გასულ კვირას თბილისის „დინამომ" „სიონი" გაანადგურა (0:3) და 2013/2014 წლების სეზონის ჩემპიონობა ერთი ტურით ადრე მოიპოვა. მეტოქის კარში გოლები გიორგი მერებაშვილმა, ოთარ მარცვალაძემ და ხისკომ გაიტანეს.
„დინამოდან" მალხაზ ჟვანიას წასვლა დიდი ხნის გადაწყვეტილი ამბავია. მატჩის შემდეგ რომან ფიფიამ განაცხადა, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაა, თუ ვინ ჩაუდგება სათავეში ქართული ფეხბურთის ფლაგმანს, მაგრამ იგი უცხოელი იქნება.
სავარაუდოდ კლუბს რამდენიმე ფეხბურთელი დატოვებს და მათ ახლები ჩაანაცვლებენ. „დინამო", ტრადიციულად, უკვე წლებია ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს რამდენიმე ფეხბურთელით აძლიერებს შემადგენლობას.
გავრცელდა ხმები, რომ თბილისელები უცხოურ ლიგებში მოასპარაზე 4 ქართველის გადმობირებას შეეცდებიან: სანდრო კობახიძე, უჩა ლობჟანიძე, დავით თარგამაძე და გიორგი ილურიძე.
უჩა ლობჟანიძე და სანდრო კობახიძე დნიპროპეტროვსკის „დნიპროში" ასპარეზობენ და საკმარისი სათამაშო დროის უქონლობაზე ჩივიან. „ილიჩევეცის" ქართველი ლეგიონერის დავით თარგამაძის საკითხი ვითომ უკვე მოგვარებული იყო, თუმცა თავად ფეხბურთელის თქმით, მას ქართული მხარე ჯერ არ დაკავშირებია. რაც შეეხება გიორგი ილურიძეს, ქართველი სპლიტის „ჰაიდუკში" აღარ ირიცხება და ამ დროისათვის თავისუფალი აგენტია, რაც მისი გადმობირების შესაძლებლობას გააადვილებს.
ერთი სიტყვით, ეს ყოველივე ჯერჯერობით მხოლოდ დაუდასტურებელი ხმებია, თუმცა ერთი კი ნათელია, რომ თბილისური კლუბი ევროტურნირებისთვის აქტიურ მზადებას იწყებს. მანამდე კი, თასის ფინალში „დინამო" საჩხერის „ჩიხურას" დაუპირისპირდება. თბილისელებს კარგი შანსი აქვთ დუბლი კვლავ შეასრულონ.