2014 წლის პლანეტის პირველობისთვის მთელი მსოფლიო ემზადება. ბრაზილიაში მსოფლიო ჩემპიონატზე 32 გუნდი იასპარეზებს. „რეპორტიორი“ წარმოგიდგენთ მათ და შევეცდებით საკმაო ინფორმაცია მოგაწოდოთ ყველა გუნდის შესახებ.
ჩვენი დღევანდელი სტუმარი B ჯგუფში განთესილი ესპანეთის ნაკრებია, რომელიც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ესპანელთა ნაკრებს ვისენტე დელ ბოსკე თავკაცობს.
ბრაზილიის საგზურის მოსაპოვებლად ესპანელები ბოლო, H ჯგუფში, ყველაზე ნაკლები მონაწილეთა რიცხვით, მოხვდნენ, სადაც ერთადერთი ძლიერი მეტოქე საფრანგეთი ჰყავდათ. „მამლებთან“ ურთიერთშეხვედრებში პედრო როდრიგესის გოლის წყალობით, ესპანელები ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდნენ, საფრანგეთს კი პლეი ოფის თამაშების ჩატარება მოუწია.
მსოფლიო ჩემპიონატის უკანასკნელ გამარჯვებულს უდავოდ ვარსკვლავური შემადგენლობა ჰყავს, რომლებიც ევროპულ გრანდებში თამაშობენ. დელ ბოსკეს საოცრად შეთამაშებული გუნდი ტურნირის ერთ-ერთი ფავორიტია. თუ არ ჩავთვლით დაცვის ცენტრალური ხაზს, სადაც პიკე დღითიდღე უკლებს, „წითელ ფურიას“ შემადგენლობის თვალსაზრისით წუნი ვერ მოეძებნება.
კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ამ ნაკრებისთვის დამახასიათებელი ტოტალური ფეხბურთი, რომლის დრომაც, ბევრის აზრით, უკვე ჩაიარა და გუნდებმა ისწავლეს, თუ როგორ ითამაშონ მათ წინააღმდეგ.
ვისენტე დელ ბოსკემ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატისათვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა:
მეკარეები: იკერ კასილიასი („რეალი“), პეპე რეინა („ნაპოლი“), დევიდ დე ხეა („მანჩესტერ იუნაიტედი“).
მცველები: სერხიო რამოსი („რეალი“), ჟერარდ პიკე („ბარსელონა“), რაულ ალბიოლი („ნაპოლი“), ხავი მარტინესი („ბაიერნი“), ჟორდი ალბა („ბარსელონა“), სესარ ასპილიკუეტა („ჩელსი“), დანი კარვახალი („რეალი“), ალბერტო მორენა („სევილია“), ხუანფრანი („ატლეტიკო“).
ნახევარმცველები: ჩავი („ბარსელონა“), ხაბი ალონსო („რეალი“), ანდრეს ინიესტა („ბარსელონა“), კოკე („ატლეტიკო“), სერხიო ბუსკეტსი („ბარსელონა“), სანტი კასორლა („არსენალი“), ანდერ იტურასპე („ბილბაო“), სესკ ფაბრეგასი („ბარსელონა“), ტიაგო ალკანტარა („ბაიერნი“), ხუან მატა („მანჩესტერ იუნაიტედი“), დავიდ სილვა („მანჩესტერ სიტი“).
თავდამსხმელები: პედრო („ბარსელონა“), ხესუს ნავასი („მანჩესტერ სიტი“), დიეგო კოშტა („ატლეტიკო“), დავიდ ვილია („ატლეტიკო“), ფერნანდო ტორესი („ჩელსი“), ალვარო ნეგრედო („მანჩესტერ სიტი“), ფერნანდო ლორენტე („იუვენტუსი“).
გთავაზობთ ძირითადი შემადგენლობის სავარაუდო განლაგებას:
ბოლო წლებში ესპანეთის შემადგენლობა თითქმის არ იცვლება და 4-3-3-ით ასპარეზობს. დელ ბოსკეს გუნდის კარს კასილიასი იცავს. დაცვის ცენტრი პიკე-რამოსის დუეტით აპირებს ფონს გასვლას, თუმცა არაა გამორიცხული, რომ მოედანზე მარტინესი ხშირად ვიხილოთ. მარცხენა ფლანგზე კატალონიური კლუბის მცველი ჟორდი ალბა იმყოფება, მარჯვენა ფლანგს კი სავარაუდოდ ასპილიკუეტა გააკონტროლებს.
ნახევარდაცვის მხრივ ესპანეთს საუცხოო შემადგენლობა ჰყავს. „ბარსელონას“ სამეული (ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა) ძირითადში ითამაშებს. საოცარია, რომ ძირითად შემადგენლობაში ალონსოს, მატასა და ფაბრეგასის ადგილი ვერ მოიძებნა. მარცხენა ფლანგიდან სავარაუდოდ სილვა შეუტევს, ხოლო მარჯვენა ფრთიდან შეტევებს პედრო გააძლიერებს, რომელიც სანაკრებო თამაშებში ნამდვილად საუცხოოა. ფორსმაჟორულ სიტუაციებში შეტევითი პოტენციალის გაზრდა ხესუს ნავასსაც შეუძლია.
ყველაზე საინტერესო იქნება, თუ ვის შეიყვანს ძირითადში დელ ბოსკე ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე. აქ ერთმანეთს ადგილს კოშტა, ტორესი და ნეგრედო ეცილებიან.
ესპანელებმა უკანასკნელი სპარინგ მატჩი 5 მარტს გამართეს და მინიმალური ანგარიშით, იტალიის ნაკრები დაამარცხეს.
შეგახსენებთ, ესპანეთის ეროვნული ნაკრები ჯგუფიდან გასაღწევად ჰოლანდიის, ჩილესა და ავსტრალიის ნაკრებებს დაუპირისპირდება.
ესპანეთის თამაშების კალენდარი ჯგუფურ ეტაპზე:
13 ივნისი 23:00 ესპანეთი - ჰოლანდია (სალვადორი)
18 ივნისი 23:00 ესპანეთი - ჩილე (რიო დე ჟანეირო)
23 ივნისი 20:00 ავსტრალია - ესპანეთი (კურიტიბა)