reportiori.ge - რაც თქვენ იფიქრეთ, მე ის არ მითქვამს
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ოთხშაბათი, 04 დეკემბერი, 2024. 06:03
ანალიტიკა / პუბლიცისტიკა / წერილები
რაც თქვენ იფიქრეთ, მე ის არ მითქვამს
ავტორი:
19 მაისი, 2014. 17:28



მიხეილ დარახველიძე


 

 

ცოტაცა, ცოტაცა ჩემო უსახსრობით, უმუშევრობით, უსინდისობით,                           უიმედობით გატანჯულო თანაამომრჩევლებო და 15 ივნისიდან ისეთი ცხოვრება დაგვიდგეს, თვით სინგაპურელებს რომ სიზმრადაც  არ მოლანდებიათ.  არ გჯერათ? – მაშინ მოუსმინეთ  ნებისმიერი ქალაქის ან რაიონის მერობის და გამგებლობის ნებისმიერ კანდიდატს    ნებისმიერი პარტიიდან   ან მოძრაობიდან.




ოლანდის ლანდი

 

საფრანგეთის პრეზიდენტ ოლანდის სტუმრობა რომ არა, გასული კვირის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, ალბათ, ღარიბაშვილ-მარგველაშვილის ურთიერთობა და დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი ზვავი იქნებოდა. ამ წუთისთვის ზვავის ტრაგიკული შედეგებისა და მისი გამომწვევი მიზეზების შესახებ, თუ არ ჩავთვლით, რომ უამინდობის გამო სამაშველო სამუშაოები დროებით შეჩერებულია, ბევრი არაფერი ვიცით. სამაგიეროდ ვიცით, რომ ტრაგედიის ადგილას იმყოფება სამაშველო სამსახურები, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მინისტრები და მაშველად გადაცმული თვით  შს მინისტრი ჭიკაიძე.

 

ოდესღაც გენსეკ ნიკიტა ხრუშჩოვის, მერე ლეონიდ ბრეჟნევისა და ბოლოს პრეზიდენტ ბუშის გრანდიოზულად გულუხვი დახვედრით დარცხვენილმა საქართველოს ხელისუფლებამ საფრანგეთის პრეზიდენტს ისე უმასპინძლა, მგონი, თავისი წუწურაქობით განთქმული ფრანგებიც კი გააოცა.

 

ბატონი ფრანსუა ოლანდის მეგობარ საქართველოში ვიზიტის მთავარი მიზეზი, თუ სწორად გავიგეთ,  ჩვენზე მზრუნველი ევროპისგან მასთან ასოცირებაზე (თავის გაყადრებაზე) კიდევ ერთი დასტურის ჩამოტანა იყო. ეს, რა თქმა უნდა, „მაპზე უკეთესია“, მაგრამ, კერძოდ, რის მომტანია, სულ რაღაც ორმოცდაათი წლის შემდეგ უეჭველად გვეცოდინება. თუმცა, როგორც ერთმა გურულმა მეგობარმა ამიხსნა, „რაცხა იმფერ ამბავს გავს, პურმარილზე რო დაგპაიჟებენ, მარა სუფრასთან არ მიგიშობენ და ქეიფს შორიდან გაყურებიებენ“.

 

ბატონ ოლანდს თითქმის ფეხდაფეხ მოჰყვა ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა ევროპის ჩვენდამი კეთილგანწყობა და კიდევ ერთხელ დაგვაიმედა, რომ ივნისის მიწურულს ასოცირებულობა გარანტირებული გვაქვს.

 

რაც მთავარია, ორივე ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა ფიგურამ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე ზრუნვა გვირჩია.

 

ამ პატივცემული ბატონების ვიზიტმა  მთავრობის მხრიდან  პრეზიდენტ მარგველაშვილის  იგნორირების პოლიტიკა უკვე ცხადად გამოაჩინა. ორივე საპატიო სტუმარს პრემიერმა ღარიბაშვილმა უმასპინძლა. პრეზიდენტს, ფაქტობრივად, პასიური მაყურებლის როლი ერგო. დაიწყო იმაზე მსჯელობა, ვინ უნდა მოაწეროს ხელი ივნისის ბოლოს დაგეგმილ ასოცირების ხელშეკრულებას. კონსტიტუციით, ეს პატივი პრეზიდენტს ეკუთვნის, მაგრამ ითქვა, რომ ხელს პრემიერი მოაწერს. თვითონ პრემიერმა ღარიბაშვილმა ბრძანა, რომ „ასოცირების ხელშეკრულებას ხელს საქართველო მოაწერს“.

 

გონებამახვილური გამოსავალია, მაგრამ, სამწუხაროდ, ძველი და გაცვეთილია – ძალიან ახალგაზრდა პრემიერმა, როგორც ჩანს, არ იცის კომუნიზმის მშენებლობის დროინდელი ფრთიანი გამოთქმა – „ვამბობთ პარტიას და ვგულისხმობთ ვლადიმერ ლენინს“. არც 90-იანი წლების დასაწყისის საქართველოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთობ პოპულარული სიმღერის ტექსტი ახსოვს – „ზვიადი საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო“.

 

ის ფაქტი, რომ ვიზიტების კვირაში პრემიერმა და პრეზიდენტმა აბანოთუბანში, რესტორან „პურის სახლში“ პური ერთად გატეხეს, ბევრს არაფერს ნიშნავს. სამაგიეროდ, პრეზიდენტის იგნორირების პოლიტიკა მძიმე ფიქრებს აღძრავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ტოტალიტარული მმართველობისადმი მიდრეკილებაზე. იმედია, ვცდები.

 

გასულ კვირაში, მთლიანად საქართველოს ხელისუფლებამ და მათ შორის, მისმა „მეოთხე შტომ“, ჟურნალისტიკამ უყურადღებოდ დატოვეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის ერთი, ჩემი აზრით, საკმაოზე მეტად საშიში განცხადება: „საქართველოს ნატოში შესვლა საფრთხეს უქმნის რუსეთის უშიშროებას“. ძალიან დიდი ალბათობით, ლავროვს ამ განცხადებისკენ სწორედ სერიოზული ევროპელი პოლიტიკოსების საქართველოში ვიზიტებმა უბიძგა.

 

ისევ უკრაინა

 

უკრაინა თანდათან ეფლობა სამოქალაქო ომის ჭაობში. „მაიდნის რევოლუციისგან“ გამოწვეული ეიფორია გაიფანტა და გამოჩნდა, რომ ვითარება იმაზე გაცილებით უფრო ტრაგიკულია, ვიდრე ყველაზე პესიმისტი რევოლუციონერი წარმოიდგენდა. ყირიმის კვალდაკვალ, რეფერენდუმები ჩატარდა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქებში. გამოცხადებულია „სახალხო რესპუბლიკები“, რომლებიც დიდი ალბათობით, რუსეთთან შეერთებას მოითხოვენ. ბოლო არ უჩანს ულტიმატუმებსა და  შეიარაღებულ დაპირისპირებებს. ოდესაში, სლავიანსკში, დონეცკში, ლუგანსკში, დნეპროპეტროვსკში... ვითარება უკიდურესად დაძაბულია. იღუპებიან ადამიანები.  გასულ კვირას დნეპროპეტროვსკში იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და საპროგრამო სიტყვაც წარმოთქვა: „კიევის, მთლიანად უკრაინის და  ევროპის ბედი ახლა დნეპროპეტროვსკში წყდება. უკრაინელმა პატრიოტებმა საკადრისი პასუხი გასცეს სეპარატისტებს“.

 

სააკაშვილმა მეგობარ უკრაინელებს (მეც ხომ თითქმის უკრაინელი ვარო!) სისხლისმსმელ რუსეთთან უკომპრომისო ბრძოლისკენ მოუწოდა.  იქნებ ვინმემ ხმა მიაწვდინოთ უკრაინელებს – სააკაშვილის ჭკუაზე სიარულმა თუ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი დააკარგვინა, შესაძლოა, უკრაინისგან უკრაინელ ხალხს სულ მალე დარჩეს ტკბილი მოგონებები კიევის რუსეთზე.

 

გასული კვირის ბოლო დღეს სერგეი ლავროვმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა, რუსეთი  აღმოსავლეთ უკრაინის რუსეთთან შეერთების საკითხს ჰიპოტეტურად განიხილავსო. ადამიანურ ენაზე ეს ნიშნავს, რომ რუსეთი სცნობს ახალგამომცხვარ რესპუბლიკებს, უკრაინა დაიშლება და ამისგან მას საქართველოსა და მოლდოვასთან ერთად 27 ივნისს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ვერ გადაარჩენს. სამწუხაროდ, ვერც სააკაშვილის ავანტურისტული გამოხდომები.

 

ღმერთო დამიცავი ჩემი პოლიციისაგან

 

გასულ კვირაში კვლავ ძალიან აქტუალური იყო თვალთვალისა და მიყურადების თემა. უფრო ზუსტად, ამ თემაზე კანონის განხილვა პარლამენტში  საკმაოდ მწვავე კამათის ფონზე მიდიოდა. პარლამენტართა ერთი ნაწილი საკმაოდ სკეპტიკურად უყურებს თვალთვალისა და მიყურადების შეზღუდვა-აკრძალვის პერსპექტივას და არცთუ უსაფუძვლოდ – თანამედროვე ტექნიკური შესაძლებლობების ეპოქაში ამის გარანტია პრაქტიკულად არ არსებობს.

 

კიდევ ერთხელ გააქტიურდა რუსთავი 2-ის ყბადაღებული ფარული ჩანაწერებისა თუ „გვარამიას ჯოჯოხეთის“ თემები. მოკლედ, ვთანხმდებით, რომ მოსმენა-მიყურადება, ადამიანის პირად ცხოვრებაში ჩარევა (თუ ამას სახელმწიფოს ინტერესები არ მოითხოვს და არ არის სანქცირებული სასამართლოს მიერ) და მერე ამის სახალხოდ გამოცხადება არის უღირსი საქციელი და სისხლის სამართლის დანაშაული. მეორეს მხრივ, არ არსებობს მექანიზმი, რომელიც ამისგან დაცვის გარანტიებს მოგვცემდა. ვითარება ასეთია: შევთანხმდით, რომ კანონმა უნდა დაიცვას მოქალაქე პოლიციური თვალთვალისგან; ვერ შევთანხმდით, ვინ უნდა გასცეს თვალთვალის ნებართვა, ვინ უნდა გააკონტროლოს მობილური კავშირგაბმულობა; რეალურად, როგორ დავიცვათ საზოგადოება ამ უბედურებისგან...

 

ბუნებრივია, ამ თემის განხილვისას ყველაზე მეტად ჟურნალისტები აქტიურობენ და... სწორედ ისინი პრესასა თუ ელექტრონულ მედიაში ზედიზედ აქვეყნებენ საიდუმლო თვალთვალით მოპოვებულ მასალებს. თანაც გვპირდებიან, ამას მომავალშიც გავაგრძელებთო.

 

კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალი – მიყურადება-თვალთვალის ყველაზე რადიკალურ მოწინააღმდეგეებად პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები მოგვევლინენ. მათი ლოგიკა ასეთია – რაც იყო, ის არ უნდა განმეორდეს!

 

ბარემ აქვე გასულ კვირაში მომხდარი ერთი უცნაური დანაშაულის შესახებაც მოგახსენებთ – დღისით-მზისით, თბილისის ცენტრალურ უბანში, ხალხმრავალ ადგილას ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ფეხში დაჭრა მწერალი მამუკა ხერხეულიძე, რომელმაც თავის დროზე სახელი ნაცმოძრაობისა და მისი პოლიტიკის თავგადაკლული ქომაგობით გაითქვა.

 

გასულ კვირაში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ სხვადასხვა დროს დაპატიმრებული ოცამდე საქართველოს მოქალაქე, საჩხერის რაიონის მკვიდრი გაათავისუფლა – თითო 2000 რუბლად და, რასაკვირველია, მინისტრ პაატა ზაქარეიშვილის ხათრით. ბატონმა მინისტრმა დაგვაიმედა, ნუ შეშინდებით, თამამად წაბრძანდით ტყეში სოკოს და ეკალას საკრეფად (ჯონჯოლიც შეიძლება), თუ სეპარატისტები დაგაპატიმრებენ, ჩვენ აგერ არა ვართო?

 

ამასთან რა მოსატანია, მაგრამ გასულ კვირაში ქართულ მედიაში გამოქვეყნდა ერთი ძალიან საინტერესო ჟურნალისტური კვლევა  ტრანსპორტის დაგეგმილი ტექნიკური შემოწმების აღდგენასთან დაკავშირებით. საქმე გამონაბოლქვის ტოქსიკურობას შეეხება. საერთაშორისო სტანდარით, ლიტრ ბენზინში გოგირდის შემველობა არ უნდა აღემატებოდეს 10 მილიგრამს. ჩვენთან ეს სტანდარტი გაზრდილია 200-მდე, ხოლო სინამდვილეში არის 600 მილიგრამი, ანუ საერთაშორისო სტანდარტზე სამოცჯერ მეტი! აქედან გამომდინარე, საქართველოში არსებულ ყველა სატრანსპორტო საშუალებას, უკლებლივ ყველას (ურემი, ეტლი, ველოსიპედი და „კალიასკა“ არ ითვლება) აუცილებლად უნდა აეკრძალოს მოძრაობა.

 

მეოცნებე ნათელმხილველები

 

საქართველოში უკვე სრული სვლით მიმდინარეობს საარჩევნო, ანუ ქვეყნის გადარჩენის კამპანია. ამ კამპანიის შემხედვარე დარწმუნდებით, რომ გამარჯვებულის ვინაობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს  – ქვეყნისა და ერის მომავალი ნებისმიერი არჩევანისას გარანტირებულია. განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა „ქართული ოცნების“ რაიონული შეკრებები  კასპსა და ქარელში –  გამომსვლელები აქაც და იქაც ზუსტად ერთნაირი ტექსტებით ლაპარაკობდნენ! სხვადასხვა ადგილას, სხვა და სხვა დროს, სხვა და სხვა ადამიანები ლაპარაკობდნენ ერთსა და იმავეს ერთი და იგივე წინადადებებით! ოპონენტების ქილიკის საპასუხოდ, მეოცნებეებმა, ეს უბრალო დამთხვევის ამბავიაო. თუ მართლაც ასეა, საქმე აშკარად ჯოგურ აზროვნებასთან გვქონია.

 

თბილისის მერობის ათივე რეგისტრირებული და ამდენივე დასარეგისტრირებელი  კანდიდატი  უამრავ სიკეთეს გვპირდება. მათი ძირითადი დაპირებები რომ გავაერთიანოდ, მშობლიურ დედაქალაქში ასეთი სურათი გვექნება: დენი – 4 თეთრი; გაზი – 6 თეთრი; საწვავი – 40 თეთრი; წყალი – უფასო; მუნიციპალური ტრანსპორტი – 20 თეთრი; 1 კგ პური – 30 თეთრი; საშუალო ხელფასი – 2000 აშშ დოლარი თვეში; მინიმალური პენსია – 999 აშშ დოლარი თვეში; დასაქმება – ასპროცენტიანი;  უფლებები – დაცული; ვალები – გასტუმრებული; სიფათი – გაღიმებული; დედა-მიჯირყვნული...

 

მაგრამ ამ ინტრიგანი ჟურნალისტებისა და არასამთავრობოების გულს ხომ ვერაფრით მოიგებ! მათი მონდომებით, გასულ კვირაში საზოგადოებას საშუალება ჰქონდა მისი რჩეულების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების შესახებ შეეტყო. ამ კეთილშობილური მიზნით მარტო შარშან ბიუჯეტიდან გახარჯულა 250 მილიონ ლარზე მეტი (არასრული მონაცემებით). მინისტრებისა და მათი მოადგილეების პრემიები 23-დან 85 ათასამდე  ლარი ყოფილა.

 

მეც ინტრიგნებში თუ არ მიმათვლით, შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ომის ვეტერანის  წლიური პენსია 264 ლარია (22 ლარი თვეში)! დიახ, მინისტრის მინიმალური პრემია წელიწადში 23 ათასი ლარია, ომის ვეტერანის მაქსიმალური პენსია – 264 ლარი!

 

არა, არა, ღმერთმა დამიფაროს, თქვენ რომ გაიფიქრეთ, მე მსგავსი არაფერი მითქვამს.

 

საყდრისი მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური ძეგლია!

 

ზუსტად ასეთი ვერდიქტი გამოიტანეს ხელისუფლების მიერ მოწვეულმა ავსტრიელმა და ჩეხმა სპეციალისტებმა (არქეოლოგმა და გეოლოგმა) საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს მაღაროსთან დაკავშირებით. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ეს არის სიმართლე. თუმცა, სავარაუდოდ, ეს სიმართლე შეიწირავს კულტურის მინისტრის მოადგილე მარღიშვილის, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს თავმჯდომარე ანთიძის თანამდებობებს და დიდად დააზარალებს კულტურის მინისტრ ოდიშარიასა და თვით პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილის რეპუტაციას.

 

გასულ კვირაშივე, უცხოელი სპეციალისტების დასკვნის  გამოცხადებამდე, თბილისის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთხელ გადადო 2013 წელს საყდრისის მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ჩამორთმევის საკითხის განხილვა. კულტურის სამინისტროს კიდევ ერთხელ მისცა დრო შესაბამისი დოკუმენტების მოძიებისა და წარმოდგენისათვის.

 

ყველაფერი ეს გვაიმედებს, რომ მძიმედ, მაგრამ მაინც საქართველოში სამართლიანობის დამკვიდრების პროცესი მიმდინარეობს.

 

ჰო, კინაღამ დამავიწყდა, 17 მაისს თბილისში  განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. ანტიდისკრიმინაციული კანონის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა მეჩხერმა მიტინგებმა რუსთაველის მეტროსთან და „მთავრობის სასახლესთან“ მშვიდობიანად ჩაიარა. მანამდე მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა. ასე რომ, ამიერიდან ოჯახის ერთგულებისთვის კიდევ ერთი ვალდებულება გაგვიჩნდა.

 

გასულ კვირაში თურქეთის ქალაქ სომას მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს მიაღწია. ამასთან დაკავშირებით მთელს თურქეთში მძლავრი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, მათ შორის – დედაქალაქ ანკარაშიც. იყო პრემიერ ერდოღანის ესკორტზე თავდასხმის მცდელობაც.

 

საქართველოს ყველა ტელეარხზე ძველებურად მიმდინარეობდა თურქული ტელესერიალების ჩვენება, ყველა ინტელექტუალურ ქართულ ინტიმურ თავყრილობაზე – ამ ტელესერიალების საფუძვლიანი ანალიზი.

 

 

19 დეკემბერი, 2015. 10:53
ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016