reportiori.ge - რატომ დააყენეს რეზო ჩხეიძე სტალინის კუბოსთან და როგორ ტიროდა ბერია მის წინ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:29
პრეს-დაიჯესტი
რატომ დააყენეს რეზო ჩხეიძე სტალინის კუბოსთან და როგორ ტიროდა ბერია მის წინ
ავტორი:
09 აპრილი, 2014. 15:28



რეზო ჩხეიძე ერთ-ერთი იმ რეჟისორთაგანია, ვინც ქართული კინოს გემო გვაგრძნობინა.  დღეს ბატონი რეზო 87 წლისაა. სპეციალურად ჩვენ მკითხველს იგი ექსკლუზიურად უამბობს  ყველაფერ იმაზე, რის შესახებაც მათ ძალიან ნაკლებად ან საერთოდ არაფერი იციან.   

     


– ბატონო რეზო, ახალგაზრდობის წლების გახსენებით დავიწყოთ: როგორ შემოიჭრა თქვენს ცხოვრებაში კინო, როგორ გახდით მოსკოვში „ვგიკის” სტუდენტი, სადაც მოხვედრა, როგორც ვიცი, საკმაოდ რთული იყო?      


–  ერთხელ შევამჩნიე, როგორ მოიხსნა მამას მეგობარმა, გრიშა კოსტავამ (ცნობილი მსახიობი, მედეა ჯაფარიძის პირველი მეუღლე – ავტორი), მიწებებული ულვაშები და წვერი. ცუდად გავხდი, წარმოუდგენელი იყო  ჩემთვის ასეთი სწრაფი გარდასახვა, მაგრამ ამავე დროს, საოცრად საინტერესო და მეც მომინდა თეატრალურ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება. ალბათ, ამან განაპირობა ჩემი შემდგომი გატაცება. 


– თენგიზ აბულაძე იყო ადამიანი, რომელსაც თქვენს ცხოვრებაში დიდი ადგილი ეკავა: ერთმანეთს ძმებივით ედექით გვერდში, ერთად სწავლობდით, ერთად იღებდით ფილმებს, თითქოს ჰგავდით კიდეც ერთმანეთს ბევრ რამეში. როდის და როგორ აღმოჩნდა ის თქვენ გვერდით?                    


– მე და ჩემი თანაკლასელები სპექტაკლებს ვდგამდით ხოლმე. ამ პერიოდში თბილისის სხვა სკოლაშიც შეიქმნა თეატრალური წრე, რომელსაც თენგიზ აბულაძე ედგა სათავეში. ჩვენ ერთმანეთი გავიცანით, მგონი, ვორონცოვზე, ერთმანეთის სპექტაკლები ვნახეთ და ორივემ გადავწყვიტეთ, ერთად ჩაგვებარებინა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში სარეჟისორო ფაკულტეტზე. ორივეს კინო უფრო გვაინტერესებდა, მაგრამ, თბილისში მაშინ კინოფაკულტეტი არ იყო. მე და თენგიზი ვსწავლობდით თეატრალურ ინსტიტუტში და კინოზე ვოცნებობდით. გადავწყვიტეთ „ვგიკში” ჩაბარება. მე მამის ბიბლიოთეკა გავყიდე – სხვა საშუალება ოჯახს არ ჰქონდა. თენგიზის ოჯახმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ მოსკოვში წავსულიყავით. მოსკოვში რომ ჩავედით, ღამის გასათევიც არ გვქონდა და რამდენიმე ღამე ტაქსის მძღოლთან გავატარეთ. მერე გავიგეთ, რომ მოსკოვში ქართველი სტუდენტებისთვის საერთო საცხოვრებელი იხსნებოდა და იქ მივედით. საბუთები „ვგიკში” შევიტანეთ, ინსტიტუტის დირექტორმა (მაშინ ასე იწოდებოდა) შემოგვთავაზა: თქვენი საბუთებით, შეიძლება, მესამე კურსზე დაგსვან, რატომ გინდათ გამოცდების თავიდან ჩაბარება, ეგებ, ვერ აბარებთ და დარჩებით ინსტიტუტის გარეთო. მე და თენგიზმა ერთმანეთს გადავხედეთ და ერთხმად განვაცხადეთ, რომ ჩვენ გვინდა კინოს საფუძვლიანად შესწავლა და, ამიტომ, ამ შემოთავაზებაზე უარი განვაცხადეთ.


– თქვენი თაობის სტუდენტებს, ვინც მოსკოვში ცხოვრობდით, ძალიან გიჭირდათ ფინანსურად. ამ დროს თქვენს ოჯახებსაც უჭირდათ, ზოგი ახერხებდა შვილისთვის რაღაც გაეგზავნა, ზოგი – ვერა...    


– სტუდენტობის პერიოდში ხშირად მშივრები ვიყავით. მახსოვს, ერთ დღეს, ვწევართ და ვერ ვდგებით – მეორე დღეა, არაფერი გვიჭამია. ჩვენს ოთახში შემოდის ჩვენი მეზობელი გია მარგველაშვილი, ლიტერატურული ინსტიტუტის სტუდენტი, იდეით – გაზაფხული მოვიდა, ჩავაბაროთ პალტოები და საჭმელი ვიყიდოთო. ავდექით და წავედით ლომბარდში, რომელიც პროკურატურის წინ მდებარებოდა. ზამთარია, რიგია. ყველას ჩემოდნები და ფუთები უჭირავს ხელში, ყველას რაღაცის ჩაბარება სურს. ვდგავართ ჩვენ, ხუთი სტუდენტი, ჩვენი პალტოებით. როგორც იქნა, მოაღწია ჩვენმა რიგმაც. გავიხადეთ პალტოები. რიგში მოხუცები გვეხვეწებიან – ეს არ გააკეთოთ, ზამთარი ჯერ კიდევ წინააო. გამოვედით ლომბარდიდან და თოვლიც წამოვიდა. პალტოები აღარ გვაქვს, სამაგიეროდ, გვაქვს ფული და, როგორც ნამდვილი ქართველები, რესტორანში წავედით. სანამ ცოცხალი ვარ, ეს დღე სულ მემახსოვრება. აი, ამ ბიჭებიდან დღეს მხოლოდ მეღა დავრჩი. სტუდენტური წლები ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი გახლდათ. ჩვენ მუდამ უფულოდ ვიყავით, თუმცა, სტუდენტურ თავყრილობებზე ჩარლი ჩაპლინის სადღეგრძელოს ყოველთვის პირველს და ფეხზე ადგომით ვსვამდით.  


– ბვერი საინტერესო, ისტორიული მნიშვნელობის ნივთი ინახება თქვენს სახლში, მაგალითად, სამგლოვიარო ლენტი რომელიც სტალინის გასვენებაში გაგიკეთეს.      


– 1953 წლის 8 მარტს რადიოთი გამოაცხადეს სტალინის გარდაცვალების შესახებ. საღამოს საერთო საცხოვრებელში საბჭოთა კავშირის  კომკავშირის „ცეკადან“ დარეკეს და გვითხრეს, რომ საქართველოდან დელეგაცია მოსკოვში უამინდობის გამო ვერ გამოფრინდა და ჩვენ დაგვევალა დიდი ბელადის უკანასკნელ გზაზე გაცილება. გვირგვინი უნდა მიგვეტანა სვეტებიან დარბაზში, სადაც სტალინი გახლდათ დასვენებული და საპატიო ყარაულშიც ჩავმდგარიყავით. ჩვენ სამგლოვიარო ლენტები გაგვიკეთეს და ბელადის ცხედრისკენ წაგვიყვანეს. შევჩერდი, მინდოდა, მისი სახე კარგად დამემახსოვრებინა. ჩვენ შემდეგ საპატიო ყარაულში ცენტრალური კომიტეტის წევრები დადგნენ. კარგად ვხედავდით, როგორ ტიროდნენ მალენკოვი, ბერია და ხრუშჩოვი. დილით სტალინი მავზოლეუმში გადაასვენეს.  


– „მაგდანას ლურჯას”, რომელიც თქვენი და თენგიზ აბულაძის პირველი ერთობლივი ნამუშევარია, თურმე, სხვა ცნობილ რეჟისორს აძლევდნენ. რატომ?                    


– „ვგიკის” შემდეგ თბილისის კინოსტუდიაში დავბრუნდით. ძალიან თბილად მიგვიღეს. სამი თვის შემდეგ გოგოძემ თავისი სცენარი შემოგვთავაზა – „მაგდანას ლურჯა”. მე და თენგიზმა ფილმზე მუშაობა დავიწყეთ. ჩვენ ყველაზე ახალგაზრდები ვიყავით კინოსტუდიაში, რჩევებს გვაძლევდნენ, გვეხმარებოდნენ, თუმცა, მოულოდნელად გადაწყდა, რომ ფილმი უფრო ცნობილი რეჟისორისთვის გადაეცათ. შეიკრიბა სპეციალური კომისია. ჩვენს დასაცავად გალაკტიონ ტაბიძე გამოვიდა. მან თქვა: „ამ ეკრანს ბევრი კარგი ფილმი უნახავს, მაგრამ, ასეთი – არა. მიეცით საშუალება ახალგაზრდებს, ფილმი დაამთავრონ. ეტყობათ, რომ ძალიან ნიჭიერები არიან.” მოკლედ, ფილმი გადავიღეთ და მის სანახავად მოვიდა საქართველოს კომპარტიის „ცეკას“ მდივანი ვასილ მჟავანაძე, რომელსაც აშკარად შეეტყო, რომ ფილმი არ მოეწონა. არადა, ერთი თვით ადრე ნახა ფილმი „ცისკარა” და აღფრთოვანებული დარჩა. მე და თენგიზი გაოცებულები ვიყავით – ვერ მივხვდით, რა მოხდა.  


– „ჯარისკაცის მამასაც” ახლავს პატარა ისტორია.    


– მე და ჩემი თანაკურსელი სულიკო ჟღენტი კინოსტუდიის ეზოში ვიდექით. ლიბრეტოს მხოლოდ რვა გვედრი მომცა, რომელიც, ფაქტობრივად, ავტობიოგრაფიული იყო. ამას არანაირი მნიშვნელობა არ მივანიჭე, მაგრამ, ტრამვაიში ჩაჯდომისთანავე კითხვას შევუდექი. ვერც კი შევამჩნიე, რომ ეს რვა გვერდი რამდენჯერმე მიყოლებით გადავიკითხე. კინოსტუდიაში მისვლისთანავე სერგო ზაქარიაძესთან შევედი საგრიმიოროში. სულმოუთქმელად მოვუყევი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაემგზავრა კახელი გლეხი ჰოსპიტალში დაჭრილი შვილის მოსანახულებლად. სერგო თითქოს არ მისმენდა, მაგრამ, როდესაც მიხვდა, რომ მის თვალებზე ცრემლი შევამჩნიე, მკითხა, ამას მე რატომ მიყვებიო. მინდა, მამის როლი თქვენ შეასრულოთ-მეთქი. ყველაზე ბედნიერი მსახიობი ვიქნებოდიო, – მომიგო. ჩემს გადაწყვეტილებას, მთავარ როლზე სერგო ზაქარიაძე ამეყვანა, კინოსტუდია „ქართული ფილმის” ხელმძღვანელობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. მათ სურდათ, რომ ეს როლი სპარტაკ ბაღაშვილს ეთამაშა, რადგან, იმ დროისთვის ის იყო ყველა მთავარი როლის  შემსრულებული. მე და სცენარისტმა ეს როლი სერგოსთვის დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ.  


– ვიცი, რომ „ღიმილის ბიჭები” თქვენს თანაკლასელებს მიუძღვენით, „მაია წყნეთელი” და „ჩვენი ეზო” დღესაც უყვარს ქართველ მაყურებელს; ბოლო ფილმს  – „ქრისტეს საფლავზე დანთებულ სანთელს” ექვს ქვეყანაში ათი წლის განმავლობაში იღებდით და მასზე 36 000 მეტრი კინოფირი დაიხარჯა და ამ ყველაფერზე უსასრულოდ შეიძლება საუბარი, მაგრამ, პირად ცხოვრებაზეც უნდა დაგისვათ კითხვები და, იმედია, არ გამიბრაზდებით. თქვენ დაქორწინდით თქვენს თანაკურსელზე, თინა ღამბაშიძეზე, მაგრამ შემდეგ მეორე ოჯახი შექმენით...         


– თინასთან ბიძინა და თამრიკო შემეძინა. თინა ჩემი თანაკურსელი იყო, მერე მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თამაშობდა, მაგრამ, თამრიკოს შეძენის შემდეგ მიატოვა სამსახური. 1959 წელს დავასრულე მუშაობა ფილმზე „განძი.” ამ ფილმით ჩვენ ინდოეთს ვეწვიეთ და პრიზი თვით მაჰათმა განდის ხელიდან მივიღეთ. აი, ამ ფილმის („განძი”) შემდეგ დადგა ჩემი ცხოვრება თავდაყირა. ფილმში მთავარ როლს ახმოვანებდა თეატრალური ინსტიტუტის მეორე კურსის სტუდენტი რუსიკო ფარემუზაშვილი. შემიყვარდა, მაგრამ, არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი, რადგან, უკვე ორი შვილის მამა ვიყავი. გრძნობები მოსვენებას არ მაძლევდა. გადავწყვიტე, თავი მთლიანად სამუშაოსთვის მიმეცა და დავიწყე მუშაობა ფილმზე „ზღვის ბილიკი”. მამაკაცის, ზღვის კაპიტნის როლს სერგო ზაქარიაძე ასრულებდა. ქალის როლს სხვისთვის ვეღარ გავიმეტებდი, თუ არა ჩემი რჩეულისთვის. მაშინ მივხვდი, რომ მის გარეშე ვერ ვძლებდი. მორიგი საზღვაო ექსპედიციიდან დაბრუნების შემდეგ, ჩემი გიჟური სიყვარულის ამბავი ჩემთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს, დედაჩემს ვუამბე. მისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, რადგან, კარგად იცოდა, რას ნიშნავდა მარტოხელა ქალისთვის შვილების გაზრდა და, სიტყვა ჩამომართვა, რომ არასოდეს მივატოვებდი თინასა და ბავშვებს.


– და, როგორ გახდა ქალბატონი რუსიკო თქვენი მეუღლე?


– დედაჩემის წინაშე პასუხისმგელობამ 44 წლის განმავლობაში არ მომცა უფლება, წავსულიყავი საყვარელ ქალთან. მისი სახლის ზღურბლს სამუდამოდ გადავაბიჯე მხოლოდ ჩემი მეუღლის, თინას გარდაცვალების შემდეგ. ჩვენ შეგვეძინა ქალიშვილი – ხათუნა.   


– თქვენს უფროს ქალიშვილზეც მინდა გკითხოთ. მისი სახელი და გვარი საქართველოს ისტორიის ფურცლებზე ეროვნულ ლიდერებს შორის წერია. როგორ აღმოჩნდა მათ გვერდით თამრიკო ჩხეიძე და როგორ უყურებდით შვილის ქმედებებს პოლიტიკურ ასპარეზზე?         


– ეს იყო 1978 წელი. პრესაში ჩნდება ინფორმაცია ქართული ენისთვის სახელმწიფო სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. სტუდენტებმა დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება და მიტინგების ორგანიზება, რომელსაც თამრიკო  ხელმძღვანელობდა. საქართველოს კომპარტიის „ცეკას“ მეორე მდივანს, კოლბინს, დაურეკა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიის მდივანმა სუსლოვმა: „მანდ რა ხდება? რას ითხოვენ სტუდენტები? მათ მოთხოვნებში არის რამე ანტისაბჭოური? სტუდენტები გამოდიან ტრანსფარანტებით, რომლებზეც ქართული ანბანის მხოლოდ პირველი ასოები „აი ია” წერია. თუ მათ მეტი მოთხოვნა არ აქვთ, დაუტოვეთ ქართული ენა სახელმწიფო ენად!” იმ დღიდან 14 აპრილი ქართველებმა ქართული ენის დღედ გამოაცხადეს, ჩემი ქალიშვილი კი დისიდენტობას განაგრძობდა. 1881 წელს თბილისს ბრეჟნევი ეწვია. აქტიური სტუდენტები ჩემს ქალიშვილთან ერთად თბილისს 150 კილომეტრით დააშორეს და შენობაში ჩაკეტეს. 1983 წელს მე ესპანეთში, „დონ კიხოტის” გადაღებებზე ვიყავი. სახლში ათი დღის განმავლობაში ვერ დავრეკე. თბილისში ვბრუნდებოდი მოსკოვის გავლით, სადაც საბჭოთა კავშირის კინოს მინისტრს შევხვდი, რომელმაც შემატყობინა ჩემი ქალიშვილის დაპატიმრების ამბავი. ძალიან მიჭირდა, მაგრამ ამ საქმეში ვერ ჩავერეოდი. მაშინ თამრიკოს სამი წელი მიუსაჯეს. 1989 წელს თბილისში დაიწყო საშინელი მიტინგები. საკმაოდ აქტიურად ვიღებდი მონაწილეობას მიტინგებში და საქართველოს პატრიარქთან ერთად ვთხოვდი ახალგაზრდებს, მშვიდობიანად დაშლილიყვნენ. არავის სჯეროდა, რომ ქალაქში ტანკები შემოვიდოდნენ. ამდენი ახალგაზრდა დახოცეს... ამის შემდეგ მე ჩემი ლენინური პრემია და 2 500 მანეთი გორბაჩოვს უკან დავუბრუნე.      


ეკა პატარაია  


http://tbiliselebi.ge/


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016