reportiori.ge - თამაზ წივწივაძე: მიხეილ სააკაშვილის მინისტრები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 09:14
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თამაზ წივწივაძე: მიხეილ სააკაშვილის მინისტრები!
ავტორი:
09 აპრილი, 2014. 19:07



ძვირფასო მკითხველო!

ალბათ, გახსოვთ, მიხეილ სააკაშვილს ორი ერთმანეთზე უკეთესი მინისტრი ჰყავდა!

აქედან ერთი, ვანო მერაბიშვილი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საკუთარი ჯიგარით განაგებდა!

მეორე, კახა თუ ალექსანდრე ლომაია, განათლების სფეროს მთელი გულ-ბოყვით აწვებოდა!

მერე რომ არ დაგვავიწყდეს, ახლავე ვთქვათ: ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთიც კარგად გვარიანი სულელი იყო და მეორეც!

ვანოს რომ ჰკითხავდი: „ვინ იცის, ვანო, რას ბუტბუტებ, ვისთვის რას იტყვი, მრავალ დროების მოწამე ხარ, მაგრამ ხარ უტყვი“, თვითონაც აუცილელად დაამატებდა – ალბათ, პირუტვიცო!

კახა თუ ალექსანდრე ლომაიას სხვა ახირება სჭირდა – ვერავინ დააჯერებდა: ჩიტი ბრდღვნად თუ ღირდა! ამიტომ მოქმედება სხვა შინაურ ფრინველზე გადაჰქონდა – ქათამი ბრდღვნად არა ღირსო!

მერაბიშვილი სათავისო გამოთქმას – რომ „საქართველო ვანოსია“ – საკუთარი ხელების სახელმწიფო საქმეში ფათურით ასაბუთებდა!

ხოლო ლომაია, ქათამი ბრდღვნად რომ ღირდა – დედლის ჩახოხბილი ამოწმებდა, რომელიც მას მეტისმეტად უყვარდა!

ჩვენ კიდევ „საქართველო რომ ვანოსია“, ესეც შევამოწმოთ და ისიც „ქათამი რომ ბრდღვნად არა ღირს...“

 

„საქართველო ვანოსია!“

 

ვანო მამაჩემს ერქვა და, აქედან გამომდინარე, არა მგონია, რომელიმე სხვა სახელი ჩემთვის უფრო აღმატებული იყოს!

თანაც, ისეთი პატიოსანი კაცი, როგორიც მამა იყო, მე ჯერ მხოლოდ წიგნებში შემხვედრია!

ალბათ, ამიტომაც მიხარია, ჩემს წარმოდგენაში ბატონი მერაბიშვილი ნელ-ნელა, მართლაც უმწიკვლო ვანოდ რომ ყალიბდება!..

არადა, რაც ამ კაცის ირგვლივ ტრიალებს, სულაც არ იყო ადვილი, დღევანდელი საქართველოსთვის თავი ამ ტიტულით დაემახსოვრებინა!

გახსოვთ, ალბათ, ჯერ იყო და, კანცელარიის შენობაში შეჭრილი ერთი, იმ დროისთვის შედარებით უცნობი პარლამენტარი გახარებული რომ ყვიროდა – ვანო, ჰაუ, ვანო, ფული მოგიტანეო!..

ამის შემდეგ ყველას რომ ეგონა, ის, რაც ამ დეპუტატს გაუფრთხილებლობით წამოსცდა, ბატონ მერაბიშვილს ზიანს მოუტანსო, სულ ტყუილი ვარაუდი აღმოჩნდა!..

საქართველოს პრეზიდენტმა საჯაროდ განაცხადა – ბატონი ვანოსავით პატიოსანი კაცი მე ჩემს ხელისუფლებაში არავინ მეგულებაო.

ცხადია, მითქმა-მოთქმაც მაშინვე შეწყდა...

მერე იყო და, ფირმა „ომეგას“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ქალბატონმა ტელევიზიის ეკრანიდან კონკრეტულად ციფრი დაასახელა: „ბატონმა ვანო მერაბიშვილმა 25 მილიონის მოტანა მოგვთხოვა“-ო!

რასაა, რომ აბრალებთ თქვენო, – ერთი თქვა პრეზიდენტმა და ეს ხმებიც ერთ წუთში გაფანტა!..

არადა, ბატონი ვანოს ირგვლივ მსგავსმა ხმებმა და ჭორებმა არა და არ იკლო!..

„გადაუმოწმებელი პრესა“ პირდაპირ ადებდა ხელს – ასლან აბაშიძის ჯავშნიანი „მერსედესი“ ან თავად მერაბიშვილმა, ან მისმა ძვირფასმა მეუღლემ სიმბოლურ ფასად შეიძინაო.

– ამას როგორ კადრებთ, ჩემს მეგობარ ვანოსო“, კვლავაც განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და ამ ჩვენს თავმომწონე მასმედიას მართლაც „გადაუმოწმებელი“ უწოდა...

შემდგომ იყო და კრიმინალურმა ქმედებებმა ახალციხეში გადაინაცვლა – იქაური უნივერსიტეტის რექტორი უმიზეზოდ დაიჭირეს და ეს ყველაფერი, ასევე უმიზეზოდ ბატონ ვანოს დაბრალდა!

მიზეზიც სასაცილო მოიგონეს: ვითომ ის რექტორი, ამ ჩვენს ვანოს მისი ძვირფასი მეუფლისთვის დიპლომის გადაცემის შეყოვნებისთვის დაეკავებინოს!..

„როგორ არ გრცხვენიათ, სიდარბაისლით სახელგანთქმულო მესხეთ-ჯავახეთელებო, ჩემს უახლოეს მეგობარ ვანოს ამას რომ აბრალებთო!“ ცხადია, მიხვდებოდით, ამას ვინც იტყოდა და ერთ წამში და ერთბაშად ყველაფერი გასწორდა – რექტორი ციხეს მოაშორეს, ბატონ ვანოს კი უპატიოსნო კაცის სახელი!..

აგერ ახლა, გორში და მის შემოგარენში თავდაცვის მინისტრის ყველა კადრი პოსტიდან დაითხოვეს და ზოგი დაიჭირეს კიდეც...

ეჭვი ისევ ვანო მერაბიშვილზე მიიტანეს, თითქოს მთელი ეს ქმედება კოლეგიალური დაპირისპირებისა და პიროვნული ანგარიშსწორების მიზნით ჩაედინოს!...

თავად ბატონმა ვანომ საქართველოს მოსახლეობას განუმარტა – ოქრუაშვილი ჩემი პირადი მეგობარია და, ამის გარდა, არც მე დამიმსახურებია ჯერ ისეთ რამ, მსგავსი არაკაცობა რომ დამბრალდესო!..

ირაკლი ოქრუაშვილი კი არც იმას ადასტურებს, რომ მერაბიშვილის მეგობარია და საერთოდაც ხმას არ იღებს...

არადა, ბედი მართლა არ გინდა?! – ვანოს მხრიდან ვამბობ!

სულ ახლახან გერმანიაში გაქცეულმა სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ სიტყვიერადაც დაიბარა, ვიდეოკასეტაზე ჩაწერილიც დატოვა და ახლა საზღვრებს გარეთ მყოფიც ყვირის – ვანო მერაბიშვილს ფულს რომ არ ვაკეთებინებდი, პოსტიც ამიტომ დავტოვე, სამშობლოც ამიტომ დავტოვე და, თუ სიმართლე გინდათ, სანამ ვანო მინისტრი კი არა, თუნდაც ცოცხალიც გვეყოლება, ჩემი „დუხი„ საქართველოში აღარასოდეს იქნებაო!..

წაესივნენ, მაგრამ რა წაესივნენ ამის შემდეგ ბატონი ვანოს თანამშრომლები უცხოეთში გაქცეულ ამ ჩვენს თანამემ ამულეს – შე ასეთო და ისეთო – ენა როგორ გიბრუნდება ამის სათქმელად ჩვენს ვანოზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სამეგობროშიც და თავად ხელისუფლებაშიც, წესიერების თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოაო!..

 

***

არადა, მე რა მაინტერესებს, იცით? მართლაც რა უნდა ამ უმწიკვლო ვანოსთან, ქვეყანამ მის წინააღმდეგ პირი რომ შეიკრა და ყველა ერთხად ადანაშაულებს?!

ეს ჩემთვისაც გაუგებარია და, ალბათ, იმიტომაც, მამაჩემსაც ეს სახელი რომ ერქვა და ყველა მისი სეხნია დღესაც უმწიკვლო ადამიანი მგონია!..

ყოველ შემთხვევაში, ბატონი მერაბიშვილის ირგვლივ დატრიალებული ამდენი გაუგებრობა, ჩემთვისაც გაუგებარია!

თუმცა ჩემთვის ასევე გაუგებარია საქართველოს პრეზიდენტის მართლაცდა ზღვარგადასული მცდელობა – ისე უმწიკვლოდ შეუნარჩუნოს ბატონ ვანოს პიროვნული ღირსება, თითქოს ის ერთ-ერთი სახელმწიფო მოხელე კი არა, კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის აღსაზრდელი იყოს!..

 

ქათამი ბრდღვნად, დიახაც, ღირს!..

 

მართლაც რას არ გაიგონებს კაცის ყური!..

ეს სულელური ფრაზა ამას წინათ საქართველოს განათლების მინისტრმა თქვა ტელევიზიის ეკრანიდან და, ჩემს გარდა, ცხადია, ათასობით სხვა ტელემაყურებელიც მოისმენდა!

მოისმენდა და გულზეც შემოეყრებოდა...

რასაკვირველია, კაცი, რომელიც იტყვის, ქათამი ბრდღვნად არ ღირსო, სულ ცოტა, ბრიყვი უნდა იყოს, ხოლო თუ ამ დაღმავალ ხაზს კიდევ უფრო ქვემოთაც ჩამოვყვებით – ცოტ-ცოტა სულელიც და უწიგნურიც!

არადა, როგორც ამბობენ, საქართველოს განათლების მინისტრი სწორედ ასეთია – კანალიზაციის კარგი სპეციალისტი და ცუდი მინისტრი!

უფრო ზუსტად, მისი ცოდნა კანალიზაციის მთელ სისტემასაც ვერ წვდება: უმაღლესი სასწავლებელი კიდევ უფრო ვიწრო სპეციალობით – „კანალიზაციის დახურული ჭების“ განხრით ჰქონია დამთავრებული!..

აქ კი, კანალიზაციის დახურულ ჭებში, თურმე გაცილებით უკეთესად გრძნობს თავს, ვიდრე მინისტრის სავარძელში!..

ეტყობა, მართლაც კაცია და გუნება!

ამ გუნებიდან და, ალბათ, სპეციალობიდანაც გამომდინარე, მას ზუსტად სცოდნია, კანალიზაციის მილში რა გადის და სად გადის, და, საერთოდაც, ვისთან გადის და როგორ გადის!..

ბატონ კახას ამ კუთხით, როგორც ჩანს, კოლეჯის მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან ბევრი არაფერი გასდის, თორემ მთავრობაში, როგორც მისი სპეციალობით ჩამოსხმულ საკანალიზაციო „ტრუბებში“, კარგად შეფუთულ მრავალ სიბინძურესაც აპარებს!..

ახლა თავდაპირველად სიტყვასაც დავუბრუნდეთ!

ნეტა, ვინ ასწავლა ამ საცოდავს: ქათამი ბრდღვნად არ ღირსო!

არადა, ეს შინაური ფრინველი ბრდღვნად რომ ღირს, სწორედ ამიტომაც დასდევს მსოფლიო დიასახლების ნახევარზე მეტი ჯოხით ხელში!

ხოლო, თუკი დაიჭირეს, დაკლავენ და ბრდღვნიან კიდეც!..

ბატონო კახა, ბრდღვნად რომ არ ღირს, ის ქათამი კი არა, ჩიტია – შე მართლა ჩიტო და სოროსის მარგალიტი!..

 

***

ვსარგებლობ შეთხვევით და აქვე კიდევ ერთი გამოთქმა მინდა გავასწორო!

პრესის ფურცლებზე დღეს ხშირად ხმარობენ გამოთქმას „განტიჭამია ლომაია“...

რასაკვირველია, ეს სწორი ფორმა არ არის და, რაკი გრანტი იგივე ძღვენია, გაცილებით აჯობებს, ასეთი ფორმა ვიხმაროთ: „ძღვენიჭამია ლომაია!“

მაშ ასე, ბატონო კახა, შენ და შენისთანები, ამიერიდან გრანტიჭამიები კი არა, ძღვენიჭამიები ბრძანდებით!..

ოღონდ ჩემს ძვირფას კოლეგა-ჟურნალისტებს აუცილებლად უნდა ვთხოვო, რომ ამ სიტყვას – ძღვენიჭამიას – ნურც ხშირად და ნურც ჩქარ-ჩქარა გაიმეორებენ, თორემ გამორიცხუკლი არ არის, „სარტყელი მივირტყი-მოვირტყის“ მსგავსად ადრე თუ გვიან მართლაც „მორტყმულები“ აღმოვჩნდეთ, ან კიდევ უფრო უწმაწურ კონტექსტში ამოვყოთ თავები!..

თუმცა ხშირი ვარჯიშის შედეგად, შეიძლება, უფრო გამოკვეთილადაც კი წარმოვთქვათ ამ ჩვენი ძღვენიჭამიაშვილების გვარები!

აი, თუნდაც ამ ერთ გვარზე ერთად ვცადოთ!

– ძღვენიჭამიაშვილი ლომაია, ერთი!

– ძღვენიჭამიაშვილი ლომაია, ორი!

– ძღვენიჭამიაშვილი ლომაია, სამი!

ძვირფასო მკითხველო! მე აქ უნდა შევჩერდე, თორემ ჯერ მხოლოდ სამჯერ დავთვალე და სამიდან ერთხელ ამ მეგრულგვარიანი წარმოშობის კაცზე „კახურძირიანი“ სიტყვა წამომცდა!

თუმცა საბოდიშოც არაფერია – კარგად რომ დავაკვირდი, მოუხდა კიდეც!...

 

(გაზ. „ლ.ს.“, № 12, 1 აპრილი, 2005 წ.)

 

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო“

 

09. 04. 2014 წ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016