reportiori.ge - დეკანოზ დავით ლასურაშვილი: მოსალოდნელ საფრთხეებზე თვითონ ჰომოსექსუალები გვიყვებიან თავიანთ მანიფესტში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 11:00
პრეს-დაიჯესტი
დეკანოზ დავით ლასურაშვილი: მოსალოდნელ საფრთხეებზე თვითონ ჰომოსექსუალები გვიყვებიან თავიანთ მანიფესტში
ავტორი:
05 მაისი, 2014. 18:23



მიუხედავად პატრიარქის და სრულიად საქართველოს ეკლესიის თხოვნისა, რომ განხილვა გარკვეული დროით გადადებულიყო, პარლამენტმა ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონი“ ჯიუტად დაამტკიცა. შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, კანონი ეკლესიისთვის  კვლავ მიუღებელია. უფრო მეტიც, საპატრიარქოს განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ის იურისტებისა და ფსიქოლოგების მხრიდან კიდევ უფრო სერიოზულ შესწავლას საჭიროებს.

 

დეკანოზი დავით ლასურაშვილი, სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი:

 – როგორც ჩანს, 17 მაისამდე იმიტომ უნდა მომხდარიყო ამ კანონის მიღება, რომ უპრობლემოდ გაასამართლონ ის ადამიანები, ვინც 17 მაისს, რუსთაველზე აღლუმის ჩასატარებლად გამოსულ სექსუალურ უმცირესობებს წინააღმდეგობას გაუწევს. მადლობა ღმერთს, მილიონობით ადამიანს აწუხებს ეს საკითხი, შესაბამისად, ხალხი გამოვა და თავის უფლებებს დაიცავს!

 

– მამაო დავით, თქვენ უმრავლესობის წარმომადგენლებს მიმართეთ – ბიძინა ივანიშვილის თითის დაქნევაზე ყველაფრის კეთება და ფულეს მოთხოვნათა შესრულება გმირობა არ არისო...

– კულუარული ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა თავისი პარტიის წარმომადგენლები დატუქსა, რათა კანონი, რაც შეიძლება სწრაფად მიღებულიყო და არავის გაებედა მისი ჩაგდება.

 

– მამაო დავით, პირადად თქვენ რა საფრთხეს ხედავთ ამ კანონში?

– მოსალოდნელ საფრთხეებზე თვითონ ჰომოსექსუალები გვიყვებიან თავიანთ მანიფესტში. კარგი იქნება, თუ ამ მანიფესტს, ამ არასასურველი შინაარსის ტექსტს ფართო საზოგადოებას გაცნობთ. ისინი პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა მოვიდნენ ყველა დონეზე, მათ შორის, ხელისუფლებაში. უფრო მეტიც, ისინი გვაფრთხილებენ – შესაძლოა, თქვენს გვერდითაც ვზივართ, ჩვენ თქვენს ვაჟიშვილებს მოვეფერებით და იმაზე მეტ სიყვარულს დავანახვებთ, ვიდრე ქალბატონები!

წინასწარ რაიმე კონკრეტულს ვერ გეტყვით. მე პირადად, გამიჭირდება ლოცვებში იმ ადამიანების მოხსენიება, ვინც ამ კანონს ხელი მოაწერა.

 

 

მამა ნიკოლოზ ჩხიკვაძე, სოფელ დიღმის წმინად მარინეს ეკლესიის მოძღვარი:

– ვაფრთხილებდით ხელისუფლებას, რომ ამ კანონის მიღებით საქართველოში სოდომ-გომორის ცოდვის დაკანონება მოხდებოდა და ვერც შესაბამის სასჯელს გავექცეოდით. სამწუხაროდ, მათ ჩვენი შეგონება არ გაითვალისწინეს. სამწუხაროა, რომ პარლამენტმა უგულებელყო ჩვენი უწმინდესის თხოვნა, რომ კანონპროექტის განხილვა გარკვეული დროით გადადებულიყო და ყველაფერი გააკეთეს შტეფან ფულეს მითითების უმოკლეს დროში დასამტკიცებლად. შტეფან ფულე რამდენიმე ხნის წინათ შეხვდა პატრიარქს და უთხრა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ საქართველოსგან ერთსექსიანთა ქორწინების და მსგავსი გარყვნილების დაკანონებას არავინ მოითხოვდა. არადა, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტში პირდაპირ ეწერა, რომ ამას ჩვენგან ევროპა მოითხოვს. სამარცხვინოა, რომ ვიღაც ფულეს ჩვენი პატრიარქის მოტყუების უფლებას ვაძლევთ და მისი სიტყვა ქართველი პარლამენტარებისთვის პატრიარქის თხოვნაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს, სწორედ ეს დაამტკიცა ჩვენმა პარლამენტმა.

აშკარაა ის ძალაც, რომელიც ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენი ქვეყანა რაც შეიძლება მალე ამ ცოდვის თანაზიარი გამხდარიყო. ამ უზნეობის დაკანონებას ხელს უწყობდნენ რესპუბლიკური პარტია და ბიძინა ივანიშვილი. ამას პირდაპირ ვაცხადებ! თუ ასე არ არის, მაშინ გამოვიდეს ბატონი ბიძინა და თქვას, რომ ის ამ კანონს ეწინააღმდეგებოდა.

 

– კანონის დამტკიცებამდე მასში ცვლილებები შეიტანეს. თუმცა, ცნობილი გახდა საპატრიარქოს პოზიცია, რომ მისთვის არც ეს ვარიანტია მისაღები.

– ჩვენ ყველანაირად ვცდილობდით, რომ ხელისუფლებისთვის ამ ცოდვის ჩადენა როგორმე აგვერიდებინა. მაგრამ ეკლესიის შეგონება არ გაიზიარეს. პატრიარქის თხოვნა უგულებელყვეს, რასაც ყოველთვის აკეთებდა ნაციონალურიმოძრაობა.

ამიტომ დღევანდელი ხელისუფლება სწორედ მისი წინამორბედის ხვედრს გაიზიარებს. მე მათ ეს ვუთხარი, როდესაც ადამიაის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დავტოვეთ!

 

 

დეკანოზი დავით ისაკაძე, სოფელ დიღმის წმინდა მარინეს სახელობის ეკლესიის წინამძღვარი:

– პირველ რიგში, მინდა, გულისტკივილით აღვნიშნო, რომ დღევანდელი ხელისუფლებისგან ამას ნამდვილად არ ველოდი. ხალხმა მათ მხარი დაუჭირა იმ იმედით, ისინი გახდებოდნენ შემაკავებელი ყველა იმ სიბინძურის, რომლის დამკვიდრებასაც ნაციონალები ცდილობდნენ. სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ესენიც იმავე გზას აგრძელებენ.

რეალობა ასეთია – დაკანონდა უმძიმესი ცოდვა, რომელსაც სოდომ-გომორის ცოდვა ჰქვია. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს ჩვენი ერის ზნეობრივ და ფიზიკურ განადგურებას. საქართველოს პარლამენტმა მიიღო სექსუალური უმცირესობების დასაცავი ანტიდისკრიმინაციული კანონო და დისკრიმინაცია გაუკეთა საკუთარი მოქალაქეების უმრავლესობას და ეკლესიას, რომელსაც აღარაფერს ეკითხება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ ესმის, რა ძალა დგას ამ კანონის უკან და, საერთოდ, იმ პროცესების უკან, რაც დღეს საქართველოში ხდება.

 

– რა ძალა დგას, მამაო?

– ეშმაკი და მისი მსახურნი! ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რესპუბლიკელები და ნაციონალური მოძრაობა. როდესაც კანონს ნაციონალი ან რესპუბლიკელი უკრავს ტაშს, შეუძლებელია, ის საქართველოსთვის საშიში არ იყოს.

ხომ ძალიან მარტივია იმის მიხვედრა, რომ ნაციონალი და რესპუბლიკელი საქართველოსთვის კარგს არაფერს გააკეთებენ?

 

– ხელისუფლება ამბობს, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონო არავითარ შემთხვევაში არ გამოიწვევს შემდგომში ერთსექსიანთა ქორწინების დაკანონებას.

– ეს არის საზოგადოების მოტყუების მორიგი მცდელობა. თუ ჩვენ ამ ანტიდისკრიმინაციული კანონით ჰომოსექსუალიზმს ვაღიარებთ, ამის შემდეგ, ისინი, უფლებამინიჭებულნი, აუცილებლად მოითხოვენ ერთმანეთზე დაქორწინებასაც და წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოში იჩივლებენ, რომ ხდება მათი დისკრიმინაცია. პირდაპირ ვაცხადებ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებით, საქართველოში ერთსექსიანთა ქორწინებაც დაკანონდა!

სამღვდელოების უდიდეს ნაწილში და საზოგადოების უმრავლესობაში მომწიფებული იყო აზრი, რომ თუ ამ კანონს მიიღებდნენ, წმინდა სინოდის წინაშე დავაყენებდით იმ ადამიანების განკანონების საკითხს, ვინც მას ხელს მოაწერდა. მამათმავლობა არის უმძიმესი ცოდვა და ჩვენ, სამღვდელოებას, ამ ცოდვის დამკანონებელთა მიმართ ასეთი სასჯელის დაკისრების სრული უფლება გვაქვს!

 

 

 

მოამზადა ნონა ბენდელიანმა

 

გაზეთი „ასავალ დასავალი“


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016