reportiori.ge - შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და კამათი სპორტის სამინისტროში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 05:19
ინტერვიუ
შეხვედრები პრემიერ-მინისტრთან და კამათი სპორტის სამინისტროში
ავტორი:
17 აპრილი, 2014. 17:22



ქართულ ფეხბურთში მნიშვნელოვანი ძვრებია მოსალოდნელი, – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა უკვე რამდენჯერმე შეხვდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს და გაჩნდა იმის შანსი, რომ ხელისუფლება კონცეპტუალურად დაეხმაროს ჩვენს საფეხბურთო კლუბებს. ფეხბურთის ფედერაციამ პრემიერ-მინისტრს ორი კონკრეტული პროექტი წარუდგინა: ერთი ითვალისწინებს 16-გუნდიან ეროვნულ ჩემპიონატს, რომელიც 33,03-მილიონიან ფინანსურ მხარდაჭერას მოითხოვს სახელმწიფოსგან, მეორე – 18-გუნდიანს, რასაც 34,250 მილიონი სჭირდება. ორივე პროექტი მოიცავს უმაღლეს და პირველ ლიგას, აგრეთვე თასის გათამაშებას.

ამ დროისთვის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 12 გუნდია და გუნდების რაოდენობის გაზრდას ყველა არ უჭერს მხარს.

 

ჩვენი რესპონდენტი გახლავთ ლეგენდარული ფეხბურთელი, ამ დროისთვის კი ფეხბურთის ფედერაციის საპატიო ვიცე-პრეზიდენტი, მურთაზ ხურცილავა, რომელიც მიიჩნევს, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა აუცილებელია:

 

– რის საფუძველზე აცხადებთ, რომ უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა წაადგება ჩვენს საკლუბო ფეხბურთს?

– ამის შესახებ კარგა ხანია, ვლაპარაკობ. ფეხბურთი საქართველოში მასობრივი უნდა იყოს, რადგან ამით უფრო იზრდება ნიჭიერი ფეხბურთელის დაწინაურების შანსი. რაც უფრო მეტს ითამაშებს ფეხბურთელი, წინსვლის მეტი შესაძლებლობა გაუჩნდება. სამწუხარო ფაქტია. დღეს საქართველოში ფეხბურთელი ვერ იზრდება. 17-18 წლის ასაკში უკვე უცხოეთში მიდიან და საკუთარ წინსვლას ამუხრუჭებენ. მიმაჩნია, რომ 20-21 წლამდე ფეხბურთელმა ჯერ ეროვნულ ჩემპიონატში უნდა ითამაშოს და მერე წავიდეს საზღვარგარეთ.

 

– ნუთუ იმდენი ნიჭიერი ახალგაზრდა გვყავს, რომ უმაღლესი ლიგის თორმეტი გუნდი ვერ იტევს?

– ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი რჩება უგუნდოდ. სეზონის განმავლობაში რამდენჯერმე რომ მოუწევს  თამაში ნიჭიერ ახალგაზრდას, ის ვერ გაიზრდება. რეგულარულად ვაკვირდები საქართველოს ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელებს და იცით რა სურათის წინაშე ვდგავართ?! წელიწადნახევრის წინ ახალგაზრდა ფეხბურთელმა კარგი თამაშით რომ დაგვამახსოვრა თავი, დღეს ის ისე კარგად ვეღარ თამაშობს, ანუ ჩვენი ასაკობრივი ნაკრებების ფეხბურთელების ჯეროვანი განვითარება ვერ ხერხდება. თამაშს სათადარიგოთა სკამზე ჯდომით ვერ ისწავლი. უმაღლესი ლიგის გუნდებში არიან საინტერესო ახალგაზრდები, მაგრამ როცა კლუბი მათ სხვა გუნდში არ უშვებს და არც უწყვეტი სათამაშო პრაქტიკის საშუალებას აძლევს, ასეთ სიტუაციაში ახალგაზრდა ფეხბურთელის წინსვლა ვერ მოხდება. ამბობენ, კლუბებში არ არის სათანადო პრობები და ამიტომ ვერ იზრდებიან ახალგაზრდა ფეხბურთელებიო. კი მაგრამ, ადრე სად იყო საუცხოო პირობები, როცა მართლაც ნიჭიერი ფეხბურთელების თაობები მოდიოდა ქართულ ფეხბურთში?

 

– უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას ვინც ეწინააღმდეგება, ის არგუმენტიც მოჰყავთ, რომ უმაღლეს ლიგაში ყველანაირად მოწესრიგებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი გუნდები უნდა თამაშობდნენ, რეალობა კი სხვანაირია, არცთუ ცოტა კლუბს უჭირს თავის გატანა და ასეთ დროს რა ლოგიკით უნდა გაიზარდოს გუნდების რაოდენობაო?.

– რასაკვირველია, თუ ვსაუბრობთ გუნდების რაოდენობის გაზრდაზე, ეს იმას გულისხმობს, რომ ყველა გუნდს უნდა ჰქონდეს მყარი ფინანსური ზურგი. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრს ძალიან უნდა, დაეხმაროს ქართულ ფეხბურთს, ქართულ კლუბებს. როცა ფეხბურთზეა ლაპარაკი, ეს კამათის გარეშე არ არსებობს. უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდა სურთ უმეტეს კლუბებს და ვიფქრობ, საბოლოოდ, ამის წინააღმდეგი არც ერთი კლუბი არ იქნება. უკვე გაკეთდა რამდენიმე მოედანი და თუ ამ მხრივ რამე გასაკეთებელი კიდევ დარჩა, ამასაც მოევლება. ვინმე დამისახელებს ისეთ ქვეყანას, სადაც ათგუნდიანი ჩემპიონატი აქვთ და იქ ფეხბურთის მნიშვნელოვანი წინსვლა შეინიშნება?

 

– პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სპორტის სამინისტროს ხელმძღვანელობაც დაესწრო და როგორც ჩვენთვის ცნობილია, მხარი არ დაუჭირა უმაღლეს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას...

– მართლაც იყო განსხვავებული პოზიცია სპორტის სამინისტროს მხრიდან, თუმცა, ალბათ, კიდევ დაფიქრდებიან ამ საკითხზე. ჩვენ ფაქტის წინაშე ვდგავართ: გვქონდა და გვაქვს 12-გუნდიანი ჩემპიონატი და ამან ვერანაირი წინსვლა ვერ მოგვიტანა, გვაქვს ბევრი უინტერესო თამაში, უმოტივაციო გუნდები... ფეხბურთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი პროექტით კი ბოლო ადგილზე მყოფ გუნდსაც ექნება მოტივაცია. ეს პროექტი თავისთავად იმასაც ითვალისწინებს, რომ პერიფერიებში ფეხბურთი აღორძინდეს.

 

– ფედერაციის ოპონენტები ეჭვობენ, რომ გუნდების რაოდენობის გაზრდა შესაძლოა იმტომაც იყოს საინტერესო ფედერაციისთვის, რომ ფედერაციის პრეზიდენტის მომავალ წელს გასამართ არჩევნებში ფედერაციის ახლანდელმა ხელმძღვანელობამ პოზიციები გაიმყაროს...

– თუ ეს პროექტი განხორციელდება, იმ კლუბებს, რომლებიც დაემატებიან უმაღლეს ლიგას, ფედერაციის პრეზიდენტის უახლოეს არჩევნებში ხმის უფლება არ ექნებათ.

 

– ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მუშაობას ყველა ერთგვაროვნად არ აფასებს...

– ფედერაციის ინიციატივით მოხერხდა ასეთი მაღალი დონის შეხვედრები ქვეყნის ხელისუფლებასთან. პრემიერ-მინისტრი მართლაც დაინტერესდა ქართული ფეხბურთის განვითარებით და გამოთქვა მზადყოფნა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ყოველთვის გამონახავს დროს ფედერაციის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად. მე არავითარ შემთხვევაში არ დავუჭერდი მხარს ფეხბურთის ფედერაციის ისეთ პრეზიდენტს, რომელიც ამის ღირსი არ არის. მერწმუნეთ, ფეხბურთის ფედერაციის ახლანდელი პრეზიდენტი, ზვიად სიჭინავა, მართლაც საქმის კაცია,  მოკლე დროში მან ბევრის გაკეთება მოახერხა, გარდა ამისა, ლხინში თუ გაჭირვებაში ყველანაირად გვერდში უდგას ჩვენს ვეტერანებს, ბევრი ვეტერანი მან, ასე ვთქვათ, ფეხზე დააყენა.

 

– ბოლოს ჩამპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაზეც გკითხავთ. ნახევარფინალისტები უკვე დაწყვილდნენ და რომელ გუნდს მიიჩნევთ ფავორიტად?

– ამ მომენტში საუკეთესო გუნდად მიუნხენის „ბაიერნი“ მიმაჩნია და ფავორიტადაც ბავარიელებს დავასახელებდი: რობენი, რიბერი, მიულერი, ნოიერი... „ბაიერნის“ ფეხბურთელები ჩინებულ სეზონს ატარებენ.

 


დავით თავართქილაძე

 

გაზეთი „ქრონიკა +“



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016