reportiori.ge - „ქართლის ცხოვრება“ ინგლისურ ენაზე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:59
პრეს-დაიჯესტი
„ქართლის ცხოვრება“ ინგლისურ ენაზე
ავტორი:
25 აპრილი, 2014. 17:28

ქართულ კულტურულ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა ძველი ქართული საისტორიო წერილობითი ძეგლის „ქართლის ცხოვრების" ინგლისურ ენაზე გამოცემა (გამომცემლობა „არტანუჯი). ცნობილია, რომ 2008 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ ეს ძეგლი ქართულ და რუსულ ენებზე გამოსცა. სწორედ ეს, ახალი, 2008 წლის გამოცემები იქცა ინგლისური თარგმანის საფუძვლად. ალბათ, ზედმეტია ლაპარაკი ახალი ინგლისური გამოცემის მნიშვნელობაზე. პირველად საქართველოს ისტორიაში მსოფლიო საზოგადოებას საშუალება მიეცა, სრულყოფილი სახით გაეცნოს (ცალკეული ფრაგმენტები ადრეც არსებობდა ევროპულ ენებზე) უპირველეს ქართულ წერილობით წყაროს „ქართლის ცხოვრებას". ამაზე მოთხოვნაც საკმაოდ დიდია და, ვფიქრობთ, ახალი გამოცემა არა მარტო უცხოელ ქართველოლოგ მეცნიერებაში, არამედ მთელ სამეცნიერო საზოგადოებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.


თარგმანი შეასრულეს ცნობილმა ანგლისტებმა: ირინე ჭანტურიამ („მატიანე ქართლისა"), დიმიტრი გამყრელიძემ (ლეონტი მროველის თხზულება, ვახტანგ გორგასლის ცხოვრება, „ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი", „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", ბასილი ეზოსმოძღვრის „ცხოვრება მეფეთ-მფისა თამარისი", „ასწლოვანი მატიანე") და მედეა აბაშიძემ (არჩილი წამება, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანე, სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატიონთა"). ინგლისური ტექსტის რედაქტირება ეკუთვნის ცნობილ ამერიკელ პროფესორს (წარმოშობით ინგლისელს,), ქართველოლოგს (ქართული ენის შესანიშნავ მცოდნეს), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრს სტივენ ჯონსს.


რა შეიძლება ითქვას ზოგადად „ქართლის ცხოვრებისა", და კერძოდ ამ გამოცემის შესახებ. ქვეყნის თავგადასავლის, მისი ისტორიის სრულყოფილი წარმოჩენა ძირითადად წერილობითი წყაროებით არის შესაძლებელი. ქართული ისტორიული ხასიათის თხზულებები ახალი წელთაღრიცხვის V საუკუნიდან მოგვეპოვება. ქართული საისტორიო მწერლობის ბრწყინვალე ძეგლი, საისტორიო თხზულებათა კრებული „ქართლის ცხოვრება" საქართველოს ისტორიის ერთადერთი გაბმული წერილობითი წყარო და, ამასთან, ქვეყნის ოფიციალური ისტორიაა. „სახარება", „ვეფხისტყაოსანი" და „ქართლის ცხოვრება" იყო შუა საუკუნეების საქართველოს სახელმწიფოს იდეურ-პოლიტიკური საყრდენი. „ქართლის ცხოვრება" ძველთაგან „პატიოსან" და „წმინდა წიგნად" იყო მიჩნეული და „ვეფხისტყაოსანთან" ერთად პატარძლებს მზითვებში ატანდნენ.


„ქართლის ცხოვრებაში" სხვადასხვა ავტორის ისტორიული თხზულებანი ქრონოლოგიური თანამიმდევრობით არის შეტანილი, რაც ერთიანი ისტორიის სურათის წარმოჩენის საშუალებას იძლევა. „ქართლის ცხოვრების" მნიშვნელობა იზრდება იმით, რომ მასში უშუალოდ საქართველოსა და ქართველების ისტორიის გარდა მოცემულია ცნობები სხვადასხვა ქვეყნისა და ხალხის (სომხების, აზერბაიჯანელების, ოსების, ყაბარდოელების, ლეკებისა და დაღესტნის სხვა ხალხების, ბერძნების, რომაელების, სპარსელების, არაბების, ბიზანტიელების, ოსმალების, მონღოლებისა და სხვა.) წარსულის შესახებ.


„ქართლის ცხოვრების" შესწავლას დიდი ამაგი დასდო ვახტანგ VI-მ (1675-1737 წწ.), რომლის მიერ შექმნილმა „სწავლულ კაცთა" ჯგუფმა (კომისიამ) მნიშვნელოვანი შრომა გასწია. მათ შეძლებისდაგვარად დაადგინეს ტექსტი, მოახდინეს მისი რედაქტირება და შევსება-გაგრძელება. „ქართლის ცხოვრების" ნუსხები XVII ს-ის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის დასაწყისში არაერთგზის გადაიწერა (უპირატესად, ვახტანგისეული რედაქციისა), რის შედეგადაც ჩვენამდე მოღწეულია ოცამდე ხელნაწერი. 1849 წელს აკადემიკოს მარი ბროსეს მიერ მომზადებული „ქართლის ცხოვრება" გამოსცა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ. მეცნიერმა ეს წიგნი ფრანგულად მის ხელთ არსებული XVIII საუკუნის სამი ხელნაწერის მიხედვით თარგმნა,


„ქართლის ცხოვრების" შემდგომი კვლევა კვლავ გრძელდებოდა XIX-XX საუკუნეებში. აღმოჩნდა ვახტანგისეული რედაქციის  ახალი ნუსხები და, რაც მთავარია, XV-XVII საუკუნეების, ე.ი. ვახტანგამდელი ხუთი ხელნაწერი. ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა დიმიტრი ბაქრაძემ 1884 წელს აღმოაჩინა XVII საუკუნის „ქტართლის ცხოვრების" მარიამ დედოფლისეული (ქართლის მეფის, როსტომის მეუღლის) ნუსხის პირი (ხელნაწერის დედანი 1633-1646 წლებში უნდა ყოფილიყო გადაწერილი, ხოლო პირი XVIII ს-ის 30-იანი წლებისაა), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა 1906 წელს გამოაქვეყნა. ხელნაწერი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (შ-30). 1913 წელს ივანე ჯავახიშვილმა სოფელ ლამისყანაში, ა. ჯამბაკურ-ორბელიანის სახლში აღმოაჩინა ხელნაწერი, რომელიც ცნობილია „ანასეულის" სახელით, რადგან მის ანდერძში ნათქვამია, რომ იგი გადაიწერა კახთა მეფის ალექსანდრეს (1476-1511 წწ.) მეუღლის, დედოფალ ანას ბრძანებით. ხელნაწერი, რომელიც 1942 წ. გამოსცა სიმონ ყაუხჩიშვილმა, ანა დედოფლისეული ნუსხის გვიანდელ პირს წარმოადგენს (XVII ს.), დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Q-795). 1923 წელს ივანე ჯავახიშვილმა აღმოაჩინა და შეისწავლა „ქართლის ცხოვრების" ის ხელნაწერი, რომელიც დღეს „ჭალაშვილისეულის" სახელით არის ცნობილი (Q-207). ხელნაწერი ორი ნაწილისგან შედგება. ძველი ტექსტი XVII საუკუნის დასაწყისისაა. ხელნაწერის დაკლებული და დაკარგული ნაწილები (დასაწყისი და ბოლო) ერაჯ ჭალაშვილს გადაუწერია ვახტანგისეული რედაქციის ნუსხიდან (1731 წ.). „მაჩაბლისეული" ნუსხა ს. ყაუხჩიშვილმა შეისწავლა (1942 წ.). იგი გიორგი მაჩაბელს გადაუწერია 1736 წელს. მას ხელში ჩავარდნია მეფე არჩილის ნაქონი „ქართლის ცხოვრება". ხელნაწერის ნაკლული ადგილები გადამწერს თავსა და ბოლოში შეუვსია „ქართლის ცხოვრების" სხვა ხელნაწერის მიხედვით (როგორც დადგინდა, ეს ყოფილა ჭალაშვილისეული ნუსხა). ხელნაწერი ინახება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (H-2135). 1959 წელს აკაკი კლიმიაშვილმა ზემო იმერეთში, ოლღა მაჭავარიანის ოჯახში აღმოაჩინა „ქართლის ცხოვრების" ნუსხა, გადაწერილი 1697 წელს. ანდერძის მიხედვით, მისი დედანი ყოფილა მცხეთაში, სვეტიცხოველში დაცული ხელნაწერი. სავარაუდოდ, სწორედ ეს ხელნაწერია ნახსენები 1546 წლის მცხეთურ გუჯარში. ნუსხის ანდერძი გვაუწყებს, რომ ხელნაწერის შემკვეთი ნიკოლოზ სამებელი სამების ეპისკოპოსი იყო (სამების ტაძარი გარე კახეთშია სოფელ უჯარმის მახლობლად). იგი ერთადერთია „ქართლის ცხოვრების" ვახტანგამდელი რედაქციის ხელნაწერებს შორის, რომელიც ნუსხურით არის გადაწერილი. დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (Q-1219).


„ქართლის ცხოვრების" ზემომოყვანილი ხუთივე ნუსხა „ძველი ციკლის" თხზულებებს შეიცავს. XVIII საუკუნეებში, როგორც ზემოთაც აღინიშნა, ვახტანგ VI-ის თაოსნობით, სხვადასხვა ნუსხაზე დაყრდნობით შესწორდა და შეივსო „ქართლის ცხოვრება" და დაიწერა მისი გაგრძელება - „ახალი ქართლის ცხოვრება". გარდა ამ ნაშრომისა, „ქართლის ცხოვრების" „ახალი ციკლის" პირობითად მიჩნეული თხზულებები ვახუშტი ბაგრატიონისა (ს. ყაუხჩიშვილმა მისი შრომა „ქართლის ცხოვრების" IV ტომში მოაქცია), სეხნია ჩხეიძისა, პაპუნა ორბელიანისა, ომან ხერხეულიძისა (ვახუშტის შრომასთან ერთად) 1854 წ. „ქართლის ცხოვრების" II წიგნის სახით პეტერბურგში გამოსცა დავით ჩუბინაშვილმა.


ივანე ჯავახიშვილმა დაასაბუთა, რომ „ქართლის ცხოვრება" თავისი პირვანდელი სახით XI-XII სს-შია შედგენილი. პირველად „ქართლის ცხოვრებაში" შეიტანეს ის მასალა, რომელშიც საქართველოს ისტორია უძველესი დროიდან VIII საუკუნემდე იყო მოცემული. უფრო გვიან სხვადასხვა დროს დაემატა ჯერ VIII-XII საუკუნეების, შემდეგ კი XIII-XIV საუკუნეთა ისტორია. სწორედ ესენია ე.წ. „ძველი ციკლის" თხზულებები.


1955-59 წლებში აკადემიკოსმა სიმონ ყაუხჩიშვილმა გამოსცა იმ დროს ცნობილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით კრიტიკულად დადგენილი „ქართლის ცხოვრების" ტექსტი. ამ პუბლიკაციამ დიდი როლი შეასრულა როგორც საერთოდ საქართველოს ისტორიის კვლევის საქმეში, ასევე საკუთრივ ძეგლის ტექსტოლოგიურ-წყაროთმცოდნეობით შესწავლაში. უკანასკნელ ორმოცდაათწლეულში „ქართლის ცხოვრება", როგორც საქართველოს ისტორიის უპირველესი წყარო, კვლავ მეცნიერთა ყურადღების ცენტრშია.  დაიწერა არაერთი სპეციალური გამოკვლევა საქართველოში და საზღვარგარეთაც. გამოიცა ძველი „ქართლის ცხოვრება", რომელიც, გამომცემელთა თქმით, განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრეებისათვის. უცხცოურ ენებზე ითარგმნა „ქართლის ცხოვრებაში" შესული ცალკეული თხზულებანი (რუსულ ენაზე - ვლ. ახვლედიანი, გ. წულაია, მზ. შანიძე, მ. ლორთქიფანიძე, კ. კეკელიძე, ვ. დონდუა და სხვ.), ფრანგულ ენაზე - მ. ბროსე, გერმანულ ენაზე - გ. პეჩი და ინგლისურ ენაზე - ა. ჭანტურია, კ. ვივიენი. „ქართლის ცხოვრების" XII საუკუნის სომხური თარგმანი გამოსცა ილ. აბულაძემ 1953 წ. ამასთან, როგორც აღინიშნა, აღმოჩნდა ვახტანგ VI-ის წინადროინდელი, ე.წ. „ძველი ციკლის" დათარიღებული (1697 წ.) ნუსხურად შესრულებული ხელნაწერი. ყოველივე ამან, განსაკუთრებით „ქართლის ცხოვრებისადმი" მეცნიერული ინტერესის ზრდამ, ამ უნიკალური ძეგლის კრიტიკულად დადგენილი ტექსტის ახალი გამოცემის აუცილებლობა შექმნა. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქართველოს ისტორიის წყაროების კომისიამ ამ მიმართულებით მუშაობა გასული საუკუნის მიწურულს დაიწყო. „ქართლის ცხოვრების" ტექსტოლოგიურ კვლევასა და ტექსტის კრიტიკულ დადგენაში მონაწილეობდნენ კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტისა და ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერები - ისტორიკოსები და ფილოლოგები.


ახალი ქართული გამოცემის (2008 წლის) საფუძვლად აღებულია „ქართლის ცხოვრების" „ძველი ციკლის" თხზულებათა შემცველი ნუსხები (მარიამ დედოფლისეული, ანა დედოფლისეული, ჭალაშვილისეული, მაჩაბლისეული, კლიმიაშვილისეული - პირობითად „მცხეთური"), განსაკუთრებულ შემთხვევებში კი გათვალისწინებულია ვახტანგ VI-ისა და მისი მომდევნო ხანის მოღვაწეთა შრომაც. ტექსტის დადგენისას მხედველობაშია მიღებული ყველა ტექსტუალური ვარიანტი, რომელსაც შინაარსეული მნიშვნელობა აქვს, ასევე - კონიექტურები, რომლებიც ამა თუ იმ ადგილის შესახებ იყო გამოთქმული სამეცნიერო ლიტერატურაში. ასეთი მუშაობის შედეგად წინამდებარე გამოცემის ტექსტი ხშირ შემთხვევაში საგრძნობლად განსხვავდება წინა გამოცემებისგან. „ქართლის ცხოვრების" 2008 წლის პუბლიკაციამ ქართველოლოგ მკვლევართა საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ამის დასტურია თუნდაც ცნობილი სომეხი ქართველოლოგის პ. მურადიანის წერილი: „პატივცემულო ბატონო როინ! უღრმესი მადლობა „ქართლის ცხოვრების" ახალი გამოცემისთვის. რამდენიმე გვერდი შევადარე ბ-ნი სიმონის გამოცემასთან და შევნიშნე არსებული განსხვავება.


მიხარია, რომ ეს ახალი რედაქცია შედგენილია თქვენი რედაქტორობითა და ხელმძღვანელობით. როგორც ჩანს, დროა შევუდგეთ ახალ სომხურ თარგმანსა და ძველი თარგმანის ახალ გამოცემას. ახალ წარმატებებს გისურვებთ. პ. მურადიანი".


„ქართლის ცხოვრების" ინგლისური გამოცემა ქართველ მეცნიერთა მნიშვნელოვანი წარმატებაა. ამასთან, აქ ჩანს ის კეთილი დამოკიდებულებები, რაც უცხოელ მეცნიერებთან გვაქვს და თვით წიგნიც ერთობლივი საქმიანობის ნათელი მაგალითია.


საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი

როინ მეტრეველი

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო"

25. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016