reportiori.ge - დათა ახალაიასა და ლაშა შუშანაშვილის ”გულთბილი” შეხვედრა საბერძნეთის ციხეში
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
სამშაბათი, 03 დეკემბერი, 2024. 12:21
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
დათა ახალაიასა და ლაშა შუშანაშვილის ”გულთბილი” შეხვედრა საბერძნეთის ციხეში
ავტორი:
08 მაისი, 2014. 01:34


"დათა ახალაია არსად გამოცხადებულა. შეიძლება თვითონ მოუვიდა აზრად, რაკი დამიჭირეს, თავშესაფარსაც მოვითხოვო. როცა დაიჭირეს, არც კი იცოდნენ, რომ ის საქართველოში ოდესღაც მაღალჩინოსანი იყო"


კონსტანტინო კარფია, პოლიტიკური გამოცემის რედაქტორი, 2014 წლის მარტი


"ბაჩო ახალაიას ბრალდებებს მხოლოდ ქურდები უყენებენ, რომლებსაც მასზე შურისძიება სწურიათ".


როლანდ ახალაია


2014 მარტში, საბერძნეთის საპორტო ქალაქ პატრასში, იტალიაში მიმავალ გემზე ამსვლელ ერთ-ერთ მგზავრს ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. სამართალდამცავებმა ის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს. დაკავებული აღმოჩნდა ქართველი ოთარ ურუშაძე. მას ხელთ საეჭვოდ დიდი თანხა - 10 000 დოლარი და 20 000 ევრო ჰქონდა. საქმის გარკვევამდე ოთარ ურუშაძე პატრასის ციხეში გადაიყვანეს...


ბერძენი სამართალდამცავებისთვის საქართველოს მოქალაქეების დაკავება მსგავს საქმეებზე, იშვიათობა არ არის, ამიტომაც საბერძნეთის ციხეებში მრავლად შეხვდებით ჩვენს თანამემამულეებს... თუმცა, სამართალდამცავები განცვიფრდნენ, როდესაც სალადაფონის ციხეში მიყვანილმა...ოთარ ურუშაძემ განაცხადა, რომ ის იყო დათა ახალაია, რომელსაც ინტერპოლი კარგა ხანია წითელი ცირკულიარით ეძებს... პატიმარი ციხის სასწრაფოდ დატოვებას და პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვდა.

მალე ამ უცნაური აღიარების და თხოვნის მიზეზიც გაირკვა - ციხეში კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილ უფროსს მისი დიდი ხნის მტრები, ქართველი კანონიერი ქურდები დახვდნენ ლაშა შუშანაშვილის თავკაცობით...


მოსალოდნელი ქურდული შურისძიებით შეშინებულმა ყოფილმა დიდმოხელემ თავდაცვის მიზნით გადაწყვიტა, გაერისკა და ბერძენი სამართალდამცავებისთვის საკუთარი ვინაობა გაემხილა. როგორც ბერძნული მედია ირწმუნება, ახალაიას შიში უსაფუძვლო არ ყოფილა, რადგან კანონიერმა ქურდებმა სამართალდამცვებზე ადრე შეიტყვეს პატრასის გემის მგზავრის ნამდვილი ვინაობა და ციხეში მის დასახვედრადაც მოემზადნენ - ამისთვის ორმა კრიმინალურმა ავტორიტეტმა ციხეში მოსახვედრად საგანგებოდ ჩაიდინა მსუბუქი დანაშაულიო.


ეს ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ლაშა შუშანაშვილის წყალობით, საბერძნეთში მყოფი ქართველი კანონიერი ქურდებისთვის დანაშაულის ჩაუდენლადაც ღიაა ყველა ციხის კარი.


შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა და ქურდული სამაყროს ერთ-ერთმა გავლენიანმა ფიგურამ ლაშა შუშანაშვილმა საბერძნეთის ციხეში შეხვედრამდე სხვდასხვა გზა განვლეს, თუმცა მათი გზები რამდენჯერმე გადაიკვეთა:

პატიმარმა ლაშა შუშანაშვილმა მიშა სააკაშვილის ყურადღება ჯერ კიდევ იუსტიციის მინისტრობისას მიიქცია. მაშინ მას მოახსენეს, რომ "გუბერნსკში" კანონიერმა ქურდმა 49-, .. ქურდულ საკანში ევრორემონტი გააკეთაო (მაშინ ევრორემონტი ჩვენში უცხო ხილი იყო). თბილისში ეს ამბავი დიდსა თუ პატარას პირზე ეკერა. როგორც ამბობენ, იუსტიციის მინისტრს ქურდული რემონტი არ ჰქონდა მონელებული და - მის ერთ-ერთ მოადგილეს ციხიდან ლაშა შუშანაშვილმა დაურეკა - როდემდე უნდა ვიჯდე აქ. რადგან არ გირეკავთ, არ ნიშნავს, რომ აქ ყოფნა მსიამოვნებსო(?!), - უსაყვედურა. რა თქმა უნდა, მოგვიანებით ხელისუფლებაში მოსულ მიხელ სააკაშვილს ქურდულ სამყაროსთან გამოცხადებული ომის დროს არც საზღვარგარეთს თავშეფარებული შუშანაშვილი დავიწყებია და ყველანაირი ხერხით ცდილობდა მის საქართველოში ჩამოყვანას.


2010 წელს რუსთაველი კანონიერი ქურდი გერმანულმა გამოცემამ, ავსტრიიის პოლიციის ანგარიშზე დაყრდნობით, ქართული ოპოზიციის ხელისშემწყობად და ხელისუფლების დამხობის ერთ-ერთ ორგანიზატორად გამოაცხადა. ვინაიდან საქართველოში ამ ფაქტზე ხელის მოსაჭიდი არაფერი ჰქონდათ, შუშანაშვილს ქურდული სამყაროს წევრობაში დასდეს ბრალი და ძებნაც გამოაცხადეს. ამასობაში ევროპაში რუსული (ქართული) მაფიის წინააღმდეგ ესპანელმა სამართალდამცავებმა ზედიზედ ჩაატარეს ფართომასშტაბიანი ოპერაციები. დააკავეს რამდენიმე გავლენიანი კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის ლაშა შუშანაშვილის ძმა კახა შუშანაშვილიც, თავად ლაშა "რუსთავსკი" საბერძნეთს აფარებდა თავს.


ესპანეთის ხელისუფლება დრო და დრო აცხადებდა, - შუშანაშვილის დაკავებას იმიტომ ვერ ვახერხებთ, რომ ბერძნული პოლიცია მოსყიდული ჰყავსო. 2010 წელს ესპანეთის პროკურატურამ ბერძენი კოლეგები ერთობლივი ოპერაციის ჩატარებაზე დაითანხმა. შუშანაშვილი უნდა აეყვანათ ქალაქ თესალონიკის ერთ-ერთ სასტუმროში (ვინაიდან აქ ქართველები მრავლად არიან და ქართველი კანონიერი ქურდების"შტაბბინაც" აქ არის), თუმცა პოლიციელებს კანონიერი ქურდი წასული დახვდათ. მოგვიანებით ბერძნულ მედიაში გაჟღერდა, რომ ქართული მაფიის ბოსს მოსალოდნელ დაკავებაზე ინფორმაცია 800 000 ევრო დაუჯდა.


2012 წლის 20 ივნისს ლაშა შუაშანაშვილი მაინც დააკავეს ათენის მახლობლად, ცნობილი კურორტის ფეშენებელურ სასტუმროში, პირად მცველთან ერთად. მის ექსტრადირებას დაჟინებით ითხოვდა ესპანური მხარე, სადაც მას ფულის გათეთრება და მკვლელობის ორგანიზება ედებოდა ბრალად. ესპანელებს არ ჩამორჩებოდა სააკაშვილის ხელისუფლებაც, თუმცა მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ კანონიერ ქურდთან ვაჭრობაც კი მიდიოდა - საქართველოში ექსტრადაციის სანაცვლოდ, პოლიციის მაღალჩინოსნები კანონიერ ქურდს 100 მილიონ დოლარს თხოვდნენ... ლაშა რუსთავსკიმ ქართული ციხისგან თავის დასაღწევად სულ სხვა ხერხს მიმართა: ვინაიდან იმხანად საბერძნეთის ეკონომიკა კოლაფსში იყო, ხელისუფლებას ფინანსური დახმარება შესთავაზა და ქალაქ თესალონიკში ერთი თვის პენსიები დაარიგა. როგორც საქმეში ჩახედულები აცხადებენ, ამის შემდეგ ხელისუფლებამ უარი უთხრა როგორც ესპანურ, ისე ქართულ მხარეს ქველმოქმედი პატიმრის"გადაცემაზე. კანონიერი ქურდი მეორე წელია, სასჯელს ბერძნულ ციხეში იხდის და ამბობენ, თავს ძალიან კომფორტულად გრძნობსო. თუმცა როგორც მისი გარემოცვა ირწმუნება, დათა ახალაიას ბერძნულ ციხეში გამოჩენა მისთვისაც მოულოდნელობა იყო.


2004 წელს "ვარდების რევოლუციით" ხელისუფლებაში მოსულმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულს - ქურდულ სამყაროს - სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოუცხადა და ქართველ კანონიერ ქურდებაზე ნადირობა დაიწყო. ქურდებთან ბრძოლაში განსაკუთრებით ძმები ახალაიები მარჯვობდნენ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩანა ახალაია ცდილობდა, ქურდული სამყაროსთვის ხელიდან გამოეცალა მისი უკანასკნელი ბასტიონი - ციხე-კოლონიები. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგიერთი კრიმინალური ავტორიტეტი პირად საუბარში ხშირად ამბობდა, ქურდულ სამყაროს "მხედრიონის" შემდეგ ახალაიებზე დიდი მტერი არ ჰყოლიაო.


2006 წლის 26 მარტს ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ბაჩო ახალაიას მორიგი სადამსჯელო რეიდი (როგორც გამოძიებით გაირკვა, ის სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაგეგმილი პროვოკაცია იყო) კანონიერი ქურდების - მალხაზ ზედელაშვილის, პლატონ მამარდაშვილის, ნიკოლოზ მახარაძის, კრიმინალური ავტორიტეტების - ზურაბ ვიბლიანის, გიორგი ავალიანის და ლევან ცინდელიანის ცემით დაიწყო, რასაც "გუბერნსკსა" და სხვა კოლონიებში პატიმართა ბუნტი მოჰყვა. სისხლში ჩახშობილი ციხის ბუნტის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ქურდული სამყარო ახალაიებს 26-27 მარტის პროვოკაციას, რომელიც მათ კანონიერი ქურდის (პლატონ მამარდაშვილი) ხელით მოაწყვეს, არ აპატიებდა. 2012 წლის აგვისტოში ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ, ახალაიებს ახალი მტერი გამოუჩნდათ - ჩეჩნები, რომლებიც დრო და დრო მუქარის წერილებში ახალაიებს ახსენებდნენ, რომ ლაფანყურში დახოცილი ჩეჩნების სისხლს არავის შეარჩენდნენ. პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალაიებმა საქართველო დატოვეს. მოგვიანებით ბაჩო ახალაია საქართველოში დაბრუნდა. როდესაც ახალმა ხელსიუფლებამ გადაწყვიტა ბაჩო ახალაია უამრავი ჩადენილი დანაშაულის გამო განსასჯელის სკამზე დაესვა, ქურდულმა სამყარომ მისი არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო და .. ციხის ბუნტის ბაჩო ახალაიას წინააღდეგ ექვსმა კანონიერმა ქურდმა ჩვენება მისცა.


ძმისგან განსხვავებით, დათა ახალაია საქართველოში არ დაბრუნებულა. თუმცა, შიგადაშიგ სოციალური ქსელებით ავრცელებდა წერილებს. ერთ-ერთ ასეთ წერილში ყველა უბედურების სათავედ ვანო მერაბიშვილს ასახელებდა. მაშინ აქტიურად ალაპარაკდნენ დათა ახალაიას და ახალი ხელისუფლების გარიგებაზე. მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ დათა ახალიამ განაცხადა, რომ მისი სახელით გავრცელებული წერილი სინამდვილეში მისი არ იყო და აუცილებლად დაბრუნდებოდა საქართველოში ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად, თუმცა, ამის ნაცვლად , როგორც ამბობენ, დეპრესიამოძალებული თურქეთში მეგის ქარდავასა და სოსო თოფურიძესთან ერთად... ღამის ბარებში იქცევდა თავს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო დროს მისი თურქეთში დარჩენა უსაფრთხო აღარ იყო, რადგან კავკასიის ემირატის წარმომადგნლები უთვალთვალებდნენ... ადამიანების წამებასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ბრალდებული დათა ახალაია როდის მოხვდა საბრძნეთში ან რატომ მიდიოდა იტალიაში, არავინ იცის, თუმცა მისი დაკავების ოფიციალურად გამოცხადებას (ეს 24 აპრილს მოხდა) წინ ერთი საინტერესო ფაქტი უსწრებდა: ქართულ მედიაში გაიჟღერა ინფორმაციამ, რომ 23 აპრილს საბერძნეთში იმყოფებოდა საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. არ არის გამორიცხული, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოულოდნელი ვიზიტი დათა ახალაიას დაკავებას უკავშირდებოდეს.


შსს ყოფილი მაღალჩინოსანი პოლიტიკური თავშესაფრის მოლოდინში სპეციალურ დაწესებულებაში იმყოფება. საბერძნეთშია მისი მამა, როლანდ ახალაია და ადვოკატი ირაკლი ზაქარეშვილი. არავინ იცის, რამდენად არის დაცული დაკავებული ქურდული შურისძიებისგან. საზოგადოებას კარგად ახსოვს, საბერძნეთში, საექსტრადაციო საპყრობილეში, ძველი ცოდვებისთვის"როგორ უმოწყალოდ სცემეს იუსტიციის სამინისტროს ყოფილი გენერალური ინსპექციის უფროსი დავით ჩხიტუნიძე...

 

 

ნინო ბურჭულაძე

„კვირის პალიტრა"


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016