reportiori.ge - გიორგი გვიჩიანი: ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჟვანიას საქმეში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:52
ინტერვიუ
გიორგი გვიჩიანი: ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჟვანიას საქმეში!
ავტორი:
09 აპრილი, 2014. 23:15



რამდენიმე დღის წინათ პროკურატურამ უვადო პატიმრობაში მყოფი გიორგი გვიჩიანი დაკითხა, ოღონდ არა „AES თელასის“ მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე, არამედ, მან, როგორც მოწმემ, პროურატურას ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაცია მიაწოდა... საუბარი გიორგი გვიჩიანთან სწორედ ამ თემით დავიწყეთ:

 

– როდესაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა, „თბილგაზში“ არ ვმუშაობდი. თანამდებობაზე 6 თვის შემდეგ დავინიშნე, მაგრამ ინფორმაცია, რომელიც პროკურატურას მივაწოდე, იმ თანამშრომლებმა მიამბეს, რომლებიც მაშინ „თბილგაზში“ მუშაობდნენ და უშუალოდ შეესწრნენ ამ ამბავს. ჟვანიას გარდაცვალების წინა საღამოს, დაახლოებით ათ საათზე, საბურთალოს ქუჩიდან „თბილგაზის“ სამსახურში ინფორმაცია შევიდა, რომ დაბალი წნევის გაზსადენზე გაჟონვა იყო. საავარიო სამსახური შემთხვევის ადგილზე მივიდა და გაზი გადაკეტა. დაახლოებით 11 საათისთვის იმ უბანში გაზი უკვე გათიშული იყო და, ბუნებრივია, ნახშირჟანგითაც ვერავინ მოიწამლებოდა. გახსოვთ, ალბათ, დილის საინფორმაციო პროგრამებში „თბილგაზის“ საავარიო სამსახურის მაშინდელი უფროსი გამოდიოდა და ამბობდა – გაზი არ ყოფილა და, შესაბამისად, CO-თი ვერავინ გარდაიცვლებოდაო. როგორც ნუგზარ მხეიძემ მომიყვა, ამ გნაცხადების გაკეთების შემდეგ მასთან საგამოძიეო ჯგუფის წარმომადგენლები მივიდნენ – რას ლაპარაკობ საინფორმაციოებშიო და იმ ადგილის ჩვენება მოსთხოვეს, სადაც წინა საღამოს მათ მიერ გაზი გადაიკეტა. გაზის გამანაწილებელი პუნქტის ნახვის შემდეგ გამომძიებლები დაემშვიდობნენ – თქვენს, რომ ველაფერს გაარკვევდნენ. ერთ საათში ისევ დაუკავშირდნენ – ჩვენს უფროსსაც აინტერესებს, ნახოს ის ადგილი და იქნებ კიდევ წაგვიყვანოთო. მეორედ რომ მივიდნენ, კარზე ბოქლომი გატეხილი დახვდათ და იქვე უფროსმა გამომძიებელმა დასძინა – ღამით 11 საათისთვის გაზი რომ გამორთეთ, როგორც ჩანს, შუაღამისას მოსახლეობამ თვითნებურად გატეხა ბოქლომი და კვლავ ჩართო, ამიტომაც მოვარდა დიდი წნევით გაზი და პრემიერი გარდაიცვალაო. ჩემთან საუბარში საავარიო სამსახურის უფროსმა აღნიშნა – მივხვდი, რომ ძალოვანი სტრუქტურები დაინტერესებულნი იყვნენ ამ საქმის გაყალბებით და მათ წინააღმდეგ ხმას როგორ ამოვიღებდიო. საავარიო სამსახურის მაშინდელი უფროსი 80 წლის ნუგზარ მხეიძეა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გულმხურვალე მხარდამჭერი გახლავთ ახლაც. ზუსტად ვერ გეტყვით, როდის, მაგრამ, როცა მე „თბილგაზის“ გენერალურ დირექტორად დავინიშნე, მისი შვილი ლევან მხეიძე უკვე იყო დავით კეზერაშვილის პირველი მოადგილე.



– თუ თქვენ იმ პერიოდში იქ არ მუშაოდით და ეს ყველაფერი გადმოცემით იცით, როგორ ფიქრობთ, რატომ გაუჩნდა პროკურატურას ამ საკითხზე თქვენი დაკითხვის სურვილი?


– დაახლოებით ერთი წლის წინათ თქვენს გაზეთს მივაწოდე გარკვეული ინფორმაცია ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. მეგონა, დამკითხავდნენ, მაგრამ ჩემით არავინ დაინტერესებულა. როცა მივხვდი, რომ ჟვანიას საქმის გამოძიება რეალურ ფაზაში შევიდა, როგორც კანონმორჩილმა ადამიანმა, საჭიროდ ჩავთვალე, ის ინფორმაცია, გამოძიებასაც სცოდნოდა. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჟვანიას საქმეში. პირადად მე, ვფიქრობ, რომ ის სპექტაკლები, რაც შემდგომ დაიდგა, ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი მოკლეს!

როდესაც პროკურორმა ჟვანიას საქმესთან დაკავშირებით დამკითხა, შევეცადე, ორი სიტყვით იმ უსამართლობების შესხებაც მეთქვა, რაც ჩემს თავს დატრიალდა. პირდაპირ გეტყვით, მისთვის დაუჯერებელი აღმოჩნდა, რაც ვუთხარი და დუმილით მიპასუხა...



– რა ვერ დაიჯერა პროკურორმა?


– სააკაშვილის რეჟიმის დროს სამუდამო პატიმრობა სამი ბრალდებული მოწმის მრავალჯერ შეცვლილი, ურთიერთგამომრიცხავი, ანგარებიანი ცრუ აღიარებით ჩვენების საფუძველზე მომისაჯეს, სადაც დაახლოებით 40-მდე არსებითი წინააღმდეგობა იყო. სამივე მოწმე კანონდარღვევით დაიკითხა სასამართლოს დახურულ სხდომებზე, სოდ-ის შეიარაღებული თანამშრომლების კონტროლქვეშ. მთავარი მოწმე – ნოდარ გვიჩიანი ექვსჯერ ნასამართლევი კრიმინალი და ნარკომოვაჭრეა. კიდევ ერთხელ ვამბობ, მხოლოდ იმიტომ დამაპატიმრეს, რომ სანდრო გირგვლიანის თემა გადაეფარათ. ჩემს წინააღმდეგ მთავარმა მოწმემ ჩვენება 2006 წლის 6 მარტს, საღამოს, სოდ-ის შენობაში მისცა. იმავე დღეს, რამდენიმე საათით ადრე, სააკაშვილის ხელისუფლებამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე გახსნილად გამოაცხადა – შემსრულებლები ხალხის დასანახად დააპატიმრეს, შემკვეთებს კი, მათ შორის, ვანო მერაბიშვილის მეუღლეს, ხელი დააფარეს.



– მაგრამ ამ შემთხვევაში უვადო პატიმრობა მეტისმეტი ხომ არ იყო?


– ვისთვის, ვანო მერაბიშვილისთვის, რომელიც პირდაპირი მნიშვნელობით გვამებს ითხოვდა?! დიახ, ზუსტად ასე უტიფრად შეუკვეთა მან სოდ-ის უფროს ერეკლე კოდუას ჩემი დაპატიმრება!

მაშინდელმა პროკურატურამ დნმ-ის და თითის ანაბეჭდის ექსპერტიზის ამერიკიდან გამოგზავნილი პასუხები დამალა. მართალია, კბილაშვილის პროკურატურამ  მტკიცებულებები გამოაჩინა და საქმის ხელახალი გადახედვა დაიწყო, მეტიც, სამი ბრალდებული მოწმიდან ორმა (მესამე გარდაცვლილია) პროკურატურას განცხადებითაც მიმართა ჩვენების შეცვლის თაობაზე. ამბობენ – ყველაფერი ტყუილი იყო, ჩვენებები ზეწოლის ქვეშ მივეცითო, მაგრამ პროკურატურაემ სასამართლოზე პირდაპირ განაცხადა, მაშინ მიცემული ჩვენებები სანდოა და აღარ შეიცვლებაო.



– ანუ გამოდის, ახალი ხელისუფლება, უფრო ზუსტად, პროკურატურა არ არის დაინტერესებული საქმის ობიექტური გამოძიებით?


– ამ ფაქტს ერთადერთი ახსნა აქვს. ჩემი საქმის ერთ-ერთი პროკურორი ირაკლი შოთაძე დღეს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილეა და ის ახორციელებს ზეწოლას როგორც პროკურორებზე, ასევე სასამართლოზეც. მას არ აწყობს გიორგი გვიჩიანის გამართლება, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. მეცხრე წელია, საპყრობილეში ვიმყოფები აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი გენერალური პროკურორის ვიშინსკის სიტყვებია – აღიარება მტკიცებულების დედოფალია. სამწუხაროდ, დღესაც პროკურორები ვიშინსკივით გაიძახიან, მთავარი აღიარებითი ჩვენებებიაო, მეტიც ვიშინსკიზე შორს წავიდნენ, რადგან ადამიანებს, რომლებსაც ზეწოლის ქვეშ მიცემული ჩვენებების შეცვლა სურთ, ამის უფლებას არ აძლევენ.

მინდა „ასავალ-დასავალის“ საშუალებით ქვეყნის პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მივმართო, რომლის გულმხურვალე მხარდამჭერიც ვარ – ბატონო ირაკლი, უმორჩილესად გთხოვთ – პირად კონტროლზე აიყვანეთ გიორგი გვიჩიანის საქმე! თავად დარწმუნდებით, რომ ყველაფერი თეთრი ძაფით არის შეკერილი! ეს არა მხოლოდ ჩემთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, არამედ თქვენთვისაც, რადგან ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი პროკურორის გამო, შესაძლოა, თქვენი იმიჯიც შეილახოს.

უდანაშაულო ადამიანს მეორედ მიპირებენ სამუდამო მოსჯას და ნუ დაუშვებთ ამას!

 

ესაუბრა ნატო ფოცხიშვილი

გაზეთი „ასავალ-დასავალი“

 

09. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016