reportiori.ge - ირმა ინაშვილი: ძველი საბურავები იყიდეს, ბლომად აქვთ მოგროვებული ერთ ადგილას და ვიცი, ის ადგილი სადაც არის!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:48
პრეს-დაიჯესტი
ირმა ინაშვილი: ძველი საბურავები იყიდეს, ბლომად აქვთ მოგროვებული ერთ ადგილას და ვიცი, ის ადგილი სადაც არის!
ავტორი:
04 აპრილი, 2014. 15:36



„ასავალ-დასავალს“ ესაუბრება მედიაკავშირ „ობიექტივის“ დამფუძნებელი, ჟურნალისტი ირმა ინაშვილი.

 

 

 

– ირმა, სააგენტოებმა გაავრცელეს თქვენი განცხადება იმის შესახებ, რომ ნაციონალური მოძრაობა საქართველოში დესტაბილიზაციასა და „მაიდნის“ მსგავსი პროცესების აგორებას გეგმავს! უფრო კონკრეტულად რა შეგიძლიათ გვითხრათ და მაინც რას აპირებენ ნაცები?

 

– ცოტა ხნის წინ დავბრუნდი ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, სადაც ჩემი მეგობარი დავით თარხან-მოურავი შეხვედრებს მართავდა. მე როგორც ჟურნალისტი, დავესწარი ამ შეხვედრებს ცნობილ კონგრესმენებთან, სენატორებთან, ევროპარლამენტარებთან და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერებთან. ერთი რამ აშკარად ვიგრძენით – მიხეილ სააკაშვილი, მისი ლობისტები და მრჩევლები ძალიან აქტიურად მუშაობენ სააკაშვილის „გასაცოცხლებლად“!.

 

 

– მაინც რაში გამოიხატება ეს, რამ მოგცათ მსგავსი დასკვნის გაკეთების საფუძველი?

 

– ეს გამოიხატება იმაში, რომ წამყვანი გაზეთების პირველ გვერდებზე იბეჭდება მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუები, ყველა პოპულარულ არხზე სააკაშვილი საუბრობდა იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება პუტინის მოკავშირეა და ა.შ. ეს ყველაფერი არის საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ბრალი, რადგან სააკაშვილს „გათეთრების“ საშუალება მისცეს!

 

 

– რა უნდა ექნა ახალ ხელისუფლებას?

 

 

– დამნაშავეები უნდა დაესაჯა! დღეს რომ გვეუბნებიან, კოჰაბიტაცია ქართველი ხალხის სურვილი და მოთხოვნა იყოო, მაინტერესებს, რომელმა ქართველმა იცოდა სიტყვა „კოჰაბიტაციის“ მნიშვნელობა? რა გამოდის, ჩვენ ლექსიკონში დავუწყეთ „კოჰაბიტაციას“ ძებნა და მერე მივუსადაგეთ ჩვენს დღევანდელობას? ეს ხომ სისულელეა?!  კოჰაბიტაცია სააკაშვილის ლობისტებმა დიდი ფულის ფასად მოიგონეს და გაიტანეს კონგრესში. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ყველა საელჩოში ისევ მიხეილ სააკაშვილის კადრები მუშაობენ, ხოლო სააკაშვილის ჯალათებით ისევ სავსეა სასჯელაღრსულების სისტემა. სპეცრაზმებში ისევ არიან ზონდერები, რომლებიც გვარბევდნენ და ა.შ. მთელი ბორჯომისა და საქართველოსთვის ცნობილია, თუ ვინ არის მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ჯალათი, ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსი მამუკა ხვედელიანი!.. ყველამ იცის, თუ რამდენი დანაშაული აქვს ჩადენილი ამ სადისტს ბორჯომში და რამდენი ოჯახი ჰყავს გამწარებული. მთელმა საქართველომ ნახა, როგორ გამოვიდა და ჩემთან ინტერვიუში პირდაპირ როგორ ამხილა საცოდავმა ბიჭმა გელაშვილმა მამუკა ხვედელიანი იმ საშინელებაში, რასაც მამაკაცის გაუპატიურება ჰქვია... აღარ მინდა ახლა ამ სიბინძურეზე ლაპარაკი, მაგრამ ყველაფერი თქვა იმ ბიჭმა, პოლიეთილენის ბოთლებით რაც უქნეს და ა.შ. დღეს ჩვენ რას ვხედავთ? რას ვხედავთ და, ჩემი ინფორმაციით, მამუკა ხვედელიანი „თიბისი ბანკის“ უსაფრთხოების სამსახურის უფროსად დანიშნა მამუკა ხაზარაძემ!.. ანუ არავითარი მუხრუჭი არ არსებობს და ადამიანი შეიძლება იყოს მკვლელი, სადისტი, ნაძირალა, მაგრამ დაასაქმონ ან კერძო სექტორში, ან სახელმწიფო სტრუქტურებში. დამერწმუნეთ; ეს განუკითხაობა ძალიან ცუდად დაგვიბრუნდება ხვალ და ზეგ! მე ერთი რამ ვიცი დანამდვილებით –მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად წავა ციხეში და თუ ამას ვერ გააკეთებს ეს ხელისუფლება, მაშინ სააკაშვილს ციხეში გაუშვებს სხვა ხელისუფლება!

 

 

– ირმა, ვიათუ, მიშამ დაასწროს და სანამ ციხეში გაუშვებენ, მანამდე ხელისუფლებაში მობრუნდეს!

 

– მიშა ვერ მობრუნდება! ძალიან კი უნდა მობრუნება და ზუსტად ვიცი, რასაც გეგმავს, მაგრამ სააკაშვილი ხელისუფლებას ვერ ეღირსება, მიშა წავა ციხეში!

 

 

– და მაინც, რას გეგმავენ ნაცები?

 

– ნაცები გეგმავენ იმ პროფესიონალი სპორტსმენების გააქტიურებას, რომლებიც სააკაშვილის ზონდერებად მსახურობდნენ. გეგმავენ პროვოკაციებსა და ულტრანაციონალისტური ლოზუნგებით სტუდენტების გააქტიურებას.ქვეყანაში აპირებენ ძალიან ბევრი კოცონის დანთებას!

 

 

– საბურავები უნდა დაწვან?

 

– კი, ძველი საბურავები იყიდეს, ბლომად აქვთ მოგროვებული ერთ ადგილას და ვიცი, ის ადგილი სადაც არის! ასევე ძალიან ცნობილ სპორტულ დარბაზებში, გლდანსა და მოსკოვის გამზირზე ინტენსიურად ავარჯიშებენ და ამზადებენ თავიანთ ზონდერ სპორტსმენებს, რომლებიც ამ რამდენიმე წლის წინათ მე და თქვენ გვარბევდნენ. ამ საქმეში ჩართულია ცნობილი ასოციაციები, შეძენილი აქვთ ნიღბები, სპეციალური ატრიბუტიკა, დაბეჭდილი აქვთ ლოზუნგები – „ძირს პუტინი!“ „ძირს რუსეთი!“ „გაუმარჯოს ნაციონალურ მოძრაობას და საქართველოს!“ სინამდვილეში ეს ყველაფერი კეთდება პროვოკაციების მოსაწყობად.

 

 

– ირმა, ვინ ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს, ვინ არის ამ საქმის ატამანი?

 

– ამ ყველაფერს ხელმძღვანელობს ნაციონალური მოძრაობის ე.წ. ელიტა, უფრო კონკრეტულად კი გივი თარგამაძე და კობა ხაბაზი! ამ საქმეში ასევე ჩართულია გელა ვასაძე, რომელსაც რატომღაც არავინ ახსენებს. ამ გელა ვასაძეს მოიხსენიებენ ნაცმოძრაობის გებელსად, რომელიც „თავისუფალ ზონაში“ მოღვაწეობს.

 

 

– ეს „თავისუფალი ზონა“ მიშას მილიციონერის – ჩხვირკიას ორგანიზაცია არ არის?

 

– ჩხვირკია გელა ვასაძესთან შედარებით ითვლება ძალიან „დაბალ დონედ“, ვასაძე გახლავთ მთელი ამ გეგმის შემოქმედი და ავტორი. მთელ ამ პროცესში უნდა ჩაერთონ ნაცმოძრაობის მოკავშირე ე.წ. არასამთავრობოები, მაგალითად, „ჩვენ გვიყვარს აფხაზეთი“, „თავისუფლებისა და მხარდამჭერის ცენტრი“ და ა. შ. სულ თხუთმეტამდე ე.წ. „ენჯეო“ ჰყავთ ჩართული ამ გეგმაში...

 

 

– მოკლედ, ესენი ძალიან სერიოზულად ემზადებიან თურმე.. კი მაგრამ, ხელისუფლება რაღას აკეთებს?

 

– რასაც ახლა თქვენ გეუბნებით, მე ამის შესახებ ხელისუფლებას ინფორმაცია მივაწოდე და ყველაფერი შევატყობინე!

 

 

– მერედა, არ დაგკითხეს?

 

– არანაირი დაკითხვა და მსგავსი რამ არ ყოფილა! თუ დამკითხავენ, მივალ და მივცემ ინფორმაციას! მთელი „შავი ფული“, რაც კეზერაშვილმა წაიღო საქართველოდან, ყველაფერი აქეთკენ გადმოისროლეს და ემზადებიან ასარევად! რაც ყველაზე საგანგაშოა, დაგეგმილი აქვთ კამპანია საქართველოს ეკლესიისა და კონკრეტული მეუფეების წინააღმდეგ!

 

 

– მაინც რას აპირებენ?

 

– გეგმავენ წირვების ჩაშლას, გეგმავენ კონკრეტულ მეუფეებზე თავდასხმებსა და გეგმავენ ტაძრებში შეჭრას!

ამას ვამბობ პირდაპირ... მრევლში შეგზავნილი ჰყავთ თავიანთი ხალხი, რომლებიც მრევლის პროვოცირებას მოახდენენ და მერე ამ არეულობაზე ესენი მოითბობენ ხელს! სხვა საქმეა, გამოუვათ თუ არა ეს ამბავი, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი რამეები აქვთ ჩაფიქრებული. ეს ინფორმაცია მე მაქვს შიგნიდან...

 

 

– ირმა, როდის იწყებენ ამ ყველაფერს?

 

– დაგეგმილი ჰქონდათ, 17 მაისს დაეწყოთ ეს ყველაფერი, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, თარიღი გადმოიტანეს, ანუ აქეთ გადმოსწიეს! რაც „კინოს სახლთან“ და პროკურატურასთან მოხდა, ესეც იყო გეგმის ნაწილი, ანუ დაიწყეს უკვე! დიახ, შიგნიდან მაქვს ინფორმაცია და ჩემი წყარო მეუბნება, რომ ე.წ. „მაიდნის“ მოსაწყობად შერჩეული აქვთ მეტროსადგურ „რუსთაველისა“ და შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია. სწორედ ამ ადგილის დაკავება სურთ. მოგეხსენებათ, ეს არის საკვანძო ადგილი და თუ რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორია ნაცებმა დაიკავეს, ქალაქი, ფაქტობრივად, შუაზე გაჭრილი აღმოჩნდება! ახლა ესენი ძალებს სინჯავენ და თავიანთ თავს ამოწმებენ, მოახერხებენ თუ არა ჩემს მიერ დასახელებულ ტერიტორიაზე „დამაგრებას“...

 

 

– და ამის შემდეგ უნდა ჩამოვიდე მიშა, რომელიც „ქართულ მაიდანს“ ჩაიბარებს?

 

– დიახ მათი გეგმა ასეთია,  მაგრამ ვერანაირი მიშა აქ ვერ ჩამოვა, რადგან სააკაშვილი, როგორც გითხარით, წავა ციხეში, ხოლო „ქართული მაიდანი“ არ შედგება და ეს არის ბლეფი!..

 

 

– გია ჭანტურია – „პირველი არხის“ ყოფილი შეფი, რომლის დროსაც უზარმაზარი თანხები გაიფლანგა და რომელიც უბინძურეს სიტყვებს ისროდა პირიდან „კინოს სახლთან“ მიმდინარე აქციის დროს, რატომ გაუშვეს და თავის დროზე რატომ არ დააპატიმრეს?

 

– განა მარტო გია ჭანტურია?.. ლევან გახელაძე, რატომ გაუშვეს?.. დღეს ხომ გამოჩნდა, თუ ვის ხელში იყო სინამდვილეში „საზოგადოებრივი არხი“?.. გია ჭანტურია და ლევან გახელაძე სინამდვილეში არავინ არ არიან, ესენი არიან კერდღლები, ჩვენ თავებზე ვილაპარაკოთ, ლიდერებზე ვილაპარაკოთ, რეჟიმის შემქმნელებზე ვილაპარკოთ!.. ადეიშვილი გაუშვეს, მურთაზ ზოდელავა, რომელიც თითს ჩვენკენ იშვერდა, „ციხის კადრების“ გავრცელებაში 2 მილიონი დოლარი აიღეთო, თურმე, თბილისში ყოფილა... რატომ გაუშვეს მიშა საქართველოდან? დღეს რომ გაიძახის პროკურატურა, ჟვანიას საქმეზე ახალი მასალები გვაქვსო, ეს მასალები გუშინ არ ჰქონდათ? რატომ დაუშვეს, რომ მიშას ქვეყანა დაეტოვებინა?  ანუ რა ხდება, იცით? ერთი ხელი მეორე ხელს ებრძვის! თუ ასე გაგრძელდა, ხელისუფლება მთლიანად დაკარგავს 2012 წლის 1 ოქტომბრის მონაპოვარს! ჯერჯერობით ეს მონაპოვარი ხელისუფლებამ ნაწილობრივ დაკარგა, მაგრამ დიდია იმის ალბათობა, რომ ყველაფერი წყალში ჩაიყაროს!

 

 

– ირმა, თქვენ რას აპირებთ, რას დაუპირისპირებთ „მიშარასტების“ მზაკვრულ გეგმას?

 

– ჩვენ ვაპირებთ ამ კოცონების ჩაქრობას, ჩვენ არ გვინდა, მოხდეს დაპირისპირება, რადგან ამ შემთხვევაში ქვეყანა საბოლოოდ დაგვენგრევა! ჩვენ გავაცოცხლეთ და განვაახლეთ „წინააღმდეგობის მოძრაობა“, ვიმოქმედებთ ადეკვატურად და გეგმის მიხედვით!..

 

 

– მაინც, როგორია თქვენი გეგმა?

 

– ამ გეგმის გასაჯაროების უფლება არ მაქვს!.. ყველაფერი აგებულია მშვიდობიანი ბრძოლის მეთოდებზე, მაგრამ ნაცები ყველგან ადეკვატურ პასუხს მიიღებენ. საერთოდ, მინდა გითხრათ, რომ ამ დაპირისპირების ჩამშლელი და სიტუაციის დამრეგულირებელი იქნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არც ნაცებს უნდათ და არც „ქართულ ოცნებას“, რადგან ასეთ შემთხვევაში დღეს პარლამენტში წარმოდგენილ დეპუტატთა უმრავლესობა როგორც ერთი, ისე მეორე მხრიდან, პარლამენტში ვერ მოხვდება. სწორედ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას ემსახურება ის გამოკითხვა, რომელსაც ექვსკითხვიანი ბიულეტენებით ვაწარმოებთ და დაახლოებით 100 ათას კაცზე მეტია გამოკითხული. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს. სხვათა შორის, „წინააღმდეგობის მოძრაობის“ აღდგენის ერთ-ერთი მიზეზი ციხეებში შექმნილი მდგომარეობაც გახლავთ. ყოველთვიურად სასჯელაღსრულების სისტემაში სამი პატიმარი მაინც იკლავს თავს და როგორ ფიქრობთ, სოზარ სუბარი და დეპარტამენტის თავმჯდომარე დარბაისელი არ უნდა გადადგნენ? ახალმა ხელისუფლებამ რეალური ციფრები არ გაასაჯაროვა და არ თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის დროს ციხეებში 42  ათასი პატიმარი იტანჯებოდა. „ქართული ოცნება“ ამის მიქჩმალვითაც დაეხმარა ნაცმოძრაობას!

 

 

– ირმა, „თიბისი ბანკის“ მფლობელმა მამუკა ხაზარაძემ „ცილისწამებისათვის“ გვიჩივლა და, საერთო ჯამში, 160 ათას ლარს გვთხოვთს, რომლითაც „ქართულიჟურნალისტიკის განვითარებას“ აპირებს... რას იტყვით?

 

– ვიტყვი იმას, რომ თქვენ მართლები ხართ! არცერთ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს მედიასაშუალებებთან ომს არ ვურჩევდი და ის, რაც იწერება „ასავალ-დასავალში“, არის დოკუმენტებით გამყარებული სიმართლე! ნურავინ აღიქვამს მედიასაშუალებებისა და ჟურნალისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ომად და პირად შეურაცხყოფად! ჩვენი ვალია, საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე, რასაც „ასავალ-დასავალი“ აკეთებს კიდეც. კიდევ ერთხელ ვაცხადებ: არავის ვურჩევ, დაეჯახოს ჟურნალისტებსა და მედიასაშუალებეებს და ამას არ ვურჩევ არც მამუკა ხაზარაძესა და „თიბისი ბანკს“, რომლებმაც ამ წლების განმავლობაში უამრავი ადამიანი გააუბედურეს, ხოლო არა სქემებით მოხდა ამ ადამიანების გაუბედურება და სხვადასხვა ბიზნესების შთანთქმა, თუ ძალიან უნდათ ხაზარაძესა და „თიბისის“, ამ სქემებზეც ვილაპარაკოთ!

 

 

ესაუბრა დიტო ჩუბინიძე

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

31. 03. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016