reportiori.ge - თამაზ წივწივაძე: ამდენმა სექსუალურმა მანიაკმა ასე ერთად სად მოიყარა თავი?
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:19
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
თამაზ წივწივაძე: ამდენმა სექსუალურმა მანიაკმა ასე ერთად სად მოიყარა თავი?
ავტორი:
10 მაისი, 2014. 16:46


წერილი ეძღვნება ქალთა ერთ ჯგუფს, ამ უკანასკნელ ხანს თავი რომ გამოიჩინეს „ლიტერატურული საქართველოს" და ქართველი მწერლობის ლანძღვაში!


ძვირფასო მკითხველო!


ღვთის შეწევნით, ჩემი ლიტერატურული საქმიანობა აქამდე ისე წარმიმართავს, ჯერ ქართული არ გამიკრიტიკებია!


ათასგზის უკითხავთ: ლამაზი სქესის წარმომადგენლებს რატომ არ აკრიტიკებთო!


მე კი, რას აღარ ვიგონებდი, მათთვის რომ ამეხსნა - ქალის გაკრიტიკება ღირსეული მამაკაცის საქმე არ არის!


თუკი ჟურნალისტი მაინც თავისას აიხირებდა, მეც ხუმრობით ვპასუხობდი: ვერ გავაკრიტიკებ ქალს, ვისაც მკითხველზე მეტი ქმრები ეყოლება-მეთქი!


ეტყობა, შევცდი, ეს ყოვლად უწყინარი ხუმრობა ერთი ქალბატონის „შემოქმედებაზე" საუბრისას რომ გამოვიყენე


მტრისას! თუ სადმე ახლობელი ქალი და კაცი ჰყავდა, ყველა ერთად დამასია!..


არადა, როგორ არ გავიხსენო აქ გალაკტიონი, რაც სათქმელი ჰქონდა, ყველას პირში რომ ეუბნებოდა, თვით ლამაზი სქესის წარმომადგენლებსაც კი: „ძვირფასო ქალებო, არ მოგერიდებით"-ო!


მე ზემოთ ნაგულისხმევ ქართველ „ამორძალებთან" კამათში თავიდანვე უპერსპექტივო პოზიცია ავირჩიე - ყველა ბრალდებას სიტყვაშეუბრუნებლად ვისმენდი!


არადა, ამ მშვენიერმა მანდილოსნებმა რა კონტექსტში და რომელ ბრუნვაში აღარ მომიხსენიეს!


„თქვენი უძირ-ფესვოდ გადაგებული და გადასაგდები (?) თავმჯდომარისგან..."


„თქვენი მანიაკალური თავმჯდომარისა და გამოფიტული ბოროტი მდივნების ხელით..."


„თქვენი და თქვენი უნაყოფო, გაბოროტებული თავმჯდომარის ურცხვობისგან განსხვავებით..."


და ეს ყველაფერი, ძვირფასო მკითხველო, უხამსობასთან მებრძოლი ქალბატონების მხოლოდ ერთი წერილიდან არის ამოკრებილი!


უფრო ადრე კი ნელსონ მანდელას ცოლადაც გამომაცხადეს!...


ესეც არ იკმარეს, გაღიზიანებულმა ქალბატონებმა დღევანდელი ქართული მწერლობის სიმბოლოდ აღქმული ანა კალანდაძე და მასთან ერთად „ოტარიდის" ყველა წევრი „სადიზმის პოსტსაბჭოთა დიდოსტატებად" გამოგვაცხადეს!


ძვირფასო ქალებო! გალაკტიონისა არ იყოს, ახლა აღარც მე მოგერიდებით და პირში გეტყვით:


ღირდა კი ეს არშემდგარი მწერალი და დემაგოგი ქალბატონი იმად, რომ უარი გეთქვათ დღევანდელი ქართული მწერლობის ყველა ღირსეულ წარმომადგენელზე, ვინც ჩემთან ბრძოლაში მხარი არ დაგიჭირათ?


აბა, ახლა რა გამოვიდა, ჩემს მხარეზე მთელი ქართული მწერლობაა!


თქვენს გუნდს კი თქვენს გარდა მხოლოდ კავკასიურ სახლთან არსებული ხელმოცარულ ლიტერატორთა წრის წევრებიღა შემორჩა!


მაგალითად, დათო ბარბაქაძე, შოთა იათაშვილი, მამუკა ლეკიაშვილი და „ქალბატონი ოლღა".


რა თქმა უნდა, „კავკასიურ სახლთან" არსებული ხელმოცარულ ლიტერატორთა წრის წევრები, ჯერჯერობით მაინც, ვერ გაუტოლდებიან თქვენს მიერ გალანძღულ ანა კალანდაძე, ლია სტურუას, მურმან ლებანიძეს, ჭაბუა ამირეჯიბს, შოთა ნიშნიანიძეს, ბაჩანა ბრეგვაძეს, გივი გეგეჭკორს, გურამ დოჩანაშვილს, ვახტანგ ჭელიძეს, თამაზ ჭილაძეს, ოთარ ჭილაძეს, ტარიელ ჭანტურიას, ემზარ კვიტაიშვილს, ვახტანგ ჯავახაძეს, დავით წერედიანს, ბესიკ ხარანაულს და სხვებს - თითქმის მთელ ქართულ მწერლობას, მაგრამ, ძვირფასო ქალბატონებო, საქმე მარტო ეს როდია, ჩვენ, ქართული მწერლობის წარმომადგენლები, და ისინი, „კავკასიურ სახლთან" არსებული ხელმოცარულ ლიტერატორთა წრის წევრები, ლიტერატურულ ნაწარმოებებს ერთ ენაზე არ ვქმნით!


ჩვენი ენა სხვაა, იმათი კიდევ სხვა!


საგნებსაც განსხვავებულად ვხედავთ!


მაგალითად, ქართველ მწერლებს მთვარესთან, ძირითადად, ასეთი მოკრძალებული დამოკიდებულება გვაქვს!


„ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!

მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი

ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...

ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!


მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით

და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით

მოსჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...

ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!"


ამათ კიდევ, ამ გუნდის წევრებს, კერძოდ, მამუკა ლეკიაშვილს, რომელმაც სულ ახლახანს „კავკასიური სახლის" მთავარი დიასახლისის „დამცავ" წერილში „ტირაჟირებული მატრაბაზი და ლიტერატურული მძორი" მიწოდა, ზემოთ ნახსენებ მთვარესთან ასეთი დამოკიდებულება აქვს:


„მთვარე, მაკოცე ტრაკზე"-ო!


არა! ძვირფასო ზემოთ ნაგულისხმევო ქალბატონებო, თქვენ მე გიჟი არ გეგონოთ!


მე, შეიძლება, იმან გამაგიჟოს, როგორ განუდექით თქვენ ქართულ მწერლობას და როგორ დადექით „კავკასიურ სახლთან" არსებული ხელმოცარული ლიტერატორთა წრის წევრების გვერდით!


ახლა თქვენ მინდა განსაჯოთ, ჩემო ერთგულო მკითხველო! მე ეს ქალბატონები „მანიაკალურ უხამსობაში" მდებენ ბრალს, ამიტომ, ჩემი მოგონილი რომ არ ეგონოთ, მამუკა ლეკიაშვილის ეს ლექსი აქვე გადმოვწეროთ!


იმ მამუკა ლეკიაშვილისა, რომელიც მე, თამაზ წივწივაძეს (მაპატიეთ ჩემი სახელის ხმამაღლა თქმა!), ერთ-ერთი სოლიდური გაზეთის ფურცლებიდან „ტირაჟირებულ მატრაბაზსა და ლიტერატურულ მძორს" მეძახის, თავის თავზე კი მოწონებით ამბობ: „მე ნიჭიერი კაცი გახლავართ და უნიჭოთა არ ვარ ბადალი"-ო!


ამ სიგიჟეს დამატებით რა საბუთის მოტანა უნდა, მაგრამ მისი მაღალი ხარისხის დასადგენად ქვემოთ მოტანილი „მთელი" ლექსი ნამდვილად დაგვეხმარება:

„სავსებით მთვარე

გაეძრო ცარიელ ცაზე.

შენს ტანზე ღამე,

როგორც მატარებელი გადადის ხიდზე.

შენ მაინც გბნელა და ბოდავ:

„მთვარე, მაკოცე ტრაკზე!"


ჩემს „მანიაკალურ უხამსობასთან" მებრძოლო ძვირფასო ქალბატონებო, ამ ლექსს, ეტყობა, მისი ავტორი იმხელა დატირთვას აძლევს, რომ ეს ბოლო ფრაზა წიგნის სათაურადაც კი აქვს გატანილი!


სხვათა შორის, ამავე წიგნის ყდაზე თვით ეს „საგანი" (ტრაკი!) მთელი სისავსით არის დახატული და იქვე სიტყვიერად წერია - „მთვარე მაკოცე..."-ო!


ძვირფასო მკითხველო, იმის მიუხედავად, რომ, ქალბატონების აზრით, ჩემი ნაწერები „მანიაკალური უხამსობით" გამოირჩევა, ჩემი სტრიქონები ამათთან შედარებით ზეთისხილის ტოტზე შემომჯდარ „მშვიდობის მტრედებს"  ჰგვანან!..


ზემოთ გითხარით, ჩვენი ენა სხვაა, ამათი კიდევ სხვა!


მაგალითად, ქართველ მწერლებს საკუთარი თუ სხვისი მეუღლის მიმართ ძირითადად მოკრძალებული დამოკიდებულება აქვთ!


„უხერხულია, შენ გერქვას ცოლი! -

შენ უნდა ცისფერ ღრუბელთან იწვე!

აჰა, დამბაჩა და სველი თოვლი -

მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ!"


ან კიდევ ამავე ავტორის - „კავკასიური სახლის ბინადართაგან ასგზის გალანძღულის - ტარიელ ჭანტურიას საოცარი სტრიქონები!


„მიდიხარ თოვლში თოვლივით კარგი

და კარგი ბიჭის ერთგული ცოლი,

და სუსტი მხრებით შინ მიგაქვს ხარკი -

ათასი ბიჭის ნასროლი თოვლი.

გამახსოვრდება გაშლილი მხრები...

გაკრთობს ქუჩაში ნაპოვნი ვნება,

მაგრამ ოჯახში იოლად თბები...

და სხვისი თოვლიც... იოლად დნება"...


ზეოთ ნაგულისხმევო ძვირფასო ქალბატონებო! აი, ასე ეახებით თქვენ და მთლად ქართველი ქალები იმ ღირსეულ მწერლობას, რომელიც თქვან „კავკასიური სახლის" დიასახლისის წაქეზებით უარყოფით და „სადიზმის პოსტსაბჭოთა დიდოსტატებად" გამოაცხადეთ!


არადა, რა დასანანია, თქვენდა უნებლიეთ ამ ლექსის ავტორის, მამუკა ლეკიაშვილის გვერდით რომ აღმოჩნდით!


„იჩქარე

ჯვარს აცვი, ჯვარზე გააკარი, ჯვარზე მიაჭედე,

როგორც მოგზაური გზაჯვარედინს,

რომ ერთ ადგილზე დაეტიოს ის,

თორემ არ დაგაცლის შეირგო

ცხოვრება შენი გაქონილი:

შენი წინაპრის ძვლები,

შენი ნაშიერის ქოჩორი,

და შენი ცოლის

განბანილი პროჭი"...


ახლავე, ქალბატონებო! თუ საქმე რაიმეს ეშველება, მე ამ ლექსის ციტირებას აქვე შევწყვეტ, თუნდაც იმისთვის, ათასი ბოდიში რომ მოვუხადო ჩემს ძვირფას დებს, ძმებს, კაცებს, ქალებს, უმაღლესში გამოცდაჩაბარებულებს, სამამულო ომის მონაწილეებს, ყოფილ ტანკისტებს, მოქმედ ტრაქტორისტებს, ქორეოგრაფიული სტუდიების მოსწავლეებს!...


ერთი სიტყვით, დედამიწაზე არსებულ ყველა სულდგმულს, რომელთათვის „და შენი ცოლის განბანილი პროჭი"... პოეზიის საგნად ჯერ კიდევ არ ქცეულა!


ახლა კი თქვენ მინდა მოგმართოთ, ზემოთ ნაგულისხმევო ძვირფასო ქალბატონებო!


თუ თქვენ ეს სტრიქონები პოეზია გგონიათ, მაშინ მე კი ვარ თქვენგან იმის ღირსი, „უძირუფესვოდ გადაგებული და გადასაგდები თავმჯდომარე" მიწოდოთ, ხოლო თხემით ტერფამდე პოეტზე, ლია სტურუაზე, ასეთი რამ დაწეროთ - „თქვენი იდიოზური ლირიკა ჩვენთვის მუდამ სიყალბე იყო"-ო!


ძვირფასო ქალბატონებო!


ნეტა, რა სმენა გაქვთ ასეთი, ლია სტურუას მგალობელი ჩიტის ენაზე წარმოთქმულ სტრიქონებს „ოდიოზურ ლირიკად" რომ მიიჩნევთ და მამუკა ლეკიაშვილის ლექსს - „მთვარე, მაკოცე ტრაკზე!" - ჭეშმარიტ პოეზიად?


გულწრფელ სინანულს გამოვთქვამ - მსგავსი გემოვნების ადამიანებს მე ვერაფერში ვეხმარები!..


განვაგრძობ საუბარს!


მე ზემოთ რამდენჯერმე გავიმეორე, რომ ჩვენ, ქართველი მწერლები, და ესენი, „კავკასიურ სახლთან" არსებული ხელმოცარულ ლიტერატორთა წრის წევრები, სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობთ, ყოველ შემხთვევაში, სხვადასხვა ენაზე ვწერთ!


ოღონდ ეს დაპირისპირება უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს, ისევ ქართველი პოეტების დამოკიდებულება ვნახოთ როგორც საკუთარი მეუღლისადმი, ისე ზოგადად სატრფოსადმი!


„გაზაფხული შემოსულა, ლენ,

ბუდეები გაუწყვიათ ჩიტებს...

მე გიყიდი წითელ-ყვითელ ჩითებს,

თეთრი ტილო მომიქარგე შენ!..

გაზაფხული შემოსულა, ლენ!

მომანატრე სათიბი და ტყე,

სუნი ქუსლით გასრესილი ანწლის,

შორს გუმბათი ბეთანიის ტაძრის

და ცისფერი, უბორკილო დღე.

მომანატრე სათიბი და ტყე!"


მურმან ლებანიძე


ახლა თამაზ ჭილაძის პოეტური სტრიქონები ვნახოთ, თქვენ რომ ასე ძალიან გაღიზიანებთ მისი ავტორი, ზემოთ ნაგულისხმევო ძვირფასო ქალბატონებო!


„შენი დაღლილი ღიმილი მაკრთობს,

გაბმული სევდა ამქვეყნიური

ო, ასე ჩუმად და ასე მარტო

მთებში სხივებზე დნება ყინული.

მე ვერ მოგიტან რტოს იასამნის

და ვერც გაზაფხულს ვერ დაგპირდები,

ჩუმია ზეცა და წვიმასავით

შუბლს უგრილებენ შენი თითები"


ახლა ოთარ ჭილაძის პოეტური სტრიქონებიც ვნახოთ, თქვენ რომ ასე ძალიან გაღიზიანებთ მისი ავტორი, ზემოთ ნაგულისხმევო ძვირფასო ქალბატონებო!


„როდესაც ასე ახლოა გრემი,

მეც მინდა ვიყო უფრო მაღალი,

რომ დაინახონ ჩემში ან ჩემით

რაღაც ახალი, სულ მთლად ახალი.

და თუმცა გრემი არის ბებერი,

არის დაღლილი და დანგრეული,

მე მაინც მამღვრევს ეს სექტემბერი,

როგორც საყვარელ ქალის სხეული"...


ახლა კიდევ რეზო ამაშუკელის პოეტური სტრიქონებიც ვნახოთ, თქვენ რომ ძალიან გაღიზიანებთ მისი ავტორი!


„...ავდექი, ხელი მოგხვიე,

გულზე პერანგი მოგხიე, -

მთვარე, მე, შენ და არაგვი

მთვრალი ვიყავით ოთხივე!.."


ზემოთ ნაგულისხმევო ძვირფასო ქალბატონებო, რაკი თქვენ არც ასეთი პოეზია მოგწონთ და არც მათი ავტორები, მე ახლა ყველაფერს გადავდებ, „კავკასიური სახლის" მთავარი დიასახლისის ერთგული დამცველის, იმავე ლეკიაშვილის ლექსის წაკითხვით რომ გაგახაროთ!


ოღონდ ჩემს ერთგულ მკითხველებს ძალიან ვთხოვ, თვალები დახუჭონ:


„ჰე, ღმერთო, ჩემო ღმერთო!

რა იქნება,

თავი მოიკლას ჩემმა სატრფომ,

გადმოხტეს თავისი მაღალი აივნიდან,

გადმოეშვას აივნის ფართო მოაჯირზე

კრუხივით ამძვრალი

და ნესტიანი მუტელი დააწებოს ასფალტს".


არაფერი უცნაური აქ არ ხდება, ჩემო ძვირფასო მკითხველო! უბრალოდ, „კავკასიურ სახლთან" არსებული ხელმოცარულ ლიტერატორთა წრის წევრების უმეტესობას ძირითადად გიჟები და ავადმყოფები წარმოადგენენ და ამათ ცნობილი დემაგოგი ქალბატონის ხელმძღვანელობით გადაწყვეტილი აქვთ, ქართული მწერლობა დაამხონ, დაამხონ ქართული ეკლესია!


უბედურებაც ის არის, დღეს უცხოეთში გზას ამათი დარი ლიტერატურა უფრო იკვლევს, ვიდრე ჭეშმარიტი და უკიდურესად ღარიბი ქართული მწერლობა!


შეიძლება შენიშნონ კიდეც, ამათ და მათ მიმდევრებს, იქნებ, პოეზია არა აქვთ მთლად სასურველ დონეზე და, ვიდრე ერთმანეთს ეტყოდნენ, ჯერ განყენებულ საგანს ეუბნებიან „მთვარე, მაკოცე ტრაკზე!" მაგრამ ხომ შეიძლება პროზა გაცილებით უკეთესი ჰქონდეთ?


არა, ძვირფასო მკითხველო, ამ ხალხს პოეზიაც ასეთი აქვს, პროზაც, პუბლიცისტიკაც და ყველაფერიც, რისი გადატანაც კი ქაღალდზე შეიძლება!


ერთი სიტყვით, ძვირფასო მკითხველო, ყველაფერი ნათელია: ავადმყოფური მიდრეკილების ავტორებთან გვაქვს საქმე, მაგრამ... ცოტანი მაინც იყვნენ ეს დალოცვილები!


აგერ ახლახან „კავკასიური სახლის" მიერ ქართველი მწერლების წინააღმდეგ დაარსებულ გაზეთ „ალტერნატივას" ერთ-ერთ ნომერს ჩავხედე და დიანა ვაჩნაძის (როგორც ამბობენ, იმავე შოთა იათაშვილის) პირველსავე აბზაცში ასეთ ფრაზებს წავაწყდი!


„ჰელოუ, ნატატიკ!..


ისეთი საყვარელი ხარ, მინდა ლოყები, ტაკუნები და ფუჩუნები დაგიჩქმიტო..."


ძვირფასო მკითხველო!


რაკი აქ იმის აუცილებლობა არ იგრძნობა, რომ ამ მეტისმეტად კარგი ადგილების დაჩქმეტაში ავტორს ვისიმე დახმარება სჭირდება, ჩვენც ჩვენი საქმე განვაგრძოთ და ბარემ აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამ სამი ავტორის - მამუკა ლეკიაშვილის, დათო ბარბაქაძის, შოთა იათაშვილის გარდა „კავკასიური სახლის" დიასახლისის ინტერესების დაცვა სცადა, მაგრამ, სამწუხაროდ, მთლად ნორმალურები არც ესენი აღმოჩნდნენ!


ყოველ შემთხვევაში, მათი წერილების შესავალ ნაწილს მე თვითონ გთავაზობთ, თქვენ მხოლოდ ის გევალებათ, შესაბამისი ცნობა გასცეთ!


ძვირფასო მკითხველო!


მე ახლა არც იმ ასაკში ვარ და, ალბათ, არც ჩემი საზოგადოებრივი მდგომარეობა მომცემს იმის საშუალებას, ამ ახალგაზრდების - მერაბ იორდანიშვილისა და ზურაბ მამალაძის თამაშის წესებს ავყვე!


თუმცა, რაკი თვითონ მათ გიჟად მივაჩნივარ, შეიძლება აღარც „მეთამაშონ"!


„მწერალთა გაზეთმა და „გაუხმაურებელმა ფაქტებმა" სიბინძურის ყველა რეკორდი მოხსნეს და სამუდამოდ დაიკავეს პირველი ადგილი ამ სფეროში - გიჟი მიუშვი ნებასაო"...


ძვირფასო მკითხველო!


თუ ეთიკურ მხარეს მხედველობაში არ მივიღებთ, ახალგაზრდების სითამამე მოსაწონია!


მთლად ჩამოყალიბებული გიჟი, შეიძლება, მართლა არ ვიყო, მაგრამ, რაკი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მე გიჟებთან კამათში მაქვს გატარებული, რაღაცით იქნებ კიდეც ჩამოვგავართ მათ!


ყოველ შემთხვევაში, ახალგაზრდები ამაში დარწმუნებულები არიან!


წერენ კიდეც:


„აგონიაში ჩავარდნილმა თამაზ წივწივაძემ უმძიმესი არჩევანის წინაშე დააყენა „ოტარიდელები": ისინი ან აშკარად უნდა გაემიჯნონ ცილისმწამებელ ბოსს, ან სამუდამოდ ჩაიწერონ სამარცხვინო ფურცელი ბიოგრაფიაში, ან უნდა გამოვიდნენ „ოტარიდიდან", ან თავმჯდომარე გადაირჩიონ! ფორმალური მობოდიშება და გამიჯნვა ბოსისგან მისი ზომიერი გაკენწლვით (რასაც,ალბათ, ისევ იხსნის და ხალხს უბრალოდ გულს აურევს! პირადად ჩვენ მათგან არაფერს ველით, უფრო სწორად, აღარ ველით. მათი აღარა გვჯერა და გვრცხვენია მათ გამო!.."


აი, ძვირფასო ქალბატონებო, „დიასახლისის" ეს საცოდავები - ჭკუაზე აღარ არიან!


იქნებ, ჩაუვარდეთ ფეხებში და ურჩიოთ, ეს სატანური წერილი ცუდი სიზმარივით დაივიწყონ, თორემ, თუ ოდესმე ჭკუაში ჩავარდნენ, ცოდვაა, გაიტანჯებიან!


ანა კალანდაძის, მურმან ლებანიძის, ჭაბუა ამირეჯიბისა და „ოტარიდის" სხვა წევრთა გამო კი არ უნდა რცხვენოდეთ, ეს ის პიროვნებებია, ვისთვისაც ამ ახალგაზრდების შვილები და შვილიშვილები მომავალ საუკუნეში იამაყებენ!..


თუკი თქვენც მოგერიდებათ, ძვირფასო ქალბატონებო, განსაკუთრებით იმათ, ვინც ზემოთ დასახელებულ ძვირფას სახლებს „სადიზმის პოსტსაბჭოთა დიდოსტატები" უწოდეთ და ხელის აუკანკალებლად ეს სახელები ქაღალდზე გადაიტანეთ, მაშინ უნდა გითხრათ: საკუთარი სულების გადასარჩენად დიდხანს მოგიწევთ ლოცვა!


ღმერთო დიდებულო! ეს მართლა რამ დაგაწერინათ!


„ამ რამდენიმე თვის წინ მთელი საქართველო შეძრა არნახულმა და არგაგონილმა სისასტიკემ - ლინჩმა, აღსრულებულმა კაცების, ქალების მიერ ხელისუფლების წარმომადგენელთა და ბავშვების თანდასწრებით, წალენჯიხაში ახალგაზრდა კაცს არ დაუტოვეს არც ერთი ნაკვთი, არც ერთი ორგანო, რომ არ დაეხრათ, არ დაეხვრიტათ, არ ამოეშანთათ, არ მოეჭრათ, არ დაეფლითათ გახურებული რკინებით, ნემსებით, დანით... მსხვერპლს თვალები ამოგლიჯეს, ენა ამოაძრეს, ტვინი ამოუღეს, ბოლოს შპრიცით სისხლი ამოუწოვეს გულიდან და დაფლეთილი ხორცის გროვა გავარვარებულ ურიკაზე დააგდეს...


რაც თქვენი გაზეთის ფურცლებზე თქვენი მანიაკალური თავმჯდომარისა და გამოფიტული ბოროტი მდივნების ხელით ხდება - ეს არის იგივე! იგივე! და უფრო უარესი! ეს არის სიტყვიერი ლინჩი, რომელიც თქვენ უკვე აშკარად თქვენი ხელმოწერებით დააგვირგვინეთ..."


ღმერთო, შეუნდე ამათ!..


აი, ძვირფასო ქალბატონებო, რა დღეში ჩაგყარათ თქვენმავე დემაგოგმა ქალბატონმა!


კიდევ მეტი რა უბედურება უნდა ჩაიდინოს „კავკასიურმა სახლმა" - ნახევარი საქართველო უკვე ჭკუიდან შეუშლია!


ხოლო მთელ საქართველოს ჭკუიდან მაშინ გადაიყვანენ, თუ, ჯერ ერთი, მართლა უარს იტყვიან, ვთქვათ, ანა კალანდაძისა და მურმან ლებანიძის პოეზიაზე და მამუკა ლეკიაშვილის ლექსს დააკანონებენ!


და მეორეც, თუ მართლა უარს იტყვიან, ვთქვათ, ჭაბუა ამირეჯიბისა და ოთარ ჭილაძის მწერლობაზე და დათო ბარბაქაძის პროზას დააკანონებენ!


მერე მართლა არაფერი გვიჭირს, „მზეო, ამოდი, ამოდის" მაგიერ ჩვენი ყოველი დილა გაცილებით მხიარულად დაიწყება - „მთვარე, მაკოცე ტრაკზე!"


ხოლო იმაზე უფრო საინტერესო ინფორმცია რა უნდა იყოს პროგრამა „ალიონში" თუ დილიდანვე საქმის კურსში ვიქნებით: წინა ღამით ვინ ვინ მოტ.ა!..


ახლა თქვენ უნდა მოგმართოთ, ძვირფასო მკითხველო!


თუმცა ჯერ ათასი ბოდიში უნდა მოგიხადოთ იმისთვის, ამ სიბინძურის მოწმედ რომ გაგხადეთ!


არადა, ძირითადად ესენია, „ლიტერატურულ საქართველოს", მწერალთა კავშირს და მის თავმჯდომარეს ასე სახალხოდ რომ ებრძვიან!


ახლა თქვენ გვითხარით, შეიძლება, ამათ აზრს ან გაზეთმა, ან კავშირმა, ან თავმჯდომარემ ანგარიში გაუწიოს?


თუმცა არა, ჯერ ყველაზე არ გვითქვამს! ამათ გვერდით კიდევ დგას ერთი - მას მისივე ახლობლები ჟურნალ „აფრაში" ჩემდამი მოძღვნილი ოლღა კალანდაძის ხელმოწერით გამოქვეყნებული ლექსის „აი, ცეცე!"-ს ავტორად მიიჩნევენ!


ოღონდ, ამ „ლექსის" დამწერი ქალია თუ კაცია, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს - აქ უკვე საქმე გამოცხადებულ გიჟთან გვაქვს!


ძვირფასო მკითხველო! მაინც საიდან მოიყარა ამდენმა პარანოიკმა და მანიაკმა ასე ერთად თავი? მერედა, საინტერესო არ არის, რაღა მაინცდამაინც „კავკასიურ სახლში" მოგროვდნენ?


ამ მრავალმხრივ ავადმყოფ ხალხს „ლიტერატურული საქართველო" რომ მოსწონდეს, მწერალთა კავშირი რომ მოსწონდეს, განა ეს ჩვენთვის კარგი იქნებოდა?


ამათ ხომ ჯერ მთვარე წაბილწეს - ყველა დროის შეყვარებულთა სათაყვანო საგანი!


ამათ ხომ არც თავისი და არც სხვისი ცოლის პატივისცემა არ იციან!


„იჩქარე,

ჯვარს აცვი, ჯვარზე გააკარი, ჯვარზე მიაჭედე,

როგორც მოგზაური გზაჯავრედინს,

რომ ერთ ადგილზე დაეტიოს ის,

თორემ არ დაგაცლის შეირგო

ცხოვრება შენი გაქონილი:

შენი წინაპრის ძვლები,

შენი ნაშიერის ქოჩორი,

და შენი ცოლის

განბანილი პროჭი"...


ამათ ხომ არც სხვისი და არც თავიანთი სატრფოს პატივისცემა არ იციან - ოღონდ ეს ინატრეთ და მეტი არაფერი უნდათ:


„ჰე, ღმერთო, ჩემო ღმერთო!

რა იქნება!

თავი მოიკლას ჩემმა სატრფომ,

გადმოხტეს თავისი მაღალი აივნიდან,

გადმოეშვას აივნის ფართო მოაჯირზე

კრუხივით ამძვრალი

და ნესტიანი მუტელი დააწებოს ასფალტს".


ვიდრე ჭკუიდან მეც გადავიდოდე, ახლა აქ ამის დრო არ არის, მაგრამ, ძვირფასო მკითხველო, იქნებ, ხუმრობა ვცადო!


მე ვინ მკითხავს, თორემ ამათ ყველას ერთად ან სულაც ცალ-ცალკე თავიანთი სატრფოების ის ათვალწუნებული ორგანო უნდა დააწებო ცხვირზე, რომელიც მათ არაფერში სჭირდებათ და ასფალტზე მის დაწებებას მხოლოდ იმიტომ ნატრობენ, ნესტისგან რომ გამოაშრონ!.. არა, არც ხუმრობა გამომივიდა!..


ამიტომ ეს ეპიზოდი სულ რომ არ ჩავაგდო, ისევ მამუკას, ჩვენს ძვირფას მამუკა ლეკიაშვილს უნდა გავახალისებინო!


აბა, მამუკა, ერთი შენი ლექსი გვითხარი, როგორია: „მთვარე, მაკოცე ტრაკზე!"


ძვირფასო მკითხველო, ახლა მე მაქვს თქვენთან ერთადერთი შეკითხვა - ამ კაცის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მიყვანა რომ შევძლო, იქიდან ვინმე გამოგატანთ?


დედას გაფიცებთ, მართალი მითხარით!..


არადა, აქ კიდევ უნდა გავიმეორო: ამდენმა სექსუალურმა მანიაკმა ასე ერთად ან სად მოიყარა თავი, ან რატომ მაინცდამაინც „კავკასიურ სახლთან" მოიყარეს თავი?!


რა ხდება?!

ძვირფასო ზემოთ ნაგულისხმევო ქალბატონებო, დიდი პოეტისა არ იყოს,  არ მოგერიდებით და გეტყვით - ძალიან ცუდ წრეში  ხართ მოხვედრილი! თორემ მე თვითონ, როგორც წინათ, ახლაც ქალის დასჯის წინააღმდეგი ვარ!..


წიგნიდან „ახლა თქვენი დროა".

და ბოლოს, ძვირფასო მკითხველო, რითიც დავიწყეთ, იმით დავამთავროთ:

 

წერილი ეძღვნება ქალთა ერთ ჯგუფს, ამ უკანასკნელ ხანს თავი რომ გამოიჩინეს „ლიტერატურული საქართველოს" და ქართული მწერლობის ლანძღვაში.

 

და, რაც მთავარია, ეს პუბლიკაცია ქვეყნდება გაზეთ „ასავალ-დასავალის" სახელოვანი კოლექტივისა და მისი მამაცი რედაქტორის მხარდასაჭერად, რომლებიც თითქმის მარტონი დავტოვეთ სექსუალურ მანიაკებთან უთანასწორო ბრძოლაში!..

 

თამაზ წივწივაძე

გაზეთი „ლიტერატურული საქართველო"

9 მაისი, 2014 წ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016