დაბა კაზრეთში დღეს კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე RMG Copper-ისა და შპს RMG Gold-ის თანამშრომელთა საპროტესტო აქცია გაიმართება. ინფორმაციას პროფკავშირების გაერთიანება ავრცელებს.
"მიმდინარე მომენტისათვის შპს RMG Gold-ის თანამშრომლები სამუშაოზე ჯერჯერობით ყოველდღიურად ცხადდებიან, მაგრამ საწარმოს თითქმის ყველა ობიექტი გაჩერებულია, რაც სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხეებს შეიცავს", - აცხადებენ პროფკავშირების გაერთიანებაში.
მათივე განცხადებით, კომპანიის დასაქმებულები საქართველოს მთავრობისგან მოითხოვენ, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, საყდრის-ყაჩაღიანის რეალური სტატუსი: იმ შემთხვევაში თუ ობიექტი გამოცხადდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად, კომპანიას აეკრძალოს მოპოვებითი სამუშაოების გაგრძელება აღნიშნულ ობიექტზე და მთავრობამ წარმოადგინოს კომპანიის თანამშრომელთა ალტერნატიული დასაქმების პროგრამა; იმ შემთხვევაში თუ, ობიექტს არ მიენიჭება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, სასწრაფოდ იქნას აღდგენილი საწარმოო სიმძლავრეები და ამ პროცესის ხელისშემშლელი ფაქტორების აღმოფხვრა უზრუნველყოს საქართველოს მთავრობამ; პარალელურად, კომპანიამ მთავრობას, კომპანიის თანამშრომლებს და კაზრეთის მოსახლეობას წარმოუდგინოს საკუთარი ბიზნესხედვა და ბიზნესგეგმა იმის შესახებ, თუ რამდენი წლით იქნება შესაძლებელი სს RMG Copper-ისა და შპს RMG Gold-ის სრული დატვირთვით მუშაობის შენარჩუნება.