ჟურნალ „რეიტინგთან“ ინტერვიუში, მუსიკათმცოდნე, გადაცემა „შუადღის“ ერთ-ერთი წამყვანი მარინა ბერიძე აცხადებს, რომ როდესაც ერთ-ერთ შოუში ანრი ჯოხაძემ ნინი წიკლაურს უთხრა, კარგია 60 წელს გადაცილებული პროდუსერების რჩევებს რომ აღარ ითვალისწინებთო, ყველა მიხვდა, რომ მომღერალმა ის იგულისხმა.
„ყველა მიხვდა და მეც მივხვდი. ანრი ძალიან კარგი მომღერალია. თავადაც კარგად ვარ განწყობილი და მისი ცუდი დამოკიდებულებაც არასდროს მიგრძვნია, მაგრამ ამ საქციელს შემიძლია დავარქვა არაკაცური. ქალს, გინდა 60 წელს გადაცილებულს, შეურაცხყოფა არ უნდა მიაყენო. მერე შეიძლება თქვას, მარინა არ მიგულისხმიაო, მაგრამ კოლმეურნეობის თავმჯდომარესავით გამოუვიდა. არ მიპაუსხია მისთვის, რადგან, ეს ანრის პრობლემაა, რომ ასაკზე გააკეთა აქცენტი. ცუდ სიტყვას გამოვიყენებ - ანრიმ „გაიგულავა“, რადგან დღეს მოდურია მარინა ბერიძის ლანძღვა. ეტყობა, ამ ჟიურიში ფამილიარობის ისეთი აღზევებაა, რომელსაც ვერ ვიგებ. ნინი წიკლაურის პროდუსერი საერთოდ არ ვყოფილვარ. ნატო მეტონიძის, ეკა მამალაძის პროდუსერი ვყოფილვარ, ნუკრი კაპანაძისაც ვიყავი. ნუ ვაწყენინებთ ერთმანეთს, თორემ ძალიან მწარე ენა მაქვს“, -აცხადებს ბერიძე.