reportiori.ge - „ნაციონალი“ მინისტრები აღარ არიან, თორემ დანარჩენი „ნაცზონდერების შპანა“ სრულადაა შენარჩუნებული“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:08
ინტერვიუ
„ნაციონალი“ მინისტრები აღარ არიან, თორემ დანარჩენი „ნაცზონდერების შპანა“ სრულადაა შენარჩუნებული“
ავტორი:
27 აპრილი, 2014. 11:17

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსიც" მიიღებს მოანწილეობას, რომლის საარჩევნო სიის პირველ ხუთეულში, შესაძლოა, ცოტნე გამსახურდია აღმოჩნდეს.

გაზეთი „პრემიერი" ცოტნე გამსახურდიას ესაუბრა, რომელიც საარჩევნო სიის შედგენის პროცესში მონაწილეობს, როგორც უპარტიო, თუმცა, ამ დროისთვის საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.


- საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგიღია, თუმცა, საარჩევნო პროცესში მონაწილეობა უკვე ადასტურებს, რომ პოლიტიკისადმი შენი დამოკიდებულება შეგიცვლია. რამ დაგაპირობა დამოკიდებულების შეცვლა?

- ცხოვრების მანძილზე არაერთხელ ვყოფილვარ პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრში. ამის მიუხედავად, დღემდე შეგნებულად ვარიდებდი თავს ოფიციალურ პოლიტიკურ საქმიანობას, თუმცა, ჯერ კიდევ 2004 წლიდან დღემდე მრავალი შემოთავაზება მქონდა. მიმძიმს პიროვნული თავისუფლების, ინდივიდუალური აზროვნების დაკარგვა; ძალაუფლებისკენ ლტოლვა ხომ საერთოდ მენტალურ შხამად, ავადმყოფობად მიმაჩნია, ისევე, როგორც სიხარბე, ნარკომანია, სიძულვილი ან სხვა მისთანანი. დასამალი არაფერია, ადრე ჩემი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, შინაგანი პროტესტის გრძნობით იყო გამოწვეული, როგორც პროტესტი საზოგადოების რიგით წევრისა ავტორიტარიზმის, სისასტიკის, „ვარდისფერი ფაშიზმის" წინააღმდეგ. სასჯელაღსრულების სისტემაში, როდესაც ჯალათებთან, სისტემასთან ბრძოლამ პოლიტიკური სახე და მოგვიანებით, ზოგადნაციონალური მასშტაბი მიიღო, არასოდეს არაფერზე მქონია პრეტენზია, უბრალო ადამიანობის გარდა და ამაში იყო, ალბათ, ჩემი ძალაც.


- თავად ამბობ, რომ შენს წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებათაგან ერთ-ერთი მთავარი ჯაშუშობა, თაროზე შემოდეს და სხვა ბრალდებით გაგასამართლეს. ახლა სწორედ იმ პირებთან ერთად აპირებ არჩევნებში მონაწილეობას, ვინც პატიმრების რეალური მდგომარეობის გასაჯაროებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. როგორ მოხდა თქვენი დაახლოება?

- გარკვეული პერიოდის წინათ, „პატრიოტთა ალიანსმა" - დავით თარხან-მოურავმა და სოსო მანჯავიძემ მათთან ერთად ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა შემომთავაზეს. მათთან ადამიანური და საქმიანი, საზოგადოებრივი ურთიერთობა მაკავშირებს. ღმერთია მოწამე, ადვილი არ არის გადაწყვეტილების მიღება, ჩამოთვლილ ფაქტორთა გამო. მეორე მხრივ, მინდა უკეთ შევძლო იმის კეთება, რაც დღემდე მოკრძალებულად მიკეთებია.


- ფიქრობთ, რომ ეს ის გუნდია, რომელიც არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭირო შედეგებს აჩვენებს?

- არა, ახლა გადაწყვეტილების მიღების ფაზაში ვარ, მაგრამ ადამიანმა რაღაც იმ მოტივით უნდა გათვალოს, მიაღწევს თუ არა მიზანს, ანუ მოვხვდები თუ არა საკრებულოში? თქვენ გგონიათ, რომ ასეთი შიშველი პრაგმატიზმით ვაზროვნებ და ამას ვანაცვალებ ჩემს ცხოვრებას, პრინციპებს, აზრებს? მერწმუნეთ, იქ მოხვედრის მარტივი გზა არსებობს, მაგრამ მე ჩემი შეხედულებები, ჩემი აზრი და პრინციპები მაქვს, „ნაციონალურ მოძრაობაში" რომ არ გავწევრიანდებოდი, ამას მგონი, ახსნა არ სჭირდება, რატომ არ მოვხვდი „ქართული ოცნების" გუნდში, ამასაც თავისი მიზეზები აქვს.


- სახელისუფლებო გუნდში ბევრი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" სახელისუფლებო ბერკეტებისგან ჩამოშორება არასაპარლამენტიო ოპოზიციური ძალების გაძლიერებაზეა დამოკიდებული. თქვენ ეთანხმებით, რომ ასეთი რამ პრაქტიკულად შესაძლებელია?

- ვისზეც მესაუბრებით, ამ ადამიანებს დიდი ხანია ვიცნობ. ბევრი რამ ვიცი მათი საქმიანობის შესახებ. არ მინდა კონკრეტიკასა და ნეგატივზე საუბარი, მაგრამ ასევე ვიცი კარგიც, რაც მათ გაუკეთებიათ თუნდაც დემოკრატიზაციისთვის, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. როგორც იტყვიან, წაგება და მოგება ძმები არიან, მაგრამ პოლიტიკა ბაზარი არ არის და საქართველოში რომ ბაზრად აღიქვამენ, ამიტომ ცხოვრობს ხალხი ამ ქვეყანაში ისე, როგორც ცხოვრობს. სინამდვილეში არსებობს რაღაც ფასეულობები და პრინციპები. ვერ ვიტყვი, რომ ამ სახელისუფლებო პოტენციურ გუნდში ყველას ყველაფერში ვეთანხმები, მაგრამ გარკვეული სიმპათიები და თანხვედრა ნამდვილად მაქვს. ტოტალურად რომ ყველას ყველაფერში ვეთანხმებოდე, კომუნისტური პარტია ხომ არ არის, მით უმეტეს, რომ მე დამოუკიდებელი კანდიდატი ვარ.


- ბოლო კვლევის შედეგების მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის" მხარდაჭერის მაჩვენებელი 7 %-მდე შემცირდა. ხომ არ ფიქრობთ, რომ ადგილობრივ პოლიტიკურ ძალთა გადანაწილება, შესაძლოა, არასაპარლამენტო გაერთიანებების სასარგებლოდ შეიცვალოს?

- მე ისეთი კვლევა ჯერ არ მინახავს, ნდობას რომ იმსახურებდეს, სხვა საკითხია, რომ ვიღაცას სურს, ასე იყოს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. ალბათ, იმასაც იტყვიან, თუკი „ნაციონალური მოძრაობის" რეიტინგი 7%-ია, დანარჩენი 93% „ქართული ოცნების" მხარდამჭერიაო, რაც ასევე დაუჯერებელია.


- ასეთი რამ არც თავად სახელისუფლებო გუნდის მხრიდან თქმულა. პირიქით, აღიარებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნამდვილი მხარდამჭერების სოლიდური ნაწილი დაკარგა. იქნებ ამიტომაც მიანიშნებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა", როგორც ხელისუფლების ერთადერთი ოპოზიციური პარტია, სწორედ არასაპარლამენტო ოპოზიციის დასამარცხებელია?

- არაერთხელ მითქვამს, რომ ამ პარტიამ შექმნა 40 ათასი მაკომპრომეტირებელი ფაილი, წამებისა და რაადამიანური მოპყრობის უამრავი კადრი, და ეს ვერ მოხდებოდა პოლიტიკური ნების გარეშე. როგორ წარმოგიდგენიათ, სისტემა, რომელიც ამ ყველაფერს ქმნიდა, მკაცრად ცენტრალიზებული სახელისუფლებო ვერტიკალის ორი უწყება ათიათასობით ადამიანზე ძალადობას ახორციელბედა ისე, რომ ეს ვინმემ არ იცოდა? დავანებოთ თავი ყველანაირ ანალიზს და ვიკითხოთ, რა მორალური უფლება აქვს სახელმწიფოს, ასეთი მიდგომებით ისაუბროს. გასაგებია, რომ იგივე ხელისუფლებიდან მოყოლებული გვამადლიან შუქს და მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, რომელიც შევარდნაძის პერიოდთან შედარებით, მართლა გვაქვს, მაგრამ რა გირჩევნიათ, ოჯახის წევრებს, მეგობრებს  ჯურღმულებში სცემდნენ, აუპატიურებდნენ, ხოცავდნენ და ამ დროს მოპრიალებულ გზებზე დადიოდეთ, თვქენთვის მისაღებია? მეორეც - გაითვალისწინეთ, რომ მათ ეს ყველაფერი თავისი ჯიბიდან არ მოუტანიათ, „ნაციონალური მოძრაობის" დიდი უმრავლესობა ხელისუფლებაში „ცალი კალოშით" მოვიდა. არ ვეხები კონკრეტულ პიროვნებებს, მაგრამ ამ ყველაფრის შემდეგ, როგორ შეიძლება საღ ჭკუაზე მყოფმა ადამიანმა ამ პარტიას, როგორც ინსტიტუციას, ხმა მისცეს.


- სწორედ ამ პოზიციაზეა „ქართული ოცნება", რომელსაც იმედი აქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას" საზოგადოება მხარს არ დაუჭერს, მაგრამ რას აკეთებს თავად ხელისუფლება, რომელიც სამართლიანობის აღდგენის ლოზუნგით იგივე საზოგადოებამ მოიყვანა? არ ფიქრობთ, რომ არჩეულმა ხელისუფლებამ თავი ვერ გაართვა ვერც საზოგადოების დაკვეთას და ვერც იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ქვეყანა რეალურად დგას?

- გეთანხმებით, რომ თავი ვერ გაათრვა. ამის მიუხედავად, აღარ არსებობს ის ბოროტება და ნეგატივი, რაც ჩვენს ქვეყანაში იყო გამეფებული, მაგრამ პოზიტიურად ამ დროის განმავლობაში, რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება ახალი ხელისუფლების მხრიდან ვერ დავინახეთ. სამართლიანობა აღდგა მხოლოდ ხელისუფლებასთან დაახლოებული რამდენიმე პირისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, ეს „ღია საიდუმლოა" და დაკონკრეტებას ნუ მომთხოვთ. დღეს ჩემი მეგობრები მუშაობენ სახელისუფლებო სტრუქტურებში და დამერწმუნეთ, „ნაციონალი" მინისტრები აღარ არიან, თორემ დანარჩენი ყველაფერი, „ნაცზონდერების შპანა" სრულად შენარჩუნებულია და თუ დღეს ვინმე იჩაგრება სახელმწიფო სტრუქტურებში ისევ და ისევ „ქართული ოცნების", ან მათი მოყვანილი ახალი სახეები არიან. არც ჩანს საშველი, რომ ამ ყველაფერს წერტილი დაესვას. არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ ადამიანები განისაჯონ არა ინტრიგების ცოდნით, კავშირების არსებობისა და მარიფათიანობით, არამედ საკუთარი პროფესიონალიზმითა და კომპეტენციით. ფაქტობრივად, არაფერი არ შეცვლილა ეკონომიკაში, ერთ ადგილას დგომის მდგომარეობაში ვართ და მისი გაუმჯობესების სურვილიც არ ჩანს. არ ვიცი, რა სჭირს ხელისუფლებას, მაგრამ იქ ბევრი მეგობარი მყავს, რომელკთა შეხედულებებსაც მე არ ვიზიარებ. სამწუხაროდ, ხელისუფლება ცდილობს, სტატუს კვო შეინარჩუნოს ყველა მიმართულებით და ეს არის  ისეთი ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის.


- შენი დღევანდელი ჯანმრთელობის მდგომარეობა აქტიური ცხოვრების საშუალებას გაძლევს?

- ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრების პასიური რეჟიმი მაქვს, პირიქით, როგორც ვახერხებ, ვმუშაობ. რაც ციხიდან გამოვედი, შეძლებისდაგვარად ვესწრები სხვადასხვა ღონისძიებას, კონფერენციებს, რომლებიც იმართება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ეძღვნება პოლიტიკური პატიმრების, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილ, ან სხვა საინტერესო თემებს. სამწუხაროდ, ღონისძიებებზე ბოლომდე დარჩენას ვერ ვახერხებ, დიდხანს დგომა ძალიან მიჭრს.


- იმის გარდა, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი ხარ, შენი სახელი ხმაურიან ინციდენტებსაც უკავშირდება, რაც ცნობადობის თვალსაზრისით, შენი დამსახურებაა. ახლა რით ჰგავხარ, ან არ ჰგავხარ იმ ცოტნე გამსახურდიას, თუნდაც 2007 წლამდე რომ იყო?

- ყველაფერი იცვლება ამ სამყაროში. არავინ თქვას, რომ ის ისეთივეა, როგორიც იყო თუნდაც ერთი წლის წინათ. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს გარემო. მე ამ ქალაქში პირველად ვგრძნობ თავს უსაფრთხოდ. რაც შეეხება იმას, რომ არასასიამოვნო ინციდენტებში ვხვდებოდი, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება მიწევს გამკლავება ისეთ ვითარებებთან, როცა სახელმწიფოს სახელით, თუ კერძო ინტერესით მოქმედი პირები ცდილობდნენ ჩემს დაჩაგვრას, იმიტომ, რომ ხელისუფლებასთან ვიყავი დაპირისპირებული. ვიღაცებს წარმოედგინათ, რომ არსებულ სისტემაში ვიღაცებისთვის სიამოვნება ასე უნდა მიენიჭებინათ. მახსოვს, ისეთი პერიოდიც იყო, როცა სისტემასთან დაპირისპირებული არ ვყოფილვარ, მაგრამ მომყვებოდა სახელი-გვარი, წარმომავლობა და, შესაბამისად, ვიღაცებს უჩნდებოდათ სურვილი, ჩემთვის ზიანი მოეყენებინათ. მეც ვცდილობდი, რომ არავისთვის დამეჩაგვრინებინა თავი. ის რომ გახსენდებათ, ვიღაცას მოგერიების დროს რომ ცხვირი გავუტეხე, ისიც გაიხსენეთ, რამდენი პროვოკაცია იყო ჩემი მისამართით: მამა მომიკლეს, სახლ-კარი გამიძარცვეს, 200 ნაკერი მადევს ტანზე - ვინმემ ამისთვის ვინმეს მოჰკითხა პასუხი?! ცხოვრების ნახევარი, თითქმის ოცი წელიწადი, მართტომ გავატარე, ჩემი თავი მე თვითონ გავზარდე. უამრავი კომპლექსის, ფობიის დაძლევა მომიხდა ამ წლებში.


- რა ფობიებზე ამბობ?

- მაგალითად, მქონდა შიში მარტო დარჩენის, ჩვეული ადამიანური ურთიერთობების დანგრევის. კულტურულ-ისტორიულ-რელიგიური გარემო და აღზრდა სულ სხვა წარმოდგენებს გვიყალიბებს და გვახვევს თავს, რეალური ცხოვრება კი, აბსოლუტურად სხვანაირია. მეც ვუყურებდი სამყაროს კლიშეებით მანამ, სანამ ისინი ნგრევას დაიწყებდნენ. ჩემთვის თითქმის ყველაფერი საბოლოოდ დაინგრა გლდანის ციხეში, დაინგრა ის, რაც კონსერვატიულ ღირებულებებს უკავშირდებოდა. მივხვდი, რომ ეს კლიშეები არ მუშაობს. დავინახე,როგორ იქცევა ტიპური, „საშუალო სტატისტიკური" ქართველი კაცი.


- სოციალურ ქსელში ხშირად მხვდება შენი შეხედულებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. მეც ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არ ჰგავხარ „საშუალო სტატისტიკურ" ქართველ მამაკაცს. არადა, პოლიტიკასაც თავისი კლიშეები აქვს, რომლის ატანა მეტ-ნაკლებად ყველას უწევს. როგორ წარმოგიდგენია საკუთარი თავი იმ საქმეში, სადაც შენი შეხედულებების რეალიზებას აპირებ?

- ქართული პოლიტიკა რომ არც სანთოების სახლია და არც კეთილშობილ ქალწულთა პანსიონი, ყველამ კარგად ვიცით. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, დროა, დამთავრდეს ძალადობრივი ატმოსფერო, ერთმანეთის შეურაცხყოფა (საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო), სიცრუისა და ცილისწამების ნიაღვარი, რითაც ტრადიციულად ხასიათდება ჩვენი წინასაარჩევნო გარემო. არც ის მინდა, ბანალური ვიყო და არც ველოსიპედის მოგონებას ვაპირებ. დღეს საზოგადოება საკმაოდ მომწიფებულია იმისთვის, რომ წინასაარჩევნოდ გარკვეულ მარტივ პრინციპებსა და წესებზე შევთანხმდეთ. ჩემი მოკლე ჭკუით, მინდა ეს პრიპციპები ჩამოვაყალიბო და შევთავაზო საკუთარ თავს, გუნდის წევრებსა და ყველა პოლიტიკურ სუბექტს:


1) არა - სიძულვილის ენას!


მე პირადად ვიცნობ მერობის თუ საკრებულოს წევრობის კანდიდატთა უმრავლესობას ან მათი ოჯახის წევრებს და არაერთ მათგანთან მაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა. ჩვენი დაპირისპირება უნდა იყოს კონსტრუქციული, საქმიანი და დაე, ისე არ გავიხადოთ საქმე, რომ ხვალ ან წლების შემდეგ ერთმანეთს სირცხვილისგან თვალებში ვერ შევხედოთ! არ ღირს ამად ხელისუფლება...


2) არა - ცილისწამებას!


ცილისმწამებელი არა მხოლოდ მოწინააღმდეგეს, არამედ საზოგადოებას აყენებს შეურაცხყოფას, ვინაიდან ამ გვარად მათ გაბითურებას ცდილობს. როგორც წესი, ასეთ ადამიანს არგუმენტები არ გააჩნია და მხოლოდ ტალახის სროლით ცდილობს, გავიდეს ფონს. ამავე დროს, ზემოხსენებული „სიძულვილის ენა" თუ კონფლიქტური სიტუაციები ყველაზე ხშირად სწორედ ცილისმწამებლურ, უზნეო ფორმატში წარმოიშვება ხოლმ ე.


3) არა - დაუნახაობას!

 

გავამახვილოთ ყურადღება, მივმართოთ კრიტიკა ხარვეზებსა თუ ნეგატივზე, მაგარმ ვეცადოთ, არ დავივიწყოთ ერთმანეთის კარგი. აბსოლუტურად ცუდი, ბოროტი ადამიანები არ არსებობენ.


მგონი, სავსებით შესაძლებელია ამ ყველაფრის პრაქტიკულად რეალიზება. გვახსოვდეს, რომ არაფერი გაგვაჩნია ადამიანობაზე, უბრალოებაზე ძვირფასი! მე პირადად არაფერი მიღირს საკუთარი თავის დაკარგვად.




ხათუნა ხატიაშვილი

გაზეთი „პრემიერი"

26. 04. 2014 წ.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016