სტალინის უფროსი შვილი - იაკობ ჯუღაშვილი გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკ ზაკსენჰაუზენში 1943 წელს მოკლეს, როცა ის მორიგეს არ დაემორჩილა და თავად დაუყვირა მას "ისროლე!". ამას მოწმობს გასაიდუმლოებული დოკუმენტების არქივი, - განაცხადა РИА Новости-თან საუბრისას ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატმა, რუსეთის გენერალური შტაბის სამხედრო ინსტიტუტის თანამშრომელმა მიხაილ ზუევმა.
აქამდე იაკობ ჯუღაშვილის სიკვდილის ორი ვერსია იყო ცნობილი. ერთის მიხედვით, ის ბრძოლაში მოკვდა, ხოლო მეორე ვერსიით, გერმანელების ტყვეობაში.
"ახლა ხელმისაწვდომია დოკუმენტები, რომელიც ამ საკითხს ნათელს მოფენს. გერმანიაში ტყვედჩავარდნილი უფროსი ლეიტენანტის იაკობ იოსების ძე ჯუღაშვილის დაკითხვის პროტოკოლის მიხედვით, ის 1941 წლის 16 ივნისს ლიასნოვოს რაიონში ჩავარდა ტყვედ, მაშინ როცა 14 სატანკო დივიზიაში იმყოფებოდა", - აღნიშნა ზუევმა.
ისტორიკოსის თქმით, დოკუმენტების მიხედვით, ჯუღაშვილი 1942 წლის ივლისამდე ქალაქ გომელსბურგის ბანაკში იმყოფებოდა, შემდეგ კი საკოცენტრაციო ბანაკ ზაკსენჰაუზენში გადაიყვანეს.
"არქივში შენახულია საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ივან სეროვის დეტალური ანგარიში შინაგან საქმეთა მინისტრ კრუგლოვისადმი, რომელიც 1946 წლის 14 სექტემბრით თარიღდება. მასში ნათქვამია, რომ საკონცენტრაციო ბანაკ ზაკსენჰაუზენის კომენდანტისა და მორიგის დაკითხვის საფუძველზე დადგინდა, რომ 1943 წლის მარტში ჯუღაშვილი საკონცენტრაციო ბანკში იქნა გადაყვანილი და იქ იყო განსაკუთრებულ А ბანაკში", - აცხადებს ზუევი.
ისტორიკოსი აცხადებს, რომ დოკუმენტების მიხედვით, ჯუღაშვილი მარტო ჰყავდათ ჩაკეტილი, ბანაკის ადმინისტრაციას შეურაცხყოფას აყენებდა და არავისთან საუბრობდა. 1943 წლის დასასრულს იაკობ ჯუღაშვილი სასეირნოდ ყაზარმიდან გაიყვანეს, მან მოულოდნელად უარი თქვა უკან დაბრუნებაზე და ნეიტრალურ ბილიკს გაუყვა.
" იაკობმა შეაგინა მორიგეს, საყელო მოქაჩა და ჯარისკაცს დაუყვირა: "ისროლეთ!". მორიგემ მას თავში ესროლა და ჯუღაშვილი მოკლა", - ჰყვება ისტორიკოსი.
(მოამზადა ანა ნოდიამ)
(წყარო: geonews.ge)