მთავარი პროკურატურის განკარგულებით, საპროცესო შეთანხმების ნორმები შეიცვლება და ნარკოტიკებზე მკაცრი სანქციები დაწესდება. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ე.წ. ბიოს გასაღებას, რომელზეც საპროცესო შეთანხმება, პრაქტიკულად, აღარ გაფორმდება... ექსპერტთა ერთი ნაწილი ისევ იმ აზრზე რჩება, რომ უნდა მოხდეს ნარკოტიკების დიფერენცია და ე.წ. მსუბუქ ნარკოტიკებს დეკრიმინალიზაცია შეეხოს. უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი განმარტავს:
"მე არ მგონია, რომ ეს წარმატების მომტანი იყო, იმიტომ რომ, როდესაც ლაპარაკია რეპრესიულ ზომებზე, ასეთი ზომები თუ არ არის უკიდურესად გამწვავებული, მასშტაბური და ყოვლის მომცველი, მას, როგორც წესი, შედეგები არ მოაქვს... ვგულისხმობ ისეთ უკიდურეს ზომებს, როგორსაც მიმართავენ არაბული ქვეყნები - ირანი, მალაიზია, საუდის არაბეთი... სადაც სიკვდილით დასჯაა ნარკოტიკის გრამის მეასედის აღმოჩენისთვისაც კი... თუ ჩვენ ევროპისკენ მივდივართ, სტრატეგიად უნდა ავიღოთ კანონის ლიბერალიზაცია და გარკვეული მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია... თუ ეს იქნება კანონში ასახული, მაშინ რაღაც უბედურებების, "კრაკადილების", ბენზინით დამზადებული ბიონარკოტიკების ძებნა აღარ იქნება, რომელიც წამლავს და კლავს ადამიანს... ახლა სიგარეტიც მავნებელია და ალკოჰოლიც, მაგრამ ისინი იყიდება. აი, ასევე, უნდა იყოს დაშვებული, მაგალითად, მარიხუანა..."
შეგახსენებთ, რომ "ბოის" გარშემო სკანდალი მას შემდეგ ატყდა, რაც 16 თებერვალს, კაფე "გალერიში" გვიან ღამით, ცნობილი კარდიოლოგის, გულიკო ჩაფიძის შვილიშვილი, 23 წლის დავით ცხაკაია გარდაიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ შსს-მ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით (თვითმკვლელობამდე მიყვანა) აღძრა, თვითმხილველთა მონაყოლით, გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკული საშუალებების ჭარბი დოზა გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი არ გამოიძახეს. თვითმხილველები, აგრეთვე, ყვებიან, რომ ადგილზე, სადაც დავით ცხაკაია გარდაცვლილი იპოვეს, არც კაფე "გალერის" დაცვის თანამშრომლები ყოფილან. ახალგაზრდის გარდაცვალება ნარკოტიკულმა საშუალება "ბიომ" გამოიწვია. უამრავი ადამიანი ადასტურებს, რომ კაფე "გალერიში" "ბიოს" შეძენა თავისუფლად შეიძლებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანა მოსთხოვა და ჯანდაცვის სამინისტრომაც "ბიო" აკრძალული პრეპარატების, ანუ ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველთა სიაში შეიტანა. მოკლედ, ამიერიდან დაისჯება "ბიოს" რეალიზატორიცა და მომხმარებელიც...
სისხლის სამართლის 260-ე მუხლს დაემატა ერთი პუნქტი და 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა "ბიოს" შეძენა-შენახვა-გადატანაზე, ხოლო მომხმარებელი 500-ლარიანი ჯარიმით დაისჯება. რეალიზაციის შემთხვევაში კი პატიმრობა 5-წლიანი ვადით განისაზღვრება...
არადა, ცოტა ხნის წინ ღამის კლუბებში "ბიო" "უპრაგონოდ" იყიდებოდა და ვისაც სურვილი და საშუალება ჰქონდა, მასზე უპრობლემოდ მიუწვდებოდა ხელი. მეტიც, ინტერნეტითაც შეიძლებოდა მისი გამოწერა, სახლიდან გაუსვლელად გამოიწერდი ნარკოტიკს, გადაიხდიდი და "საქართველოს ფოსტის" კურიერი შინ მოგართმევდა. ფასი? შეთანხმებით. 50 ევროდან იწყებოდა ყველაზე დაბალი ხარისხის "ბიოს" ფასი და 200 ევრომდე ადიოდა. სამაგიეროდ, ერთი შეკვეთით იმდენს შეიძენდი, ერთი თვეც გეყოფოდა, თუ, ცხადია, მეგობრებს არ დაპატიჟებდი და მარტო "იკაიფებდი".
არადა, "ბიოს", როგორც მომაკვდინებელი ახალი ნარკოტიკის, შესახებ ლაპარაკი, რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს, ექსპერტები ღიად აცხადებდნენ, თუ დროულად არ ავკრძალეთ, მრავალი ახალგაზრდის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას წაიღებს, მერე კი გვიანი იქნება, როცა მთელ ახალგაზრდობას დაიპყრობსო.
საზოგადოების ერთი ნაწილი კატეგორიულად მოითხოვდა "ბიოს" აკრძალვას, აი, მეორე კი, ლიბერალებს რომ უწოდებენ საკუთარ თავს და თავადაც ვერ გაუგიათ, რეალურად ვინ არიან, ასევე, კატეგორიულად მოითხოვდა საქართველოში არა მხოლოდ მსუბუქი, არამედ ნებისმიერი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციას. სოციალურ ქსელში ამაზე ერთი ამბავი იყო ატეხილი, უცხო ქვეყნების მაგალითები მოჰყავდათ, სადაც ნარკოტიკის მომხმარებლებს აღარ იჭერენ, არც აჯარიმებენ და ნარკოტიკის მომხმარებელთა რიცხვმა იკლო. ბევრი ლიბერალი იმასაც ამტკიცებდა, თუ ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია არ მოხდება საქართველოში, ევროკავშირშიც არ მიგვიღებენო. აბააა, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციას დილით მოვახდენთ თუ არა, საღამოს ეგრევე ევროკავშირში მიგვიღებენ.
საქართველოში ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია არ შეიძლება. მართალია, კანონის გამკაცრება, დასჯა დანაშაულის კლების გარანტია არ არის და ეს ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რა განსხვავებაა ჩვენსა და ევროკავშირის მაღალგანვითარებულ ქვეყნებს შორის. საქართველოში დღეს ისეთივე სოციალური მდგომარეობაა, როგორიც სადღაც 60-იან წლებში ან უფრო ადრე იყო დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ესპანეთსა თუ ბელგია-ჰოლანდიაში. რატომღაც, იმ დროს, 60-იან წლებში, ამ ქვეყნებში არ უფიქრიათ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციაზე. ეს საკითხი ევროპაში მაშინ მომწიფდა, როცა სოციალური პრობლემები მოაწესრიგეს, ჯანდაცვის რეფორმები გაატარეს და ჯანმრთელობის დაზღვევის პრობლემა მოაგვარეს, მასობრივი უმუშევრობა დაძლიეს, ახალგაზრდებს სწავლისა და სხვა საშუალებები მისცეს, ქვეყანაში ნარკოტიკის გარდა, სხვა, უამრავი გასართობი საშუალება გააჩინეს, სპორტი ააყვავეს და მასობრივი გახადეს. რაც მთავარია, ამ ყველაფერზე ხალხს ხელი მიუწვდებოდა და მხოლოდ იმიტომ, რომ თავი გაერთო, ნარკოტიკს ერთეულებიღა ეტანებოდნენ. ამასთანავე, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ევროპის წამყვანი ქვეყნები, სანამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას მოახდენდნენ, მანამდე ათწლეულების მანძილზე, პრევენციისა და სხვა მეთოდებით მკაცრად ებრძოდნენ ნარკომანიას. სიმკაცრით მათი კანონები ჩვენთან რა მოსატანია? მეტიც, ქართული კანონმდებლობა ნაწილობრივ სწორედ ევროპულის გადმომღერებაა და მეტი არაფერი, ოღონდ მე-20 საუკუნის ევროპისა, რადგან განვითარების დონით, ბევრ სფეროში, ჯერ ისევ მე-20 საუკუნეში ვიმყოფებით და რაც არ უნდა იძახონ ჩვენმა ლიბერალებმა, ამ რეალობას, სამწუხაროდ, ვერაფერი შეცვლის. აქ კი, რაც ჩამოვთვალე, ეს ყველაფერი ჯერ გასაკეთებელია. მსუბუქი ნარკოტიკი ავიღოთ, თუნდაც, მარიხუანა.
ევროპაში მარიხუანას ბევრი ეწევა და მხოლოდ გასართობად იქ მარიხუანაზე შეიძლება მხოლოდ ერთეულები იყვნენ დამოკიდებულნი. ხოში აქვთ, მოწევენ, ხოში არ აქვთ და არ მოწევენ. მარიხუანის მოწევის გარდა, ჯერ ერთი, იქ ხალხს სხვა უამრავი საქმე აქვს. მეორეც, იქ უამრავი სხვა საშუალებაა გასართობად. აქ სხვა მდგომარეობაა. გასართობად კი არა, იმ საშინელი რეალობისგან მოსაწყვეტად ეწევიან ახალგაზრდები, რაც საქართველოშია. გამოფხიზლდებიან და მერე ისევ ეწევიან. ეწევიან იმდენს, რამდენზეც ხელი მიუწვდებათ. შრომისუნარიანი ახალგაზრდობის 70% უსაქმურადაა და ამ ხალხის დიდი ნაწილი ან ნარკოტიკს ეტანება, ან სასმელს. ერთი პერიოდი ნახევარი საქართველო გალოთებული იყო, დღეს კი გალოთებულ-განარკომანებულია.
ცხადია, ბევრს გაუჩნდება კითხვა ნარკომომხმარებელთა უფლებების შესახებ. რატომ უნდა ისჯებოდნენ მსუბუქი ნარკოტიკის, დავუშვათ, მარიხუანას მომხმარებლები, როცა არ ისჯებიან ალკოჰოლის მომხმარებლები? რა მნიშვნელობა აქვს, ადამიანი "პლანით" "იკაიფებს" თუ, ვთქვათ, კონიაკით? მით უფრო, ალკოჰოლზე დამოკიდებულ ადამიანთა რაოდენობაც საკმაოდ ბევრია საქართველოში? ლეგიტიმური კითხვებია და გავცემ პასუხს. ალკოჰოლის მოხმარება, ნარკოტიკისგან განსხვავებით, არც ერთ ქვეყანაში არ არის აკრძალული (ცხადია, არ ვგულისხმობ რამდენიმე მუსლიმანურ ქვეყანას, სადაც ალკოჰოლის შემცველი ნებისმიერი სასმელის მიღებაც აკრძალულია და მათი რეალიზაცია უმკაცრესად ისჯება). ეს კი ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებში ალკოჰოლს იმდენად მავნედ და დამღუპველად არ მიიჩნევენ ადამიანებისთვის და არც იმხელა საფრთხეს არ წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, როგორც ნარკოტიკი. ასევე, ადამიანი ალკოჰოლურ სასმელზე რომ გახდეს დამოკიდებული, ამისთვის სასმელს წლების მანძილზე და სისტემატურად უნდა მოიხმარდეს, თუნდაც მარიხუანაზე დამოკიდებულ ადამიანთა უმრავლესობა კი, ამას კვლევები ადასტურებს, დაახლოებით, 6 თვიდან 1.5 წლის სისტემატური მოხმარების შემდეგ ხდება დამოკიდებული. გარდა ამისა, ქრონიკულ ალკოჰოლიკთა განკურნება გაცილებით იოლი და იაფია, ვიდრე იმავე მარიხუანაზე დამოკიდებულთა. ასევე სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ფსიქიატრიულ კლინიკებს მარიხუანის ხუთჯერ მეტი მომხმარებელი აკითხავს, ვიდრე ალკოჰოლიკი.
ისე, სანამ ნარკომანიის ლეგალიზაცია-დეკრიმინალიზაციის თემებს წამოვწევდეთ, უმჯობესი იქნება, იმ ადამიანებს მივხედოთ, ვინც ნარკომანია და ქართულ პოლიტიკაში გავლენიან ფიგურებს წარმოადგენენ, ანდა საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე მუშაობენ. თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი რომ ნარკომანი გვყავდა, ეს საქვეყნოდ ცნობილი ამბავია. სხვათა შორის, ეს ფაქტი არც თავად კეზერაშვილს და არც ერთ მის დამცველ გავლენიან "ნაციონალს" არ გაუპროტესტებია. ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნარკომანობის შესახებაც ბევრი თქმულა. გავიხსენოთ, 2012 წლის აპრილში, მახათას მთაზე, კათალიკოს-პატრიარქთან ერთად მშენებარე ეკლესიასთან ასული პრეზიდენტი სააკაშვილი, მისი უკონტროლო მოქმედებები, როცა კომპიუტერის დისკი ვერაფრით ვერ ჩაიდო ჯიბეში - შარვალზე ჯიბე ვერ იპოვა. შემდეგ, აშკარად არანორმალურ მდგომარეობაში მყოფი, უბოდიშოდ პატრიარქის სავარძელში ჩაესვენა - გვერდით მისთვის სხვა სავარძელი იყო განკუთვნილი, მაგრამ იქამდე ვერ მიაღწია. როცა ეს კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა, არაერთმა ცნობილმა და კომპეტენტურმა ნარკოლოგმა, არსებულ სიმპტომებზე დაყრდნობით, სააკაშვილს დიაგნოზი დაუსვა - პრეზიდენტი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იყო და ეს ეჭვს არ იწვევსო. იმ ევროპასა და ამერიკაში, რომელსაც ჩვენი ლიბერალები ხშირად ეტოლებიან და ჰბაძავენ, მიხეილ სააკაშვილს იმავე დღეს გააქანებდნენ ნარკოლოგიურში, შეამოწმებდნენ და თუ სისხლში ნარკოტიკის კვალი აღმოაჩნდებოდა, მეორე დღესვე პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგებოდა. თუმცა, როგორც წესი, თავმოყვარე უცხოელ პოლიტიკოსებს აქამდე არ მიჰყავთ ხოლმე საქმე და ამგვარი სკანდალების შემდეგ, თავად ტოვებენ მაღალ პოსტებს. საქართველოში კი სულ ფეხებზე ჰკიდიათ კანონი, რომელიც ნარკომომხმარებელს არათუ მაღალი პოსტის დაკავებას, საერთოდ, სახელმწიფო სამსახურში მუშაობას უკრძალავს. სააკაშვილს არც ექსპერტიზა გაუვლია და საზოგადოება არც იმის ღირსად ცნო, რომ ამ ფაქტზე განმარტება მაინც გაეკეთებინა მის პრესსამსახურს. ყველაზე მეტი თავგამოდებით კი სააკაშვილს სწორედ ეს ლიბერალები იცავდნენ, - მიშა "კაიფში" არ იყო, გადაღლილი იყო და ასე იმიტომ გამოიყურებოდა მახათას მთაზეო. რა იცით, თქვე შობელძაღლებო, გადაღლილი რომ იყო? რაო, ერთად მუშაობდით?
"ნაციონალთა" მმართველობისას არაერთი სხვა ნარკომანი იყო მაღალ-მაღალ პოსტებზე, პარლამენტშიც ისხდნენ და დღესაც სხედან. არადა, კანონით ამ ადამიანებს ნარკოტესტი უნდა ჰქონდეთ გავლილი და შესაბამისად, პარლამენტშიც ვერ უნდა მოხვედრილიყვნენ, თუ ნარკოტესტი ვერ გაიარეს, ანუ სისხლში აკრძალული, ნარკოტიკის შემცველი ნივთიერება აღმოაჩნდათ, კანონი მათ ცესკო-ში დეპუტატობის კანდიდატად დარეგისტრირების ნებას არ აძლევს. თუმცა, როცა ესენი პარლამენტში მოხვდნენ, ექსპერტიზის ეროვნული ბიუროც ამათ ხელში იყო და სხვა დანარჩენიც ამ ქვეყანაში.
მე იმას არ ვამბობ, რომ ნარკომომხმარებლები მარტო ძველ ხელისუფლებაში იყვნენ და ახალში სულ ანგელოზები არიან. არა, ეჭვი და აქა-იქ ინფორმაცია ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებზეც მაქვს, რომ წამალთან მეგობრობენ. ამ ეჭვებს დამიდასტურებენ თუ არა, მათ ვინაობასაც ვაცნობებ მკითხველს. ვინც არ უნდა იყოს, რომელი პარტიისა თუ კოალიციის წევრიც არ უნდა იყოს, თუ ნარკომანია, პოლიტიკაში არაფერი არ უნდა ესაქმებოდეს და ხელს არავის დავაფარებ. უკვე მოგახსენეთ, ამას კანონიც კრძალავს, მაგრამ მავანნი წლებია, ამ კანონის გვერდის ავლას ახერხებენ. ამიტომ, სასიცოცხლოდ აუცილებელი საქმეა, თუ ქართველი საზოგადოება გაერთიანდება და პოლიტიკასა და სახელმწიფო სამსახურში მოკალათებულ ნარკომანებს ბრძოლას გამოუცხადებს.
თუ ასეთებს აღმოვაჩენთ და არ დავუთმობთ, იძულებულნი იქნებიან კომფორტული კაბინეტები დატოვონ და ბედი სხვაგან ეძიონ. ნარკომანს რომ სახელმწიფო სამსახური კი არა, ორი ბატი არ უნდა ანდო, ამაზე ცივილიზებული სამყარო დიდი ხანია აღარ კამათობს...
ეს წერილი ბიონარკოტიკით დავიწყე და ისევ ამ თემით დავასრულებ. "ქრონიკას" "ბიოს" შესახებ ცნობილი ნარკოლოგი, პროფესორი გელა ლეჟავა ესაუბრება:
- ბატონო გელა, რა არის "ბიო" და რამდენად საშიშია ეს ნარკოტიკი? ბევრი იმასაც ამბობს, რომ ეს მარიხუანის ნაირსახეობაა და საშიში არ არის. არადა, ამ "ბიოთი" ბოლო ხანს არაერთი ადამიანი დაიღუპა საქართველოში.
- "ბიო" შექმნა ნარკომაფიამ, ეს არის სინტეთიკური ნარკოტიკი. "ბიო" არის მსგავსი მარიხუანის წამყვანი ნარკოტიკის - ტეტრაჰიდროკანაბიოლისა. სხვა, ოცამდე ნარკოტიკიც შედის "ბიოში", მაგრამ წამყვანი ეს არის. მოკლედ, ნარკომაფიამ სწორედ ეს ტეტრაჰოდროკანაბიოლი შექმნა ქიმიური გზით, ხელოვნურად, თუმცა ამ ნარკოტიკისგან რაღაცით მაინც განსხვავდება. ეს განსხვავება კი იმისთვის სჭირდებოდა, რომ ტეტრაკანაბიოლი გაეროს მიერ შეტანილია კონტროლირებად ნივთიერებათა სიაში და დასჯადია. ამათ კი შექმნეს ისეთი ნარკოტიკი, რომელსაც განსხვავებული ფორმულა აქვს, მაგრამ ადამიანის ცნობიერებაზე თითქმის იგივე გავლენას ახდენს, რასაც ტეტრაჰიდროკანაბიოლი. თუმცა, მე ვიტყვი, უარესი გავლენაც კი აქვს.
- მოკლედ, ნარკომაფიამ შექმნა ისეთი ნარკოტიკი, რომლის ქიმიური ფორმულა კონტროლს არ ექვემდებარება, ნარკოტიკად არ ითვლება, თუმცა, ჩვეულებრივი ნარკოტიკია, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი მარიხუანა.
- კი, სწორედ ეგრეა საქმე. ამგვარი ნარკოტიკი, რომელიც გაეროს კონტროლს არ ექვემდებარება, დაახლოებით ოცამდეა, აქედან ათამდე ნარკოტიკი ძალიან პოპულარული გახლავთ და მათ შორისაა ეს "ბიოც". "ბიო" შემოდიოდა ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, ინტერნეტითაც შეგეძლო გამოგეწერა და სახლში მოგდიოდა. "ბიოსა" და სხვა ამგვარი ნარკოტიკის უამრავი გამყიდველია ინტერნეტში, შეგიძლიათ, მოიძიოთ და უამრავ ვებგვერდს აღმოაჩენთ, რომლებიც ნებისმიერს სთავაზობენ "ბიოს" და მის მსგავს ნარკოტიკებს. კონტროლი არ ვრცელდებოდა "ბიოზე" და ამიტომ იყო ასეთი განუკითხაობა. ცხადია, ღამის კლუბებშიც იყიდებოდა, რადგან მისი გაყიდვა დანაშაულად არ ითვლებოდა.
- ბატონო გელა, ვიცი, რომ ახლა უკვე ცვლილებები შედის სხვადასხვა კანონებში და "ბიო" აიკრძალა, ჩვეულებრივი ნარკოტიკის კატეგორიაში გადის. ამის გაკეთება ადრე არ შეიძლებოდა, ვიდრე რამდენიმე ახალგაზრდა არ შეეწირებოდა ამ ახალ ნარკოტიკს?
- ახალი ხელისუფლების მოსვლისთანავე დაიწყო ამ თემაზე მუშაობა, ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობისას დროს. შევადგინეთ ახალი, ჩვენი რეალობისთვის უცხო იმ ნარკოტიკების სია, რომლებიც ვითომ ნარკოტიკებად არ ითვლებოდა და უკონტროლოდ შემოდიოდა ჩვენში. მაგრამ კანონს მანამდე ვერ აამოქმედებ, ვიდრე არ გექნება ამ ახალი, სინთეტიკური ნარკოტიკის აღმოჩენის საშუალება. დიდი ხანი არ არის, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამგვარი თანამედროვე აპარატურა შეიძინა უცხოეთში. ამ აპარატურის მეშვეობით უკვე შესაძლებელია, ამ სინთეტიკური ნარკოტიკის აღმოჩენა. სამწუხაროა, რომ რამდენიმე ახალგაზრდა დაიღუპა, უმჯობესი იქნებოდა, ეს ადრე გაკეთებულიყო, ამაში გეთანხმებით. თუმცა, მთავარია, რომ ამ საქმეს თავი მოება და ამ საფრთხეს რეალური ბრძოლა გამოვუცხადეთ.
- "ბიოზე" ადამიანი რამდენ ხანში ხდება დამოკიდებული?
- "ბიოს" მრავალსახეობა არსებობს. თითქოს ერთია, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა ჯგუფები ამზადებენ, თანაც არალეგალურად და ცხადია, სხვადასხვა პირობებში. შესაბამისად, სხვადასხვა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ და ყველა ერთნაირი არ არის. ამდენად, მათზე დამოკიდებულების ვადებიც მრავალგვარია. შესაძლოა, ერთი პარტია არ იყოს იმდენად ძლიერი, რომ მასზე დამოკიდებული გახდეს ადამიანი, მაგრამ მეორე პარტიის შემდეგ, უკვე დამოკიდებული ხდება. ასევე, ერთი პარტია თუ უსაფრთხოა, მეორემ შესაძლოა, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლოს.
- "ბიო" რომ მარიხუანაზე ძლიერმოქმედი ნარკოტიკია, ეს სადავო არც არის, არა?
- არა, ეს უდავოა, მარიხუანაზე ძლიერმოქმედია. ყველაფერს თავი დავანებოთ, მარიხუანაზე მომხმარებელი დამოკიდებული რომ გახდეს, მისი სისტემატური მომხმარებელი უნდა გახდეს, რამდენიმე თვე უნდა მოიხმარდეს მას. "ბიოზე" დამოკიდებულება უფრო მოკლე დროში ხდება, ძნელია ზუსტად თქმა, რამდენ ხანში, მაგრამ მარიხუანაზე მოკლე დრო რომ სჭირდება, ეს უდავოა.
- ანუ ბუნებრივი გზით მოყვანილ, არასინთეტიკურ მარიხუანაზეც ხდება მომხმარებელი დამოკიდებული?
- რასაკვირველია, ეს ასეა. კიდევ ვიმეორებ, მარიხუანაზე დამოკიდებული რომ გახდეთ, მას რამდენიმე თვე უნდა მოიხმარდეთ სისტემატურად, შესაძლოა, ერთი წელიც, მაგრამ მაინც ხომ ხდებით დამოკიდებული? სხვათა შორის, სტატისტიკის თანახმად, დღეს ევროპის ქვეყნებში ვინც მკურნალობის კურსს გადის, ამ ადამიანთა შორის პირველ ადგილზე ჰეროინის მომხმარებელნი არიან, შემდეგ კი მარიხუანის მომხმარებლები, ანუ მარიხუანაზე დამოკიდებულნი მოდიან. ამ მეორე კატეგორიაში "ბიოს" მომხმარებლებიც შედიან, რადგან "ბიო" ხომ მაინც მარიხუანის ნაირსახეობაა.
- რატომ დაერქვა "ბიოს" "ახალგაზრდების ნარკოტიკი"?
- დაბალი ფასის, ხელმისაწვდომობის გამო. ამას დაემატა ე.წ. კლუბურ ნარკოტიკთა კატეგორიაში მისი შეტანა. ღამის კლუბებში, მოგეხსენებათ, უმთავრესად, ახალგაზრდები ატარებენ დროს და ამანაც ხელი შეუწყო "ბიოს" ამ "სტატუსის" გამყარებას.
- ზოგიერთი ადამიანი ღიად, მედიით მოითხოვს მარიხუანის დეკრიმინალიზაციას. მაგალითად, ნანუკა ჟორჟოლიანი. რას ეტყვით ამ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზმის მომხრეებს?
- ეს არის უპასუხისმგებლო განცხადებები. მე ვფიქრობ, საჭიროა, რომ პროკურატურამ ნანუკა ჟორჟოლიანისა და სხვათა ამგვარ განცხადებებს, ნარკოტიკების გავრცელების პროპაგანდის ლეგალიზაციის კლასიფიკაცია მისცეს, რაც დასჯადი დანაშაულია.
- "ბიო" როგორ მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე?
- ცნობილია, რომ "ბიოს" მომხმარებელი რამდენიმე ათასიდან ერთი ადამიანი შიზოფრენიით ავადდება. გარდა ამისა, ზოგს ჰალუცინაციები ეწყება, ზოგს გონება ებინდება, თუ ალკოჰოლიც შეურია, უფრო უმძიმდება მდგომარეობა. "ბიო" ნელ-ნელა, მაგრამ ადამიანის ფსიქიკას ანგრევს და ეს გამოიხატება მრავალი ნიშნით.
- ბატონო გელა, ნარკომომხმარებელი და მით უფრო, ნარკოდამოკიდებული ადამიანი შეიძლება იყოს პოლიტიკაში, ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობაზე?
- არც ნარკოდამოკიდებული და არც ნარკომომხმარებელი, სულ კვირაში ერთხელ რომ იკეთებდეს და მეტჯერ არა, არ შეიძლება იყოს პოლიტიკაში და მაღალი კი არა, მას დაბალი თანამდებობაც არ უნდა ვანდოთ. ნარკოდამოკიდებულ ადამიანს მოშლილი აქვს უმაღლესი ნერვული სისტემა და ადამიანი, რომელსაც ტვინი აქვს დაავადებული, როგორ შეიძლება პასუხისმგებელ სამსახურში იყოს?
- ბევრს ნარკოტიკით ტვინი არ ჰქონდა დაავადებული და იმათ რა დღეში ჩაგვაგდეს და ტვინდაავადებულები მთლად მოგვითავებენ ხელს.
- გეთანხმებით, ასეთი ადამიანების სახელმწიფო სამსახურში, პოლიტიკაში გაჩერება არ შეიძლება. გადაწყვეტილებების მიღება უჭირთ, არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ და როდის რა უბედურებას დაგვმართებენ, კაცმა არ იცის. რატომ უნდა იყოს ავადმყოფი ადამიანი მინისტრი, დეპუტატი, რექტორი თუ პოლიციის უფროსი? ჯანმრთელები ავირჩიოთ და დავნიშნოთ, რატომ ვიგდებთ თავს საფრთხეში და ამ ქვეყანასაც რატომ ვხვევთ ამხელა შარში?
- ბატონო გელა, ზოგიერთები მაინც დაჟინებით მოითხოვენ მსუბუქი ნარკოტიკის მომხმარებელთა უფლებების დაცვას, მათ არგუმენტიც აქვთ: თუ ალკოჰოლის მომხმარებელი არ ისჯება მანამ, სანამ დანაშაულს არ ჩაიდენს, არც მარიხუანის მომხმარებელი უნდა დაისაჯოს, ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის უფლება, რითიც უნდა, იმით მიიღებს თრობას - უნდა ვისკის დალევს და უნდა მარიხუანას მოწევს.
- მერწმუნეთ, "შედარებით მსუბუქი ნარკოტიკის" ცნება არ არსებობს. ეს მხოლოდ საზოგადოებაში დამკვიდრებული ტერმინია, რომელიც "ექსპერტებმა" შემოიღეს ხმარებაში და ჟურნალისტებმაც აიტაცეს. გაერო-ს ჩამონათვალში, მარიხუანაც და საზოგადოების ერთი ნაწილის მიერ მსუბუქ ნარკოტიკად შერაცხული სხვა მოსაწევი საშუალებებიც, ჩვეულებრივ ნარკოტიკულ საშუალებათა კატეგორიაში გადის. შესაბამისად, მათი მოხმარებაც დასჯადია და ესეც უნდა იყოს...
დაბოლოს, იმ შემზარავ სტატისტიკასაც გაგაცნობთ, რომელიც მყარი არგუმენტია იმ ადამიანებისთვის (და სახელმწიფოსთვისაც), ვინც ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას ეწინააღმდეგებიან. გაერო-სა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ნარკოტიკებთან ბრძოლის ბიუროს მონაცემებით, 2010 წელს საქართველოში 240-350 ათასი ნარკომანი იყო. მოდით, ამ ორი ციფრიდან საშუალო, 300 000 ავიღოთ, მით უფრო, რომ თავის დროზე ქართველი ექსპერტებიც ამ შუალედურ ციფრზე შეთანხმდნენ. რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში, დღემდე უცნობია, რადგან 2002 წლის შემდეგ, მოსახლეობის საყოველთაო აღწერა არ ჩატარებულა. "ნაცმოძრაობის" მიერ ჩატარებული აღწერები აქ არ გამოგვადგება, რადგან ისინი მუდამ წინასაარჩევნოდ ტარდებოდა და მხოლოდ მოსახლეობის ერთ კატეგორიას - საარჩევნო ხმის უფლების მქონეთ აღწერდნენ, არასრულწლოვანთა რაოდენობა არასდროს დაუთვლიათ, არადა ნარკომანია არასრულწლოვნებშიც მძლავრობს. თანაც მათი ყველა აღწერა, რბილად რომ ვთქვათ, არასაიმედო იყო. ამიტომ, მოდით, 2002 წლის აღწერის შედეგებს დავეყრდნოთ. ამ აღწერით საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 355 ათას კაცს შეადგენდა. მოდით, ახლა ამ 4 მილიონ 355 ათას კაცს 300 ათასზე გავყოფ. გავყავი და იცით, რა მივიღე? 14, ანუ საქართველოს ყველა მეთოთხმეტე მოქალაქე ნარკომანია. ეს უკვე ტრაგედიაა, ამას სხვა დემოგრაფიული და სამედიცინო საფრთხეებიც დაამატეთ (ქვეყანაში 700 ათასზე მეტი ონკოლოგიური პაციენტია, სხვას აღარ ვიტყვი) და აღმოჩნდება, რომ საქართველოს მოსახლეობა გადაშენების გზაზეა და რა დროს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაა? ოპტიმისტებს კიდევ რამდენიმე სტატისტიკურ მინაცემებს შევთავაზებ. საქართველოში დემოგრაფიული სიბერე ღრმავდება და ეს პროცესი, ჯერჯერობით, შეუქცევადია. 1990-იანი წლებიდან მოსახლეობის საშუალო ასაკი 3 წელიწადში თითო წლით მატულობს. ხანდაზმულია ყოველი მეექვსე მოქალაქე. საქართველოს მოსახლეობა ყველაზე დაბერებულია სამხრეთ კავკასიაში და საშუალო ასაკით, სომხეთისას - ხუთი და აზერბაიჯანისას რვა წლით აღემატება. გაერო-ს ექსპერტთა პროგნოზით, მოსახლეობის დაბერება გავრცელდება და 2050 წლისთვის, 60 წელზე უხნესთა წილი მთელი მოსახლეობის ერთ მესამედს გადააჭარბებს. აი, ასეთი საშინელია ეს სტატისტიკა და პროგნოზი. 2050 წლამდე კი 36 წელიღაა დარჩენილი, რომელიც ძალიან მალე გაირბენს და თუ რამე არ ვიღონეთ, იმ დროს, შესაძლოა, აღარც კი ვიყოთ. იმავე გაერო-ს მონაცემებით, ქართველები ხომ მომაკვდავ ერთა რიცხვში ვართ შეყვანილი და ესეც კიდევ ერთი არგუმენტია მათთვის, ვინც ნარკოლიბერალიზაციის წინააღმდეგია საქართველოში.
==========
ბრეგვაძე გიორგი: ჰოდა, მომაკვდავს აძლევენ სწორედაც გამაყუჩებელ-გამაბრუებელს, რომ გაუსაძლისი ტკივილები შეიმსუბუქოს... და ეტყობა, ამიტომაცაა ასე გაზრდილი ნარკოტიკზე მოთხოვნილება საქართველოში, როგორც ტკივილიან, მომაკვდავ ერში!!! სამწუხაროა? არა, ტრაგიკული რეალობა უფროა, ალბათ!!! გამოდის, პრემიერ ღარიბაშვილის მამულიშვილური წამოწყებაც (მესამე შვილზე წახალისება-დახმარება), ახალგაზრდობის დასაქმების პერსპექტივის გარეშე, ასევე განწირულია და მხოლოდ 300 ათასიან ნარკომანთა არმიის შევსების კრახით დასრულდება?! ასე რომ, ხელისუფლებამ ან სასტიკი წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს ნარკოჭაობს და კომპლექსური ფრონტი გახსნას მის წინააღმდეგ, ანდა მოჩვენებით ევროკეკლუცობასა და ნახევარზომებს შეეშვას, კაპიტულაცია გამოაცხადოს და საერთოდ მოხსნას ეს ნახევარსაქმის კეთება - ნახევარაკრძალვები!!! რაც ბუნებრივი თვითგადარჩენის სისტემას აამუშავებს. ავადმყოფი დაიღუპება, ჯანსაღი გადარჩება! მწარეა, მაგრამ ასეა! ისე, ქართველის ნათქვამია, "მთვრალი ჯოჯოხეთშიც შევალო..." და თუ ჯოჯოხეთში უნდა შევიდეს კაცი, რაღა მნიშვნელობა აქვს, რით იქნება გაბრუებული - სასმელით თუ წამლით?!! საქართველოში კი მრავალწლიანი, გავარვარებული ჯოჯოხეთი მძვინვარებს, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ ასპექტში...
(გაზეთი "კვირის ქრონიკა", ხათუნა ელბაქიძე)