ახალციხეში, შტაბის რაიონულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ადგილობრივი მოსახლეობა ტრანსფარანტებით დახვდა.
„შორს სისხლიანი ხელები", „ნაცებო მოცოცხეთ", „აღარ გვინდა კრიმინალები პოლიტიკაში", „სამცხე-ჯავახეთი ვანოსი აღარ არის", - შეკრებილები ოპიზიციის წარმომადგენლებს ახალციხის დატოვებას მსგავსი ლოზუნგებით მოუწიდებდნენ.
აქციის მონაწილეებმა შენობასთან შეკრებამდე ქალაქში მსვლელობა გამართეს. შენობასთან მისულები რუპორით „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს ხალხში გამოსვლისკენ მოუწოდებდნენ. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა შენობა დატოვეს და მანქანებში ჩასხდნენ, აქციის რამდენიმე მონაწილემ მათ ავტომობილებს პლასტმასის ბოთლები ესროლა.
„შევიტყვეთ, რომ დამნაშავე პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის" ხელმძღვანელი პირები აპირებდნენ ჩამოსვლას ახალციხეში. მათ უნდათ ტვინი გაუბურღონ, შეუტრიალონ ხალხს და აურიონ რაიონი. აქედან გამოდინარე, გადავწყვიტეთ ვამხილოთ ესენი და საინფორმაციო შეხვდრა დავგეგმეთ საზოგადოებასთან", - განაცხადა აქციის მონაწილემ როინ თაქთაქიძემ.
აქციას ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ნოდარ ტალახაძე. მისი განცხადებით, "ნაციონალებს" აღარ აქვთ უფლება ახალციხეში ჩამოვდინენ და აგიტაციას ეწეოდნენ, ისინი წასული პოლიტიკოსები არიან და საზოგადოება მათ ჩაძირულებად თვლის".
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის გელა დემეტრაძის განცხადებით, აღნიშნული აქცია არასერიოზული ნაბიჯი იყო.