reportiori.ge - თინა ხიდაშელი: შეუძლებელია, მკვდარი „ნაციონალური მოძრაობა“ აღსდგეს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:34
ინტერვიუ
თინა ხიდაშელი: შეუძლებელია, მკვდარი „ნაციონალური მოძრაობა“ აღსდგეს!
19 აპრილი, 2014. 18:04



საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ პრობლემები არსებობს პენიტენციალურ სისტემაშიც და პროკურატურაშიც ბევრი გამოუძიებელი საქმეა. მისი თქმით, ამ მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ მემკვიდრეობა  იმდენად მძიმე იყო, რომ წელიწადნახევარში ამის მოგვარება შეუძლებელია.

 

– ამდენი წელი გვესმოდა, რომ პენიტენციალურ სისტემაში უსაფრთხოების უმაღლეს ზომებს ატარებდნენ და ბევრნაირი პროექტები ხორციელდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მივედით იქამდე, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ისეთი ჩამწერი აპარატურაც კი არ არის, რომ შემდეგ მტკიცებულებად გამოგადგეს, ანუ თვალთვალის რეჟიმშია მათი უმრავლესობა და არა ჩაწერის რეჟიმში. ეს რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზულ პრობლემას ქმნის და ეს პატიმრებმაც იციან. ამ დაწესებულებებს ტექნიკური გაძლიერებიდან დაწყებული, ჯანდაცვის პრობლემებით დამთავრებული, ყველაფერს წელიწადნახევარში მხოლოდ ერთ შემთხვევაში მოევლებოდა, თუ საქართველოს ბიუჯეტი მხოლოდ ამ სისტემისთვის დაიხარჯებოდა. რაც შეუძლებელია, ამიტომ შესაძლებლობების ფარგლებში ბევრი რამ გაკეთდა და დარწმუნებული ვარ მომავალი წლის ბოლოსთვის უფრო მეტი გაკეთდება.

 

– ხომ არ გაუარესდა მდგომარეობა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში?

– ციხეებში წამების საქმეების გამოძიება სასამართლოში მიდის და ამიტომ უნდა დაველოდოთ ამ საქმეების დასრულებას. მე არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ საერთოდ არ არის არაფერი გაკეთებული, თუმცა არც კმაყოფილების საფუძველი არ მაქვს. დიახ, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ამ წელიწადნახევრის განმავლობაში არ ვარ პროკურატურის მუშაობით კმაყოფილი არცერთი ხელმძღვანელის პირობებში და მგონია, რომ პრინციპულად სხვანაირად უნდა წარმართულიყო საქმიანობა, ეს ეხება, როგორც ციხის წამების საქმეების გამოძიებას, ასევე მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის თემას. აქ მთავარია შინაარსი, რომელიც იდო ამ კომისიაში. ვიზიარებ იმ აზრს, რაც აქამდე თქმულა სახალხო დამცველის მხრიდან და ხელს ვაწერ მის განცხადებებზე, იმიტომ, რომ ვფიქრობ, ეს ერთერთი სასწრაფოდ დასასრულებელი საქმე იყო. თვითონ იდეას რაც შეხება, თავიდანვე ცნობილი იყო ჩემი პოზიცია, რომ მაინცდამაინც არ მხიბლავდა კომისიის შექმნა, იმიტომ, რომ  უფრო ეფექტური მექანიზმის შემუშავებაც შეიძლება. კომისია განიხილავდა საქმეებს, რომელიც შემდეგ მაინც სასამართლოში მიდიოდა და შესაბამისად პროცედურა  ორმაგდებოდა. ჩემი იდეა იყო,  შექმნილიყო სპეციალური კოლეგია  უზენაეს სასამართლოში, რომელიც მხოლოდ ამ საქმეების განხილვით იქნებოდა დაკავებული ან იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს შეიძლებოდა დამატებოდა ეს უფლებამოსილება და შესაბამისად ერთი ინსტანცია იქნებოდა, ანუ ადამიანს აღარ მოუწევდა ერთი მისამართიდან მეორე მისამართზე სიარული. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რეფორმა როგორი იქნება, ეს ტექნიკური საკითხია, მთავარია, რომ ამ კითხვაზე პასუხი გასაცემია.

 

– დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფების შექმნის  იდეა კვლავ აქტუალურია, ამჯერად ლოპოტას და 17 მაისის თემებთან დაკავშირებით..

– არ მხიბლავს ეს იდეა, იმიტომ, რომ ასეთი საკითხები დგება მაშინ, როცა თემა საბოლოოდ დახურულია, ბოლო წერტილი დასმულია და ხელისუფლება ამბობს,  მორჩა, ამ მიმართულებით აღარაფრის გაკეთებას არ ვაპირებთ. მერე შეიძლება ვინმემ დააყენოს დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის საკითხი. ლოპოტაზე გამოძიება არ არის დასრულებული, ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა მოითხოვო დღეს რაიმე დამატებითი ღონისძიება. 17 მაისთან დაკავშირებით იცით, რომ გამოძიება ჩატარდა, ბრალი ძალიან ბევრ ადამიანს წაეყენა, მათ შორის სასულიერო პირებსაც, რა გადაწყვეტილება გამოიტანა სასამართლომ, ეს სასამართლოს საქმეა. მე არ ვეკუთვნი იმ ადამიანებს, რომლებიც მოხიბლულნი არიან დღევანდელი სასამართლო სისტემით, არ მჯერა მითის, რომ წელიწადნახევარში მონა უცებ თავისუფალ ადამიანად იქცევა. თუმცა როგორი მემკვიდრეობაც მივიღეთ, იმასთან შედარებით მათი დამოუკიდებლობის ხარისხი დიდწილად გაუმჯობესებულია. ყოველ შემთხვევაში, არავინ არ უწერს, რა უნდა ჩაწერონ სასამართლო განაჩენში. რამდენადაც ვიცი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო სხდომა რამოდენიმე საქმესთან დაკავშირებით. მივიდეთ ბოლომდე და შემდეგ გამოვთქვათ პრეტენზიები.

 

– რა შენიშვნები გაქვთ იუსტიციის სამინისტროსთან დაკავშირებით?

– ამ უწყებასთან ურთიერთობის კვალობაზე,  როგორც დეპუტატს არცერთი შენიშვნა არ მაქვს. ეს უწყება სამოქალაქო ნაწილში ისედაც კარგად მუშაობდა. საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი და ა.შ. იუსტიციის სამინისტრო ძალიან აქტიურია კანონშემოქმედებითი თვალსაზრისითაც, ძალიან ბევრი სასარგებლო საკანონმდებლო ინიციატივა მოდის მათგან და კიდევ უფრო მეტი დასრულების პროცესშია. ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს საპარლამენტო მდივანთან, სანდრო ბარამიძესთან და ვიცი, რომ ეს უწყება წარმატებაზე ორიენტირებულ როლს ასრულებს ჩვენი სახელმწიფოს განვითარებაში.

 

– „ნაციონალური მოძრაობა“ თვლის, რომ მათზე პოლიტიკური ზეწოლა მიდის, მით უფრო, როცა ნუგზარ წიკლაურს საკუთარ სახლთან დახვდნენ და სცემეს..

– ნუგზარ წიკლაურზე პოლიტიკურ ზეწოლას რომ ვერ მოახდენენ, ეს ყველასთვის ნათელია უკვე დიდი ხანია.

 

– საქართველოს სახალხო დამცველმა შალვა თათუხაშვილის გარდაცვალების საქმის შესწავლა მასმედიით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო..

– ასეთი თემების მიმართ ყოველთვის აქტიური ვიყავი. ეს არ არის ის შემთხვევა, რაც ჩვენ ვიცით და გვინახავს წლების განმავლობაში, როდესაც ასეთი ტიპის ინფორმაციების გახმაურების შემდეგ ხელისუფლება სირაქლემის პოზაში დგებოდა. არაფრის გამართლებას არ ვაპირებ და არც არავის ვადანაშაულებ, იმიტომ, რომ ამ წუთში არანაირი ინფორმაცია, გარდა იმისა, რასაც ლაპარაკობს ბაჩო ახალაიას მეუღლე, არ მაქვს. ბაჩო ახალაიას მეუღლის სიტყვები კი ვერ იქნება ჩემთვის იმის წინაპირობა, რომ ეს ყველაფერი სიმართლედ მივიღო. ამიტომ ვთხოვ ყველას, ვისაც რამე ინფორმაცია აქვს, პირადად მე, ან იმ დეპუტატს დაუკავშირდნენ, ვისაც ენდობიან, რომ ამ საქმეს ყურადღება მივაქციოთ.

 

– მას შემდეგ,რაც პრეზიდენტი ავლაბრის რეზიდენციაში შესვლას დაყაბულდა, ათონელის ქუჩაზე მშენებარე რეზიდენცია, უფუნქციოდ დარჩა. საუბარი მიდის, რომ აქ ხელნაწერთა ინსტიტუტი განთავსდეს. ამ იდეის მომხრე თქვენც  ხართ?

– დათო ნარმანიას ჰკითხეთ, რას აპირებს, მე არ ვიცი. ისიც არ ვიცი, რომ მშენებლობა მიდის. მე ბევრჯერ ვთქვი, რომ ხელნაწერთა ინსტიტუტი არის ერთერთი ყველაზე დიდი ფასეულობა, რაც კი გაგვაჩნია და ნებისმიერი შენობა ავლაბრის რეზიდენციის ჩათვლით მემეტება ამისთვის. ყველაზე საუკეთესო ადგილზე უნდა იყოს ეს ხელნაწერები გამოფენილი და ყველასთვის ხელმისაწვდომი. ავლაბრის რეზიდენციაში დიდი დარბაზებია და სივრცე სწორედ ისეთია ამ ტიპის ღონისძიებას რომ მოუხდება.

 

– ავლაბრის რეზიდენცია თავისი პომპეზურობით მიანიშნებს, რომ ეს პირველი პირის შენობაა. ქვეყნის პრეზიდენტი დღეს არ არის პირველი პირი, რამდენად სწორია მარგველაშვილის ამ რეზიდენციაში შესვლა?

– კონსტიტუციურად ის ქვეყნის პირველი პირია. მთავრობის მეთაური აღარ არის და ამიტომ კონცენტრაცია და ძალაუფლების ცენტრი პრემიერ-მინისტრთან არის გადასული, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური მაინც პრეზიდენტია. პრემიერ-მინისტრი პასუხისმგებელია მთავრობის საქმიანობაზე, მაგრამ სახელმწიფოს მეთაური არის მარგველაშვილი. თუ ყველაზე უფრო პომპეზურია, მაშინ ამ შენობაში უნდა იყოს ის, რაც ჩვენთვის ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

 

– „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში ევრომაიდნის მოწყობას გეგმავს, ამაზე როგორ რეაგირებს დღევანდელი ხელისუფლება?

– მკვდრები არ დგებიან, ჯერ ასეთი შემთხვევა არ ახსოვს სამყაროს. ჩემთვის ისინი პოლიტიკურად მკვდრები არიან. ევრომაიდანს აკეთებს ხალხი და არა პოლიტიკური პარტია. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს იმის რესურსი, რომ ხალხის სახელით რამეზე გველაპარაკოს

 

– მუსირებს აზრი, რომ ისინი ამას სხვადასხვა პროვოკაციებით ცდილობენ..

– ძალიან კმაყოფილი ვარ ეს პატარა აქციები რომ ტარდება, იმიტომ, რომ ყველაზე კარგად ჩანს საქართველოს არჩევანი ამ აქციებში. მილიონიანი მარშის მოწყობას  ევროპაში გაწევრიანებისა თუ მაპის მიღებისთვის, სჯობს ისევ ეგენი გამოვიდნენ  ქუჩაში 30 კაცით, მილიონი ადამიანი რატომ უნდა შეაწუხო, ასე უფრო კარგად ჩანს, რომ მხოლოდ 30კაცი ფიქრობს სხვანაირად და დანარჩენს უნდა ევროპაში.

 

– ეს აქციები ხელჩართულ ჩხუბში გადადის..

– იმედია ეს აღარ მოხდება და ჩხუბის გარეშე თუ გამოვლენ, ბედნიერი ვიქნები. საქართველო არის ქვეყანა, სადაც გამოხატვის თავისუფლება არის დაცული. აქციების ჩატარების უფლება ყველას აქვს. წინა ხელისუფლების დროს კი ჰქონდათ განცდა, რომ თუ აქციას მოაწყობდნენ, მათ დაიჭერდნენ და სამშობლოს მოღალატის მუხლით გაუშვებდნენ ციხეში. კონტრაქციების ორგანიზატორებთან უფრო მექნება პრეტენზია, იმიტომ, რომ არ სჭირდება ევროაზიულ კავშირს კონტრაქცია, მიუშვან, მოითხოვოს ლენინი ოცმა კაცმა. ეს მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა.

 

– გადმოვა პარლამენტი თბილისში?

 

- კი, მხოლოდ სესიებზე დარჩება ქუთაისში.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016