reportiori.ge - ილია პატაშური: მე ჩემს ლამაზ სამშობლოს ვხატავ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:34
ინტერვიუ
ილია პატაშური: მე ჩემს ლამაზ სამშობლოს ვხატავ
ავტორი:
17 აპრილი, 2014. 11:54



20 წლის ყმაწვილი ილია პატაშური მოკრძალებით იჯდა კოლხური კოშკის დარბაზში და გულის ფანცქალით ელოდა კლასიკოსთან შეხვედრათ. კონსტანტინე გამსახურდიასთვის უნდა ენახვებინა ნახატის ესკიზები – დავით აღმაშენებლის დიდგორის გამარჯვებას რომ ასახავდა. მწერლის დასტურის შემთხვევაში ფუნჯით უნდა შესჭიდეოდა დიდებულ ეპოქას. არადა, უკვე 17 ესკიზი ჰქონდა გაკეთებული, მაგრამ სამხატვრო აკადემიის კათედრაზე არა და არ რთავდნენ ნებას, სადიპლომო ნამუშევრად ისტორიული თემა წარმოედგინა. მოუწოდებდნენ, კომუნისტური ეპოქის ამსახველი სურათი შეექმნა, მაგალითად, ასფალტის დაგება, ან რომელიმე ქარხნის მუშაობა, ან სულაც სოციალისტური შრომის გმირი ქალის ეთერ სოლომონიას პორტრეტი დაეხატა... მაგრამ სტუდენტი გაჯიუტდა. ასეთ რამეზე არასოდეს უფიქრია, მას თავისი სამშობლოს წარსული უფრო იზიდავდა, ვიდრე თანამედროვე ეპოქა.

კარი გაიღო და დიდი მწერალიც გამოვიდა.


– გამარჯობა ბატონო კონსტანტინე! – კრძალვით მიესალმა ილია. მწერლისგან პასუხი არ მიუღია, მხოლოდ ხელი გაუწოდა და ღონივრად ჩამოართვა.


– საიდან ხართ, ყმაწვილო? – ჰკითხა სტუდენტს.


– მთიელი ვარ, დუშეთიდან.


– მერე, ჩოხა რატომ არ გაცვია?! – იკითხა თითქოს სხვათაშორის... ბატონმა კონსტანტინემ ყურადღებით დაათვალიერა ესკიზები, რამდენიმე რჩევა მისცა ახალგაზრდას. რამდენჯერმე კოლხურ კოშკში დაიბარა და... ნამუშევარიც მზად იყო.


სრულიად განსხვავებულად აღქმულმა და დიდ ტილოზე გამოსახულმა „დავით აღმაშენებელმა“ აღიარება და წარმატება მოუტანა მხატვარს. მერე იყო ასპირანტურა და სხვადასხვა თანამდებობრივი დაწინაურება: დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი... თუმცა, ყველაზე დიდი კომპლიმენტი მისთვის უბრალოდ „მხატვარია“, ფერმწერი, რომელიც სამშობლოს სიყვარულით ხატავს სამშობლოს სიყვარულზე...


14-30 აპრილს ხელოვნების მუზეუმში მხატვრის საიუბილეო 75 წლისთავთან დაკავშირებით საანგარიშო გამოფენა გაიხსნა. ილია პატაშურმა 70-ზე მეტ ტილოს მოუყარა თავი და საზოგადოებას თავისი შემოქმედების მრავალწლიანი ღვაწლი დიდ დარბაზში წარუდგინა. ყველა ნახატის ულამაზეს ფერებში გარკვევით იკითხება, თუ როგორ უყვარს მხატვარს თავისი ქვეყნის ზეცა და მიწა, მთა-ბარი და მდინარე, ტყე და ველები, ხალასი ადამიანები, მშვენიერი ქალბატონები, მზე და ყვავილები... როგორ ეთაყვანება ის საქართველოს. სხვაგვარად ალბათ, არც შეიძლებოდა, რადგან ის იმ პატაშურების შთამომავალია, რომლებიც ბაგრატიონთა ტახტის მცველები იყვნენ, არაგვისხეობის ხევისთავები.


მხატვარს კარგად ახსოვს სამხატვრო აკადემიის სტუდენტობის პირველი დღე... „იმ დღეს პირველად ვნახე ეს კაცი, საურმაგ ღამბაშიძე. დაგვიწყო ნატურმორტი, რჩევები მოგვცა და ხატვას შევუდექით. როცა მუშაობა დავამთავრეთ, ყველა ნახატი გულმოდგინედ დაათვალიერა და თქვა: თუკი დავწერ მაღალ ნიშანს, მხოლოდ ერთადერთს – ილია პატაშურს დავუწერო. იმდენად გამიხარდა, ბედნიერებისგან ცას ვეწიე. ამ შემთხვევამ მომცა სტიმული, ყოველთვის კარგი შეფასება მიმეღო“, – იგონებს მხატვარი.


ილია პატაშურს მართლაც რომ კარგი პედაგოგები ჰყავდა: ჟორა ჯაში, ზურაბ ნიჟარაძე, ედმონდ კალანდაძე. მხატვრული დაოსტატება ლადო გუდიაშვილისა და ფარნაოზ ლაპიაშვილის მეთვალყურეობით გაიარა.


პირველად 1975 წელს მიიღო პრემია „ვედრებაში“, მეორედ – 1998 წელს – „დედაშვილობაში“, ხოლო თბილისის ხელოვნების ფესტივალზე პირველი ხარისხის პრემია „ბროწეულისთვის“ მიენიჭა, 2001 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი გახდა. 1966 წლიდან მონაწილეობს საქართველოსა და საერთაშორისო სამხატვრო გამოფენებში. უამრავი ქვეყანა მოიარა თავისი ნამუშევრებით, ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა. მის ნახატებს უმაღლეს შეფასებებს აძლევენ ხელოვნებათმცოდნეები, ყიდულობენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი კოლექციონერები. საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება მხატვრის შედევრები. ტრეტიაკოვის გალერეაში თავს იწონებს პატაშურისეული ხევსური ქალი – „მთვარისა“. მის ნახატებს ინახავენ კიევის სახელმწიფო მუზეუმში, აღმოსავლეთის ხალხათა მუზეუმში...


ილია პატაშურის ფერწერა გამორჩეულია, მაგრამ არის მასში რაღაც სეზანისა თუ ვან გოგისა, იმპრესიონისტული, ოღონდ აბსოლუტურად ქართული. ხელწერა გამოკვეთილია და მას თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ „პატაშურის ფუნჯი“.


„ჩემი შთაგონება საქარველოა, ჩემი სამშობლოს ლამაზ ბუნებას ვეფერები. ჩემს ნახატებში მინდა ჩანდეს ქართული ხასიათი, ისტორიული თემატიკა კი ამის კარგ საფუძველს მაძლევს“, – მიყვება მხატვარი.


„ბატონო ილია, თქვენ შთამომავლობას უტოვებთ XX-XXI საუკუნეების მხატვრის თვალით დანახულ საქართველოს ისტორიას, ამიტომ გხიბლავთ პატრიოტული პასაჟები?“ – ვეკითხები.

– დიახ, ეს არის ჩემი ამოცანა! – მიპასუხებს მოკლედ და მიდის, გადაღებაზე მიეჩქარება. ხელთ ჩოხა-ახალუხი უჭირავს, რომელიც სურათისთვის უნდა მოირგოს (თუმცა, ხშირად უწევს ჩოხის ტარება, როგორც ჩოხოსანთა საზოგადოების წევრს). მე კი საგამოფენო დარბაზში ვრჩები, სადაც მის გულში ჩაბუდებულ დიდ სიყვარულზე საუბარს მხატვრის ფუნჯით გაცოცხლებული ფერადი სამყარო განაგრძობს.

 



თეა მოსია

 

გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016