წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე) გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის დამტკიცების შემთხვევაში, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე დღის წინ ერთი მოსმენით მიიღო, სასულიერო პირებს ქადაგება აეკრძალება.
„ანტიდისკრიმინაციული კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში, სასულიერო პირებს ქადაგება აგვეკრძალება. თუ ვიქადაგებთ, რომ მამათმავლობა, გარყვნილება და ცოდვაა, ამის გამო შეიძლება პასუხი მოგვთხოვონ, რადგან ეს იმ ადამიანების დისკრიმინაციაში ჩაგვეთვლება, რომლებიც ამ ცოდვას სჩადიან. მიუხედავად იმისა, რომ, ერთ-ერთი მუხლის თანახმად, ამ კანონის არც ერთი ნორმა ან მისი განმარტება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის არსებულ შეთანხმებას, ანუ კონკორდატს, ამ მუხლსაც სჭირდება განმარტება, ვინაიდან იქვე არის მეხუთე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომელსაც აკლია ყველაზე მთავარი ფორმულირება. მკაფიოდ მითითებულია, რომ ამ კანონის არც ერთი დებულება არ შეიძლება განიმარტოს ისე, რომ ეწინააღმდეგებოდეს ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ რომელიმე სხვა უფლებას. ეს არის პირდაპირ გადმოკოპირებული ევროპული კონვენცია, რომელშიც უგულვებელყოფილია ყველაზე მთავარი - საქართველოს სახელმწიფოს კონსტიტუცია.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ქვეყნებში ეს კანონპროექტი მუშაობს, არ ნიშნავს, რომ ევროპელებს ძალიან მოსწონთ ეს ყველაფერი. უფრო მეტიც, ევროპაში სასულიერო პირები უკვე გამოდიან და დაუფარავად აცხადებენ, რომ ამ კანონის საფუძველზე, მათ, ფაქტობრივად, ქადაგება აუკრძალეს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, დაპატიმრება ემუქრებათ. იგივე მოხდება საქართველოშიც", - აცხადებს ის.
(მოამზადა ლილუ მიროტაძემ)