reportiori.ge - ვიქტორ დოლიძე:ვიქტორ დოლიძე: დღეს, აღარავინ არ ერევა მათ საქმიანობაში!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 06:33
ინტერვიუ
ვიქტორ დოლიძე:ვიქტორ დოლიძე: დღეს, აღარავინ არ ერევა მათ საქმიანობაში!
10 მაისი, 2014. 16:16


ყოფილი  ხელისუფლება თვლიდა, რომ  კარგი ელჩობა კიდევ უფრო კარგ  ჩინოვნიკობას ნიშნავდა.  რამდენიმეთვიან მინისტრებს,  მინისტრობის შემდეგ, კომპენსაციის სახით ,ელჩობას სთავაზობდნენ.   ძირითადად, მინისტრები ელჩები ხდებოდნენ, ხოლო ელჩები - მინისტრები,  ან კიდევ, ელჩები თავად გამორბოდნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან  და ოპოზიციაში მიდიოდნენ. 

 

რა  განსხვავებაა  ამჟამინდელ და ძველი ხელისუფლებისდროინდელ  ქართულ დიპლომატიურ კორპუსებს შორის,  განიცდის  თუ არა ქართული დიპლომატიური კორპუსი კადრების „შიმშილს", რამდენად ეფექტურად ასრულებენ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობას, რუსეთთან  ურთიერთობაში რამდენად ქმედითია ჩვენი დიპლომატიური კორპუსი და ითვალისწინებენ თუ არა ქართული მხარის მოსაზრებებს დასავლეთში?

 

ამ და სხვა საინტერესო თემებზე, „რეპორტიორი" საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს ვიქტორ დოლიძეს ესაუბრა:

 

-         ბატონო ვიქტორ, რა  განსხვავებას ხედავთ ამჟამინდელ და ძველი ხელისუფლებისდროინდელ  ქართულ დიპლომატიურ კორპუსებს შორის?



-         უმთავრესი განსხვავება ის არის, რომ  დღეს, დიპლომატიური კორპუსი  აბსოლუტურად დეპოლიტიზირებულია.  ამ სამსახურს არავითარი კავშირი  არ აქვს პოლიტიკასთან და არც უნდა ჰქონდეს.   დიპლომატიური კორპუსი, ბუნებრივია ასრულებს  სამინისტროს, მთავრობის ინსტრუქციებს და თავიდან ბოლომდე, იმ საფრთხეებისა და  გამოწვევების დასაპირისპირებლად მუშაობს, რომლის წინაშეც ეს ქვეყანა დგას.  მათ აქვთ თავიანთი გადაუდებელი და უმთავრესი ამოცანები.


დღეს, აღარავინ არ ერევა მათ საქმიანობაში,  ემიგრანტებს აქვთ სიტყვის გამოხატვის თავისუფლება, ასევე იმის საშუალება, რომ  მივიდნენ არჩევნებზე და თავისუფლად გამოხატონ თავისი არჩევანი.  გასულ დღეებში  საბერძნეთში  ვიყავი და ვნახე როგორ მუშაობს ჩვენი დიპლომატიური კორპუსი,   მოვისმინე მათგან, თუ რა ვითარებაში უწევდათ მუშაობა გასულ წლებში...


-         რა ვითარებას გულისხმობთ?


-         თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებული იყვნენ.   ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები იძულებულნი იყვნენ პოლიტიკურ პროცესებში ჩართულიყვნენ - იყო შემთხვევები, როცა ემიგრანტებს ეუბნებოდნენ - ხმას თუ არ მისცემ „ნაციონალურ მოძრაობას" - არ დაგეხმარებითო.  თუ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელი იყავი  და არ უჭერდი მხარს „ნაციონალურ მორაობას", მაშინ სამსახურის დაკარგვის შანსი იზრდებოდა და ა.შ.  დღეს,  ეს ყველაფერი  შეცვლილია.


-         ექსპერტთა შეფასებით,  ქართული დიპლომატიის სერიოზული პრობლემა კადრების „შიმშილთან" ერთად დიპლომატის ასაკი იყო. მათივე თქმით,  გამოუცდელი ადამიანების ელჩებად დანიშვნის პრაქტიკა 2004 წელს დაიწყო და წლების განმავლობაში გრძელდებოდა.  თუ გრძელდება დღეს იგივე ტენდენცია და ხომ არ არის ქვეყანაში დიპლომატების დეფიციტი?


-         საკადრო პოლიტიკის კუთხით,  პრობლემა არ გაგვაჩნია. ქვეყანაში გვყავს კარგად გამოწვრთნილი დიპლომატები.  თუმცა,  ამავდროულად  ვფიქრობთ ახალგაზრდა კადრებზე, რომლებიც ჩაერთვებიან  მიმდინარე პროცესებში და მერე ამჟამინდელ თაობას შეცვლიან.


-         ბატონო ვიქტორ, თუ აკვირდებით საელჩოების მუშაობას. რამდენად ეფექტურად ასრულებენ ისინი მათზე დაკისრებულ მოვალეობას?


-         ახლახანს საბერძნეთიდან დავბრუნდი, უწინ ჰოლანდიაში და ბელგიაში ვიყავი. ვხედავ, რომ   ელჩები აქტიურები არიან. უცხოელი პარტნიორებისგანაც  ბევრი დადებითი გვესმის მათი მუშაობის შესახებ.  სადაც არ ვყოფილვარ და ვისთანაც შეხება არ მქონია,  მხოლოდ და მხოლოდ დადებითი და პოზიტიური სიგნალები მომდის. ამ ეპატზე  მარტო კარგზე შემიძლია ვისაუბრო, რადგან  არ მაქვს  საფუძველი, რომ რომელიმე საელჩოს სუსტ მხარეებზე ვისაუბრო.


-         რუსეთთან  ურთიერთობაში რამდენად ქმედითია ჩვენი დიპლომატიური კორპუსი?

 

 

-         რუსეთთან მიმართებაში - ჩვენ ვართ შედეგზე ორიენტირებული, კონსტრუქციული, ადექვატური, მაგრამ პრინციპული. ამ ქვეყანასთან, მხოლოდ და მხოლოდ ხმამაღალი სიტყვებით ურთიერთობას არ  ვაპირებთ. რუსეთი ძალიან რთული თემაა,  რომელსაც პრაგმატულად და რეალისტურად  ვუდგებით.


-         "ვის აინტერესებს ამერიკაში ქართველების აზრი?! - საქართველოში კი ამერიკელების აზრი განსაზღვრავს ყველაფერს!"  -  ეს შეფასება პარტია "თეთრების" ლიდერმა,  თემურ შაშიაშვილმა, NDI-ს კვლევის შედგების შეფასებისას გააკეთა. თუ იზიარებთ მის აღნიშნულ მოსაზრებას?


-         არ ვეთანხმები. ყველაფერს თავი  დავანებოთ და აშშ-ში  პრემიერ-მინისტრის  ვიზიტი  გავიხსენოთ, მხოლოდ ეს კმარა ამ მოსაზრების პასუხად.



-         ბატონო ვიქტორ, საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებას - საქართველოში NATO -თავდაცვითი საშუალებების განთავსებასთან დაკავშირებით,  არაერთგვაროვანი შეფასებები მოჰყვა. ექსპერტთა ნაწილი  მიიჩნევს, რომ  ალასანიას  განცხადება,  რუსეთთან მიმართებაში - საფრთხისშემცველია.  ექსპერტთა მეორე ნაწილი   ამას გამორიცხავს და მიიჩნევს, რომ ალასანიას განცხადება დროული, თუმცა,  არარელევანტური იყო.  თქვენ რას ფიქრობთ აღნიშნულ განცხადებაზე?


-         ყველა საფუძველი არსებობს, რომ NATO-მ პრევენცია გაუკეთოს იმ დესტაბილიზაციას, რომელიც რუსეთისგან  მოდის  ყველდღიურად.  2008 წელს, როცა MAP-ს ვითხოვდით, მაშინაც გვეუბნებოდნენ - რუსეთის გაღიზიანება არ გამოვიწვიოთო,  გაღიზიანდა კი არა უარესი გააკეთა და საქართველოში  სამხედრო აგრესია განახორციელა. ახლა ყირიმი წაიღო და გაღიზიანება არ გვინდა, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში შევიდა და გაღიზიანება არ გვინდა, რაღა უნდა მოხდეს მეტი, რომ ამის პრევენციისთვის ძირეული ნაბიჯები გადაიდგას? ეს განცხადება დროულიც არის და მეტიც - უფრო ადრეც  უნდა გაგვეკეთებინა!


-         საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაშინგტონში კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ცენტრში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო. კონფერენცია „საქართველოს ევროპული არჩევანი" ლევან მიქელაძის სახელობის ფონდთან ერთად ჩატარდა. ირაკლი ალასანია პანელში „საქართველოს ტრანსატლანტიკური მისწრაფება" სიტყვით გამოვიდა...


-         ლევან მიქელაძე, არა მხოლოდ დიდი პიროვნება, არამედ დიდი სახელმწიფო მოღვაწეც იყო, რომელსაც ჰყავდა და  დღესაც ჰყავს უამრავი მეგობარი, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე.  არ არის გასაკვირი, როცა მისი  ამ ქვეყნიდან წავლის შემდეგაც, ის  დიდ ყურადღებას იმსახურებს. ამიტომაც გაიხსნა მისი სახელობის ცენტრი  საგარეო საქმეთა  სამინიტროში. დღესაც ცოცხალია მისი სახელი და ასე იქნება სულ, იმიტომ, რომ ლევანი იყო  მაგალითი, თუ როგორი უნდა იყო ადამიანი და სახელმწიფო მოღვაწე.

 

-         პოლიტიკოსთა გარკვეულ წრეებში მიიჩნევენ, რომ დასავლეთში,  ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმიჯი აღდგენილია.  როგორ ფიქრობთ, რამ  განაპირობა  დასავლეთში სააკაშვილის იმიჯის აღდგენა?



-         სააკაშვილის იმიჯის თაობაზე, ახალი, საერთაშორისო დონეზე არაფერი მსმენია, თვითონ რომ აქტიურობს, გასაგებია. საერთოდაც, სააკაშვილზე ხშირი საუბარი არ არის საჭირო. რაც კარგი გააკეთა წინა ხელისუფლებამ, „ქართული ოცნება" ამას არ უკარგავს და ვამბობთ. ნეტა კიდევ უფრო ბევრი გვქონდეს სასაუბრო...


P.S.  ვიქტორ დოლიძის რწმუნებით, სფეროში ვითარება დადებითისკენაა შეცვლილი, თუმცა  ექსპერტთა დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოში დიპლომატიური კორპუსი დღემდე ვერ ჩამოყალიბდა, მიუხედავად იმისა, რომ  ქვეყანას ამ სფეროშიც ჰყავს პროფესიონალი კადრები, მათი შესაძლებლობების გამოყენება კი არ ხდება.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016