reportiori.ge - მანანა ნაჭყებია: ობამას განცხადების მიუხედავად მაპ-ის მიღების იმედი მაქვს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:33
ინტერვიუ
მანანა ნაჭყებია: ობამას განცხადების მიუხედავად მაპ-ის მიღების იმედი მაქვს
19 აპრილი, 2014. 19:21



„მე დავინახე ადამიანი მიხეილ სააკაშვილის სახით, რომელიც იმ წუთში არ ფიქრობდა არც მეგობარზე, არც მისთვის ერთ დროს პატივსაცემ ოჯახზე, არ ფიქრობდა იმაზე თუ რა ღირებულებებით ცხოვრობს მისი ქვეყანა,  ამოძრავებდა მხოლოდ ერთი აზრი, შეექმნა ფონი, რომ  ძალიან მალე საქართველოში ხელისუფლების სათავეში ჩვენ ვიხილავდით ადამიანს, რომლისთვისაც მთავარია პოლიტიკური კარიერა და ქვეყნის სათავეში დგომა.“-ამბობს „ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერი, მანანა ნაჭყებია „რეპორტიორთან“ ინტერვიუში.  არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრი არ გამორიცხავს,  რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საზოგადოება ქუჩაში გამოვიდეს.

 

– პოლიტიკოსი იმის პოლიტიკოსია, რომ  ყველაფერს გაუწიოს ანგარიში, ემოციებს არ აყვეს და თავისი მოსაზრება და ემოციების გარეშე ჩამოაყალიბოს. თუ  სახელმწიფოებრივ ინტერესებს გავითვალისწინებთ, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება და მითუფრო პროკურატურის მიერ  არაკვალიფიციური დოკუმენტის გამოქვეყნება არასწორი იყო.

 

– რატომ?

– ცოტა უცნაური ვითარებაა ქვეყანაში, ერთდროულად გვაქვს რისკები და შანსებიც. არის რისკი, რომ ისევ რუსეთის ლუკმა აღმოვჩნდებით, თუმცა არის შანსი, მსოფლიოში მოვლენები ისე განვითარდეს, რომ ჩვენ დაჩქარებული წესით მოვაწეროთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას და მივიღოთ მაპი. ამ ვითარებაში  ვაკხანალია და სრულიად არაჯანსაღი აჟიოტაჟი, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში,  მიმაჩნია, რომ ხელს შეუშლის საქართველოს ორ მთავარ მიზანს: ივნისში ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას და მაპის მიღებას.

 

– მაპის მიღების იმედი კიდევ გვაქვს?

– მიუხედავად ობამას განცხადებისა, მე არ დამიკარგავს იმედი. ვფიქრობ, ამ ეტაპზე სჯობდა დაგვეცადა ივნისამდე და სააკაშვილისთვის პრეტენზიები, წაგვეყენებინა ივნისის შემდეგ, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერდით ხელს. კანონზე მაღლა არავინ დგას, მით უფრო ქვეყნის პირველი პირი და  სამართლიანობა მიხეილ სააკაშვილის მიმართ უნდა აღდგეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ახლა ამის გაკეთება წინასაარჩევნო კამპანიამ განაპირობა. სამწუხაროა, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრი ვერ დალაგდა,  ვერცერთი მმართველი გუნდი ვერ ჩამოყალიბდა ისე, რომ თავის გაკეთებული საქმით გახდეს მიმზიდველი ელექტორატისთვის და არა ისეთი აჟიოტაჟით, რომელიც წინ უძღვის ნებისმიერ არჩევნებს საქართველოში.

 

– პროკურატურამ სააკაშვილს „სკაიპით“ დაკითხვა შესთავაზა, თუ დაიკითხება და არ წამოუყენებენ ბრალს, როგორ ფიქრობთ, როგორი იქნება საზოგადოების რეაქცია, როდესაც კვლევის შედეგად საზოგადოების უმეტესი ნაწილი ყოფილი პრეზიდენტის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს?

– დისტანციურ დაკითხვას უნდა დათანხმდეს, ეს მისთვისაც უკეთესი იქნება. ამით  საზოგადოების  ვნებებსაც დააცხრობს. ხელისუფლებამ მას პირდაპირ დროშა დააკავებინა ხელში იმ არაკვალიფიციური  საკითხებით, რაზეც უკვე ვისაუბრე, აფრიალებს მიშა ამ დროშას და ბედნიერია.  გვევლინება ადამიანად, რომელიც ამბობს, რომ ჩვენ გავგიჟდით და აღარ ვიცით რას ვაკეთებთ. საქართველო უნდა შევიდეს ევროკავშირში, ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოეწეროს ხელი, ევროატლანკიტურ სტრუქტურებში უნდა გავწევრიანდეთ და ამ ფონზე მე არ დავუშვებ, ნეგატიური გადაწყვეტილებების მიღების გადამწყვეტი ფაქტორი  გავხდეო .

 

– რამდენად შეიძლება დავუჯეროთ ადამიანს, რომელიც ამბობს საკუთარი ქვეყნის სასამართლოსთან არ ვითანამშრომლებო ?

– მართალი ხართ, არ გვჯერა, რომ მას ამ ქვეყნის კეთილდღეობა გაახარებს, მაგრამ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები, არ არის ჯერ იმდენად ჩამოყალიბებული, რომ მათ მიმართ ნდობა იყოს  ქვეყნის შიგნით თუ  გარეთ.  ნდობას მოპოვება უნდა, ჩემთვის სამწუხაროდ ახალმა ხელისუფლებამ  სასამართლოსა და პროკურატურას სრული დამოუკიდებლობა კი არ მიანიჭა, პირიქით, ისეთი ნაბიჯები გადადგა, რომ საზოგადოებას გაუჩნდა  განცდა, რომ დღეს პროკურატურა პოლიტიკურ დაკვეთებს ასრულებს. არადა, იყო შანსი, რომ ეს ორგანოები დამოუკიდებელი ყოფილიყო. ამ ფონზე ბუნებრივია, მიხეილ სააკაშვილი ძალიან კარგად გრძნობს თავს და დარწმუნებული ვარ მის ამ საქციელს დასავლეთის მხრიდან  მკვეთრი შეფასებები არ მოჰყვება. როდესაც ჩვენ მოგვყავს ანალოგიური მაგალითები და ვამბობთ, რომ  ამერიკის, საფრანგეთის და ა.შ.  პრეზიდენტები მიდიოდნენ დაკითხვაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ იმ ქვეყნებში  ჩამოყალიბებულია სისტემა და ძალიან ცუდ ტონად ითვლება თუ  ადამიანი, მითუმეტეს პირველი პირი, დაკითხვაზე არ მივა. იმიტომ, რომ ამ ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობა არსებოს და მუშაობენ კვალიფიციურად. ჩვენ ერთის დეფიციტიც გვაქვს და მეორესიც, ამიტომ  არა მგონია, რომ დღეს ხელისუფლება სახარბიელო მდგომარეობაში იყოს.

 

– ამბობენ, „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოში „ვარდების რევოლუცია2-ის“ მოწყობას გეგმავსო. არსებობს შანსი, რომ ქვეყნის სათავეში ისევ ნაციონალები დაბრუნდნენ?

 

– ვერავინ გამოიყვანს კრიტიკულ მასას ქუჩაში, თუ ეს მასა არ არის უკმაყოფილო არსებული ხელისუფლებით. ამის ანტიდოტი ძალიან მარტივია ხელისუფლების ეფექტური სოციალური პოლიტიკა, რაც ყველაზე მთავარია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მთავრობა, რომელიც სამწუხაროდ, ვერ იქნა მიღწეული ჩვენს ქვეყანაში და თუ მართლაც მოხდება ქუჩაში მასობრივი გამოსვლები, ეს პირველ რიგში  თვითონ ხელისუფლების დამსახურება იქნება. ჩვენ უკვე ვნახეთ კვლევები ამ ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ნდობის ლიმიტი იწურება. თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ  ეკონომიკური თვალსაზრისით არ გაუმჯობესებულა არაფერი, ყველანაირ კვლევაში წინა პლანზე მოდის უმუშევრობა. როდესაც ადამიანები აქცენტს აკეთებდნენ „ქართულ ოცნებაზე“, პირველ რიგში  ფიქრობდნენ, რომ საშველი დაადგებოდა მათ უმუშევრობას და  თავისუფლად შეინახავდნენ ოჯახებს. მაქვს განცდა, რომ ისევე, როგორც ნაციონალური მოძრაობის დროს, იქნება გარკვეული ელიტა, რომელიც საკმაოდ კარგად იცხოვრებს და იქნება სოფელი, სადაც მოსახლეობა იმაზე ფიქრობს ხვალ რა ჭამოს. არის უკიდურესი პოლარიზაცია, რაც ნაცების დროსაც იყო. არა მგონია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეკრიბოს ხალხი, რომელიც მას დაუჭერს მხარს და იტყვის, „ქართული ოცნება“ არ გვინდაო, მაგრამ ნამდვილად ვფიქრობ, რომ ხვალ  და ზეგ ქუჩაში გამოვლენ ის ადამიანები, ვინც იტყვის, რომ არ გვინდა „ქართული ოცნება“ და სხვა პოლიტიკურ ძალას დაუწყებენ ძებნას.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016