reportiori.ge - ირაკლი ოქრუაშვილი: ღორის ტილი ფეხზე დავისვი და თავზე ამაცოცდა
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 03:47
ინტერვიუ
ირაკლი ოქრუაშვილი: ღორის ტილი ფეხზე დავისვი და თავზე ამაცოცდა
ავტორი:
21 აპრილი, 2014. 17:34



ხანგრძლივი ლოდინის შემდეგ „კვირის პალიტრას“ სააკაშვილის მინისტრთა კაბინეტის ყველაზე ენაძუნწი და მკაცრი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ესაუბრა. თუმცა ისიც დასძინა, ყველა კითხვაზე არ გიპასუხებთო. ოქრუაშვილის პასუხები მის ხასიათს ჰგავს, ლაკონურია და კონკრეტული, თუმცა გვქონდა სხვა კითხვებიც, რომელთაც არ უპასუხა.

 

– საზოგადოებამ იცოდა, რომ თქვენ გორის მერობისთვის ბრძოლას აპირებდით, თუმცა ბოლო დღეებში საინფორმაციო სააგენტოები წერენ, რომ გეგამ შეცვალეთ და სხვა პირი იბრძოლებს ამ რაიონში.

– მინდა დაგარწმუნოთ, რომ გეგმა არ შემიცვლია, ვაგრძელებ ბრძოლას და არჩევნებს პირველივე ტურში მოვიგებ. სასურველია, ხელისუფლებამ ღირსეულად გადაჭრას პრობლემა, რომელიც შეიძლება შემექმნას კანონმდებლობის გამო, რომლის მიხედვით, კანდიდატი ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა ცხოვრობდეს ქვეყანაში. თუ დროულად არ შეიტანენ ცვლილებას, ამ ბარიერსაც გადავლახავ. არის ამისთვის შავი ხვრელები.

 

– რატომ არის გორში გამარჯვებისთვის ბრძოლა მესამე ლიგა? არ გიფიქრიათ, რომ თქვენს განცხადებას, რომელიც „იმედის“ ეთერში გააკეთეთ, ცუდად გაიგებდა საზოგადოება და განსაკუთრებით კი გორის მოსახლეობა?

– ჩემი ნათქვამის არასწორად ფორმულირება იმ პირების დამსახურებაა, რომელთაც ჩემი ავტორიტეტის შელახვა სურთ. გორელებს არწმუნებენ, თითქოს გორი და მისი მოსახლეობა მესამე ლიგად მიმაჩნია. მე ეს ვთქვი არჩევნებზე, იმ ხალხსა და რესურსებზე, რომლებიც ჩემი კონკურენტები იქნებიან. დიახ, ვთქვი და ახლა შეცვლილი ფორმით გავიმეორებ – გორში არჩევნებში მონაწილეობა ჩემთვის მესამე კი არა, მეხუთე ლიგაა. მეორე მხარეს დგას სრულიად უსახური ხალხი, მათი აზროვნება ჯერაც ვერ გასცდენია თურქულ სერიალებს. ვგულისხმობ მოქმედი და წინა ხელისუფლების კანდიდატებს. პრობლემა ის არის, რომ ამ წლების განმავლობაში რეგიონში ვერ ჩამოყალიბდა ადგილობრივი პოლიტიკური ელიტა, სამწუხაროდ, მედროვეები მიდიან და მოდიან.

 

– გადაჭარბებით ხომ არ აფასებთ თქვენს ძალას?

– ჩემს კანდიდატურას ხალხს არ შევთავაზებდი, ამ ქალაქის მაჯისცემას რომ არ ვგრძნობდე. ყველაზე მეტი შანსი ჩვენ გვაქვს, მათ ჯერ კანდიდატებიც არ ჰყავთ გამოკვეთილი. მაისის დასაწყისში კონკრეტულ დაპირებაზე ვისაუბრებთ, რაც დღემდე ამომრჩეველს არ მოუსმენია.

 

– საქართველოში დაბრუნების შემდეგ ახალი მთავრობა სამართლებრივად აღარ გდევნით, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, არც პოლიტიკური პატიმრის სტატუსის მიღების პატივი გერგოთ.

– სურვილიც არ მქონია, რომ იმ სიაში ზოგიერთი პირის გვერდით მეც ვყოფილიყავი. კარგი საქმე გამიკეთეს ამით, რადგან ვიღაცის წყალობაზე არ ვიყავი დამოკიდებული და მომეცა საშუალება ჩემი უდანაშაულობა სასამართლოში დამემტკიცებინა.

 

– თვლით, რომ ხელისუფლებას ზოგიერთისთვის პოლიტპატიმრის სტატუსი არ უნდა მიეცა?

– ბევრის ბიოგრაფია არ შეესაბამება პოლიტპატიმრის სტატუსს. თუმცა არც მაინტერესებს, ვინ რას წარმოადგენდა და რა წყალობა მიიღო.

 

– როცა წინა ხელისუფლებამ დაგაპატიმრათ, ამას მხნედ შეხვდით, მოგვიანებით კი აღიარებითი ჩვენება მიეცით. რამ აიძულა ერთ დროს პირველ ძალოვანის, სწრაფად გამტყდარიყო?

– ეს იყო არჩევანი ცუდსა და უარესს შორის, მე არჩევანი გავაკეთე ცუდის სასარგებლოდ...

 

– ერთხელ ტელევიზიით ბრძანეთ, რომ ჟვანია მოკლეს, მოგვიანებით კი უარყავით. რა იყო ამის მიზეზი?

– რაც არ უნდა ვიმკითხაოთ, საბოლოო სიტყვა მაინც პროკურორს ეკუთვნის. რა მნიშვნელობა აქვს, რა ვთქვი ადრე? მაშინ ცალ კარში მოთამაშე ვიყავი, ახლა კი სხვა ვითარებაა. ზურას ოჯახმაც ხომ სთხოვა საზოგადოებას, თავი დაანებონ ამ საკითხით სპეკულირებას. გამოძიების წარმართვა ვარაუდების დონეზე, რომ პრემიერს ვიღაცამ საფერფლე თუ ტყვია ესროლა, საქმეს ნათელს არ მოჰფენს. კიტოვანი რომ გაგვიხდება მთავარი ექსპერტი, აი ეს არის პრობლემა.

 

– თქვენ დაგიპირისპირდათ შიდა ქართლის ყოფილი გუბერნატორი ქარელი, რომელმაც თავის დროზე თქვენთან მეგობრობისთვის სააკაშვილის რისხვაც დაიმსახურა.

– ღორის ტილი ფეხზე დავისვი და თავზე ამაცოცდა. ეს არის ჩემი კომენტარი.

 

– რა გახდა იმის მიზეზი, რომ თქვენი გუნდი სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაგეკიდათ?

– მათი იმიჯი! როგორ კოტრდებოდა ეს ყველაფერი, შიგნიდან კარგად ჩანდა. სანამ გუნდიდან წავიდოდი, ვთქვი, რომ ძალიან ცუდად დაამთავრებდნენ და გადავწყვიტე, მათი თამაშის მონაწილე აღარ ვყოფილიყავი. ჩემი წამოსვლის შემდეგ, რაკი დავინახე, რომ იგივე გრძელდებოდა და ჩუმად ყოფნა არ გამოვიდოდა, გადავწყვიტე, პოლიტიკური ბრძოლა დამეწყო. ჩემი გუნდში ყოფნისას ციხეში 12 ათასი პატიმარი იყო, ბოლოს კი, იგოეთში რომ ეკლესია იყო და მძღოლები ხალხს ფულს უყრიდნენ, იმ ხალხსაც იჭერდნენ და 27 ათას კაცამდე ავიდნენ.

 

– რა როლს ასრულებდით აფრასიძეების სპეცოპერაციის საქმეში?

– ვინმემ მნახა ან მანდ, ან გლდანის ეკლესიის დანგრევის დროს? სადაც არ ვიყავი, ესე იგი, იმ სპეცოპერაციას არ ვეთანხმებოდი.

 

– 2008 წელს ომმა სწორედ ის რეგიონი დააზარალა, რომლის ცენტრალურ ქალაქშიც თქვენ აპირებთ თვითმმართველობის არჩევნების მოგებას. იმ დროს სწორი იყო ხელისუფლების პოზიცია?

– პრობლემა ის არის, რომ მუდმივად ვცემთ პასუხს გარედან თავსმოხვეულ კითხვას, ვინ დაიწყო ომი და გვავიწყდება მთავარი, ვინ გარბოდა მაგ დროს საქართველოდან. „ნაციონალები“ ამბობენ,რომ კი არ გარბოდნენ, მეორე დღეს ქვეყანაში შემოვიდნენ. ისმის კითხვა: სად მიდიოდნენ და ორი დღე სად იმალებოდნენ, რას აკეთებდნენ? ეს ხალხი გაიქცა, გაიტანა ყველაფერი და როცა სააკაშვილი აკივლდა, სანამ მე არ გეტყვით, როდის გაიქცეთ, მანამ ფეხი არ მოიცვალოთო, უკან დაბრუნდნენ. აი, ეს იყო სინამდვილე. რაც შეეხება ომის დაწყებას, თუ საქართველოს იმიჯისთვის საჭიროა იმის მტკიცება, რომ ომი რუსეთმა დაიწყო, უნდა ვთქვათ, რომ რუსეთმა დაიწყო. გარდა ამისა, ჩვენს ტერიტორიაზე ნებისმიერი ოპერაციის ჩატარება ჩვენი სუვერენული უფლებაა.

 

– რუსეთი გაღიზიანდა, როდესაც ფეკალური მასების გამსაღებლად მოიხსენიეთ ეს ერი.

– მთავარი ის კი არ არის, მე რა ვთქვი, მთავარია, ჩვენი დამოკიდებულება რუსების მიმართ. ილუზიებმა არ უნდა გვკვებოს, რომ თითქოს ისინი ჩვენი მეგობრები არიან. რუსეთი ნებით არაფერს დაგვიბრუნებს. უნდა ვეძებოთ გამოსავალი იმაში, რომ გავძლიერდეთ და მხოლოდ ვიღაცის აღშფოთება-შეშფოთებაზე არ ვიყოთ დამოკიდებული.

 


უტა ბიწაძე

 

გაზეთი „კვირის პალიტრა“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016