reportiori.ge - ნანა კაკაბაძე: „მატერიალური კეთილდღეობისთვის მოქადაგის“ გზა დისიდენტობიდან ადამიანის უფლებების დაცვამდე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:15
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ნანა კაკაბაძე: „მატერიალური კეთილდღეობისთვის მოქადაგის“ გზა დისიდენტობიდან ადამიანის უფლებების დაცვამდე
ავტორი:
06 მაისი, 2014. 00:06



მიუხედავად ოჯახის წევრებისა და ნათესავების წინააღმდეგობისა,  ნანა კაკაბაძემ 18 წლის ასაკში გადაწყვიტა, საკუთარი წვლილი შეეტანა ქვეყნის ბედის შეცვლაში და თანამოაზრეებიც მალე იპოვა – თამრიკო ჩხეიძე, მარინე კოშკაძე, მარიკა ბაღდავაძე.  ნანა ამ პერიოდში სწავლობდა პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულტეტზე და ცდილობდა, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი, მათ შორის სტუდენტი ჩაება ეროვნულ მოძრაობაში საქართველოს დამოუკიდებლობისა და საბჭოთა იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ასევე ადამიანის უფლებების დასაცავად.

 

„დედა ექიმი იყო, მამა – გეოლოგი. ყველანაირი პირობა მქონდა, რომ მშიდად, უზრუნველად მეცხოვრა“– იხსენებს ნანა კაკაბაძე – „მახსოვს, ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, როდესაც პროკლამაციებს ჩუმად ვარიგებდი. მანამდე გოგონების ჯგუფი შევიკრიბეთ, რომლებსაც ერთნაირი შეხედულებები გვქონდა, ვეწეოდით ე.წ. „არაფორმალურ იატაკქვეშა საქმიანობას“ (პროკლამაციების, ე.წ. თვითგამოცემის გავრცელება და ა.შ). ამავე დროს უფრო ღია დისიდენტურ მოძრაობაშიც ვმონაწილეობდით – ვადგენდით პეტიციებს, ვაგროვებდით მასზე ხელმოწერებს, მოვითხოვდით პოლიტპატიმრების განთავისუფლებას, ქართული ენის სტატუსის დაცვას და ა.შ.  კარგად მქონდა გაცნობიერებული, რომ ეს არ იყო მარტივი საქმე, მაგრამ საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალა, რომელიც აუცილებლად ქვეყნის კეთილდღეობისთვის უნდა გამომეყენებინა. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გვქონდა ურთიერთობა სხვადასხვა უცხოურ ორგანიზაციებთან, რომლებსაც საბჭოთა რეჟიმზე ინფორმაციას ვაწვდიდით, ერთსულოვნები ვიყავით, ყველას ერთი მიზანი გვაერთიანებდა – დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველო“.

 

დღეს საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის ნანა კაკაბაძე პატიმრების „დედად“ აღიქმება, თავად მისი ყოფილი პატიმრობის შესახებ კი უმეტესობამ არაფერი იცის. საქართველოს საბჭოთა ხელისუფლებამ იგი თანამოაზრეებთან ერთად 1983 წელს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გაასამართლა და თავისუფლების სამი წლით აღკვეთა მიუსაჯა. პირველი კურსის სტუდენტს თავი ჯერ ფსიქიატრიულში ეგონა, რადგან იმ პერიოდში აღნიშნულ მეთოდს საბჭოთა ხელისუფლება დისიდენტთა წინააღმდეგ აქტიურად იყენებდა. ამასთან, სწორედ მათი მცირე ჯგუფის საშუალებით გახდა საზოგადოებისთვის ცნობილი ქართველი ჟურნალისტის – ნაზი შამანაურის ისტორიის შესახებ, რომელიც იმდროინდელ მანკიერ მოვლენებს, სხვებისაგან განსხვავებით, თამამად ამხელდა. ჟურნალისტი  ჯერ ფსიქიატრიულში გამოკეტეს, შემდეგ კი ნაცემ–ნაწამები მეცხრე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში მოათავსეს. ამ საქმის გახმაურებისას ნაზი უკვე დაღუპული იყო და ეროვნული მოძრაობის ჩარევით მხოლოდ მასთან ერთად ფსიქიატრიულში გამომწყვდეული მისი დედის – სარას დახსნაღა მოხერხდა.

 სამწლიან პატიმრობამდე  ნანა არაერთხელ იყო დაკავებული, ხოლო ერთხელ  – პირობით მსჯავრდებული.  არაერთ აქციაში მონაწილეობდა, მათ შორის, მაგალითად,  14 აპრილის 2 წლისთავის აღნიშნვაში. ახალგაზრდების ჯგუფს მისი აქტიური მონაწილეობით ამ დღის აღნიშნვა სურდა, როგორც  საქართველოსთვის ლოცვის დღის, რასაც ხელისუფალთა გააფთრებული წინაარმდეგობა და მცხეთის მიდამოების გადაკეტვა მოყვა, მაგრამ ახალგაზრდების საკმაოდ დიდმა ჯგუფმა მაინც შეძლო სვეტიცხოვლამდე მიღწევა. შემდეგ იყო გადასახლება თელავში ბრეჟნევის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით  საქართველოს გასაბჭოების 60 წლისთავის აღსანიშნავად, რადგანაც ნანა და მისი მეგობრები სულ სხვანაირად – პროტესტით და ეროვნული მოთხოვნების წამოყენებით აპირებდნენ ამ დრის აღნიშნვას.

 

„ამ ყველაფერს ახლა რომ ვიხსენებ, მეცინება. 19 წლის ასაკში არც გადასახლებას შევუშინებივარ და არც პირობით პატიმრობას, მაგრამ გაცილებით მძიმე გამოდგა, როცა 1983 წელს პატიმრობა მომისაჯეს. ერთ ხანს არანაირი კომუნიკაცია არ მქონდა ოჯახის წევრებთან, იმასაც კი ვუშვებდი, რომ ეს იყო ჩემი ცხოვრების ბოლო დღეები. არ ვნანობდი, პირიქით, დღევანდელი გადასახედიდან მაოცებს ის განწყობა, რაც მაშინ მქონდა. სრულიად უცხო სამყაროში მოვხვდი, საკმაოდ მძიმე პირობებში. გარედან მხარდაჭერა მქონდა, ყველა ინფორმირებული იყო აღნიშნულის შესახებ, მაგრამ ეს არაფერს ცვლიდა. იქ მყოფი პატიმრები ძალიან დიდ პატივს მცემდნენ. ყველა ადამიანშია შესაძლებელი დადებითი მხარის დანახვა, ყველასთან სალაპარაკო გამოვნახე. იქვე ცნობილი გახდა, რომ გაციმბირებას მიპირებდნენ, ინფორმაცია მალევე გავრცელდა ციხეში. თავისუფლების სურვილი არ მასვენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა, რწმენით ვიყავი – მჯეროდა, იმ მიზანს, რისი განხორციელებისთვის ვიხდიდი სასჯელს, აუცილებლად მივაღწევდი“ – იხსენებს ნანა.

 

„გაციმბირებას“ ქართული ინტელიგენციის აქტიური ჩარევით გადაურჩა და პატიმრობის დანარჩენი ნაწილი  ორთაჭალისა და სუკ–ის ციხეებში მოიხადა.

 

პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კვლავ განაგრძო აქტიური მოღვაწეობა. მეგობრობდა ზვიად გამსახურდიასთან, მერაბ კოსტავასთან, გია ჭანტურიასთან, იმ დროს მოღვაწე ყველა პოლიტიკოსთან, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანების სურვილი არასდროს ჰქონია. მერე მათი გზები გაიყო, დისიდენტმა გადაწყვიტა, ადამიანის უფლებები დაეცვა, ჰქონდა ახლო ურთიერთობა სასულიერო პირებთან. „რომ არა ეკლესია, ალბათ, ვერაფერს გავაკეთებდი. ეს იყო ჩემთვის ყველაფერი ის, რაც მაძლიერებდა და მიბიძგებდა, მეკეთებინა ის საქმე, რომელიც გულით მინდოდა. არასდროს ვყოფილვარ მიკერძოებული, მძიმე დანაშაულის ჩამდენშიც კი დადებით მხარეს ვეძებდი, მით უმეტეს, როცა ის დანაშაულს აღიარებდა და ნანობდა. ჩემთვის პირად ურთიერთობებს არასდროს შეუშლია ხელი საქმის სამართლიანად კეთებაში. სწორედ ეს იყო, ალბათ, მიზეზი იმისა, რომ იმ ადამიანებს დავევიწყებინე, რომლებიც გარკვეული პერიოდი ჩემს გვერდში იდგნენ. მოქმედი თუ ყოფილი მინისტრებისთვისაც ბევრი რჩევა მიმიცია, ბევრიც ჩემს ხელში გაზრდილა“ – ყვება ნანა.

 

დღეს ის გულისტკივილით აღნიშნავს, რომ „პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანები ახასიათებენ, როგორც მატერიალური კეთილდღეობისთვის „მოქადაგე“ უფლებათადამცველს და მის წინააღმდეგ გამიზნულად ვრცელდება არასახარბიელო ინფორმაციები, რომლებიც საფუძველს მოკლებულია და რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს“.

 

„ჩნდება ბუნებრივი კითხვა, წლების წინ, საბჭოთა ეპოქაში, მაშინ, როდესაც საქართველო რუსეთის შემადგენელობაში იყო, 18 წლის ახალგაზრდას, რომელსაც ყველაფერი მქონდა და იმ სახლში ვცხოვრობდი, რომელიც დღეს ყვითელი პრესის განხილვის საგანია, თითქოს პოლიტპატიმრების სტატუსის მინიჭებით მოპოვებული თანხით შევიძინე, რატომ უნდა მეფიქრა მატერიალურ კეთიდღეობაზე, როცა ყველაფრით უზრუნველყოფილი იყო, ხოლო რაც მაკლდა და რისი გულისთვისაც ვიბრძოდი, ეს მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობა იყო?! ხშირად მახსენდება ხოლმე წარსული, ახლაც მინდა, გადმოვცე შინაგანი მდგომარეობა, მაგრამ შესაბამის სიტყვებს ვერ ვპოულობ. მესმის ათასგვარი ბინძური ინფორმაციები, გაგებით ვეკიდები, რადგან ენას ძვალი არა აქვს. არ მინდა, დავკონკრეტდე. მსგავსი შინაარსის მქონე ინფორმაციების გავრცელების მიზეზი კი მხოლოდ ერთია – მე ყველა ხელისუფლების ოპოზიცია ვარ, საქართველოს არ ჰყოლია ჯერ ხელისუფლება, რომელიც იმ ღირებულებებს და იდეებს მოემსახურება, რაც ქართულია და საქართველოს შეეფერება“ – აცხადებს უფლებადამცველი.

 

ნანა კაკაბაძე რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის შესახებ არაერთხელ გაჟღერებულ ბრალდებებსაც კატეგორიულად უარყოფს და ირწმუნება, რომ „კავშირი აქვს მხოლოდ რუსეთში მოღვაწე ქართველებთან, რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკას კი 18 წლიდან ებრძოდა“.

 

პაპუნა შუშანია

ახალი ამბების სააგენტო „Frontnews”  


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016