reportiori.ge - ექსკლუზიური ინტერვიუ შს მინისტრთან
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:52
პრეს-დაიჯესტი
ექსკლუზიური ინტერვიუ შს მინისტრთან
ავტორი:
07 აპრილი, 2014. 14:21



„პრაიმტაიმის“ ექსკლუზიური ინტერვიუ შინაგან საქმეთა მინისტრთან საკმაოდ სკანდალურიც აღმოჩნდა... ჩვენთან საუბრისას ალექსანდრე ჭიკაიძე ქვეყანაში მოსალოდნელ დესტაბილიზაციაზე საუბრობს... რა ინფორმაციას ფლობს ქვეყნის პირველი პოლიციელი? ვინ და როდის გეგმავს მასობრივი გამოსვლების დაწყებას? რას ყვება თათუხაშვილის გახმაურებულ საქმეზე, დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე თავდასხმის, ასევე ქურდულ სამყაროსთან და ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ? ამ და სხვა აქტუალურ თემებზე გთავაზობთ „პრაიმტაიმის“ ექსკლუზიურ ინტერვიუს შინაგან საქმეთა მინისტრს, ალექსანდრე ჭიკაიძესთან.

 

– პირველ რიგში მინდა გკითხოთ, რამდენად დეპოლიტიზებულია დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო? მიუხედავად თქვენი მტკიცებისა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, ოპონენტები მაინც ირწმუნებიან, რომ მთელი რიგი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია...

– ამ შენიშვნას ნამდვილად ვერ მივიღებ. ზოგადი საუბარი ერთია და მეორეა კონკრეტული ფაქტები. ფაქტი კი არის ის, რომ ჩვენ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკური ნიშნით არავინ დაგვიკავებია, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო. კანონის წინაშე ყველა თანაბარია, როგორც ჩვენი მომხრეები, ის მოწინააღმდეგეები. მიზანშეუწონლად მიმაჩნია ამ თემებით სპეკულირება. არათუ დაკავება, თანამდებობაზე დანიშვნაც კი არ ხდება პოლიტიკური ნიშნით, შსს აღარავის დევნის პოლიტიკური ნიშნით და არ ასრულებს რომელიმე პოლიტიკური ძალის დაკვეთა. ჩვენ ვემსახურებით საქართველოს მოქალაქეებს და ვფიქრობ, წარმატებითაც.

– ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები და საინტერესოა, რა ფორმით ჩაერთვება შსს ამ პროცესში? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ გასულ წლებში მუდმივად იყო ბრალდებები, თითქოს შსს-ს სხვადასხვა დანაყოფი, მთელი თავისი რესურსით, ჩართული იყო ნებისმიერი ტიპის საარჩევნო პროცესში...

– პოლიცია გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების დღეს მოხდება კანონდარღვევები, ინციდენტები... ჩვენ უზრუნველვყოფთ საარჩევნო გარემოს უსაფრთხოებას და ამის მაგალითი იყო წინა არჩევნებიც. არაიანირი ჩარევა პოლიციის მხრიდან არ ყოფლა, ასე იქნება ადგილობრივი არჩევნების დროსაც. ყველა ადამიანს ექნება საკუთათრი ნების თავისუფლად, უსაფრთხო გარემოში გამოხატვის შესაძლებლობა და ამის გამო მის დევნას არავინ დაიწყებს. სამწუხაროდ, ეს ასე არ ხდებოდა წინა წლებში. იგივე 2012 წლის არჩევნებზე, მთელი სამინისტრო, სახელმწიფო რესურსი ჩართული იყო იმ მიზნით, რომ მოქალაქეების თავისუფალი ნება შეზღუდულიყო.

– „ნაციონალური მოძრაობა“ ხშირად აკეთებს მინიშნებას იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, საქართველოში განმეორდეს ევრომაიდანის მოვლენები... ხედავთ თუ არა ამის ალბათობას და როგორ იმოქმედებს პოლიცია უკრაინული სცენარის შემთხვევაში?

– რაც უკრაინაში მოხდა, განაპირობა იმან, რომ იქ ხელისუფლებამ უარი თქვა დემოკრატიულ და ევროპულ ღირებულებებზე, რაც საქართველოში არ შეიმჩნევა, პირიქით, ივნისში ჩვენ ხელს ვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ევროპასთან. რა მიზნითაც უკრაინაში ევრომაიდანი მოხდა, ჩვენთან ამის წინაპირობა ნამდვილად არ არის. წინა წლებთან შედარებით 200 და 300 პროცენტით მეტადაა დაცული ადამიანის უფლებები, მათი პირადი ცხოვრება, პოლიტიკური შეხედულებები და ა.შ. თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ არსებობს გარკვეული ინფორმაციები. როგორც იცით, ყოფილმა პრეზიდენტმაც გააჟღერა ევრომაიდანის იდეა და ამბობენ, რომ ეს თემა პარტიის შიგნითაც აქტიურად განიხილება. არის ინფორმაციები, რომ დაიწყეს საბურავების ყიდვაც.

– ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აქტიურად განიხილავს მასშტაბური გამოსვლების სცენარს და ამ მიზნთ მოიმარაგეს საბურავები?

– დიახ, არის ასეთი ინფორმაცია. მათ სურთ რაღაც ზონდერჯგუფების ჩამოყალიბება. შესაძლოა, მოახდინონ წარსულში კრიმინალთან და მრავალ დანაშაულებთან ასოცირებული პირების მობილიზება. არის ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან, გამოიწვიონ ქვეყანაში აურზაური და ეს კეთდება იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური ინტერესები გაამყარონ. მე მგონი, ამას თვითონ საზოგადოება არ დაუშვებს, რადგან დღეს ქვეყანა დგას სწორ გზაზე. მთავარი პრობლემა, რაც საქართველოს გააჩნია, არის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და მერწმუნეთ, საქართველოს მთავრობა, ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, აქტიურად მუშაობს ამ პრობლემის დაძლევის მიზნით. ოპონენტებს, რა თქმა უნდა, ექნებათ არეულობის მცდელობები, მაგრამ ეს არის მხოლოდ მათი სურვილი და ასეთ იდეებს რეალობაში განხორციელება არ უწერია. მეტსაც გეტყვით, მათ ჩამოიყვანეს უკრაინიდან ევრომაიდანის ექტივისტები, ატარებენ ტრენინგებს და მოსამზადებელ სამუშაოებს. ეს ინფორმაცია მედიაშიც მუსირებს. მათ საფარქვეშ ჰყავთ რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც აქტიურად მუშაობენ იმაზე, როგორ გამოიყვანონ ხალხი ქუჩაში, მოხდეს არეულობა, შემდეგ ისევ მათმა ხალხმა ესროლოს ვინმეს და ეს დაჰბრალდეს ხელისუფლებას. იგეგმება, რომ გაშალონ კარვები, სადაც 300-400 კაცის მობიწიდებას მოახდენენ. მე მ ჯერა, რომ ჩვენი ოპონენტები, თავადვე მიხვდებიან, რომ ეს არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას, ან ნებისმიერ ჩვენგანს რაიმე სიკეთეს მ ოუტანს.

– თუკი თქვენ საუბრობთ მოსალოდნელ სისხლისღვრაზე, რა პრევენციულ ღონისძიებებს ატარებთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს?

– დღეს ჩვენ არ ვართ ის უწყება, რომელიც, სურვილებისა და იდეების გამო, რა გინდ მიუღებელიც არ უნდა იყოს ეს, დავიწყებთ დაჭერებს. მათ აქვთ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ ჯგუფები, რომლებიც შეეცდებიან ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოხდენას, ხალხისა და ოპონენტების ცემას, რათა ეს ყველაფერი მერე სახელმწიფოს დააბრალონ, უმკაცრესად დაისჯებიან! ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, არ დავუშვათ ქვეყანაში დესტაბილიზაცია და აღვკვეთოთ ყოველგვარი მსგავსი ქმედება. მათ, პირველ რიგში, საზოგადოება უპასუხებთ და გაცილებით მკაცრად. საქართველოში უკანასკნელი წლების განმავლობაში საკმაოდ ბევრი სისხლი დაიღვარა. ეს ხალხს აღარ სჭირდება, ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნორმალური განვითარება.

– უკრაინაში ევრომაიდანის შედეგად იანუკოვიჩის მთავრობა დაემხო... ამ შემთხვევაშიც მიზანი იგივე იქნება, თუკი თქვენ უკრაინულ სცენარზე საუბრობთ?

– მიზანი არის დესტაბილიზაცია, შეეცდებიან, ევროპელ პოლიტიკოსებს ცრუ ინფორმაციები მიაწოდონ და ამით გარკვეული წრეების მხარდაჭერა მოიპოვონ. მიზანი შეიძლება იყოს სახელმწიფო ინსტიტუტების დამხობა, ხელისუფლების შეცვლა და ა.შ. არის ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ეს სცენარი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აამუშაონ, თუმცა არც ისაა გამორიცხული, გარკვეული ნიადაგი მანამდეც მოსინჯონ.

– საკმაოდ სერიოზული განცხადებაა, მით უმეტეს, როცა ამაზე შინაგან საქმეთა მინისტრი საუბრობს, თუმცა არჩევნებამდე წინ გვაქვს 17 მაისი, რომელიც ერთგვარ ტესტად იქცევა როგორც საზოგადოებისთვის, ასევე თქვენი უწყებისთვის... გასული წლის გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად ადეკვატურად მოიქცევა პოლიცია, თუ იგივე ექსცესებს ექნება ადგილი?

– პირველ რიგში, მოვუწოდებ საზოგადოებას, კანონს სცეს პატივი. ის, რაც გასულ წელს მოხდა, არ არის მისასალმებელი. უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ადამიანს, ნებისმიერ ჯგუფს აქვს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება. არა მგონია, წელსაც დრამატულად განვითარდეს მოვლენები. ქართველი ხალხი არის ბრძენი, მას აქვს ანალიზის შესანიშნავი უნარი და დაკვნებსაც კარგად აკეთებს. აქედან გამომდინარე, რაიმე განსაკუთრებულ გართულებებს არ ველით, თუმცა ნებისმიერ სამართალდარღვევას პოლიცია ადეკვატურად უპასუხებს და იქნება შესაბამისი რეაგირება.

– რაც შეეხება ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას... ხშირად გსაყვედურობენ, რომ სტატისტიკის მიუხედავად, ქვეყანაში კრიმინალის დონე საგრძნობლად გაიზარდა...

– საუბარი იმაზე, რომ ქვეყანაში კრიმინალური ვითარება დამძიმდა, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს დისკრედიტაციას. რაც არ უნდა კარგი გავაკეთოთ, ჩვენი ოპონენტები ცდილობენ სიტუაციის დამძიმებას და საზოგადოებაში არასწორი შეხედულების ჩამოყალიბებას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენ ვაკონტროლებთ სიტუაციას და არაფერი საგანგაშო არ ხდება. კრიმინალი ყველა სახელმწიფოშია. თუ სახელმწიფო არსებობს, სამწუხაროდ, იქ ხდება კრიმინალიც, ეს თანამდევი პროცესია. მთავარია, მოხდეს მისი კონტროლი და მინიმალიზება. ამას ჩვენ წარმატებით ვახერხებთ და ყოველგვარი  საუბარი, კრიმინალური ვითარების გაუარესებაზე, არის სპეკულაცია.

– თქვენ წინა ხელისუფლების დროსაც ამავე სტრუქტურაში მუშაობდით და საინტერესოა იმდროინდელი სიტუაცია, კრიმინალის კუთხით, რამდენად განსხვავდება დღეს არსებულისგან?

– დღეს საზოგადოება ინფორმირებულია თითქმის ყველა დანაშაულის შესახებ, რაც ქვეყანაში ხდება. იმიტომ რომ სამინისტრო არის გახსნილი და ჩვენი საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ღიაა ნებისმიერი ინფორმაციისთვის. ჩვენ არ ვაწვდით საზოგადოებას ტყუილს და შეფუთულ ინფორმაციას. რაც შეეხება გასულ წლებს, მინდა გითხრათ, რომ უფრო მეტი დანაშაულიც ხდებოდა და უფრო მძიმე კატეგორიების, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ამ ინფორმაციების მიჩქმალვას. მაგალითად, ღამე რომ გადიოდა გადაცემა „პატრული“, იქ ქვეყნდებოდა სტატისტიკური ინფორმაციები, სადაც, მაგალითად, ეწერა, რომ დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით მოხდა 3 ქურდობა. ეს მაშინ, როცა მე ვიყავი ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელი და მარტო მე მქონდა 20-მდე მსგავსი შემთხვევა აღრიცხული დღის განმავლობაში. დასკვნები თავად გააკეთეთ.

– ბოლო პერიოდში თქვენი უწყება განსაკუთრებით აქტიურობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ... წამოიწყეთ სპეციალური კამპანიაც და ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებები... რატომ გახდა ასეთი აქტიურობა საჭირო? რა საფრთხეები გამოიკვეთა ამ მიმართულებით?

– იმიტომ, რომ ეს იყო სერიოზული პრობლემა წლების განმავლობაში. უამრავი ახალგაზრდა შეიწირა, ზოგადად, ნარკოტიკებმა. აფთიაქებიდან დაუბრკოლებლად ხდებოდა ისეთი პრეპარატების რეალიზება, რომლისგანაც მხადდება ე. წ. „კრაკადილი“ და სხვა მსგავსი ნივთიერებები. ამაზე დაწესებული იყო მხოლოდ ადმინისტრაციული სასჯელი. ჩემი გადაწყვეტილებით, მოხდა გამკაცრება. შესაბამისი ინიციატივა წარვუდგინე მთავრობას, რომელიც შემდგომ პარლამენტმა დაამტკიცა და დღეს რეცეპტის გარეშე ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემა უკვე შეიზღუდა. თუ ვინმე ამას მაინც მოახდენს, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრება. ამან მოგვცა საკმაოდ დადებითი შედეგი, დაახლოებით 80-90 პროცენტით შემცირდა. სიამაყით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ეს მოვახერხეთ.

– თუმცა არსებობს მეორე და არანაკლებ სერიოზული პრობლემა სინთეტიკური ნარკოტიკების სახით...

– რაც შეეხება ე.წ. ბიოს, ის ძალიან მარტივად შემოედინება და არ არსებობდა არანაირი საკანონმდებლო ბაზა ამის აღსაკვეთად. იყო შემთხვევები, როცა ერთდროულად 8-10 კილო სინთეტიკური ნარკოტიკიც კი ამოგვიღია, თუმცა იმის გამო, რომ ეს არ იყო კრიმინალიზებული, ვერავის ვსჯიდით. ახლა ინიცირება მოხდა კანონპროექტის, რის მეშვეობითაც დარეგულირდება სინთეტიკური ნარკოტიკების შემოდინება, მისი რეალიზაია და მოხმარება, უფრო მის შემოტანა-რეალიზაციაზეა გათვლა და არა იმდენად მოხმარებაზე... ეს ჩვეულებისამებრ დაექვემდებარება სისხლის სამართლის პახუისმგებლობას. ზოგადად, ჩვენი სამინისტრო ძალიან აქტიურია ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ, ამის დასტურია უპრეცედენტო რაოდენობის ჰეროინის (116 კგ) ამოღება. ჩვენ არც ერთი წუთით არ ვაპირებთ მოვუყრუოთ ამ საკითხს.

– საზოგადოებაში იყო მოლოდინი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნათელს მოჰფენდა გასულ წლებში საკმაოდ ბუნდოვან ვითარებაში გაუჩინარებული ადამიანების საქმეებს.. შეგიძლიათ, გვითხრათ, რა ეტაპზეა ეს საქმეები?

– გამოძიება მიმდინარეობს და დიდი იმედი მაქვს, უახლოეს ხანში გაიხსნება ეს დანაშაულები, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ამას აქვს თავისი საიდუმლო საქმეები. გეტყვით, მხოლოდ იმას, რომ არის გარკვეული შედეგები.

– ბოლო დღეების ერთ-ერთ გახმაურებულ საქმეზე მინდა გკითხოთ? მართალია, ეს უშუალოდ თქვენს უწყებას არ ეხება, მაგრამ მაინც საინტერესოა, რა აზრის ხართ თათუხაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით... ოჯახი და თქვენი ოპონენტებიც პროკურატურას ადანაშაულებენ...

– თათუხაშვილის გარდაცვალება არის თემა, რომელსაც ოპონენტები პოლიტიკური კამპანიისთვის იყენებენ, რაც ძალიან სამწუხაროა. მე მოვისმინე პროკურატურის პოზიცია, რომელიც იყო გამყარებული მტკიცებულებებით. საზოგადოება რეალობას ხედავს და არა მგონია, საბოლოოდ ამ მიმართულების კითხვები დარჩეს. თვითონ პროკურატურას არანაირად არ აძლევდა ხელს ამ ადამიანის გარდაცვალება. პროკურატურის დანაშაულს ამ საქმეში გამოვრიცხავ.

– როგორ ფიქრობთ, მინიმუმ დაცვის პასუხისმგებლობის საკითხი მაინც თუ იკვეთება, რომელიც თათუხაშვილის პროკურატურის მიერ ჰყავდა დანიშნული და აღმოჩნდა, რომ გაექცათ... შეგახსენებთ,რომ ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრი მიხეილ ძაძამია დაკავებულია იმის გამო, რომ მან ვერ უზრუნველყო დასაცავი ობიექტის უსაფრთხოება და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა...

– შედარება არასწორია, რადგან ზურაბ ჟვანიას დაცვის უზრუნველყოფა იყო სავალდებულო პირადი მცველისთვის. თათუხაშვილის შემთხვევაში არ ყოფილა პირადი დაცვა, ეს იყო მოწმის დაცვის სამსახური, რომელზეც თუ თავად დასაცავმა ობიექტმა თქვა უარი, არანაირი უფლება არ გვაქვს, სავალდებულო დაცვა განვახორციელოთ მასზე. მოწმეს იძულების წესით ვერავინ დაიცავს. ჟვანიას შემთხვევაში კი დაცვას პირდაპირ ევალებოდა, ნებისმიერ შემთხვევაში დაეცვა ის.

– დეპუტატ ნუგზარ წიკლაურის ცემის ფაქტთან დაკავშირებით თუ ხართ ინფორმირებული, რა ეტაპზეა ძიება?

– გამოძიება დაიწყო 125-ე მუხლით, ცემის ფაქტზე. იძიებდა დიდუბე-ჩუღურეთის პროკურატურა, თუმცა რამდენადაც ვიცი, მათივე მოთხოვნით საქმე მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში გადავიდა. დაიკითხა რამდენიმე პიროვნება, თვითმხილველები, რომლებიც ამბობენ, რომ სამ კაცზე მეტი არ შეუნიშნავთ ამ ინციდენტის დროს. თავად ბატონი ნუგზარი ამბობს,რომ 9 კაცი დაესხა თავს, გამოიყენეს ელექტროშოკი და სცადეს გატაცება. ვნახოთ, გამოძიება დაადგენს, რეალურად რა მოხდა. არა აქვს მნიშვნელობა რაოდენობას, ვინც დააშავა, ნებისმიერი პიროვნება პასუხს აგებს კანონის შესაბამისად. ამ შემთხვევაშიც ხელისუფლების დადანაშაულება სრულიად გაუგებარია, არ მესმის, რაში აწყობდა ხელისუფლებას ოპოზიციონერი დეპუტატის ცემა? ზოგადად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ საზოგადოებაში არის გარესია და ხშირად მიწევს მითითების მიცემა, რომ მილიციამ მაქსიმალურად უზრუნველყოს მათი უსაფრთხოება მოქალაქეებისგან. ამისთვის პოლიციას მინდა მადლობა გადავუხადო, რადგან მათ ესმით, რომ თითოეული ადამიანი, პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, არის ამ ქვეყნის მოქალაქე.

– რამდენად აქტიურია შინაგან საქმეთა სამინისტრო ქურდულ სამყაროსთან წინააღმდეგ ბრძოლაში?

– ქურდული სამყაროს წევრობის გამო ჩვენ პასუხისგებაში მივეცით არაერთი პირი. შსს მაქსიმალურად მობილიზებულია ამ დანაშაულის წინააღმდეგ და, ალბათ, თქვენს მკითხველსაც მოეხსენება,რომ ჩატარდა რამდენიმე სპეცოპერაციაც. აქვე მინდა შევეხო ე.წ. „მაზავშიკების“ თემას, რომელიც გარკვეულწილად ქურდულ სამყაროსთანაა დაკავშირებული, რადგან ხშირად ხდება ხოლმე რომ თანხის ამოღების მიზნით საქმეში ერთვებიან სწორედ კრიმინალური „ავტორიტეტები“. ჩვენ დავაკავეთ რამდენიმე პირი, რომლებიც ე.წ. მაზებს აკეთებდნენ. შემდეგ ის პიროვნებები, რომლებიც თანხებს აგებდნენ. ისინი უმეტესწილად იძულებულნი ხდებოდნენ, სახლიდან ქონება გამოეტანათ. იყო შემთხვევები, როდესაც პირდაპირ სახლების გადაფორმება ხდებოდა. ამიტომ შსს-ს განსაკუთრებული კონტროლის ქვეშაა ეს დანაშაული, რადგან ამას თან სდევს მრავალი სხვა დანაშაულიც – ყაჩაღობა, ძარცვა ქურდობა და ა.შ.

– არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა წამოიწყო კამპანია სახელწოდებით – „ისევ გვისმენენ“... მოდით, პირდაპირ გკითხავთ – გვისმენთ?

– პირდაპირ გიპასუხებთ, რომ არა! ამას სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით. მიმდინარეობს კონსულტაციები სამართლებრივი ნორმების დახვეწის მიზნით. კარგია ამ ადამიანების აქტიურობა, თუმცა გარკვეულწილად ვიგრძენი, რომ ადგილი აქვს შსს-ს დისკრედიტაციას. განცხადება,რომ ისევ გვისმენენ, არ ის ტყუილი. სამწუხაროდ, ეს ადამიანები წინა წლებშიც აქ ცხოვრობდნენ, მ აშინაც წარმოადგენდნენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, თუმცა მათი მხრიდან ასეთი აქტიურობა ფარულ მოსმენებთან და მიყურადებებთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, არ მახსოვს. როცა მათ ამის რეალური საფუძველი ჰქონდათ, ჩუმად იყვნენ, მე თავად გახლდით იმ კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც გაანადგურა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული კადრები. პრაქტიკულად უსმენდნენ და იღებდნენ ყველას და ყველაფერს, საკუთარ თანაგუნდელებსაც კი. ეს ადამიანები დღესაც არიან მათ პარტიაში. გამიკვირდა, რომ ასეთ კომპრომატებს ერთმანეთზეც კი აგროვებდნენ.

– მართალია ჩანაწერები განადგურდა, მაგრამ ხომ არ არსებობს მათი კვლავ გავრცელების საფრთხე? ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ჩანაერების ნაწილი გატანილია...

– სამინისტროდან დისკის ან რაიმე ჩანაწერების გატანა სავსებით შესაძლებელი და მარტივი იყო. დისკი კი არა, ავტომანქანებს, უშველებელ ჯიპებს ვეძებთ, რომლებიც სამინისტროს ბალანსზე იყო და გაურკვეველია, სად წაიღეს. შემიძლია, გითხრათ, რომ სამინისტროდან დიდი ოდენობის მასალაა გატანილი და თუ ამას წარმოადგენენ, პასუხისმგებლობა არ დაეკისრებათ, ხოლო თუ ვინმე შანტაჟისა და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენებს, ეს იქნება უმკაცრესად დასჯილი. მაქვს ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კვლავ ახორციელებენ ფარული ჩანაწერებით შანტაჟს.

– რას გულისხმობთ?№

– დაიბარეს რამდენიმე პიროვნება და ანახეს რაღაც ჩანაწერები, – აი, ჩვენ შენზე ეს გვაქვს და ჭკუით იყავიო. თუ ეს მაითალია და დადასტურდა, ძალიან ცუდი. იმედს ვიტოვებ, რომ ინფორმაცია, რომელიც ჩვენ მოგვაწოდეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

– და ბოლოს, მინდა გკითხოთ მთავრობაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე... შეგიძლიათ, გვითხრათ, რა მიმართულებით იგეგმება ცვლილებები?

– ბატონი პრემიერი ამას მე არ შემითანხმებს. ეს გადაწყდება კონკრეტული შედეგებით. ჩემთვის ამ ეტაპზე არ არის ცნობილი, რომელ მინისტრს შეიძლება შეეხოს ცვლილება.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი“

 

07. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016