დღეს, 22:45 საათზე, ტურინში ევროპის ლიგის ფინალური მატჩი გაიმართება. ერთმანეთს ესპანური „სევილია“ და პორტუგალიური „ბენფიკა“ დაუპირისპირდებიან. შეხვედრის მთავარი არბიტრი გერმანელი ფელიქს ბრიხი იქნება.
ორთავე გუნდი ფინალურ ეტაპზე დიდი ძალისხმევის წყალობით მოხვდა. „ბენფიკამ“ ნახევარფინალში ფინალური მატჩის მასპინძელი ქალაქის „იუვენტუსთან“ ორმატჩიან დაპირისპირებაში მოიპოვა გამარჯვება (2:1, 0:0). პირველი მატჩის შემდეგ, ალბათ ცოტა თუ წარმოიდგენდა, რომ ტურინში პორტუგალიელები წაგებას გადაურჩებოდნენ.
„სევილიამ“ ნახევარფინალურ ეტაპზე „ვალენსია“ გააგდო. პირველ შეხვედრაში, საკუთარ კედლებში, მასპინძლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს - 2:0 და თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ „სევილია“ ფინალში იასპარეზებდა, თუმცა „ვალენსიამ“ განმეორებით შეხვედრაში სიურპრიზები შემოგვთავაზა. 70-ე წუთზე ვალენსიელები 3:0 იგებდნენ, თუმცა ბედმა „სევილიას“ მაინც გაუღიმა და მატჩის არბიტრის მიერ დამატებულ დროში, სტეფან მბიამ „ვალენსიის“ კარი აიღო და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა. სევილიელები ფინალურ ეტაპზე გავიდნენ.
ფინალურ მატჩს ტრავმის გამო კრისტოფორო, ჩერიშევი, სილვიუ და ფეისა გამოტოვებენ.
დისკვალიფიკაციის გამო კი მოედანზე ხაიროს, პერესს, სალვიოსა და მარკოვიჩს ვერ ვიხილავთ.
გთავაზობთ მთავარი მწვრთნელების მატჩისწინა კომენტარებს:
„მათ კარგი გუნდი ჰყავთ. ბევრს მუშაობენ. მათი დაცვა ძალიან ძლიერია და მომწონს „ბენფიკას“ თამაშების ყურება“, - განაცხადა „სევილიას“ თავკაცმა უნაი ემერმა.
„წარმატების თანაბარი შანსები გვაქვს. ფინალში გასასვლელად, ძლიერი გუნდი უნდა იყო. ამის გამო, „სევილიას“ დიდ პატივს ვცემ“, - აღნიშნა „ბენფიკას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა.
შეგახსენებთ, ფინალური მატჩი ტურინში, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება.