reportiori.ge - დმიტრი იაროში: „მარჯვენა სექტორი“ უკრაინის სტაბილიზაციის ფაქტორია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:20
ინტერვიუ
დმიტრი იაროში: „მარჯვენა სექტორი“ უკრაინის სტაბილიზაციის ფაქტორია
ავტორი:
10 მაისი, 2014. 14:43


ეს ინტერვიუ ვლადიმირის ოლქის გაზეთ „კოვროვოს ნაპერწკალი"-ს რედაქტორმა ვიქტორ მაისტრენკომ ჩაიწერა. იგი ვარაუდობდა, რომ მოსკოვის რომელიმე გაზეთი ამ მასალით დაინტერესდებოდა, რადგან დმიტრი იაროში „მარჯვენა სექტორის" ლიდერი, დღეს, უკრაინაში უფრო პოპულარულია, ვიდრე სხვა ნებისმიერი პოლიტიკოსი; რუსეთში კი მასზე ათასგვარ ჭორ-მართალს ჰყვებიან.

 

რა თქმა უნდა, ჟურნალისტმა ინტერვიუს გამოქვეყნება ვერსად ვერ მოახერხა. ყველგან ერთსა და იმავეს ეუბნებოდნენ: „ახლა ამის დრო არ არის"... „ძალიან დიდი რისკია"... „კაცურად, გაგვიგე"... და ა.შ.

 

მაისტრენკო საკუთარი ხარჯით მოგზაურობს უკრაინაში და ვითარებას ადგილზე ეცნობა. ინტერვიუ აღებულია ოდესის მოვლენებამდე.


- უკრაინის ფედერალიზაციაზე რა აზრის ხართ?

 

- კარგად დააკვირდით აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე მიტინგებს, მათი რიცხვი 2-3 ათას არ აღემატება. გამოდიან რუსეთის, რაღაც არარსებული დონეცკისა თუ ხარკოვის რესპუბლიკების დროშებით და პრორუსულ ლოზუნგებს გაჰყვირიან. ძირითადი მოსახლეობა მათ მხარს არ უჭერს და სახელმწიფო პოზიცია უკავია. სოციოლოგიური გამოკითხვებიც ადასტურებს, რომ მოსახლეობის 80 % ქვეყნის ერთიანობის მომხრეა. ვციდლობთ, ამ ვითარებაში, მაქსიმალურად კორექტულად ვიმოქმედოთ. ხარკოვში ჩვენი ძალებით მოვახერხეთ და ხალხს რუსული აგრესიის შიში გავუქრეთ. ახალ მთელ ქალაქში ლურჯ-ყვითელი დროშები ფრიალებს. ამბოხის მომწყობები ახლა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებაზე მოდიან, ძალისმიერი მეთოდების გამოყენებაზე უარს ამბობენ და პოლიტიკურ კალაპოტში გადააქვთ თავისი მოთხოვნები. ღმერთმა ქნას, დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, არავინ უშლით, მაგრამ ძალისმიერ დაპირისპირებას არ დავუშვებთ და პუტინს უკრაინაში ჯარის შემოყვანის საშუალებას არ მივცემთ.


- როგორ ფიქრობთ, დასავლეთს რეალურად აღელვებს უკრაინის ბედი?

 

- ლოკალურ სამყაროში ვხედავთ, რომ დიდი სახელმწიფოების ინტერესები უკრაინის ინტერესებს ემთხვევა. „მარჯვენა სექტორი" პროდასავლური ორიენტაციის ორგანიზაცია არ გახლავთ და ვფიქრობ, არც გახდება. დიახ, გვინდა დასავლეთის ქვეყნებთან მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, თუმცა ქვეყნის შიდა საქმეებში მათი ჩარევა არ უნდა დავუშვათ, ისევე როგორც ამის უფლება არ უნდა მივცეთ რუსეთს; ჩვენ, უკრაინელები თავად დავამყარებთ წესრიგს და ვერავინ სხვა ამაში ვერ დაგვეხმარება. ჯერ კიდევ მაიდანზე ვგრძნობდით, რომ ევროპის ქვეყნები დიდად თავს არ იკლავდნენ ჩვენი გულისთვის. ყირიმის ანექსიის შემდეგ პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები დაფაცურდნენ, რადგან მიხვდნენ, რომ უკრაინის მერე მათი ჯერი დადგებოდა და ახლა აქტიურად გვიჭერენ მხარს. ომის დროს რაც უფრო მეტი მოკავშირე გეყოლება, მით უკეთესია. ჩვენ არავის არ ვესხმით თავს, ტერიტორიებს ჩვენ გვართმევენ. ამ დროს დასავლელი პოლიტიკოსების მკვეთრი გამოსვლები ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს.


- რა როლი აკისრია რუს ხალხს, რომელიც აქტიურად მხარს უჭერს პუტინს?

 

- სამწუხაროდ, რუსეთი იმპერიული აზროვნებიდან ვერ გამოვიდა, თუმცა ნაციონალურ ქვეყნად იქცა და ვხედავთ, რომ რუსების უმრავლესობა მხარს არ გვიჭერს. ნებისმიერი იმპერია ცოცხალი ორგანიზმია, სადაც პროპაგანდა დიდ როლს თამაშობს. „ტვინის რეცხვის" პოლიტიკა იმპერიულ სინდორმს აძლიერებს და საქმე იქამდე მივიდა, რომ მოძმე უკრაინელების წინააღმდეგ ფაშისტური პროპაგანდა დაიწყო და ეს ძალიან ცუდია. თუმცა, ჩვენ კარგად ვიცით სად არის კრემლი და სად რუსი ხალხი. მართალია, ტვინგარეცხილები, მაგრამ მაინც ჩვენი ძმები. მოსკოვში, პეტერბურგში და სხვა ქალაქებში უკრაინის მხარდამჭერი აქციები ჩატარდა, ე.ი. არის ჯანსაღი ნაწილიც და ჩვენ ორიენტაციას მათზე გავაკეთებთ, ვეცდებით შევინარჩუნოთ მეგობრული და ძმური ურთიერთობები.


- თქვენ ფიქრობთ, რომ რუსეთში ოპოზიცია არის?

 

-პარტიული ტიპის პოლიტიკურ ოპოზიციას ვერ ვხედავ.


- პარტიულობას  თავი რომ დავანებოთ, ხედავთ რუსეთში ისეთ ძალას, რომელიც თქვენს პატივისცემას იწვევს?


- პოლიტიკოსებს შორის ერთმნიშვნელოვნად უკრაინის მხარდამჭერებს ვერ ვხედავ, მაგრამ არიან შევჩუკი, მაკარევიჩი, ისინი უბრალოდ მუსიკოსები კი არა, მყარად ჩამოყალიბებული სამოქალაქო პოზიციის მქონე ადამიანები არიან. მე ორიენტაციას მათ მსგავს ადამიანებზე ავიღებდი და არა პოლიტიკოსებზე, რადგან „ჩეკისტურმა" სისტემამ მაინც თავისი იქნა.


- ჩვენთან „მარჯვენა სექტორს" მთავარ „მტრად" მოიაზრებენ.

როგორ გესახეათ „მარჯვენა სექტორის" მომავალი? რა უნდა გააკეთოს? როცა იქნება ომი დამთავრდება, მომავალ საზოგადოებაში თქვენს ადგილს სად ხედავთ?

 

- უკრაინაში ნაციონალური რევოლუციის აქტიური ფაზის შემდეგ, ჩვენ გადავერთეთ ბრძოლის კორექტულ-საპარლამენტო ფორმაზე და „მარჯვენა სექტორის" პარტიად გარდაქმნა დავიწყეთ; თუმცა გარეშე ფაქტორებმა არ მოგვცა იმის საშუალება, რომ მთლიანად ამაზე ვყოფილიყავით კონცენტრირებული. ახლა მთავარია ქვეყანა შევინარჩუნოთ, ამტომაც ჩვენი ძირითადი რესურსი მაქსიმალური მობილიზაციისა და ქვეყნის დამცავი სტრუქტურების ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული. კარგად გვესმის, რომ მხოლოდ იდეურად მოტივირებულ ადამიანებს შეუძლიათ რუსეთის აგრესიის შეჩერება. ომის შემდეგ, რომელიც აუცილებლად ჩვენი გამარჯვებით დასრულდება, სხვა მოცემულობა იქნება და „მარჯვენა სექტორიც" მშვიდობისა და აღმშენელობის გზას დაადგება.


- უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებს როგორ დაახასიათებთ?

 

- არიან მაიდნიდან გამოსული კანდიდატები. არიან ისეთები, რომლებიც ღიად აფიქსირებენ ქვეყნის საწინააღმდენგო პოზიციებს: ცარიოვი, დობკინი და ა.შ. ვხედავთ მათ  გამყიდველ სოციოლოგიას. „მარჯვენა სექტორი" მესამე პირების მხარდაჭერას არ აპირებს. ახლა საუბარი არ არის იმაზე, მმართველობის როგორ სისტემას შემოგვთავაზებენ კანდიდატები. ვიცით, რომ ჩვენს კანდიდატებს შეუძლიათ დიდი როლი ითამაშონ, რადგან ხალხისა და შეიარაღებული ძალების დიდი მხარდაჭერა გვაქვს. ამ ეტაპზე უმთავრესი ამოცანა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებაა. ჩვენ მოვდივართ ეროვნული თავდაცვის იდეებით, პატრიოტული ძალების კონსოლიდაციითა და შეიარაღებით უკრაინის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისა და გადარჩენის იდეით. თუმცა, ახლანდელ ხელისუფლებას გარეშე მტერზე ნაკლებად არ ეშინია ჩვენი და ეს ძალიან ცუდია.


- რას საქმიანობს ამჟამად СБУ და МВД?

 

- უსაფრთხოების სამსახური ნალივაიჩენკოს ხელმძღვანელობით, ამ დროისთვის მათ ხელთ არსებული კადრებით, მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედებს - ყველაფერს აკეთებენ სეპარატიზმისა და ტერორიზმის აღმოსაფხვრელად. წინასწარი დაკავების საკნები გადავსებულია რუსეთის აგენტებითა და ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებით. ვხედავ, რომ სწორი მიმართულებით მიდიან. ასევეა შინაგან საქმეთა სამინისტროც - ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვი კარგები არიან თუ ცუდები. იგივე სპეცსამსახურები, რომლებიც მაიდანზე გვიპირისპირდებოდნენ, ახლა უკრაინის დაცვის სადარაჯოზე დგანან და ეს მახარებს. ავაკოვის მილიცია უმოქმედოა და სამინისტროს დონეზე მიღებული ბევრი გადაწყვეტილება უმართებულოა - მათ შორის სადამსჯელო ხასიათის.


- „მარჯვენა სექტორი" ათანხმებს თავის საქმიანობას სამართალდამცავ ორგანოებთან?

 

- პირველ რიგში ჩვენს საქმიანობას ნაციონალური უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ვუთანხმებთ. ვცდილობთ კოორდინირებულად ვიმოქმედოთ. ჩვენს იდეებს ვაწვდით ამ სტრუქტურებს, აქტიურად ვთანამშრომლობთ СБУ-სთან, შეიარაღებულ ძალებთან და წარმოიდგინეთ შსს-თანაც. ამის ნათელი მაგალითია, პატრიოტებისგან შექმნილი ბატალიონი „დნეპრი", რომელიც შსს-ს შემადგენლობაშია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავთ, ბიჭები ყველაფერს აკეთებენ, რომ რეგიონში მტრის ქმედებები აღკვეთონ, აკავებენ აგენტებსა და დივერსანტებს.


- ავაკოვის ადგილზე, მასავით მოიქცეოდით?

 

- ავაკოვის ადგილზე ვერ ვიქნებოდი, ეს ჩემი თანამდებობა არ არის. იაროშისთვის მეტისმეტია, „მარჯვენა სექტორის" ლიდერისთვის კი ძალზე ცოტა.


- დიდი პოლიტიკოსებიდან ვის შეადარებდით თავს? განდი, ლეხ ვალენსა, ჰაველი?

 

- ჩვენს უკრაინულ პოლიტიკაში: სტეპან ბანდერა, რომან შუხევიჩი, იაროსლავ სტეცკო - ჩვენი ორიენტირები უცხოურს სჯობს. ჰაველმა რევოლუცია მოახდინა და სხვაგვარი სახელმწიფო ჩამოაყალიბა, მისგან შეიძლება ბევრი ვისწავლოთ. ჩვენი მეთოდოლოგიით ყველასგან კარგი უნდა შეითვისო, ტარას შევჩენკო წერდა: „სხვისი ისწავლეთ და საკუთარის არ გრცხვენოდეთ"-ო.


- როგორ ფიქრობთ, ყირიმის დაკარგვის თავიდან აცილება შეიძლებოდა?

 

- ალბათ კი. ჩვენ მუდმივი კავშირი გვქონდა ალყაში მოქცეულ სამხედრო მეთაურებთან, ალბათ საწყის ეტაპზე ქმედითი ღონისძიებები რომ გაეტარებინა რადას და მთავრობას, ტრაგედიას თავიდან ავიცილებდით. ფეოდოსიაში განლაგებულ საზღვაო ქვეითებს ნებისმიერი ამოცანის შესრულება შეეძლოთ, მაგრამ სამწუხაროდ არ იყო პოლიტიკური ნება, ხელისუფლებამ რაღაც დააკლო. უკრაინის საზღვაო ფლოტი დისკლოკაციის ადგილიდან რატომღაც არ გამოიყვანეს და ელოდნენ როდის წაართმევდნენ. ბევრი ალოგიკური ნაბიჯი გადაიდგა. უფრო აქტიურად რომ ემოქმედათ სულ სხვა შედეგი იქნებოდა.


- უმაღლესი რადა ლუსტრაციის კანონს მიიღებს?

 

- შეუძლიათ მიიღონ ეს კანონი ან რაღაც მაგის მსგავსი, მაგრამ სინამდვილეში უმაღლეს რადაში ანტისახელმწიფოებრივი ფორმირებები აქტიურად მუშაობენ: „რეგიონების პარტია" და  „კომუნისტური პარტია"  ფაქტიურად მეხუთე კოლონის როლს ასრულებენ. „მარჯვენა სექტორი" დიდი ხანია ამ პარტიების საქმიანობის აკრძალვას მოითხოვს, თუმცა ჯერჯერობით უშედეგოდ.


- როგორ ფიქრობთ, რა მოტივაცია ამოძრავებს პუტინს?

 

- მის ქმედებებს რომ ვაკვირდები, იმდენად ალოგიკურია, რომ ავადმყოფი მგონია. მეფუკას როლს თამაშობს, იმპერიის აღდგენა უნდა, მაგრამ არ ესმის რომ უკრაინელი ხალხი განსხვავებული ნაციონალური ორგანიზმია და უკრაინელები ქვეყნის ოკუპაციის უფლებას არ მივცემთ. მისი ქმედებების ალოგიკურობის მიზეზი სულიერ მდგომარეობასა და ფსიქოლოგიურ კომპლექსებში უნდა ვეძებოთ, რადგან სამწუხაროდ რუსი და უკრაინელი ხალხის ურთიერთობაზე ცუდად მოქმედებს.


- რაში ხედავთ თქვენს როლს და მისიას?

 

- უბრალოდ, კარგად უნდა ვაკეთო ჩემი საქმე. განსაკუთრებით უნდა ვეცადო, რომ ჩვენი ქვეყნის დაცვა შევძლოთ, მთელი დრო და ენერგია ახლა უნდა დავუთმოთ ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლას. როცა გავიმარჯვებთ, ავაშენებთ უკეთეს ქვეყანას და მაშინ დასვენებაც შეიძლება.


- დამოუკიდებელი ადამიანი ხართ?

 

- აბსოლუტურად. იცით ვისზე ვარ დამოკიდებული? ღმერთზე და ჩემს ხალხზე.


- რას უსურვებდით რუს ხალხს?

 

- მე ვფიქრობ რუსები უნდა წავიდნენ... (უცენზურო სიტყვების ხმარებისგან თავი შევიკავე, ვფიქრობ, ისედაც გასაგებია). ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი როგორც რუსებისთვის ისე უკრაინელებისთვის.


 

 

 

მოამზადა თამაზ ჩიქვანაიამ


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016