reportiori.ge - თავდაცვის სამინისტროს ტენდერებს ალასანიასთან დაახლოებული პირები იგებენ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:41
პრეს-დაიჯესტი
თავდაცვის სამინისტროს ტენდერებს ალასანიასთან დაახლოებული პირები იგებენ
ავტორი:
07 აპრილი, 2014. 15:54



ჯარისკაცების მასობრივი მოწამვლეის ფაქტის შემდეგ ირაკლი ალასანიას უწყება ახალ სკანდალში ეხვევა. ამჯერად საქმე უწყებაში მიმდინარე ტენდერებს ეხება, რომელაც, რიგრიგობით, ალასანიასთან დაახლოებული პირები იგებენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“  სამინისტროს კონკრეტულ ფაქტებზე მიუთითებენ. საქმე ეხება, თავდაცვის სამინისტროს არასაცხოვრებელი შენობების რეკონსტრუქციას და კაპიტალური რემონტების განხორციელებას, რომელსაც „შპს „არქიტექტურული ბიურო“ ახორციელებს (ს/ნ 404393483). ბიუროს  ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, თამარ ვალიშვილია. ვალიშვილი ალასანიასთან და მის ოჯახთან საკმაოდ დაახლოებული პირია და ძირითადი მოტივაცია ტენდერში მისი გამარჯვების, როგორც ამბობენ, სწორედ ეს არის.

არჩილ კაიკაციშვილი, „ახალგაზრდა ადვოკატების“ თავმჯდომარე:

– თავდაცვის სამინისტროში სერიოზულ ტენდერებს მინისტრთან დაახლოებული პირები იგებენ. ერთ-ერთი ასეთია შპს „არქიტექტურული ბიურო“, რომლის ხელმძღვანელიც არის თამარ ვალიშვილი, რომელიც მინისტრთან დაახლოებული პირია. ჩვენ ვმუშაობთ იმაზე, რა ნათესაური კავშირები არსებობს მას და მინისტრის ოჯახს შორის. ამასთან, არსებობს კითხვები თავდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ ტენდერთან დაკავშირებით, თუ რამდენად დასაბუთებულად მიიღო უარი გამარჯვებაზე კომპანია „დელტაკომმა“, რომლის დამფუძნებელიც „IBED-ის პარტნიორია, – აცხადებს კაიკაციშვილი და უწყებას გამჭვირვალობისკენ მოუწოდებს.

ტენდერების თემა, სავარაუდოდ, კიდევ უფრო დიდი სკანდალის საფუძველი შეიძლება გახდეს. პროცესები, რომელიც თავდაცვის სამინისტროში მიდის, მალე საზოგადოებისთვის დეტალებში გახდება ცნობილი, ამის ნათელი მაგალითი IBED-ის პარტნიორი კომპანიის „კავკასიის განვითარების ფონდის“, შპს „დელტაკომის“ საქმეა. 2013 წელს ჩატარებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიმართ უამრავი კითხვა ჩნდება.

10-მილიონიანი ტუნდერის დეტალები გრიფით „საიდუმლოს“ წარმოადგენს. თუმცა „დელტა კომის“ იურისტი ლაშა უფლისაშვილი ამბობს, რომ კომპანიამ თავდაცვის სამინისტროდან ტენდერის წაგების დეტალების შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია ვერ მიიღო. კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით კი ალასანიას უწყების წინააღმდეგ საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში რამდენიმე დღის წინ შევიდა.

 

ლაშა უფლისაშვილი (კავკასიის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი):

– კავკასიის განვითარების ფონდი არის ერთ-ერთი კომპანიის, შპს „დელტაკომის“ დამფინანსებელი, რომლის დამფუძნებელთა შორის არაერთი ცნობილი კომპანიაა,მათ შორის კი IBED-ია. აღნიშნული  ორგანიზაციები საქართველოში ბიზნესს აწარმოებენ და საქართველოს ბაზარზე უმსხვილეს დამფინანსებელს წარმოადგენს. შპს „დელტაკომის“ 20% ფლობს აღნიშნული განვითარების ფონდი. 2013 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, გამოაცხადა და ჩაატარა დახურული აუქციონი. ეს იყო გრიფით „საიდუმლო“ და ამიტომაც მე არ ვარ უფლებამოსილი წარმოგიდგინოთ აღნიშნული ტენდერის მასალები. ამ ტენდერში, კომპანია შპს „დელტაკომთან“ ერთად, სხვა 8 ქალრთული კომპანიაც მონაწილეობდა. სამწუხაროდ, ჩვენი კომპანია ტენდერში დამარცხდა, თუმცა ამ ტენდერში დამარცხების მიზეზები ბურუსით არის მოცული. ამიტომაც მივმართეთ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, რომ მოეწოდებინა ჩვენთვის ეს მასალები. თუმცა, სამწუხაროდ, კომპანიას ტენდერის შესახებ პასუხები დღემდე არ მიუღია. დღევანდელი მდგომარეობით ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ დაიწყო სამუშაოები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ჩვენ გადავხედე იმ სამუშაოებს, რომელსც აღნიშნული კომპანია აწარმოებს. გვინდა გითხრათ, რომ ეს სამუშაოები არ შეესაბამება ტენდერით განსაზღვრულ სამუშაოებს და ძალიან ბევრი კითხვის ნიშანს აჩენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია სპეციალური წერილით მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით.

– ტენდერით რა სამუშაოები იყო შესასრულებელი და დაახლოებით რა რაოდენობის თანხებზეა საუბარი?

– ამ ტენდერის პირობები არის გრიფით „საიდუმლო“ და მის დეტალებზე საუბარი არ შეგვიძლია. გეტყვით იმას, რომ დაახლოებით 10 მილიონიან ტენდერზეა ლაპარაკი. არავითარი დამატებითი დეტალების გამხელას არ ვაპირებთ.

– თქვენ ეჭვი გაქვთ, რომ თავდაცვის სამინისტროში ადგილი აქვს კორუფციულ გარიგებას?

– მე თავს შევიკავებ წინასწარ რაიმე ეჭვების გამოთქმისგან. ეს არის გრიფით „საიდუმლო“ მასალები და ამიტომაც პროკურატურისგან ვითხოვთ კონკრეტულ მასალებზე პასუხს.

– რა დოკუმენტაცია შედის პროკურატურაში და რამდენად არის საქმის აღძვრის საფუძველი?

– საფუძველი, ალბათ, არსებობს, ჩვენ გვაქვს კონკრეტული დოკუმენტაცია,რომელიც ამ ეჭვებს აღძრავს და ვთვლით, რომ ამით უნდა დაინტერესდეს საგამოძიებო ორგანოც. ეს არის დოკუმენტები, რომელზეც ჩვენ დაშვება გვქონდა.

– თუ ხედავთ ვინმეს ინტერესებს ამ ყველაფრის უკან?

– ჩვენ ვარაუდების საფუძველზე მსჯელობის უფლება არ გვაქვს. სწორედ ამიტომაც ჩვენი სურვილია ყველა კითხვაზე  კომპეტენტურმა ორგანოებმა გასცენ პასუხი.

 

ზემო აღნიშნული ფაქტების გადამოწმების მიზნით „პრაიმტაიმი“ თავდაცვის სამინისტროსთან დაკავშირებას აქტიურად ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ. უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა ცოტა ხანში დაკავშირება გვთხოვა, თუმცა მოგვიანებით ჩვენს ზარებს არ უპასუხა. თავდაცვის სამინისტროდან პასუხგაუცემელ კითხვებზე კვლავ აქტიურად საუბრობენ არასამთავრობო ორგანიზაციები.

„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ უწყებაში არსებულ ვითარებას კიდევ ერთი ბრიფინგი გასულ კვირასაც მიუძღვნეს, სადაც ჯარისკაცების მასობრივ მოწამვლების ფაქტებზე კიდევ ერთხელ გაამახვილეს ყურადღება. ორგანიზაცია, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართავს და მოითხოვს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, ჯარისკაცების საკვებით მოწამვლის ფაქტები, კვლავ გრიფით „საიდუმლო“ კატეგორიას განეკუთვნება თუ არა. „ახალგაზრდა ადვოკატები“ ითხოვენ, რომ ამ საქმეებთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგები გასაჯაროვდეს. არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, ორგანიზაციამ აღნიშნულ ინფორმაციაზე, საჯარო უწყებიდან გამოხმაურება ვერ მიიღო, რაც იწვევს ვარაუდს, რომ ჯარისკაცების მოწამვლის საქმეები, კვლავ გრიფით „საიდუმლოს“ სტატუსით სარგებლობს. მეტიც, სამხედრო მოსამსახურეების კვებით უსაფრთხოებაში კვლავ პრობლემებია და ამ მიმართულეით, თავდაცვის სამინისტროში სასტუმრო ჩავარდნები გრძელდება.

„ახალგაზრდ ადვოკატები“ მოითხოვენ დაჩქარდეს გამოძიება და საზოგადოება ფლობდეს ინფორმაციას 2014 წლის მანძილზე სხვადასხვა ქვეით ბრიგადაში 200-ზე მეტი ჯარისკაცის მოწამვლის ფაქტებთან დაკავშირებით. გავრცელებული ინფორმაციით, უხარისხო საკვებით, სხვადასხვა პერიოდში, ჯარისკაცები მოიწამლნენ მე-4 ბრიგადაში, ალგეთის პოლიგონის 23-ე ბრიგადაში და უფლისციხეში, ლოჯისტიკის სამხედრო ნაწილში.

უფლისციხის შემთხვევა 2014 წლის 24 მარტს მოხდა, სადაც 20-მდე სამხედრო პირი მოიწამლა. ორგანიზაციის შეფასებით, ფაქტებთან დაკავშირებით, საქმის გამოძიება ჭიანურდება და არაეფექტურია.

„ახალგაზრდა ადვოკატები“  სამინისტროს კვებითი უსაფრთხოების გაძლიერებისკენ მოუწოდებენ. ისინი ითხოვენ,რომ მოხდეს კვებით უზრუნველყოფაზე კონტრაქტორი კომპანიების მიერ პასუხისმგებლობის აღება, ვინაიდან ღიად რჩება საკითხი, თუ როდემდე უნდა გაგრძელდეს ჯარისკაცების მოწამვლის ფაქტები და მათზე არ ხდებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების პასუხისმგებლობის საკითხის დასმა.

 

ნანა შონია

გაზეთი „პრაიმტაიმი“

 

07. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016