reportiori.ge - პეტრე მამრაძე: მერე რა, თუ ჟვანიას საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი დელიკატური დეტალებია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:44
ინტერვიუ
პეტრე მამრაძე: მერე რა, თუ ჟვანიას საქმეში პირადი ცხოვრების ამსახველი დელიკატური დეტალებია
19 აპრილი, 2014. 19:23



„ჟვანიას ვეუბნებოდი, შენნაირი პოპულისტი და დემაგოგი არასოდეს ვიქნები მეთქი“

„მაქვს საფუძველი ვამტკიცო, რომ სააკაშვილმა გარემოების ფალსიფიცირება მოახდინა“


„მეტი დროა საჭირო, უნდა ვაცადოთ ხელისუფლებას, ისინი მუშაობენ ინტენსიურად და უნდა დაველოდოთ“ – ჯერ კიდევ ერთი წლის წინ  უხსნიდა საზოგადოებას პოლიტოლოგი, პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, პეტრე მამრაძე, რომელიც დღეს „ქართული ოცნების“ საბედისწერო შეცდომებზე საუბრობს. „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ზურაბ ჟვანიას საქმის დეტალებზეც ყვება და ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს გარემოების ფალსიფიცირებაში ამხელს.

– ახალ ხელისუფლებას  ევალებოდა ცხელ კვალზე გაეხსნა ლაფანყურის შემზარავი დანაშაული, როდესაც ჩაცხრილეს ჩვენი მოქალაქეები, ქისტები, ინსტრუქტორები და ექიმი, რომელიც ამ ჯგუფს მიჰყვებოდა. გამოძიებული არ არის ცნობილი მეცნიერის, სააკაშვილის ციხებიდან გამოსული მაიასაია საქმე, რომელსაც დაბრალდა NATO-ს სასარგებლოდ ჯაშუშობა, ეს კაცი ჩივის, რომ მის საქმეს დღემდე არ ახსნეს საიდუმლო  გრიფი და ვინც აწამებდა, ყველა თანამდებობაზე დარჩა, ერთერთი მათგანი კი სულაც  ლაფანყურის საქმეს იძიებს.

როდესაც წელიწადი გადის მას შემდეგ, რაც პრესაში იბეჭდება მასალები, ხელმოწერილი დოკუმენტები, რომ სააკაშვილმა სამთავრობო დაცვის სპეცსამსახურების ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხები მიიტაცა, შვილებზე, ბოტოქსის ოპერაციაზე, ქალების სამკაულებზე და ა.შ.დახარჯა, განა კანონი არ მოითხოვდა საქმე მაშინვე აღძრულიყო და ლოგიკურ შედეგამდე მისულიყო? გავიდა წელიწადი და დღეს მოწმის სახით იბარებენ სააკაშვილს. ეს რას ნიშნავს?


– არ უნდა დაებარებინათ სააკაშვილი დაკითხვაზე?

– რომ ყოფილიყო პოლიტიკური ნება, პროკურატურას მიეღო ეს დავალება და კადრებიც რომ თავიდანვე შესაბამისი შერჩეულიყო,  მაშინ 10 კი არა, ამაზე უფრო რეზონანსული, გაცილებით მეტი საქმე აღიძვრებოდა. სააკაშვილს პროკურატურაში არა როგორც მოწმეს, არამედ ბრალდებულის სტატუსით დაიბარებდნენ. ხოლო დასავლეთისთვის მაშინვე, გამოძიების კვალდაკვალ  რომ მიეწოდებინათ ყველა დასაბუთებული მასალა, ჩამოყალიბდებოდა აზრი, რომ სააკაშვილის დაცვა, ეს ნიშნავს კორუმპირებული და სისხლის სამართლის დამნაშავის დაცვას, ამას კი ყველა მოერიდებოდა.

ახალმა ხელისუფლებამ არ გააკეთა არც ერთი, არც მეორე და დღეს, როცა ადგილობრივ არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი, ერთბაშად დადო ათი საქმე და აცხადებს, რომ მოწმედ იბარებს სააკაშვილს. მე, როგორც საზოგადოების წევრს, ესეც კი მიხარია და წარმოიდგინეთ, რა დღეში ვარ..


– გარდაცვლილი პრემიერ მინისტრის ინტერნეტში გავრცელებული ფოტოების შემდეგ „სიმაღლის“ მიხედვით იბარებენ და აკავებენ ყოფილ თანამდებობის პირებს, თუმცა ზურაბ ჟვანიას ძმის, გოგა ჟვანიას თქმით, პროკურატურაში ეს ფოტოები მანამდეც არსებობდა..

– ამაზე ჩემი მოსაზრება მაქვს, რომელიც გოგლა ჟვანიას განცხადების პასუხად, სააკაშვილის შარშანდელ, 17 ოქტომბრის განცხადებას უკავშირდება. სააკაშვილი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ბატონ ივანიშვილის შეფასებას, რომ არის მატყუარა, აცხადებს,  რომ თურმე არსებობს შეერთებული  შტატების გამოძიების ფედერალური  ბიუროს დასკვნა ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც შეიცავს ღრმა დეტალებს ჟვანიას პირად ცხოვრებაზე, ამბობს, ეს დასკვნა ჟვანიას ოჯახის წევრების თხოვნით  არ გავასაჯაროეთო.  განა არ იყო ვალდებული ეს ხელისუფლება იმ დღეს თუ არა, მერე მაინც გაეკეთებინა განცხადება, რომ არავითარი მსგავსი ღრმა დეტალები  არ არსებობს? გოგორიშვილი, ადამიანი, რომელიც ცნობილია პირადად ზურაბ ჟვანიას ერთგულებით, აცხადებს, რომ 2005 წლის მეორე ნახევარში ნინო ჟვანიას თხოვნით, მასთან ერთად მივიდა პროკურატურაში, ვინაიდან ადეიშვილმა ნინოს შესთავაზა, გაცნობოდა მასალებს და  ამ მასალებში ის ფოტოებიც ვნახეთ, რაც ახლა ატვირთეს და მრავალი სხვაცო. ნინო ჟვანიას უკითხავს ადეიშვილისთვის, მოითხოვდა თუ არა საქართველოს პროკურატურა ამ მასალების გასაჯაროებას, რაზეც უპასუხეს, ეს ოჯახის წევრის სურვილზეა დამოკიდებულიო. ადეიშვილი შეპირებია, სანამ ხელისუფლებაში ვართ, ამას არ გავაკეთებთო და გოგორიშვილი ნიშნის მოგებით ამბობს, ჩვენ ეს სიტყვა შევასრულეთო. სხვათაშორის, ეს ახალმა ხელისუფლებამაც შეასრულა. რაც „იუთუბზე“ ვნახეთ, ნივთმტკიცებად ვერ ჩაითვლება.


– ნიკოლეიშვილმა თქვა, რომ მას არაერთხელ  შეუტანია ეჭვი თავისი კოლეგის, ლევან ჩაჩუას დასკვნების სისწორეში.

– თებერვალში ჩაჩუამ ერთერთ ინტერვიუში  თქვა, რომ ექსპერტიზას, რომელსაც ესწრებოდა ბევრი ადამიანი, მათ შორის ჟვანიას ახლობლები, ორი კამერით იღებდნენ, ერთი მთავარი პროკურატურის და მეორე იყო  შსს-ს კამერა. ჩაჩუამ  მოითხოვა, ამ კადრების ნახვა, დაინტერესდა არის თუ არა იმ კადრებში დაზიანებები, რაც ფოტოებზე ჩანს. მაშინ ხელისუფლებას არ გაუკეთებია განცხადება, რომ ლევან ჩაჩუა ტყუის და ფირები არ არსებობს. ჟვანიას სხეულზე დაზიანება რომ ჰქონოდა, მე უსათუოდ გავიგებდა. ფირი კი უცხოელებმაც ნახეს, რომლებსაც ტყუილის თქმის არანაირი სტიმული არ ჰქონიათ, უფრო მეტიც, მათ უნდოდათ ბოლომდე გაერკვიათ ეს საქმე.


– ერთი წლის წინ აღნიშნეთ, რომ ზურაბ ჟვანიას სიკვდილი უბედური შემთხვევა იყო და რომ ცდილობდით შეგეგროვებინათ  და გაგერკვიათ ყველა დეტალი. დღესაც ასე ფიქრობთ?

– მე პროფესიონალი მეცნიერი ვარ, რომელსაც ზურაბ ჟვანია ხშირად საყვედურობდა, პეტრე შენ გამოდიხარ საჯაროდ და საუბრობ როგორც მეცნიერი და არა როგორც პოლიტიკოსიო. რაზეც მე, რა თქმა უნდა, ხუმრობით ვეუბნებოდი,  შენნაირი პოპულისტი და დემაგოგი არასოდეს ვიქნები-მეთქი. როგორც მეცნიერს, მაქვს საკმარისი საფუძველი, რომ წლების განმავლობაში, შემთხვევის ადგილზე განხორციელდა იქ შექმნილი გარემოების მასშტაბური ფალსიფიცირება, მაშინდელი იერარქიის გათვალისწინებით ამას ვერც იქ მისული ბარამიძე გაბედავდა, ვერც მითუმეტეს დაცვის თანამშრომლები. მხოლოდ სააკაშვილს, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან ერთად შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება, იმიტომ, რომ გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებდა სააკაშვილი, თუმცა ამ ორ ადამიანს უსმენდა. ბარამიძეს არ მოუსმენდა. მხოლოდ მათ შეეძლოთ მიეღოთ გადაწყვეტილება, რომ იმ ადგილზე შეეცვალათ გარემოება, რის შემდეგაც გაჩნდა ცალი ფეხსაცმელი,არ არსებობს ჭურჭელზე ანაბეჭდები, რაც სრული მარაზმია, როგორ  ჟვანიამ და უსუპოვმა არა, მაგრამ ვიღაცამ ხომ  დადო, ჭურჭელი თავისით ხომ არ მივიდოდა  მაგიდაზე? მე არ მაქვს საკმარისი საფუძველი, რომ ვამტკიცო ოფიციალური ვერსიის საპირისპირო. მე, რომელმაც ამდენჯერ ვამხილე სააკაშვილი, მერაბიშვილი, ადეიშვილი, საშინელ მკვლელობებში, მათ სისტემას სადისტური ვუწოდე დასაბუთებულად, არ მაქვს იმის საფუძველი, რომ ვთქვა,  ეს არის მკვლელობა, თუმცა მაქვს საფუძველი ვამტკიცო, რომ მათი მხრიდან მოხდა ფაქტის  მასშტაბური ფალსიფიცირება.


– და დავიჯერო ვერ გათვალეს ამდენი რამ?

– დამიჯერეთ. ისეთი ისტერიკული ვითარება იყო მაშინ კანცელარიის შენობაში, სასწრაფოდ იმოქმედეს და შექმნეს ეს ჩიხი, რაც უკვე დიდი დანაშაულია. გარდაიცვალა პრემიერი და უსუპოვი, წარმოვიდგინოთ, რომ სააკაშვილის და მაშინდელი გამოძიების ვერსია არის მართალი და გაიგუდნენ გაზით, 500კაცი გაიგუდა გაზით საქართველოში და ეს არ იყო დაუჯერებელი, მაგრამ მაშინ კრიმინალისტებმა უნდა იმუშაონ ადგილზე, არაფრისთვის ხელის ხლება არ შეიძლება, იმიტომ, რომ უბედურ შემთხვევასაც უნდა შესწავლა და დამტკიცება. დილით კობა ხარშილაძემ შეაღწია კანცელარიაში, პირდაპირ პრემიერის კაბინეტში, სეიფები გააღო და წაიღო რაღაცეები, ხარშილაძე დაკავების ნაცვლად დაწინაურდა. ვაცხადებ, რომ დაცვის წევრი ვერასდროს გაბედავდა აეღო გარდაცვლილი პრემიერის გასაღები, შეეღწია მასთან კაბინეტში და გაეღო სეიფი პირდაპირი ბრძანების გარეშე. მაშინდელმა ხელისუფლებამ  ამის გამო დააწინაურა და ახლანდელმა  სულ სხვა ბრალდებით დააკავა.


– კი მაგრამ თუ ეს უბედური შემთხვევა იყო, მაშინ რაში დასჭირდათ ფაქტების ფალსიფიცირება ადგილზე?

– სააკაშვილი და სხვები მიანიშნებენ, რომ მათ ეს დელიკატური ვითარების დასაფარად დასჭირდათ. გაიხსენეთ ბარამიძის განცხადება, სწრაფად დაასრულოს პროკურატურამ გამოძიება, დადოს და გაასაჯაროოს საბოლოო დასკვნა და თუ პროკურატურა იტყვის ტყუილს, მე ვიტყვი სიმართლესო. დღეს კი ჩივის ბარამიძე, რომ არ იბარებენ პროკურატურაში. არ იბარებენ ადამიანს, რომელმაც პირველმა ნახა რაც იქ მოხდა. გუშინ ნაცისტური რეჟიმის ნარჩენებმა  განაცხადს ნდობის ჯგუფი შეიქმნასო, ამით ქმნიან, განწყობას, თითქოს რაც იქ მოხდა, მოხდა საუკეთესო სურვილებით. მე არ ვიცი კეთილი ზრახვები იყო თუ ბოროტი, ფაქტია, რომ დანაშაული დანაშაულად რჩება.


– სააკაშვილი ასე არ ფიქრობს, მისი მინიშნებებით „ღრმა დეტალების“ ბრალია რომ ვერა და ვერ გაიხსნა პრემიერის გარდაცვალების საქმე.

 

– ირიბად ამ სიტუაციას ქმნიან, რაღაც დელიკატურ  დეტალებზე რომ საუბრობენ, მაგრამ  მამუკა არეშიძემ შესანიშნავად აღნიშნა, ვთქვათ არსებობს ეს დეტალები, მერე, რა? ეს უნდა იყოს იმის დაბრკოლება, რომ ერმა გაიგოს პრემიერის გარდაცვალების ყველა გარემოება? მე ამ საკითხსაც ვსვამ, თუნდაც ყოფილიყო პირადი ცხოვრების ამსახველი დელიკატური დეტალები.  ჯანსუღ ღვინჯილიას  ცნობილი სიტყვები მახსენდება: უკიდეგანო პროვინციალიზმის ზღვა დადგა ჩემში, ჩქეფს და გადმოდის.

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016