reportiori.ge - ირინა იმერლიშვილი ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:38
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
ირინა იმერლიშვილი ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ
ავტორი:
13 მაისი, 2014. 15:55


რატომ არ უთანხმებს თავდაცვის მინისტრი გადაწყვეტილებას პრემიერს

 

ამირსპასალარ ირაკლი ალასანიას თავზე შავი ღრუბლები გროვდება. მთავრობაში მის მიმართ უკმაყოფილებას უკვე ღიად აფიქსირებენ, რაც თავდაცვის მინისტრს ნაკლებად აინტერესებს. ექსპერტების ნაწილის მტკიცებით, ის მალე დამოუკიდებლად დაიწყებს თამაშს. ამაში მას ახლახან გამოქვეყნებული რეიტინგიც შეუწყობს ხელს.


ლუის ნავაროს კანტიორის მიერ გამოქვეყნებული კვლევებით გაირკვა, რომ ერს ამ მთავრობაში ყველაზე მეტად ირაკლი ალასანია მოსწონს თურმე. მთავრობის წევრები ამ კვლევებს დიდი სიხარულით არ შეხვედრიან. ამის გამო ღაწვები აშკარად არავის დაუხოკავს, თუმცა ბოლო დღეებში მისი მისამართით კრიტიკა უკვე გაისმა. ამასთან მინისტრების ნაწილმა აღნიშნა, რომ ისინი ალასანიას რეიტინგით გახარებული არიან. მისი რეიტინგის ავარდნა ცოტა გაუკვირდა პარლამენტის ვიცე-სპიკერ მანანა კობახიძეს.


ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებში ადგილები ასე გადანაწილდა. პირველ ადგილებს თავდაცვის მინისტრი იკავებს - ირაკლი ალასანიას საქმიანობას დადებითად 38 % აფასებს, მას შინაგან საქმეთა მინისტრი მოსდევს 34%-იანი მაჩვენებლით, მესამე ადგილზე იუსტიციის მინისტრია, რომლის საქმიანობა გამოკითხულთა 33%-ს მოსწონს. ხუთეულში მოხვდნენ მაია ფანჯიკიძე - 25 % და კახი კალაძე 26 %. მეექვსე ადგილზე ჯანდაცვის მინისტრია 24 §-იანი მხარდაჭერით. 15-კაციან სიას გარემოს დაცვის მინისტრი ასრულებს, ბოლოდან მეორე და მესამე ადგილებს კი 13-13%-ით დევნილთა და ეკონომიკის მინისტრები ინაწილებენ.


რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ამტკიცებს, რომ მისთვის რეიტინგებს მნიშვნელობა არა აქვს. პაატა ზაქარეიშვილისთვის მნიშვნელოვანი წარმატება ყოფილა.


- ალასანიას საქმეები ჩანს და ჩემი საქმეები არ ჩანს. ჩემი საქმეები სულ ცოტა 3-4 წელი არ გამოჩნდება, ამიტომ, მე მზად ვარ ბოლოდან მესამეზე კი არა, ბოლო ადგილზე დავინახო ჩემი თავი. ჩემთვის რეიტინგებს მნიშვნელობა არა აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა და ალასანიას ერთი განცხადებაც შეაფასა. ალასანიამ ჯერ კიდევ აპრილის თვეში განაცხადა,რ ომ თავდაცვის სამინისტრომ აგვისტოს ომის შესწავლა დაასრულა. ეს დოკუმენტი ჯერ საჯარო არ გამხდარა, შესაბამისად, შიგ რა წერია, ბევრმა არ იცის. ალასანიას განცხადებით, ამ დასკვნით ირკვევა, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. ზაქარეიშვილის აზრით, ის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ წამოეგო ომს საქართველო.


- ეს ანგარიში მე არ მინახავს. თუ არ ვცდები, საიდუმლო დოკუმენტია და სხვა რეჟიმში მოხდება ამ დოკუმენტის გაცნობა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი. ომი მოხდა და დაზარალდა საქართველო. თუ ვინ დაიწყო ომი, ეს არის სააკაშვილის კითხვა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი. სამწუხაროდ, ეს ომი შედგა, რამდენად პასუხს უნდა აგებდეს ხელისუფლება, რომელმაც ვერ აიცილა თავიდან ომი. ეს კითხვა ჩემთვის ყოველთვის აქტუალურია. რუსეთმა დაიწყო ომი,  - ამბობს ალასანია. გასაგებია, მშვენიერია, რომ ასეთი დასკვნა არის, მაგრამ როგორ წამოეგო ომს საქართველო, ამას ათასჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ დავზარალდით ყველაზე მეტად, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.


თავდაცვის მინისტრის რეიტინგზე არაფერი უთქვამს, მაგრამ უშიშროების საბჭოს მდივანმა მას განცხადებები, უფრო სწორად კი, ქცევა დაუწუნა.


საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატო-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. როგორც მან ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ ნატო სერიოზულად უდგება საკითხს.


ირინა იმერლიშვილის განცხადებით, როდესაც თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, ეს წინასწარ უნდა შეათანხმოს მთავარსარდალთან. უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ თავად ის ამ განცხადებას ეთანხმება.


- როგორც აპატურაიმ განაცხადა, ამ საკითხზე იმსჯელებს ნატო და ეს უკვე თავისთავად კარგია. თავდაცვის მინისტრი როდესაც აკეთებს ასეთ განცხადებას, ვფიქრობ, წინასწარ ალბათ უნდა იყოს ხოლმე შეთანხმებული მთავარსარდალთან, როგორც წესი და ალბათ, უშიშროების საბჭოზეც უნდა ხვდებოდეს ასეთი საკითხები. თუმცაღა განცხადებას მეც ვეთანხმები. - განაცხადა იმერლიშვილმა.


იმერლიშვილის ამ განცხადებას ერში დიდი გამოცოცხლება მოჰყვა. ახლა ყველა იმაზე მკითხაობს, გადავა თუ არა ირაკლი ალასანია ოპოზიციაში.


იმერლიშვილის განცხადებას საინტერესოდ გამოეხმაურა ყოფილი დეპუტატი ეკა ხერხეულიძე.

 

- პრემიერი არ ელაპარაკება პრეზიდენტს, პრეზიდენტი ელაპარაკება მხოლოდ ირინა იმერლიშვილს, თავდაცვის მინისტრი ელაპარაკება კვლევის შედეგებს, ვიცე-პრემიერი ფიქრობს, ვისთან ჯობს მეგობრობა და ამ ჭოჭმანში დაიღალა რყევებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ელაპარაკება კარასინს აბაშიძის მეშვეობით, შსს მინისტრი გარდატეხის ასაკს ებრძვის, კულტურის მინისტრი ყველას ელაპარაკება კულტურის გარდა (უბრალოდ, მას არავინ ელაპარაკება), განათლების მინისტრს დაავიწყეს, რომ პრეზიდენტის სიყვარული მისი ვალდებულებაა და აშ.შ... ამ შეკვეთილი ურთიერთობების განმსაზღვრელი ერთი „მოქალაქეა", რომელსაც ზებრაზე კიდია 54 %-ი, ჩვენზე რომ აღარაფერი ვთქვათ და ყველა ერთად დამოკიდებული ვართ ზოოპარკის გამძლეობაზე, - წერს ეკა ხერხეულიძე „ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.


გაზეთ „საქართველო და მსოფლიოსთან" ინტერვიუში მსახიობი და რადიოწამყვანი გია კორკოტაშვილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ალასანია თანახმაა, რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარები საქართველოში განალაგოს.


- ეს მართლა რომ მოხდეს, რუსეთი გაგვღეჭავს. ალასანია რაკეტებსა და ამერიკას რომ ეპატიჟება, ჩამობრძანდით და სარაკეტო დანადგარები ჩვენთან დააყენეთო, ამის გამო რუსეთი ტანკებით რომ შემოგრუხუნდეს, ალასანია დახვდება? ირაკლი ალასანიას კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ ამერიკული „ხედვა" აქვს. ასე იმიტომ „ხედავს", რომ პირადი კეთილდღეობა აქვს უზრუნველყოფილი. როგორც კი ამერიკელების მიმართ დიდ სიყვარულს გამოვამჟღავნებთ, გეუბნებით, რუსეთი გაგვღეჭავს. ეს ურთიერთობები დაბალანსებული უნდა გვქონდეს. ნუთუ ვერ ხვდებიან ამას? ამერიკა კი ჩვენ გამო რუსეთს ომს არ დაუწყებს. ამის თვალნათელი მაგალითია უკრაინა. ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც ქართველ ერს სჭირს, არის ბურანში ყოფნა. ერთი რამ მინდა გაითვალისწინოს ქართველმა ხალხმა: თითოეულ ჩვენგანს ერთი გოჯი მიწა და ერთი გოჯი პასუხისმგებლობა გვეკუთვნის და უნდა შევიგნოთ, რომ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას სხვას ვერ გადავაბარებთ. ვიდრე ამას არ გავაცნობიერებთ, სულ ამ დღეში ვიქნებით, - აცხადებს კორკოტაშვილი.


ყოფილი დეპუტატი ფიქრია ჩიხრაძე ვარაუდობს, რომ თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კოალიცია დაიშლება.


- არავისთვის არ იქნება მოულოდნელი, რომ არდგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ კოალიცია „ქართული ოცნება" ამ ფორმით ვერ შენარჩუნდეს. ერთ თვეში დაიშლება, ორში თუ სამში, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს, - განაცხადა „რეპორტიორის" პრესკლუბში ფიქრია ჩიხრაძემ.


მისი თქმით, არათუ კოალიციაში, პარტია „ქართულ ოცნებაშიც" კი არაა ერთიანი ვერტიკალი ჩამოყალიბებული.


- ამას ნიშნის მოგებით არ ვამბობ. კოალიციამ აიღო პასუხისმგებლობა ქვეყნის გუნდურ მართვაზე. ეს პასუხისმგებლობა უნდა გამოიხატებოდეს ერთიან ხედვაში. დღეს კი ჩვენ ვერ ვგრძნობთ კოალიციის ერთიან ხედვას, - განაცხადა „რეპორტიორში" ჩიხრაძემ.

 

შორენა მარსაგიშვილი

გაზეთი „ახალი თაობა"

13 მაისი, 2014 წ.


 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016