reportiori.ge - საქართველო მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 13:01
პრეს-დაიჯესტი
საქართველო მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში
ავტორი:
11 აპრილი, 2014. 19:48



მსოფლიოს უდიდეს ნაწილში მოსახლეობის სწრაფი ზრდის პრობლემა დგას, საქართველო კი დემოგრაფიული კატასტროფის წინაშეა. უკანასკნელი საუკუნე-ნახევრის მანძილზე, პლანეტის მოსახლეობა უსწრაფესი ტემპით გაიზარდა. თუ 1850 წელს დედამიწაზე 1 მილიარდი ადამიანი ცხოვრობდა, 1930 წელს რაოდენობამ 2 მილიარდს მიაღწია. პლანეტის მოსახლეობის ზრდა შემდგომ ათწლეულებში კიდევ უფრო დაჩქარდა. 1930 წლიდან 1975 წლამდე დედამიწის მოსახლეობა კიდევ გაორმაგდა და 4 მილიარდს მიაღწია.

 

 

მსოფლიო ბანკის სტატისტიკური მონაცემებით, უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში (1990-დან 2009 წლამდე) მსოფლიოს მოსახლეობა 5.278 მილიარდიდან 6.775 მილიარდამდე, სულ 1.497 მილიარდი ადამიანით, ანუ 28.36 პროცენტით გაიზარდა. ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით, პლანეტის მოსახლეობა 2016 წელს 8 მილიარდს მიაღწევს. სხვა მონაცემით კი, მსოფლიოს მოსახლეობა 8 მილიარდი 2025 წელს გახდება.

 

 

დედამიწის მოსახლეობის დაჩქარებული ტემპით ზრდამ დასაბამი მისცა არაერთ მეცნიერულ ნაშრომს, დებატსა და სპეკულაციას იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გამოიწვიოს პლანეტის მოსახლეობის სწრაფმა მატებამ. ჯერ კიდევ მე-18-19-ე სააუკუნეების ბრიტანელი ეკონომისტი და სოციოლოგი ტომას რობერტ მალთუსი, თავის 1798 წლის ნაშრომში, "თხზულება მოსახლეობის პრინციპებზე", ამტკიცებდა, რომ მოსახლეობის რაოდენობის ზრდა გადააჭარბებდა კაცობრიობის აგრარული პროდუქციის წარმოების შესაძლებლობებს, რაც გაართულებდა მოსახლეობის გამოკვებას, თანამდევი კატასტროფული შედეგებით.

 

 

მაშინ, როდესაც მსოფლიოს უმეტეს ნაწილს მოსახლეობის სწრაფი მატების პრობლემა აწუხებს, საქართველოში სრულიად საწინააღმდეგო პრობლემა დგას.

 

 

ჩვენს ქვეყანაში მოსალოდნელია დემოგრაფიული კატასტასტროფა. გაერთიანეული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება. შედარებისათვის, იმავე კვლევის მიხედვით, 2050 წლისთვის სომხეთის მოსახლეობა მცირედით შემცირდება, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 9 მილიონიდან 11 მილიონამდე გაიზრდება.

 

 

საქართველო, დემოგრაფიული თვალსაზრისით, მსოფლიოს ყველაზე უპერსპექტივო ერების სიაში იმყოფება. ბოლო 20 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა მილიონით შემცირდა, მილიონამდე საქართველოს მოქალაქე კი საზღვარგარეთ გადახვეწილია. შობადობის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 196 ქვეყანას შორის 164-ე ადგილზეა. გაზრდილია სიკვდილიანობის დონე, განსაკუთრებით - ჩვილ ბავშვთა ასაკობრივ ჯგუფებში. შობადობის ჯამობრივი კოეფიციენტი (ერთი ქალის მიერ სიცოცხლის განმავლობაში დაბადებული ბავშვების საშუალო რაოდენობა) 1,4-1,7-ის ფარგლებშია (მსოფლიოში მხოლოდ 14 ქვეყანაა ასეთი დაბალი მაჩვენებლით), ანუ საქართველოში შვილების თაობა მათი მშობლების თაობის დაახლოებით 70-80%-ს განაახლებს.

 

 

ქვეყანაში დარღვეულია შიდა და გარე მიგრაციული პროცესები, მაღალია იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა და მძიმეა მათი უმრავლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, აღინიშნება უარყოფითი მიგრაციული სალდო, მძიმეა საქართველოდან გასული მიგრანტების უდიდესი ნაწილის ხვედრი, აღინიშნება მოსახლეობის ეკონომიკურად აქტიური ნაწილის შემცირება, იზრდება ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის სივრცული განაწილების დისბალანსი, ხდება მთიანი რეგიონის დეპოპულაცია (2002 წლის აღწერით 162 საზღვრისპირა სოფელი პრაქტიკულად ცარიელია).

 

 

ექსპერტთა შეფასებით, საქართველოს, ერთი მხრივ, გააჩნია დაბალგანვითარებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი პრობლემები და, მეორე მხრივ, ხასიათდება განვითარებული ქვეყნისათვის დამახასიათებელი დემოგრაფიული ქცევით, რაც ქვეყნის დემოგრაფიულ პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებს. საქართველოში მდგომარეობას ართულებს ის, რომ დღეისათვის ერთდროულად დგას როგორც მოსახლეობის შემცირების, ისე დაბერების ზრდის პრობლემა. ეს ხდება მაშინ, როცა საქართველოს ეკონომიკის მსგავსი ქვეყნებისათვის დამახასიათებელია მოსახლეობის სიჭარბე, ხოლო დაბერება განვითარებული ეკონომიკური ქვეყნების მახასიათებელია.

 

 

შექმნილ ფონს კიდევ უფრო ამძიმებს მიგრაციული პროცესების ინტენსივობა. 1990-2006 წლებში განსხვავება ჩამოსულებსა და ქვეყნიდან გასულებს შორის უარყოფითი იყო და დაახლოებით ერთ მილიონს შეადგენდა. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორების შედეგად, ქვეყნიდან 800 000 მოქალაქეა გასული. უმძიმესია ქვეყნის შიგნით იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობა. მათი რიცხვი საქართველოს მთელი მოსახლეობის 6%-ია და 2009 წლის მონაცემებით, 260 000-ს შეადგენს.

 

 

ამასთან, ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით მეტად გაუარესდა, ვიდრე ამას უცხოელი სპეციალისტები მოელოდნენ. გაეროს ყველაზე პესიმისტური გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 900 ათასზე ქვემოთ არ უნდა ჩამოსულიყო, არსებული მონაცემებით კი, მოსახლეობის საერთო რაოდენობა დღეისათვის უკვე 4 მილიონ-ნახევრამდეა შემცირებული. გაუარესებულია გაეროს მიერ პროგნოზირებული სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლებიც. მოსახლეობის შემცირების წლიურმა სალდომ 5 ათასის ნაცვლად 27 ათასი შეადგინა, ბუნებრივი მატება, რომელიც 3%-ით უნდა გაზრდილიყო, მხოლოდ 0,2%-ით გაიზარდა. მოსახლეობის გარემიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, არსებული მონაცემებით კი ქვეყნიდან გამსვლელთა ყოველწლიური სალდო 27 ათასია.

 

 

გაეროს მონაცემებით, 1950 წლიდან 1990 წლამდე საქართველოს მოსახლეობა 3.527 მილიონიდან 5.460 მილიონამდე, 54.8%-ით გაიზარდა. 1990 წლიდან დაიწყო საქართველოს მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი კლება. ამ მოვლენის უმთავრეს მიზეზს, საქართველოდან მიგრაციისა და სიკვდილიანობის მაღალი, ხოლო შობადობის დაბალი მაჩვენებელი წარმოადგენდა. 1990 წლიდან 2000 წლამდე, ერთი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს მოსახლეობამ იკლო 715 ათასი ადამიანით. 2000 წლიდან 2010 წლამდე კი _ 526 ათასი ადამიანით. მთლიანობაში, სულ რაღაც ორი დეკადის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 1.241 მილიონით (22.72%-ით) და 2010 წელს კი, 4.219-მდე დავიდა. შესაბამისად, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა წელიწადში საშუალოდ 59 ათასი ადამიანით მცირდებოდა.

 

 

მსოფლიო ბანკის მაჩვენებლებით, 1990 წელს საქართველოს მოსახლეობა შემცირდა 0.11%-ით; მომდევნი წლებში, საქართველოს მოსახლეობის კლება კიდევ უფრო დაჩქარდა. 1998 წლიდან 2008 წლამდე საქართველოს მოსახლეობა ყოველწლიურად სტაბილურად მცირდებოდა, მაქსიმუმ 1.25%-ით და მინიმუმ 1.17%-ით. წლიური პროცენტული მაჩვენებელი ოდნავ მერყეობდა. 2009 წელს საქართველოს მოსახლეობის კლება ყველაზე დაბალი იყო ბოლო 18 წლის განმავლობაში და 1.09%-ით შეადგინა, რაც დადებითი მოვლენაა.

 

 

გაეროს მონაცემებით, უკვე დღეისათვის საქართველოს მოსახლეობის 19 პროცენტზე მეტი 60 წლის ასაკს გადაცილებულია და ეს პროცესი მომდევნო ათწლეულებში უფრო დაჩქარდება.საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებლები დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით მართლაც სავალალოა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის ვებგვერდზე წარმოდგენილი 2011 წლის მონაცემებით, საქართველო მოსახლეობა, მატების ტემპის მიხედვით, აღრიცხულ მსოფლიოს 232 ქვეყანასა და დამოკიდებულ ტერიტორიას შორის 217 ადგილზეა, ანუ მოსახლეობის კლების ტემპით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე მე-16 ადგილზეა. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, შობადობის მხრივ, საქართველო მსოფლიოში 179-ე, ანუ ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა. ერთ ქალზე ცხოვრების განმავლობაში აბორტების მთლიანი რაოდენობით (საშუალოდ 3.7 აბორტი) საქართველო აშშ-ის ორგანიზაციის United States Agency For International evelopment (USAID) მონაცემებით, პირველ ადგილზეა, არა მარტო ყოფილი საბჭოთა კავშირის რეგიონში, არამედ, სავარაუდოდ, ასევე მთელს მსოფლიოში.

 

 

ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე მსოფლიოს მოსახლეობის 28.36 პროცენტიანი მატების ფონზე, საქართველოს მოსახლეობა 22.72%-ით შემცირდა.

 

 

მაშინ, როდესაც საქართველოს მეზობელი თურქეთის მოსახლეობა 1990 წლიდან 2010 წლამდე, 19.619 მილიონით (34.98%-ით), ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 1.722 მილიონით (23.87%-ით) გაიზარდა, საქართველოს მოსახლეობა 1.241 მილიონით (22.72%ით) შემცირდა. შედეგად, დღეისთვის საქართველოს მოსახლეობა, (4.219 მილიონი) თურქეთის მოსახლეობაზე (75.705 მილიონი) თითქმის 18-ჯერ, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობაზე (8.934 მილიონი) 2.1-ჯერ ნაკლებია. თუკი გაეროს საშუალო ვარიანტის პროგნოზით ვიმსჯელებთ, 2050 წლისთვის, როდესაც თურქეთის მოსახლეობა _ 21.684 მილიონით, ხოლო აზერბაიჯანის მოსახლეობა 1.645 მილიონით გაიზრდება, საქართველოს მოსახლეობა 952 ათასით (3.267 მილიონამდე) შემცირდება.

 

 

იმ მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, რომლებშიც 1990-2010 წლებში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა, საქართველომ პროცენტულად ყველაზე მეტი მოსახლეობა დაკარგა. კერძოდ, მაშინ, როდესაც 1990-2010 წლებში სომხეთის მოსახლეობა 12.83 პროცენტით, ხოლო რუსეთის მოსახლეობა მხოლოდ 5.19 პროცენტით შემცირდა, საქართველოს მოსახლეობამ 22.72%-ით იკლო. ამჟამად საქართველო, მის მეზობელ ქვეყნებს შორის, რუსეთის გამოკლებით, ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მოსახლეობის წლიური მატების ნაცვლად, წლიურ კლებას განიცდის. თავად რუსეთთან შედარებითაც კი, საქართველოს მოსახლეობის კლების წლიური მაჩვენებელი რუსეთისას თითქმის 1 პროცენტით აღემატება.

 

 

ექსპერტთა შეფასებით, ქართველ საზოგადოებას არსებული დემოგრაფიული კრიზისის თანდათანობითი მოგვარება სამი გზით შეუძლია: ბუნებრივი შობადობის წახალისება-ზრდით. უშუალოდ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება არა მარტო ქართულ სახელმწიფოს, არამედ სხვადასხვა სოციალურ ინსტიტუტებს, კერძოდ, რელიგიურ ინსტიტუტებს, სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, ბიზნეს ჯგუფებს, ოჯახის ინსტიტუტს, საშუალო და უმაღლეს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს და. ა.შ; მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გაფანტული ათეულ-ათასობით ქართველი ემიგრანტის საქართველოში რეპატრიაციით, რაც პირველ რიგში, ქართული სახელმწიფოს მიერ მათი დაბრუნებისათვის ხელსაყრელი სოციალ - ეკონომიკური და პოლიტიკური პირობების შექმნას მოითხოვს.

 

 

ექსპერტები დეკრეტულ შვებულებებთან და მის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სირთულეებსაც უსვამენ ხაზს. ადრე ახალდაბადებული ბავშვის დედას გაცილებით უკეთესი პირობები ჰქონდა: დეკრეტული შვებულების 9 თვის განმავლობაში კუთვნილ ანაზღაურებას იღებდა, შემდეგ კი 3 წლის განმავლობაში შეეძლო სამსახურში არ გასულიყო. მართალია, ანაზღაურებას ვერ მიიღებდა, მაგრამ შეეძლო ბავშვი გაეზარდა და სამსახურიც არ დაეკარგა. ახლა კი ეს ყველაფერი გაუქმებულია. დედას მხოლოდ ოთხი თვე ეკუთვნის დეკრეტული შვებულება.

 

შობადობის წახალისებით და დეკრეტული შვებულების ანაზღაურებით საქართველო მართლაც ვერ დაიკვეხნის. ჩვილბავშვიანი ქალი ჩვენი სახელმწიფოსაგან ოთხი თვის განმავლობაში (126 დღე) მხოლოდ 600 ლარს იღებს, სომხეთში გაცილებით მეტს _ 2 700 ლარს, რუსეთში _ დაახლოებით 7 308 ლარს. თანაც, ამ ქვეყნებში დეკრეტული შვებულება 140-დღიანია, ისევე როგორც აზერბაიჯანში. აზერბაიჯანელი ქალები დეკრეტული შვებულების დროს ანაზღაურებას ხელფასის რაოდენობის მიხედვით იღებენ, აქედან გამომდინარე, აზერბაიჯანში ორსული ქალი წელიწადში დაახლოებით 8 462 ლარით ფინანსდება.

 

 

ამიტომაც ექსპერტები დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრის გზად ყოვლისმომცველი დემოგრაფიული პროგრამის შემუშავებას, მრავალშვილიანი და ღარიბი ოჯახების ხელშეწყობას, ახალშობილთა და ქალთა ჯანმრთელობის დაცვისათვის ზრუნვას, ეკონომიკის განვითარებას, მაღალმთიანი რეგიონების გაუკაცრიელების პროცესის შეჩერებას მიიჩნევენ. ახალი ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველოში შეიქმნება დემოგრაფიული განვითარების ფონდი, ასევე ჩამოყალიბდება სპეციალისტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომლებიც ერის გენოფონდის გადარჩენის გზებს შეიმუშავებენ.

 

 

 

(წყარო: „საქართველოს ეკონომიკა“  http://geoeconomics.ge/ )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016