reportiori.ge - ორბორდიანობა საზოგადოებრივ მაუწყებელში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:24
ინტერვიუ
ორბორდიანობა საზოგადოებრივ მაუწყებელში
ავტორი:
19 აპრილი, 2014. 16:26



მაშინ, როცა პარლამენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ახალ შემადგენლობას ირჩევდა, საკონსტიტუციო სასამართლომ ძველი შემადგენლობის ნაწილს ლეგიტიმაციის ვადა – 2015 წლამდე, დანარჩენს კი 2017 წლამდე გაუხანგრძლივა. ანუ გამოდის, რომ, ერთი მხრივ, არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ აღიარებული ბორდი და მეორე მხრივ, პარლამენტის მიერ დამტკიცებული ახალი შემადგენლობა. ახლა საკანონმდებლო ორგანოში ფიქრობენ იმაზე, როგორ დაარეგულირონ ეს სამართლებრივი უხერხულობა. არ არის გამორიცხული, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა გაიზარდოს და მასში ძველი და ახალი შემადგენლობა გაერთიანდეს.

 


გამოსავლის გზებზე მსჯელობის პარალელურად, საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ გარკვეული კითხვები აქვს. დეპუტატი ეკა ბესელია „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს,რომ ეს კითხვები ეხება მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილს, რომელიც თავის დროზე „თავისუფლების ინსტიტუტში“ საქმიანობდა. ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა მოსარჩელე, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, გიორგი მელაძეც.

„მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება, ის უნდა შესრულდეს, თუმცა მოსამართლის მიმართ არსებობს ლეგიტიმურიკითხვები. მაგალითად, ის იმავე ორგანიზაციაში მუშაობდა, სადაც გიორგი მელაძე, ერთ-ერთი მოსარჩელე, რომელთანაც ახლაც აქვს ახლო კავშირები. ახლა ჩვენ ვფიქრობთ იმაზე, რომ კანონის სრულყოფის მიზნით, გარკვეული სამართლებრივი ცვლილებები განვახორციელოთ“, – აღნიშნა ეკა ბესელიამ.

უფრო შორს მიდის საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი, რომლის შეფასებითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის ძველი შემადგენლობისთვის ვადის გახანგრძლივებით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია მოხდა.

„საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრების უფლებამოსილების აღდგენასთან დაკავშირებით. მინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე კონსტანტინე ვარძელაშვილი არის ბორდის ყოფილი წევრის, „თავისუფლების ინსტიტუტის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი მელაძის უახლოესი მეგობარი. „თავისუფლების ინსტიტუტის“ თანამშრომელი იყო დღევანდელი მოსამართლე ვარძელაშვილიც, „ნაციონალური“ ბორდის წევრი გიორგი მელაძე, ისევე როგორც მათი ახლო მეგობარი, გიგა ბოკერია. კონსტანტინე ვარძელაშვილი იყო ნაციონალური რეჟიმის სერთ-ერთი იდეოლოგიის, იუსტიციის მინისტრის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. ამიტომ შეუძლებელია, ვარძელაშვილის გადაწყვეტილება იყოს ობიექტური. ეს ცალსახად სუბიექტური გადაწყვეტილებაა, რომელშიც პირდაპირ არის ასახული „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესები. საკონსტიტუციო სასამართლოს ამ პოლიტიკურ და ანტისახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს, ჩემთვის ის წარმოადგენს არა ინსტიტუტს – საკონსტიტუციო სასამართლოს, არამედ არის ნაციონალების პოლიტიკური გადაწყვეტილების შემსრულებელი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ფაქტს საზოგადოების მხრიდან მიეცეს ადეკვატური შეფასება, რადგან ამით ხდება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დისკრედიტაცია“, – აცხადებს ოთარ ჩრდილელი.

„პრაიმტაიმმა“ მმართველი გუნდის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე განმარტების გაკეთება სთხოვა გიორგი მელაძეს. ის ადასტურებს, რომ მოსამართლე ვარძელაშვილთან მართლაც აქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა ეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არ ასახულა.



გიორგი მელაძე, ბორდის წევრი:


– როგორც წესი, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იხილავს დავებს, ეს არის ნორმის შეფასება, რამდენად კონსტიტუციურია ის. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები უფრო მეტად აბსტრაქტული ხასიათისაა, ვიდრე კონკრეტული შემთხვევის გამოკვლევა. ამ შემთხვევაშიც, ასეთი კომენტარები კეთდება იმ ადამიანებისგან, რომლებმაც ან არ იციან საკონსტიტუციო სასამრთლოს მუშაობის სპეციფიკა, ან უბრალოდ სხვა ფორმით არ უნდა მიიღონ დისკუსიაში მონაწილეობა. საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიკვლია კონკრეტული ნორმა და გააკეთა შეფასება მის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში. ჩვენ გამოვაქვეყნეთ მოკლე აღწერა და ყველას ექნება საშუალება, მარტივი ენით დაწერილ შინაარსს გაეცნოს სამეურვეო საბჭოს ვებ-გვერდზე. თვითონ გადაწყვეტილება არის 35-გვერდიანი, საკმაოდ დასაბუთებული. სამოტივაციო ნაწილი არის 56 პარაგრაფი. ასე რომ, კრიტიკოსებს ჯერ ვურჩევ, გაეცნონ ამ გადაწყვეტილებას. სასამართლოს ჰქონდა რამდენიმე შესაძლებლობა და მან ყველა კუთხით გააანალიზა აღნიშნული ნორმა და მხოლოდ ამის შემდეგ მივიდა დასკვნამდე. ერთსულოვანი იყო კოლეგიის გადაწყვეტილება, რაც ასევე მნიშვნელოვანია, რადგან ზოგჯერ არსებობს სხვაგვარი მოსაზრება თვითონ კოლეგიის შიგნით. ამ შემთხვევაში კოლეგიის სამივე მოსამართლე ერთ აზრზე იყო.



– ბატონო გიორგი, მოსამართლე ვარძელაშვილთან მართლაც გაკავშირებთ თუ არა ახლო მეგობრობა?


– ძალიან კოლეგიალური ურთიეთრობა მაქვს, ჩვენ ერთად ვმუშაობთ უნივერსიტეტში. რაც შეეხება „თავისუფლების ინსტიტუტს“, როცა ამ ორგანიზაციაში მივედი, იქ ბატონი კოტე უკვე აღარ მუშაობდა. დანარჩენზე არც კი ღირს საუბარი.



– როგორ წარმოგიდგენიათ პროცესების განვითარება საზმაუწყებლობის ბორდთან დაკავშირებით?


– რა თქმა უნდა, კანონის გასწორება მნიშვნელოვანია. როგორც ვიცი, ახლა პარლამენტში მუშაობა მიდის ახალი მიმართულებით, რომ გაიზარდოს ბორდის წევრების რაოდენობა. იქმნება კომისია, რომელიც ამ თემაზე აპირებს მუშაობას. რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, აქვე მინდა განვმარტო, რომ, როგორც წესი, ყურადღებას ამახვილებენ გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილზე, სადაც უშუალოდ წერია, რომ გაუქმდეს ესა და ეს ნორმა. მაგრამ ამის უკან დგას სამოტივაციო ნაწილი, საკმაოდ ვრცელი მოცულობის, სადაც დეტალურადაა აღწერილი ის გზა, რომელიც სასამართლომ გაიარა გადაწყვეტილების მიღებამდე. ნებისმიერი საკანონმდებლო მსჯელობა, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ წარიმართება, თანხვედრში უნდა იყოს არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილთან, არამედ სამოტივაციო ნაწილთანაც.

 

მირიან ბოქოლიშვილი

გაზეთი „პრაიმტაიმი“

 

19. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016