reportiori.ge - ელისო კილაძე: ბატონი ირაკლი, ფრთხილად, თქვენს კარზე გადატრიალება მზადდება!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:07
პრეს-დაიჯესტი
ელისო კილაძე: ბატონი ირაკლი, ფრთხილად, თქვენს კარზე გადატრიალება მზადდება!
ავტორი:
09 აპრილი, 2014. 17:19



– ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ირაკლი ღარიბაშვილი, რადგან მას როგორც ოპოზიციაში, ასევე თავად ხელისუფლებაშიც ბევრი მტერი ჰყავს, – აცხადებს „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე და „ასავალ-დასავალთან“ იმ სქემას შიფრავს, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ზურგს უკან იგეგმება და, შესაძლოა, ქვეყანა სახიფათო შედეგებამდე მიიყვანოს:

 

– პირველ რიგში, თუ ნებას მომცემთ მინდა, „ასავალ-დასავალის“ წინა ნომერში დაბეჭდილი გია ხუხაშვილის ინტერვიუს გამოვეხმაურო. მომეჩვენა, რომ ხუხაშვილს ნერვებმა უმტყუნა. როგორც ჩანს, ძალიან გაღიზიანდა ლევან ჩიტაძისა და ამ ოფისთან მისი კავშირის ხსენებით. დღეს თუ არა ხვალ, აუცილებლად იქნება გამოძიებული გიორგი გარესაშვილის სკანდალური ვიდეოს ატვირთის ფაქტი და ლევან ჩიტაძეს აუცილებლად მოუწევს იმ პიროვნების დასახელება, ვინც მას ეს ვიდეოფირი გადასცა. ხუხაშვილის ასეთი გამწარება კიდევ უფრო აძლიერებს ეჭვს, რომ ეს სწორედ მან გააკეთა...

დღეს რომ პატარკაციშვილის ოჯახის დამცველად გვევლინება და მემორანდუმს იშველიებს, თუ ეს მემორანდუმი ზეწოლის შედეგად იქნა მიღებული, მაშინ თეა წულუკიანსა და ინა გუდავაძეს ვეკითხები – რატომ არ არის ეს მემორანდუმი გაუქმებული?! მიუხედავად არაერთი სასამართლო დავისა, ინა გუდავაძეს არცერთხელ გამოუთქვამს პრეტენზია, რომ ბადრი პატარკაციშვილს წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, სადაც სახელმწიფო გადატრიალებაში არის დადანაშაულებული, შეწყვეტილიყო. სხვათაშორის, არც ხუხაშვილს დაუსველებია სიტყვა ამ საკითხზე, მაშინაც კი, როცა ბიძინა ივანიშვილის კარზე დიდი გავლენით სარგებლობდა. ხუხაშვილს ინა გუდავაძის დაცვას ურჩევნია, ის გაარკვიოს, სად იმალება ამჟამად პატარკაციშვილის ქვრივი. როგორც მაქვს ინფორმაცია, მას ინტენსიურად ეძებენ თანაინვესტირების ფონდის წარმომადგენლებიც, რომელთა წინაშეც ვალდებულება აქვს აღებული. ივანიშვილის მიერ შექმნილ საპარტნიორო ფონდში ინა გუდავაძეს ხელი აქვს მოწერილი დოკუმენტზე, რომ გარკვეულ თანხას საქართველოს განვითარებისთვის პროექტების დაფინანსებაში ჩადებდა, მაგარმ ამ თანხას აღარ იხდის. ინა გუდავაძე ლამის იატაკქვეშეთშია გადაკარგული. საინტერესოა, გია ხუხაშვილმა იცის თუ არა, რომ ინა გუდავაძე რუსეთის მოქალაქეა და არა საქართველოსი?! ის, რაც მან ვალერი გელბახიანზე თქვა, აბსოლუტური ტყუილია. ვალერი გელბახიანი ერეკლე კოდუასთან შეხვედრაზე უშუალოდ ბადრი პატარკაციშვილის დავალებით წავიდა. მეტიც, ერეკლე კოდუას ბადრი პატარკაციშვილთან თავდებში კანონიერი ქურდი ტარიელ ონიანი დაუდგა. ვალერი გელბახიანის მიმართ რომ ბადრი პატარკაციშვილს ეჭვი შეჰპარვოდა, ის სომხეთში გადასულ გელბახიანს პირად თვითმფრინავს არ გაუგზავნიდა და ლონდონში საკუთარ რეზიდენციაში არ წაიყვანდა. რაც შეეხება იმას, რომ სასამართლოში უნდა წავიდეთ და ინტერვიუებით არ უნდაშემოვიფარგლოთ, დიახ, სარჩელი უკვე მზადდება და სამართლებრივ დავას ვაპირებთ. თქვენი გაზეთის მეშვეობით, მინდა, ვუთხრა ხუხაშვილს – ველოდები, როდის შეაგროვებს მასალებს. მისი მისამართით ნათქვამი ჩემი არცერთი ბრალდება, შეფასება, გამონათქვამები უკან არ მიმაქვს.

– ალბათ, არც ის განცხადებები მიგაქვთ უკან, რომელიც რამდენიმე დღის წინათ პოლიტიკურ კულუარებთან დაკავშირებით გააჟღერეთ... იქნებ დააკონკრეტოთ, რა შეთქმულება მზადდება ირაკლი ღარიბაშვილის კარზე?

– დიახ, ირაკლი ღარიბაშვილის კარზე დიდი შეთქმულებაა! ჩვენი ინფორმაციით, ალასანიას, ბოკერიასა და მარგველაშვილს შორის ფარული მოლაპარაკებები მიდის. მათი წარმომადგენლები ძირითადად თურქეთში ხვდებიან ერთმანეთს. ეს რომ ასეა, ამის დადასტურება სპეცსამსახურს არ გაუჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, კარგად მოიძიებს. ამ ადამიანებს არ უჭირთ ერთმანეთთან საუბარი. თავის დროზე ალასანია ნაციონალები წევრი იყო. მარგველაშვილიც ლამის „თავისუფლების ინსტიტუტში“ გაიზარდა ბოკერიასთან ერთად. გარდა ამისა, საგულისხმოა, რომ მარგველაშვილსა და ივანიშვილს შორის ბოლო დროს დაძაბული ურთიერთობაა... არც ირაკლი ალასანია უნდა იყოს დიდად კმაყოფილი იავნიშვილის გადაწყვეტილებებით – ალასანიას პრეზიდენტობა უნდოდა, მაგრამ ივანიშვილის წყალობით, არათუ პრეზიდენტობას, ვიცე0პრემიერის პოსტსაც დაემშვიდობა... ერთი სიტყვით, სახიფათო სამკუთხედი იკვრება. აუცხო სხეული მათთვის ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც უპირობოდ ივანიშვილის ერთგულია. ყველა მათგანის სამიზნე ღარიბაშვილია და დადგა დრო, რაღაც ფორმით მასზე შური იძიონ. იმ შემთხვევაში, თუ ალასანია-მარგველაშვილ-ბოკერიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდება, ირაკლი ღარიბაშვილი სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.

– იმის თქმა გსურთ, რომ ღარიბაშვილის საპირისპირო თამაშს თამაშობენ ირაკლი ალასანია და გიორგი მარგველაშვილი?

– არ გამოვრიცხავ, რომ არჩევნების შემდგომ ხელისუფლებაში შიდა გადატრიალება მოხდეს – თავდაცვის მინისტრი თავად გადადგეს და ოპოზიციის ლიდერი გახდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ ალასანია საკმაოდ დიდი წრით რაის წარმოდგენილი როგორც მინისტრთა კაბინეტში, ასევე პარლამენტშიც. ღარიბაშვილს კი თითო-ოროლა კაცის გარდა, ფაქტობრივად,  არც მთავრობაში და არც საპარლამენტო უმრავლესობაში დასაყრდენი არ ჰყავს. გარდა ამისა, არავინ იცის, როგორ მოიქცევიან რესპუბლიკელები. თუ უსუფაშვილს მისცემენ გარანტიას, რომ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას შეინარჩუნებს, ცხადია, ირაკლი ღარიბაშვილზე პოლიტიკური შურისძიების შანსს ხელიდან არ გაუშვებს. დათო უსუფაშვილმა, როგორც ქმარმა, ვერ მოახერხა, საკადრისი პასუხი გაეცა კაცისთვის, რომელიც მის ცოლს აგინებდა... მოკლედ, ქვეყანაში სერიოზული საფრთხე არსებობს იმისა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილონ. ყველაფერი მის წინააღმდეგ მუშაობს, მათ შორის, ისიც, რომ ძალოვან უწყებებში ყველაფერი რიგზე არ არს. გავლენებს არამარტო ინარჩუნებენ ის ადამიანები, ვინც წინა ხელისუფლებაში მერაბიშვილის კადრებად მოიაზრებოდნენ, არამედ გარკვეულწილად ამ ფრთის გაძლიერება ხდება. გახსოვთ, ალბათ, ცნობილი სკანდალი, როცა ეკონომიკის მინისტრის მოადგილე და კიდევ ერთი თანამდებობის პირი ნარკოტიკების ზეგავლენის ქვეშ დაიჭირეს და სოდ-ის თანამშრომლებმა გაუშვეს. ამის თაობაზე თინა ხიდაშელმა პრესკონფერენცია მოაწყო და მერაბიშვილი იძულებული გახდა, მხეიძე სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. ახლა კი, ქალბატონ თინას ვეკითხები – იცით, სად არის ეს ადამიანი დღეს დანიშნული?

– სად არის?

– კრიმინალური პოლიციის უფროსია! საკადროპოლიტიკა ირაკლი ღარიბაშვილი აქილევსის ქუსლია! სავარაუდოდ, მას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაციები, რომ მის ზურგს უკან ხდება მსგავსი ტიპის დანიშვნები და გარიგებები. სხვათაშორის, ამ ჭრილში განვიხილავ ხვედელიძის საკითხსაც. ვფიქრობ,ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე მუშაობის გამოცდილება არ ჰქონდა, იმდენად ბევრი დეზინფორმაცია მიაწოდეს ხვედელიძის შესახებ, რომ გარემოცვის შანტაჟს ვერ გაუძლო და ერთ-ერთი ყველაზე ერთგული, კვალიფიციური კადრი ჩამოიშორა... ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მუშაობს შალვა თათუხაშვილის საქმეც, რომლის გამოძიებაც არაპროფესიონალურად მიმდინარეობს. სრულიად კეთილგანწყობილი პოზიციიდან ვამბობ – მჭირდება ჩემი ხელისუფლების დამაჯერებელი არგუმენტები შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით – სად, რა ვითარებაში მიიღო ეს დაზიანებები და ვინ არის დამნაშავე? როცა ოქროს მოწმე გყავს, ის კარგად უნდა იყოს დაცული. პროკურატურის შენობაში რომ არავის სცემენ, ეს სიედაც გასაგებია და ჩემთვის არაფერს ცვლის პროკურატუის მიერ გავრცელებული კადრები. ადამიანებს, რომლებიც თავად ხოცავდნენ ხალხს ქუჩაში, დღეს ლოგიკური შეკითხვები აქვთ ხელისუფლების მისამართით და ეს, პირველ რიგში, სწორედ ირაკლი ღარიბაშვილს აყენებს დარტყმას, რომელსაც, ბევრისაგან განსხვავებით, სუფთა წარსული აქვს. პირადად ჩემთვის, ამ ხელისუფლებაში ნათელი წერტილი პრემიერი ღარიბაშვილია და მას თქვენი გაზეთის მეშვეობითაც მინდა, მესიჯი გავუგზავნო – ფრთხილად, თქვენს კარზე გადატრიალება მზადდება! ეს უნდა იცოდეს ღარიბაშვილმა!

– და ალბათ, ქვეყნის პირველმა „მოქალაქემაც“...

– ორიოდე დღის წინათ კიდევ ერთი დასტური მივიღე იმის თაობაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოდან მიდის. იგი თავის ბოლო ბიზნეს-აქტივს საქართველოში – „ქართუ ბანკს“ ყიდის! ჩემი ინფორმაციითა იქ უკვე ჩატარდა ფინანსური აუდიტი და ბიძინა ივანიშვილს სამი უცხოური კომპანია ევაჭრება „ქართუ ბანკის“ ყიდვის თაობაზე. მან საქართველოში შეაჩერა ყველა თავისი პროექტი, მათ შორის, საქველმოქმედო პროექტებიც საჩხერის საავადმყოფოს დაფინანსების ჩათვლით. ივანიშვილი საქართველოს დატოვებას არჩევნებამდე ან არჩევნების შემდეგ აპირებს! არ გაეჭვებთ ის ფაქტი, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ ოფისი და მისამართი არა აქვს?!

– გამოდის,რომ...

– ეს ბრძოლის ველის დატოვებას არ ნიშნავს! სავარაუდოდ, თავისი წასვლით ის რუსეთის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ დარტყმებს თავის თავზე იღებს – ზედმეტ პრობლემას აარიდებს როგორც ქვეყანას, ასევე ღარიბაშვილს. ჩემი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი წერილის გამოქვეყნებას აპირებს. მის პოლიტიკაში მოსვლას წინ ღია წერილი უძღვოდა და ახლაც წერილს ამზადებს, რომლითაც დაგვემშვიდობება... მეც თქვენთან ერთად ველოდები და ძალიან მაინტერესებს ის არგუმენტები და შეფასებები, რასაც ბიძინა ივანიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით გააკეთებს.

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

09. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016