reportiori.ge - ზბიგნევ ბჟეზინსკის შავ სიაში საქართველო პირველ ადგილზეა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 08:54
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ზბიგნევ ბჟეზინსკის შავ სიაში საქართველო პირველ ადგილზეა
ავტორი:
10 აპრილი, 2014. 20:26

რამდენიმე დღის წინ ავტორიტეტულ გამოცემაში «ფორინ პოლისი» დაიბეჭდა ზბიგნევ ბზეჟინსკის წერილი «8 ქვეყანა, რომელიც ამერიკის დაღმასვლით დაზარალდება». «ამერიკის გლობალური დომინირების შესუსტებით შედარებით სუსტი ქვეყნები უფრო მოწყვლადები გახდებიან მსხვილი რეგიონული სახელმწიფოების აქტიური გავლენის მიმართ. მოემზადეთ ისეთი გლობალური რეალობისთვის, რომელშიც მხოლოდ ყველაზე ძლიერი გადარჩება,» _ წერს ავტორი და იმ რვა სახელმწიფოს ასახელებს, რომელთაც ამერიკელთა დომინირების მზარდი შესუსტების კვალდაკვალ, ახლო მომავალში «შავი დღე» დაადგებათ. ამ სიაში ისეთი ქვეყნების მოხვედრა, როგორიც ისრაელი, ტაივანი ან სამხრეთ კორეაა, წესით, გასაკვირი სულაც არ არის, თუმცა საოცარი და, რაც მთავარია, შემაშფოთებელია ის გარემოებაა, რომ ბჟეზინსკისეულ «განწირულ რვიანში» საქართველო პირველ ადგილზეა. «საქართველო და მსოფლიო» კომენტარისთვის პროფესორ დავით იაკობიძეს დაუკავშირდა. _ ბატონო დავით, როგორც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების კონცეფიის ავტორი და შეერთებული შტატების არაერთი პრეზიდენტის მრჩეველი გვიწინასწარმეტყველებს, აშშ-ის დაღმასვლა, უწინარეს ყოვლისა, უარყოფითად აისახება ისეთ «პატარა კავკასიურ სახელმწიფოზე», როგორიც საქართველოა. იგი პირდაპირ მიგვითითებს, რომ ამერიკის გლობალური დომინირების დაკნინებით, შედარებით სუსტი ქვეყნები უფრო «მოწყვლადები გახდებიან მსხვილი რეგიონული სახელმწიფოების აქტიური გავლენის მიმართ». ამოგვიხსენით, გეთაყვა, ეს ჩახლართული რებუსი. _ სიტყვას «მოწყვლადობა» იშვიათად ვხმარობდით, თუმცა ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში (1986 წელი) ახსნილია, რომ იგი ნიშნავს დაჭრას, დაკოდვას, უფრო ადრე, 1983 წელს გამოცემულ რუსულ-ქართულ ლექსიკონში კი განმარტებულია: Уязвимость _ მოწყვლადობა, уязвимый _ მოწყვლადი, ვისამე ან რისამე ნაკლი; уязвить _ დაკოდვა, მოწყვლა. თუ დასაწყისისთვის ამას გავარკვევთ, შემდეგ ყველაფერი ადვილად გასაგები გახდება. მაგალითად, შეიარაღებული კონფლიქტის, გენოციდის გამო თავიანთი ტერიტორიებიდან აყრილი მოსახლეობა ლტოლვილი, მოწყვლადი ხდება.


_ ამ მოწყვლადობის მიზეზთა მიზეზს, ბჟეზინსკი ამერიკის შეერთებული შტატების გლობალური დომინირების შესუსტებაში ხედავს.

_ თქვენი მკითხველების ყურადღებას მივაქცევ ერთ გარემოებას: ამერიკის შესუსტება სხვა პირობების შენარჩუნებას არ გულისხმობს. იგი დასუსტდება იმის გამო, რომ განვითარდება ჩინეთი, ინდოეთი. რუსეთმა «განვითარების» სხვა ფორმა მოძებნა და მას იდეოლოგიური საფუძველი _ ევრაზიულობა შეუქმნა.

ამ თვალსაზრისით თუ შეხედავთ პერსპექტივას, ამერიკის დასუსტება ჩვენზე უარყოფითად აისახება: ჯერ ერთი, აღარ გვექნება ის დახმარებები, რასაც აშშ-დან ვიღებდით; მეორე, აღარ ვიქნებით ენერგეტიკის სფეროში ამერიკის განვითარების ფორპორტი დასავლეთ-აღმოსავლეთის მიჯნაზე; მესამე, სრულად ვერ ჩავჯდებით რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ევრაზიულობის კონტექსტში. ვერ ჩავჯდებით კი იმიტომ, რომ ამ პროექტს თავისი ეთნიკური შინაარსიც აქვს, რაც სლავებისა და თურქომანების ინკორპორაციულობაში გამოიხატება. ამაში დასარწმუნებლად დაინტერესებულ ადამიანებს გუმილიოვის ნაშრომების წაკითხვას ვურჩევ.

დასკვნა ასეთია: ახლო პერსპექტივაში სრულად იცვლება ძალთა თანაფარდობა და წარმოქმნილ ვითარებაში ვკარგავთ ორიენტირს, რომელსაც მივყვებოდით.

ასეთივე ვითარებაში აღმოჩნდება ტაივანიც, ჩრდილოეთ კორეაც, პაკისტანიც და ყველა ის რვა სახელმწიფო, რომლებიც ბჟეზინსკიმ ჩამოთვალა.

ამერიკის გარეშე ჩვენ არავითარ მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალას არ წარმოვადგენთ, რადგან ამ შემთხვევაში სხვათა შესაძლებლობების დემონსტრაციის პოლიგონად ვიქცევით.

_ ამერიკელების მილიარდობით დოლარის დახმარება რომ გამოგვეცლება, ხომ დავინახავთ, რომ «ეკონომიკის მეფე» შიშველია, ანუ ეკონომიკის არსებობა საქართველოში მითია?

_ ჩვენი ეკონომიკის არარსებობას ბჟეზინსკის ვერ დავუკავშირებთ, მაგრამ გაგახსენებთ, რომ ყველა ინტერვიუში, რომელიც თქვენს გაზეთს ჩემთვის ჩამოურთმევია, ვამბობდი, რომ ადგილზე არ არსებობს მატერიალური დოვლათის წარმოებისა და რეალიზაციის ეროვნული ინსტიტუცია. თუ შენს სამყოფ პურს ვერ აწარმოებ, რა ეკონომიკაზე შეიძლება ლაპარაკი? ჩვენთან შეკერილი ფეხსაცმელი გაცვია თუ ადგილობრივი წარმოების ჭანჭიკი გაქვს? დანა არა გაქვს ქართული, ტაფაც კი, კაცო! თუ ვიღაც შროშაში გაკეთებულ ქოთანში ხარშავს ლობიოს, ეგ ეკზოტიკაა და სხვა არაფერი! ბანკები გვაქვს და იქაც სხვების ფულია...

ადამიანური კაპიტალი თუ არ გახდა ჩვენი პრაქტიკული საქმიანობის უმთავრესი მიზანი და უმთავრესი ამოცანა, ვერც ერთ საკითხს ვერ გადავწყვეტთ. ასევე... თუ სწორად არ ვილაპარაკეთ.

_ რას გულისხმობთ, ბატონო დავით?

_ მაგალითად, ახლახან წავიკითხე წერილი ოპერის დასახმარებლად შექმნილ ფონდზე, რომელმაც ფინანსურად უნდა უზრუნველყოს თეატრის მატერიალური საფუძველი. უგულავამ განაცხადაო, ნათქვამი იყო პუბლიკაციაში, აბა, პოლიტიკოსები ხომ არ გააკეთებენ კონტრიბუციებსო?! კონტრიბუცია ის ტერმინია, რომელიც ძალადობას გულისხმობს. დედაქალაქის მერმა ოპერის ფონდზე საუბრისას ხაზი ჰუმანიტარულ მისიას კი არ გაუსვა, იმას, რისი საშუალებითაც ხდება ფულადი სახსრების მიზიდვა კულტურის განსავითარებლად, არამედ აქცენტი გააკეთა კონტრიბუციაზე ამ მიმართულებით.

_ კონტრიბუცია სიტყვასიტყვით ნიშნავს ომის დროს მოსახლეობიდან ფულადი ან ნატურალური გადასახადის ძალადობრივ აკრეფას, აგრეთვე, დამარცხებული სახელმწიფოს მიერ გამარჯვებული სახელმწიფოსთვის თანხის გადახდას... და რა შუაშია ოპერის მხარდაჭერასთან კონტრიბუცია?!

_ მეც არ ვიცი, რა შუაშია. ამიტომ მიკვირს, რატომ არ გქონდათ თქვენ, ჟურნალისტებს რეაქცია ამ შეუსაბამობასა და აბსურდზე. ამით ხომ თავდაყირა დადგა მეცენატობისადმი ჩვენი ხელისუფლების დამოკიდებულება?! უგულავამ პირდაპირ თქვა, რომ ჩვენი მეცენატები უშურველად და შინაგანი მოთხოვნითა და რწმენით კი არ ეწევიან ქველმოქმედებას, არამედ მათ ძალდატანებით «ამეცენატებენ».

_ საცოდავი 30-ლარიანი ვაუჩერებიც «ამ ოპერიდან» ხომ არ არის? ასე გაღებული მოწყალებით გადავჭრით სოფლის მეურნეობის პროდუქციის შექმნის პრობლემას?

_ ეს ვაუჩერები სულაც არ ემსახურება სოფლის მეურნეობას. ეს არის ხალხის მოსამადლიერებელი წინასაარჩევნო ტრიუკი «სალიარკის» დარიგების ნაცვლად. ეტყობა, შერცხვათ კანისტრების ჟღარუნი და ბიდონებით აღმა-დაღმა სირბილით დაიღალნენ...

_ როგორ მიგაჩნიათ, ბატონო დავით, პერსპექტივა, რომელიც ბჟეზინსკიმ დაგვიხატა, შესაფერისად იქნება აღქმული ჩვენი ხელისუფლების მიერ? გააკეთებენ შესაბამის დასკვნებს?

_ ჩვენი ხელისუფლება მაგარია და ყოჩაღი მანამ, სანამ ამერიკა მაღლა მიდის. ამერიკის დაღმასვლაზე არც არასოდეს უფიქრია. თავიდანვე ეს რომ გაეთვალისწინებინა, რუსეთთან ასეთი საზიზღარი ურთიერთობა არ ჩამოუყალიბდებოდა, ეს ერთი. მეორე, მიწა დახნული და დაფარცხული ექნებოდა. მესამე, ქართველი კაცის პერსპექტივა მომსახურების სფეროთი და ვიტრინების წმენდით კი არ იქნებოდა შემოსაზღვრული, არამედ ღირსეული პროფესიული საქმიანობის ფართო არჩევანი მიეცემოდა.

ცნობილ ქართველ კომედიოგრაფს, «გაყრის» ავტორს, გიორგი ერისთავს მეცხრამეტე საუკუნეში ატენის ხეობაში საფანჯრე მინის დასამზადებელი პატარა საწარმო ჰქონდა, პრიმიტიული, კუსტარული. საფანჯრე მინის დამზადება შედარებით იოლი ტექნოლოგიური პროცესითაა შესაძლებელი. დღეს, ანუ 21-ე საუკუნეში საქართველოს ასეთი მინის დამზადების არც ერთი საწარმო არ გააჩნია! თუ ამდენი საფანჯრე მინის ევროპიდან შემოტანის სახსარი გვქონდა, ერთი პატარა მინის ქარხანა რომ გაგვეკეთებინა ამ, სილიკატებით მდიდარ მიწაზე, არ აჯობებდა ვითომ?

_ ბჟეზინსკი იმასაც აცხადებს, რომ «გლობალურად აქტიური ამერიკის არარსებობის ფონზე რეგიონული კონფლიქტების საფრთხე რეალურია». ახალი კონფლიქტები გვაკლია?

_ ძალიან რეალურია, თუმცა არ გვაკლია!

_ ახალ რებუსს მთავაზობთ?

_ ჩვენ ხომ არ ვიცით, თავის დროზე ბუში და პუტინი სლოვენიაში ერთმანეთს რომ შეხვდნენ, რაზე ისაუბრეს?

_ არ ვიცით.

_ სამაგიეროდ ვიცით ისტორიული ფაქტი _ რა ეწერა იმ ქაღალდზე, რომელიც ჩერჩილმა სტალინს მოსკოვში ჩამოუტანა. იქ კი ეწერა, გასაგები ენით რომ ვთქვა, ასეთი რამ: ომის შემდეგ პოლონეთის 75 პროცენტი _ სტალინს, 25 პროცენტი _ ჩერჩილს. ეს პროცენტები ტერიტორიულ დანაწილებას კი არ გულისხმობდა, არამედ _ ზეგავლენის ფორმებს.

_ გაშიფრავთ?

_ კი, ბატონო. თუ ამ წინადადებას დათანხმდებოდა, სტალინს უარი უნდა ეთქვა პოლონეთში ასპროცენტიანი სოციალისტური ურთიერთობების დამყარებაზე. მცირე დათმობა უნდა ყოფილიყო თავისუფალი მეწარმეობისთვის. ბალკანეთში ამ თვალსაზრისით პროცენტული შეფარდება ორმოცდაათი ორმოცდაათზე უნდა ყოფილიყო. ამიტომ მიგვაჩნდა, რომ ტიტოს იუგოსლავიაში ნახევრადკაპიტალისტური წყობა იყო. რა აღმოჩნდა შემდეგ? შემდეგ აღმოჩნდა, რომ სულაც არ ყოფილა იქ კაპიტალიზმი, რადგან ყველაზე მეტად იუგოსლავია დაანგრიეს და დაანაწევრეს: საბაზრო ეკონომიკის დასანერგად ყველაზე მეტი სირთულეები სწორედ იქ აღმოჩნდა.

რა პროცენტებზე მოილაპარაკეს ვაშინგტონმა და მოსკოვმა, არ ვიცით, მაგრამ, რაღაც შეთანხმებას რომ მიაღწიეს საქართველოს თაობაზე, მგონი, საეჭვო არ უნდა იყოს. მაგრამ ასეთი «გრამატიკით» პროცენტული დაყოფა ტერიტორიების განაწილებას არ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ამერიკა თუ დასუსტდება, რუსეთი ამ შეთანხმებას თავის ინტერპრეტაციას მისცემს?

_ ლოგიკურად ასე იქნება ან უნდა იყოს.

_ ამიტომ ნუ გაგვიკვირდება ბჟეზინსკის დასკვნა, რომ ამერიკის დაღმასვლამ «შეიძლება თავისთავად გამოიწვიოს ის, რომ რუსეთს გავლენის ძველი სფეროების აღდგენა მოუნდეს». «რეგიონული კონფლიქტების საფრთხე» სწორედ ამ კუთხით უნდა განვიხილოთ და არა მაინცდამაინც როგორც წინა ხაზზე ტრანშეებისა და სანგრების თხრა და ქვემეხების ქუხილი.

მართალია ზბიგნევ ბჟეზინსკი, როცა ამბობს, რომ ამერიკის დასუსტება, ანუ იმ ძალის დაკნინება, რომელიც ამჟამად შემაკავებელ ფუნქციას ასრულებს, გამოიწვევს უამრავ კონფლიქტს.


გინდა, გაამტყუნე პუტინი, გინდა, გაამართლე, მაგრამ მისი განცხადება, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა მსოფლიო მნიშვნელობის ჰუმანიტარული კატასტროფა იყო, საფუძველს მოკლებული არ ყოფილა. იკითხავთ რატომ? გიპასუხებენ, რომ, როგორც კი საბჭოთა კავშირი დაიშალა, იმავე წუთს დედამიწის ზურგზე სამასამდე ომი დაფიქსირდა.

დაბოლოს, ბჟეზინსკის კიდევ ერთ, თითქოს სასხვათაშორისოდ ნათქვამს მინდა მივაქციო «საქართველო და მსოფლიოს» მკითხველების ყურადღება, მისი ეს გამონათქვამი პირდაპირ მიგვანიშნებს, თუ რით შეიძლება დამთავრდეს რუსეთში მიმდინარე ანტიპუტინიანა _ მანიფესტაციები პუტინის წინააღმდეგ. ბჟეზინსკი, ამერიკის ადმინისტრაციის კარტებს ხსნის, როცა პუტინს «რუსეთის ყოფილ და მომავალ პრეზიდენტად» მოიხსენიებს.


_ და იქვე დასძენს, რომ «რუსეთის ყოფილ და მომავალ პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს სერიოზული პერსონალური ზიზღი აქვს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ».

ეზიზღებაო, ისე უკომენტაროდ არის გამოკიდებული, რომ ქვეტექსტით ძალიან ჰგავს განაჩენის გამოტანას, განზე გადგომას მაინც.


 

(არმაზ სანებლიძე, „საქართველო და მსოფლიო")


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016