„უკრაინის ექსპრემიერი იულია ტიმოშენკო რუსეთის ფედერალური სამსახურის აგენტია 1995 წლიდან“, – განაცხადა სახალხო დეპუტატმა გრიგორი ომელჩენკომ.
„რუსეთის ფედერალურმა სამსახურმა, გრიფით „სრულიად საიდუმლო“ მოამზადა პატაკი პუტინისთვის, სადაც აღწერილია როგორ მოხდა ტიმოშენკოს გადაბირება 1995 წელს“.
ომელჩენკოს სიტყვებით, ტიმოშენკო მეუღლესთან ერთად „ვნუკოვო“-ს აეროპორტში დააკავეს 100 ათასი დოლარის კონტრაბანდისთვის და ამის შემდეგ მოხდა მისი გადაბირება.
ომელჩენკო ირწმუნება, რომ „2004 წლის ოქტომბერში უკრაინის დაზვერვამ ტიმოშენკოს საქმიანობის ამსახველი მასალები მოიპოვა და პრეზიდენტ კუჩმას გადაუგზავნა გასაცნობად“.
„2005 წელს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან ტიმოშენკოს გადადგომის შემდეგ შეიქმნა საიდუმლო ხაზი პუტინი -მედვედჩუკი (პუტინის შუამავალი) – ტიმოშენკო; მათი საქმიანობა უკრაინის სამართალდამცველებისთვის საიდუმლოს აღარ წარმოადგენდა“.
„2007 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პრემიერ მინისტრად დანიშნული ტიმოშენკო ყველანაირად ცდილობდა, რათა იუშენკოს პირველ ვიცე-პრემიერად სწორედ მედვედჩუკი დაენიშნა“.
გრიგორი ომელჩენკო ადრე ტიმოშენკოს პარტიის „ბატკივშინას“ წევრი იყო და მისი რიგები 2009 წელს დატოვა, რადგან მისი თქმით „პარტიაში არიან ადამიანები, რომლებიც ადრე ნასამართლევი არიან გაუპატიურების, ქურდობისა და თაღლითობისთვის“.
როგორც ცნობილია, 2011 წელს, უკრაინის გაზით მომარაგების 2009 წლის ხელშეკრულებისთვის ტიმოშენკო გაასამართლეს და შვიდწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თავად ექსპრემიერი ამას პოლიტიკური ანგარიშსწორებად მიიჩნევდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხის კომენტარისას აღნიშნავდა, რომ „2009 წლის ხელშეკრულება სრულად შეესატყვისება რუსეთისა და უკრაინის კანონმდებლობასა და მოქმედ საერთაშორისო ნორმატივებს“. თავის მხრივ პუტინმა განაცხადა: „კარგად არ მესმის რისთვის დააპატიმრეს ტიმოშენკო“. რუსეთის პრემიერმა დაამატა, რომ ხელშეკრულება გაფორმდა „გაზპრომ“-სა და „ნაფტოგაზ“-ს შორის და ტიმოშენკოს ხელი არაფერზე მოუწერია.
მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ