ქართული თეატრის და კინოს გამორჩეული და ყველასთვის საყვარელი მსახიობი 81 წლის გახდა. ეკრანისა და სცენის ღიმილი - ასე შეიძლება ორი სიტყვით დაახასიათო... ადამიანი, რომელიც თანაბრად უყვარს დიდს თუ პატარას, სოფლად თუ ქალაქად... ერთხელ უხუმრია კიდეც „მე და პრეზიდენტი ბუში ორი კაცი ვართ, ვისი სახელიც ქუჩებს სიცოცხლეშივე დაარქვესო - ორივე ქუჩა საქართველოშია -ერთი თბილისში, ხოლო მეორე კოლაგში, ჩემს მშობლიურ სოფელშიო". ხუმრობს გივი და მსმენელი გულიანად იცინის. მარჯანიშვილის, სოხუმის და რუსთავის თეატრების სცენაზე 60-მდე დიდი თუ პატარა როლი განასახიერა, ერთი ამდენიც კინოში. 100-მდე სხვადასხვა ადამიანის სიცოცხლით იცხოვრა სცენაზე თუ ეკრანზე, იყო კომედიური და დრამატული როლებიც, შინაგანი იუმორით და დრამატიზმით გამსჭვალული. „ლონდრე", „ღვინის ქურდები", „ნატვრის ხე", „თეთრი ბაირაღები", „მარადისობის კანონი". სპექტაკლები - „შთამომავლობა", „ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", „ასი წლის წინათ", „მილიონერი ნეაპოლი", „ეზოში ავი ძაღლია"... რომელი ერთი გავიხსენოთ, ყველგან დასამახსოვრებელი და შთამბეჭდავი ტიპაჟი ყავს შექმნილი... ერთნაირ სიყვარულს თესავს ცხოვრებაში, სცენიდან თუ ეკრანიდან.
საქართველოს სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილის და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი...
დღეგრძელობას, მზეგრძელობას ვუსურვებთ ბატონ გივის, რაც მას ღიმილი უჩუქებია ყველა სიკეთედ დაუბრუნოს ცხოვრებამ...
გმადლობთ, რომ არსებობთ ბატონო გივი, იდღეგრძელეთ მრავალჟამიერ.
P.S.„რეპორტიორი" უერთდება მილოცვას და დღეგრძელობას უსურვებს ბატონ გივის.