპზე გასასვლელად, მაგრამ... ქართული ფეხბურთის „ბოსებმა“ სწორედ მაშინ შეცვალეს ნაკრების მწვრთნელი – დავით ყიფიანის ნაცვლად დანიშნეს ვლადიმერ გუცაევი, რომელსაც,მგონი, მწვრთნელობისა არც ახლა გაეგება ბევრი რამ და მაშინ – მით უმეტეს...“ ცხადაძის ინტერვიუს ვლადიმერ გუცაევი გამოეხმაურა და რედაქციაში გვესტუმრა. ვეტერანი ფეხბურთელი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის ბროძლას აპირებს და ბუნებრივია, მომავალ არჩევნებზეც ილაპარაკა.

 

 

 

– ცხადაძემ სხვა დროსაც თქვა ტელევიზიით – ის ნაკრები გუცაევმა დაშალაო. მაშინ ყურადღება არ მივაქციე, მაგრამ რადგან კიდევ გაიმეორა, უპასუხოდ ვეღარ დავტოვებდი... რა გამოდის – ცხადაძეს რომ ნიჭი აკლდა, ვოვა გუცაევის ბრალია?! გადახედეთ იმ წლების სტატისტიკას და ნახავთ, ვინ რას აკეთებდა: ეროვნული ნაკრების მწვრთნელად 1998 წლის თებერვალში დამნიშნეს. სწორედ მაშინ მოვიგეთ მალტის ტურნირი – მგონი, ერთადერთი თასი საქართველოს ნაკრების ისტორიაში... ცხადაძეს მალტაში ტრავმის გამო არ უთამაშია. მაისში, ტუნისთან და რუსეთთან ამხანაგურ შეხვედრებში შეუცვლელად ვათამაშე, მერე კი ისევ ტრავმა მიიღო და ფაქტობრივად, დაასრულა კიდეც კარიერა... „მანჩესტერ სიტიში“, 1998-2000 წლებში კი ირიცხებოდა, მაგრამ უმეტესად, ტრავმირებული იყო, სამ სეზონში მხოლოდ 12 მატჩი ითამაშა... გამოდის, როცა მე ვიყავი ნაკრების მწვრთნელი, ცხადაძეს ან ტრავმა ჰქონდა, ან – სარეაბილიტაციო პერიოდი. თუმცა, როცა არაფერი უჭირდა, ყოველთვის ვიძახებდი. რაც შეეხება ბრალდებას, თითქოს, ნაკრები გუცაევმა დაშალა...

 

 

– ცხადაძეს არ უთქვამს, რომ ნაკრები თქვენ დაშალეთ – ფეხბურთელებიც და მწვრთნელიც უკვე გამოცდილი იყვნენ და ამ დროს ყიფიანის შეცვლა იყო შეცდომაო.

 

– მაშინ მე ვიყავი მწვრთნელი და გამოდის, ნაკრებიც მე დამიშლია... არადა, როცა ფეხბურთელებთან უთანხმოება მომივიდა, თავად წავედი. მიმაჩნია, რომ ასეთ დრო მწვრთნელი გუნდში აღარ უნდა დარჩეს – მოთამაშეების გაშვებას, სჯობს, შენ წახვიდე... ნორვეგიასთან მატჩამდე სამი დღით ადრე ვთქვი – შედეგის მიუხედავად, პოსტს ვტოვებ-მეთქი და ასეც მოვიქეცი! ჩემს ნაცვლად დაინიშნა ბოსკამპი, რომლის თავკაცობით ნაკრებმა ხუთიდან ოთხი მატჩი წააგო და მხოლოდ ერთი ითამაშა ფრედ. ცხადაძე ნაკრებში აღარც ბოსკამპს მიუწვევია, არც ყიფიანი-ძოძუაშვილის დუეტს, არც ჩივაძეს და რატომ აქვს პრეტენზია მაინცდამაინც ჩემთან?! რომ ამბობს – მწვრთნელობის არც ახლა გაეგება რამე და მით უმეტეს, მაშინო... მწვრთნელობა რომ მდომებოდა, გავაგრძელებდი კიდეც!

 

 

– და რატომ არ გააგრძელეთ?

 

- მაქსიმალისტი ვარ და როცა მივხვდი, რომ ჩემგან ძლიერი მწვრთნელი არ დადგებოდა, აზერბაიჯანში, პაკისტანში ან ავღანეთში კი არ წავედი სამუშაოდ, სხვა საქმეს მოვიკიდე ხელი... კახას ხომ არ დაავიწყდა,როგორ გადავიდა ვლადიკავკაზის „ალანიადან“ „მანჩესტერ სიტიში“? კონტრაქტი ისე იყო შედგენილი, „ალანიას“ ცხადაძის გაშვება ხელს არ აძლევდა და გაზაევი გათავისუფლების ფურცელს არ აძლევდა. ჩემი და გაზაევის მეგობრობის ამბავი ცხადაძემაც იცოდა და სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ორი დღით ადრე მოსკოვში დამირეკა: მიშველე, გავრილიჩ, ზეგ ვადა იწურება, გაზაევი კი არ მიშვებსო... გათავისუფლების ფურცელი მეორე დღესვე მიიღო და ინგლისურ კლუბში სამი წელი გაატარა, „ალანიამ“ კი 1,5 მილიონი იზარალა... ასე რომ, მადლობას თუ არ მეტყვის, ტყუილს მაინც მოეშვას... სხვათა შორის, სწორედ ჩემი მწვრთნელობისას იყო საქართველოს ნაკრები რეიტინგში ყველაზე ზემოთ – 42-ე ადგილზე! ესეც არაფერია?!

 

 

– სხვა ამბებიც გავიხსენოთ: მაგალითად, 1998 წელს რუსეთის ნაკრებთან თბილისში გამართული ამხანაგური მატჩი.

 

– რუსების მაშინდელ დამრიგებელ იგნატიევთან ვმეგობრობდი, რუსები თბილისში ჩემი თხოვნით ჩამოვიდნენ. ამიტომ ჩემი „კეთილისმსურველები“ ამტკიცებდნენ – ფრე წინასწარ იყო დაგეგმილიო. არადა, მართლა დაძაბული მატჩი იყო და მსაჯმა ხუთი თუ ექვსი ფეხბურთელი გააფრთხილა კიდეც... „ჩაწყობა“ არასდროს მიკადრია – არც რომელიმე  ნაკრებში, არც კლუბში! მეტიც, ქუთაისის „ტორპედოში“ მუშაობისას თასის ფინალის წინ რომ გავიგე, ფეხბურთელები რაღაცას აპირებდნენ, კლუბის ხელმძღვანელებს ვუთხარი – არ მინდა ამ ფარსში მონაწილეობა, გუნდიდან მივდივარ-მეთქი და იმ მატჩზე აღარც მივსულვარ! არსებობს გარიგებული მატჩი მოწმეების გარეშე? თუ შედეგი წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რამდენიმე ფეხბურთელს მაინც ხომ უნდა შევთანხმდებოდი, მათ გარეშე როგორ „ჩავაწყობდი“?!

 

 

– ზაზა ჯანაშიამ მითხრა – იგორ ჩუგაინოვს 20 ლიტრს ღვინოს ვიყავი შეპირებული, მაგრამ როცა თვითმფრინავში ბოცები ავიტანეთ, სალონი ღვინის ბოთლებით იყო სავსეო...

 

– რუსები რომ ყველგან ლოთობენ, ვინმესთვის ახალი ამბავია?! მეც ვიყავი ნაკრებში და ვიცი, რაც ხდებოდა – თამაშის შემდეგ ისე თვრებოდნენ, სასტუმროში სასმელი აღარ რჩებოდა...

 

 

– თქვენ შემდეგ ნაკრები ჩააბარეს იოჰან ბოსკამპს, რომელმაც ამ პოსტზე ცოტა ხანს გაძლო, წარუმატებლობის მიზეზად კი ქართული მენტალიტეტი დაასახელა... ეთანხმებით მას?

 

– მწვრთნელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მაგრამ ფეხბურთელებიც უნდა აჰყვნენ... სანამ მომყვებოდნენ, ხუთიდან სამი მატჩი მოვიგეთ და ორი ფრე ვითამაშეთ. მერე სიტუაცია აირია და ეს შედეგსაც დაეტყო. როგორც ჩანს, ბოლომდე ვერ გავაგებინე მოთამაშეებს, რას ვითხოვდი მათგან... როცა ვეუბნებოდი, რომ რეჟიმის დაცვა აუცილებელია, რამდენიმე ფეხბურთელმა ისიც კი მითხრა, კომუნისტური მეთოდები გაქვსო... კი, მაგრამ თუ ამბობ, რომ რეჟიმის დარღვევა თამაშში ხელს არ გიშლის, მაშინ მოიგე და აღარაფერს ვიტყვი!

 

 

– ბოსკამპმა ზაზა ჯანაშიაზე თქვა, ასე მითხრეს – ჯანაშია მოსკოვიდან უკვე წამოვიდა თავისი ავტომანქანით(?!) და შეკრებაზე მალე ჩამოვაო...

 

 

– როცა ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი ვიყავი, ნაკრებში ჩამოსვლის პრობლემა ჯანაშიას მაშინაც ჰქონდა. მოსკოვის „ლოკომოტივის“ მწვრთნელს ამის გამო ვუსაყვედურე კიდეც, მაგრამ იცით, რა მითხრა სიომინმა? – რა ვქნა, ვოვა, არ უნდა ნაკრებში წამოსვლა და ხომ არ გამოვაგდებო?! უმეტესობას ძალიან უნდოდა ნაკრებში თამაში, მათ შორის – ცხადაძესაც, მაგრამ ისეთებიც გამოერეოდნენ ხოლმე, ფეხს რომ ითრევდნენ. ასე რომ, მხოლოდ ქეცბაიას არ აქვს ეს პრობლემა...

 

 

– ისე, ქეცბაია არ იყო, რომ თქვა – გუცაევის ნაკრებში აღარ ვითამაშებო?!

 

– იმ „კონფლიქტზეც“ გეტყვით: ალბანეთთან მატჩის პირველ ტაიმში გოლი ვერ გავიტანეთ, თანაც, ქეცბაია ვერ თამაშობდა ისე, როგორც სჩვეოდა და მეორე ტაიმში შევცვალე. გამარჯვები მომტანი გოლი შეცვლაზე შესულმა აჩიკო არველაძემ გაიტანა, მატჩის შემდეგ კი ქეცბაიამ მაისური ტრიბუნაზე ისროლა და – გუცაევის გუნდში აღარ ვითამაშებო! გუნდს გოლი ვერ გააქვს და თავდამსხმელს ვცვლი – რა არის ამაში გასაბრაზებელი?! როცა თემური ნაკრების მწვრთნელი გახდა და თავად აღმოჩნდა ასეთი ფაქტების წინაშე, ალბათ, მიხვდა, რომ მაშინ არასწორად მოიქცა...

 

 

– რა უნდა გააკეთოს მწვრთნელმა ასეთ დროს?

 

– მე რაც გავაკეთე, გითხარით – დავიხურე ქუდი და წამოვედი! უკვე ვატყობდი ფეხბურთელებს,რომ გუნდში ზედმეტი ვიყავი... შესაძლოა, თემური ფიქრობს, რომ გამოასწორებს სიტუაციას, მაგრამ ერთს ვიტყვი – ფეხბურთელი არასდროს უნდა ჩაერიოს მწვრთნელის საქმეში! რამე არ მოგწონს? მიდი და პირადად უთხარი, საჯაროდ ამის თქმა და განხილვა არ შეიძლება... თუმცა, ამ შემთხვევაში ფედერაციის უსუსურობაც თავის ცუდ საქმეს აკეთებს. ფედერაციამ, ფაქტობრივად, მარტო დატოვა ქეცბაია! გინახავთ მის გვერდით ფედერაციის რომელიმე წარმომადგენელი? მათგან ნაკრების მწვრთნელის ქება ან კრიტიკა თუ მოგისმენიათ?! ყველგან მხოლო ქეცბაია ლაპარაკობს... ნეიტრალური პოზიცია რომ უჭირავთ, ამიტომაც არის „კარგად“ ჩვენი ფეხბურთის საქმე. ფეხბურთს არ უყვარს გვერდიდან ყურება და ლოდინი!

 

 

– ამიტომაც გადაწყვიტეთ, ისევ იბრძოლოთ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობისთვის?

 

– მჯერა, რომ მეტის გაკეთება შეიძლება ქართული ფეხბურთისთვის... რეზო არველაძე ჩემი მეგობარია, მაგრამ ვერ დავეთანხმები – გარიგებული მატჩები ყველგან არისო, რომ ამბობს, მართალია, მაგრამ იქ ებრძვიან ამას და ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თუ კლუბი დასაჯეს! ჩვენთან კი... გუნდი, რომელსაც გზის ფულიც კი არ აქვს, მეორე ქალაქში სათამაშოდ რომ წავიდეს, ორი ათასი ლარით დააჯარიმეს! ამას ჰქვია ბრძოლა?!

 

 

– თქვენ გარიგებული მატჩებით „სახელგანთქმულ“ რუსეთის პირველ ლიგაშიც გიმუშავიათ. იქ როგორ ებრძვიან, ან ებრძვიან კი საერთოდ ამ სენს?

 

– მერედა, რუსებისგან უნდა ავიღოთ მაგალითი?! ან რაში გვაინტერესებს, რა ხდება რუსეთში? თასის ფინალი რომ ვახსენე, სწორედ იმ პერიოში შეგვკრიბა მერაბ ჟორდანიამ – მოვილაპარაკოთ, როგორ ვებრძოლოთ ჩაწყობილ მატჩებსო. მაშინ ვთქვი: ყველგან ასეა – ვინც დასაჭერია, იქჭერენ და მერე დანარჩენები აღარ რისკავენ-მეთქი. თუმცა, ქართული მენტალიტეტი ჩაერია საქმეში – ჩვენ ხომ არ დავაჭერინებთ ხალხს, ცოდოები არიანო (?!). მწვრთნელი არ არის ცოდო, ან გუნდის მფლობელი, ვინც ფულს ხარჯავს და გამარჯვების იმედი აქვს? მისი კლუბის ზოგიერთი მოთამაშე კი ამ დროს თამაშის მოგების ნაცვლად იმაზე ფიქრობს, როგორ „დასვას“ კუთხურების და აუტების საჭირო რაოდენობა...

 

 

– როგორ ფიქრობთ, გაქვთ არჩევნებში გამარჯვების შანსი?

 

– მომეცით შესაძლებლობა და თუ საქმეს ვერ გავაკეთებ, თვითონ წავალ, ისევე, როგორც ნაკრების მწვრთნელის პოსტიდან წავედი – სიჭინავა კი არ ვარ, ბოლო წუთამდე რომ ჩავებღაუჭო სკამს... მის ადგილას თავმოყვარე კაცი აქამდე ხუთჯერ მაინც გადადგებოდა! ქართულ ფეხბურთში კლუბებიც და ნაკრებიც ერთ ადგილ ტკეპნიან, ფედერაციის წარმომადგენლები კი ურცხვად ტყუიან – სწორ გზაზე ვდგავართო...

 

 

– სფფ-ის პრეზიდენტობის სურვილი ჯერ კიდევ 2005 წელს გქონდათ.

 

– მაშინ გიგი უგულავამ პირდაპირ მითხრა, პრეზიდენტობაზე არც იფიქროო. შემეძლო, არჩევნებში მაინც მიმეღო მონაწილეობა, მე რას მიზამდნენ?! მაგრამ ალბათ, მუშაობის შესაძლებლობას არ მომცემდნენ, მათ კი, ვინც ხმას მომცემდა, პრობლემებს შეუქმნიდნენ... მიღირდა კი ამის ფასად ფედერაციის პრეზიდენტობა?!

 

 

– მომდევნო არჩევნებისას რა მოხდა?

 

– 2007 წელს, როცა პრეზიდენტობის სურვილი გამოვთქვი, მეც და გიორგი ნემსაძეც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ვიყავით. მაშინ მითხრეს – გადავწყვიტეთ, ჩვენი პარტიიდან ნემსაძე უნდა იყოსო და რაღას ვიზამდი?! მესამედ? თბილისის აეროპორტის კაფეში დამიბარა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და იქ წარმიდგინა ზვიად სიჭინავა – გაიცანი, ეს უნდა იყოს ფედერაციის პრეზიდენტი, მასზე გვაქვს „სტავკაო“... თავად სიჭინავამაც მითხრა – არ ინერვიულო, პრეზიდენტი რომ გავხდები, კარგ ადგილას დაგნიშნავო, მაგრამ „გადამაგდო“... რომც შემოეთავაზებინათ, მაინც არ დავთანხმდებოდი – სიჭინავა პრეზიდენტი იყოს და მე – ვიცე-პრეზიდენტი?! თავმოყვარეობაც მაქვს და საკუთარი თავის ფასიც ვიცი! უგულავამაც კი მითხრა  გენერალურ მდივნად იყავი უმცროს ნოდარ ახალკაცთანო, მაგრამ ახალკაცისთანა კაცთან გენსეკად წავიდოდი?!

 

 

 

რატი შელეგია

გაზეთი „კვირის პალიტრა“

 

31. 03. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016