reportiori.ge - გიგა ბოკერიას გრიფით "საიდუმლო" საქმის ექსკლუზივები!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 10:54
პრეს-დაიჯესტი
გიგა ბოკერიას გრიფით "საიდუმლო" საქმის ექსკლუზივები!
ავტორი:
21 აპრილი, 2014. 11:03

მთავარმა პროკურატურამ  გიგა ბოკერიაც მოიკითხა და მოწმედ დაიბარა. ბოკერიას მოწმის სახით დაკითხვაზე დაბარება, მისი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად მუშაობის პერიოდში, უშიშროების საბჭოს აპარატის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობის საბიუჯეტო სახსრებისა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი ფულადი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტებთან დაკავშირებით მოხდა. ფულის ეს არამიზნობრივი ხარჯვა ბევრ რამეში გამოიხატებოდა. საქმეს, რის გამოც ბოკერია დაკითხეს, გრიფი "საიდუმლო" ადევს, თუმცა, ადრე გახმაურდა ამ საქმის დეტალები და "ქრონიკისთვისაც" სხვა ინფორმაციებიც ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. 


გიგა ბოკერიას ახალსა და განსაკუთრებულს არაფერს ედავება პროკურატურა. სახელმწიფო ბიუჯეტის ფული გიგა ბოკერიასთვისაც საკუთარი, პირადი თანხა იყო, რომელსაც, როგორც უნდოდა და რაშიც უნდოდა, ისე ხარჯავდა. უშიშროების საბჭო, ფორმალურად პრეზიდენტს ექვემდებარებოდა, მაგრამ გიგას მიშა სააკაშვილი ცალ ფეხზე ეკიდა. ხარჯების შესახებ არავის აბარებდა ანგარიშს. მეტიც, ბოკერია უშიშროების საბჭოს ბიუჯეტს არ სჯერდებოდა და თავისი დანაშაულებრივი პარტიის საერთაშორისო პიარისა და სხვა საქმიანობისთვის, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდანაც ხარჯავდა მილიონებს. აუდიტის სამსახურის დასკვნით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან, არაერთი მილიონი გადაირიცხა უშიშროების საბჭოს ანგარიშზე და მთელი ეს თანხა უცხოური ლობისტური კომპანიების მომსახურებაში დაიხარჯა. ამ თანხებს ბოკერია წლის ბოლოს ითხოვდა სარეზერვო ფონდიდან, როცა საკუთარი გახარჯული ჰქონდა და ყველა მოთხოვნას სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიებების გატარების აუცილებლობა ედო საფუძვლად. ჰო, აი, მაგ ლობისტი კომპანიების მეშვეობით, ევროსაბჭოს დეპუტატებმა და ამერიკელმა სენატორ-კონგრესმენებმა, როცა გაგვიჭირდა, ძალიან გვიშველეს და დაიცვეს საქართველოს უსაფრთხოება, რა. გოგა ბოკერიას ფეხებზე ეკიდა ქვეყნის უსაფრთხოება, მისი მთავარი საზრუნავი "ნაცმოძრაობისა" და მიშა სააკაშვილის პიარი და საერთაშორისო მხარდაჭერა იყო, რომ რაც შეიძლება მეტხანს დარჩენილიყო ხელისუფლებაში, რაც შეიძლება მეტი დაეშავებინა ქართველი ხალხისთვის. ამ საერთაშორისო მხარდაჭერას გიგა ბოკერია ისევ საბიუჯეტო ფულით ყიდულობდა, ისევ ხალხის ფულით, ჩემი, შენი, პეტრეს და პავლეს ფულით. 


"ნაციონალთა" მმართველობისას უშიშროების საბჭოში 22 კაცი მუშაობდა - საბჭოს მდივანი, 4 მოადგილე და 17 თანამშრომელი. ამ 22-კაციანი საბჭოს ბიუჯეტი, გიგა ბოკერიას თავმჯდომარეობის პერიოდში, 20 მილიონ ლარზე ნაკლები არასდროს ყოფილა. 2012 წელს 22-მილიონიანი ბიუჯეტი ჰქონდა ბოკერიას და აკი გითხარით, ესაც არ ჰყოფნიდა. ჰო, 22 კაცის სახელფასო ბიუჯეტი 1.5 მილიონ ლარს შეადგენდა - გრიალებდნენ გოგო-ბიჭები. ბოკერიამ ისე მოაგვარა საქმე, რომ უშიშროების საბჭოს ყველა ხარჯი გაუმჭვირვალე გახადა, სახელმწიფო საიდუმლოს რანგში აიყვანა და მასში ჩახედვა, ერთადერთს, მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარეს, პრეზიდენტს შეეძლო. 
Public Strategies, Maniatis, Gregory A, Kunin, Daniel Louis, Podesta Group, Gephardt Group Government Affairs, Orion Strategies - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ლობისტური კომპანიებისა, როლებიც მიხეილ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" სასარგებლოდ მუშაობდნენ, გავლენიან უცხოურ მედიაში აქვეყნებდნენ მათ მხარდამჭერ პუბლიკაციებს, უცხოელ პოლიტიკოსებს კი, ფულის სანაცვლოდ, მათ მხარდამჭერ განცხადებებს აკეთებინებდნენ. აბა, რა გეგონათ? რეალურად მართლა იმხელა საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდათ მიშას და მის პარტიას, როგორც ეს ჩანდა? ფულის გამო იყო, ყველა მეორე ევროსაბჭოელი დეპუტატი, გაჭირვების ჟამს, მიშასა და "ნაციონალებს" რომ იცავდნენ, ქართულ ოპოზიციას რომ აკრიტიკებდნენ, მარგინალებსა და რუსეთის პოლიტიკის გამტარებლებს რომ ეძახდნენ ევროპული ტრიბუნიდან. აგერ, კონკრეტული ფაქტი. მარტო ერთ ამერიკულ კომპანიას, Podesta Group-ს გიგა ბოკერიამ 2010 წელს 600 000 დოლარი გადაუხადა ამერიკაში მიხეილ სააკაშვილის პიარისთვის. იგივე კომპანიასთან, 2012 წელსაც გააფორმა ერთწლიანი ხელშეკრულება უშიშროების საბჭომ და ისევ 600 000 დოლარად, მაგრამ ეს ფული წყალში გადაყარა გიგა ბოკერიამ, ამერიკაში Podesta Group-ის პიარმა ვეღარ უშველა მიხეილ სააკაშვილსა და მის პარტიას,  ვერც ამ კომპანიის მიერ ნაყიდმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა ააცილეს კატასტროფა. ამ წელს "ნაცმოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა და მას მერე, წელში ვეღარ გამართულა. ამის შემდეგ, საქართველოს ახალმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა, უშიშროების საბჭოს ბიუჯეტი მკვეთრად შეამცირა და 2013 წელს  მხოლოდ სახელფასო ფონდი 1.5 მილიონი ლარი დაუტოვა. 


დღეს, როცა რომელიმე ბობოლა "ნაციონალს" პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარებენ, რომელიმე ამერიკელი ან ევროპელი, პოლიტიკოსი ან დიპლომატი, აუცილებლად გამოტყვრება მეცხრე გოჭივით და განაცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური დევნა და შერჩევითი მართლმსაჯულება ხორციელდება. როცა ეს თქვენს ქვეყანაში ხდება ხოლმე მაშინ არავის  გაგახსენდებათ პოლიტიკური დევნა და შერჩეული მართლმსაჯულება. და იცით, რატომ? ისინი ფულს არ გიხდიან და გიგა ბოკერიამ კი, იმდენი შეგტენათ ქვეყნის ბიუჯეტიდან, სხვა რა გზა გაქვთ, ვიდრე პირში სული გიდგათ, სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი განცხადებები უნდა აკეთოთ. ისე, მე მგონი, მალე ეგ მოვალეობა მოგეხსნებათ. აგერ, 15 ივნისს, "ნაცმოძრაობა" ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებსაც წააგებს და შარშანდელი თოვლივით გაქრება, მერე კი მომაკვდავს, ეგ  თქვენი განცხადებები აღარ დასჭირდება, მაინც ვეღარ მოასულიერებს. 


გიგა ბოკერიას დაკითხვას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კარლ ბილდტი და ამერიკელი კონგრესმენი, მაიკლ ტერნერი გამოეხმაურნენ, - ფრთხილად იყავით, ბოკერიას დაკითხვას პოლიტიკური ელფერი დაჰკრავსო. აი, სწორედ ამათნაირებზე მოგახსენებდით. ეს ლობისტი კომპანიები, აი, ამისთანა წუპაკ პოლიტიკოსებზე ნადირობენ, ზოგი ფულის აღებაზე არ ამბობს უარს, ზოგს საარჩევნო კამპანიისას ეხმარებიან უფასოდ, ზოგს პიარკამპანიას უკეთებენ და ამის ანგარიშში ავალდებულებენ, ამ გარეწრების, ამ მკვლელების გასათეთრებელი განცხადებები აკეთონ. ჩვენში ბევრს ამერიკელი  ჯერ ისევ ან უცხოპლანეტელი ჰგონია, ანდა პატიოსნებისა და უმწიკვლობის სიმბოლო. ეს მაიკლ ტერნერი იცით, ვინ არის? გიგა ბოკერიას გადაბმული ძმაკაცი, აი, გივია თარგამაძე რომ არის, ეგეთი. ოღონდ გიგა და მაიკლი ერთად რომ სვამენ, ტერნერს გივიასავით თეფშზე არ ეძინება, მაინც ამერიკელი კონგრესმენია. ეს ტერნერი ერთ-ერთი მათგანია, ვისზეც 2012 წელს  Podesta Group-ი მუშაობდა და აჰა, შედეგიც, კაცი ბოკერიას მოწმედ დაბარებასაც კი აპროტესტებს. არც კარლ ბილდტსა და არც მაიკლ ტერნერს არ გახსენებიათ საქართველო და ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იმავე 2012 წელს, როცა "ნაცმოძრაობამ" არნახულ ტერორს მიმართა, სრულიად უდანაშაულო ხალხს იჭერდნენ, სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას ორჯერ აპირებდა და  ხალხს, პროკურატურას ვინღა ჩივის, ნათია მოგელაძის სახელობის აუდიტის სამსახურში კუდ-ის თანამშრომლები ჰკითხავდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ, ასეულობით ადამიანს დაუყადაღეს სახლები და სხვა კერძო ქონება. ეგრეა, ქრთამი ჯოჯოხეთს ანათებსო, ნათქვამია და თითო-ოროლა ჯოჯოხეთის მაშხალა არ დაილევა,  "ნაცმოძრაობის" ლიდერთა მხარდასაჭერად რომ გამოენთონ. 


გიგა ბოკერიას, სავარაუდოდ, მალე წაუყენებენ ბრალს ორი მუხლით - თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვის გამო მოუწევს მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა. ეს რაც შეეხება უშიშროების საბჭოდან გახარჯულ მილიონებს. გარდა ამისა, ძიება მიმდინარეობს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან უშიშროების საბჭოში გადაქაჩული ათეულობით მილიონ დოლარზე და მის, ასევე, უყაირათოდ ხარჯვაზე. სავარაუდოდ, გიგა ბოკერიას ორ ბრალს არ აკმარებენ და სარეზერვო ფონდიდან გამქრალ მილიონებსაც მოსთხოვენ. პროკურატურას გიგა ბოკერიას საქმესთან დაკავშირებით, როგორც იტყვიან, თავი ღირსეულად უჭირავს. ყველა მტკიცებულება ხელთ აქვს, რითაც ბოკერიას ბრალის დამტკიცება შეუძლია. საკუთარი მეუღლის მთავარ პროკურატურაში დაბარება რომ გაიგო, თამარ ჩერგოლეიშვილი აღშფოთდა და რა აღშფოთდაა! ამ ხელისუფლებას ჯოჯოხეთითა და მეორედ მოსვლით დაემუქრა. აი, რა თქვა "ჩერგომ" პროკურატურასთან, ვიდრე ქმარს დაემშვიდობებოდა. `ბიძინა ივანიშვილი გიგას დაჭერას აანონსებს უკვე წელიწად-ნახევარია.  ნებისმიერი საერთაშორისო კრიტიკის შემდეგ მას ახსენდება რაღაც ხარჯები, რომლებიც თურმე ლობისტებზე დაიხარჯა. ასე გამოიყურება პროვინციული ჰაკიმ-ფაშიზმი. არაუშავს, ვნახოთ. მოწმის სახით დაბარება რეალურად ფარსია და ბრალის წაყენება უნდათ. სადაც ნელსონ მანდელა იჯდა ციხეში 23 წელი, რამენაირად ამას ჩემი ქმარიც გადაიტანს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს და მის პაჟს ვპირდები, რომ ჯოჯოხეთს მოვუწყობ". გესმით, ნელსონ მანდელას ადარებს გიგა ბოკერიას. ნელსონ მანდელას სამხრეთ აფრიკის მთელი ფერადკანიანი მოსახლეობა უჭერდა მხარს, 32  მილიონი ადამიანი და მთელი ცივილიზებული სამყარო. გიგა ბოკერიას კი, საქართველოს 4-მილიონიანი მოსახლეობის უდიდესი ნაწილის სიძულვილისა და მაიკლ ტერნერის მხარდაჭერის მეტი, აღარაფერი გააჩნია. ის ფსევდოლიბერალები, შიგა და შიგ, უკრაინული მაიდანის მოწყობით რომ იმუქრებიან თბილისში და მათი მამა-მარჩენალი გიგა ბოკერიაა, სათვალავში არ არიან ჩასაგდები, ძალიან ცოტანი არიან და მაგათი ლომგულობა მხოლოდ "ფეისბუკში" მრისხანე სტატუს-კომენტარებით გამოიხატება. ჰო, კლავიატურის ლომები არიან და მეტი არაფერი. თამარ ჩერგოლეიშვილსაც მოაკლდა უშიშროების საბჭოდან ფულები. აი, რას სწერდა "ქრონიკა" არცთუ დიდი ხნის წინ. "გიგა ბოკერია და მისი მეუღლე, თამარ ჩერგოლეიშვილი, 2011 წლის თებერვალში იმყოფებოდნენ ვაშინგტონში. ამერიკაში ბოკერიას სტუმრობა სახელმწიფომ, კერძოდ, უშიშროების საბჭომ დააფინანსა, როგორც ოფიციალური მივლინება. ცხადია, მივლინების თანახმად, ბოკერიასაც ოფიციალური შეხვედრები უნდა გაემართა ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მაგრამ "ქრონიკის" წყარო აცხადებს, წყვილმა ისე დატოვა ეს ქვეყანა, რომ ბოკერიას არც ერთი შეხვედრა არ გაუმართავს. მან და მისმა მეუღლემ 8 დღე დაისვენეს ვაშინგტონში. წყაროს თქმით, გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილის `მივლინება~ ნაწილობრივ თავდაცვის იმჟამინდელმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა დააფინანსა. ცხადია, არა საკუთარი ფულით - "ნაცმოძრაობის" კონტროლქვეშ მყოფი ერთ-ერთი ბიზნესის მეშვეობით. სამწუხაროდ, ჩვენთვის უცნობია ამ "მივლინების" სხვა დეტალები, მაგრამ უშიშროების საბჭოს 68 000 დოლარი რომ დაუჯდა ბოკერიას ამერიკაში გამგზავრება და იქ ყოფნა, ეს კი ვიცით". 



გიგა ბოკერიას მიმართ ერთ-ერთი კონკრეტული ბრალდება, რომელსაც მალე წაუყენებენ, სწორედ ეს ამერიკული "მივლინება" გახლავთ, ცოლთან ერთად. ჩვენ მაშინ ვწერდით, რომ ბოკერია ამის გამო პასუხს აგებდა და აჰა, ეს დღეც მალე მოვა. "ქრონიკამ" ექსკლუზიურად ერთი მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვა უშიშროების საბჭოს არამიზნობრივად ხარჯვასთან დაკავშირებით. გიგა ბოკერიას პროკურატურა უეჭველად მოჰკითხავს ერთ საქმესაც. 2011 წლის აგვისტოში, უშიშროების საბჭომ ბათუმში, დოკუმენტაციის თანახმად, კონფერენცია გამართა. 3-დღიანი კონფერენცია ამ ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 55 ათასი ლარი დაჯდა, რომელიც ბათუმის სასტუმრო "შერატონში" გაიმართა. კონფერენციის ჩატარების ვადა 1-3 აგვისტოა. გამოძიებით დასტურდება, რომ არანაირი კონფერენცია 1-3 აგვისტოს შერატონში არ გამართულა. გიგა ბოკერია თავის თანამეცხედრესთან ერთად, ასევე,  უშიშროების საბჭოს 12 თანამშრომელი ბათუმში, უბრალოდ, საგრიალოდ იყვნენ ჩასულნი, 2 აგვისტოს ენრიკე იგლესიასის კონცერტი იყო და ამ კონცერტს დაესწრნენ, ეს კონცერტი, "შერატონის" ფეშენებელურ ნომრებში 3 დღით 14 ადამიანის ცხოვრება და საერთოდ, მათი ეს 3-დღიანი "გულაობა" ბათუმში ბიუჯეტს 55 000 ლარი დაუჯდა.  


ჯერ მიხეილ სააკაშვილის, მერე გიგა ბოკერიას პროკურატურაში დაბარებამ "ნაციონალები" საბოლოოდ დაარწმუნა, რომ შავად აქვთ საქმე. მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი უკან დახევას არ აპირებს, იმის მიუხედავად, რომ აქაც და უცხოეთშიც, ზოგიერთები ჯერ კიდევ შერჩევით მართლმსაჯულებაზე წიკვინებენ. ამის ნათელი დასტური სააკაშვილის მერე ბოკერიას მოწმედ დაბარებაა - პროკურატურას უკან დახევა რომ ნდომებოდა, პირველი "ნაციონალის" მერე, რეალური გავლენით, მეორე "ნაციონალს" არ დაიბარებდნენ. მინიმუმ, ამას მოგვიანებით გააკეთებდნენ, სააკაშვილის საქმეს გაციებას მაინც აცლიდნენ. მაგრამ ასე არ მოიქცნენ და მთავარსა და მაღალს მისი პირველი ვეზირი მოაყოლეს. აი, ბოკერიას როცა ბრალს წაუყენებენ, მერე მართლა ერთ-ორ სახოტბო სიტყვასაც არ დაიშურებს კაცი გიორგი ბადაშვილისთვის. 



ერთია სამართლებრივი მხარე, ის, რასაც დღეს ედავებიან გიგა ბოკერიას და მეორე ის არის, რეალურად რას წარმოადგენდა ეს კაცი "ნაციონალთა" 9-წლიანი მმართველობისას, რა სიბინძურეები უკეთებია და სამომავლოდ რას შეიძლება შეედავოს მას პროკურატურა. ბოკერია განსაზღვრავდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკას და რასაც მივაღწიეთ, ყველამ კარგად ვიცით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, დაკარგული ტერიტორიების, 100 000 დევნილისა და ასეულობით დაღუპული ქართველის ჩათვლით. ამ ომის შემდეგ ნატო-ც იქით დაგვრჩა და ვინ იცის, იქნებ ევროკავშირიც. ბოკერიას საგარეო პოლიტიკის წყალობითაა დღეს ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად რომ არიან აღიარებულნი და მათ დამოუკიდებლობას 4 ქვეყანა ცნობს. 4 ცოტაა და მეტი არ აღიარებსო, ეს თავის დამშვიდების საშუალებად არ გამოდგება. მსოფლიო პოლიტიკური წესრიგი იცვლება და ერთ მშვენიერ დღესაც, შეიძლება გამოვიღვიძოთ და ერთიც და მეორეც 40 ქვეყანას ჰქონდეს აღიარებული. გიგა ბოკერიას საგარეო პოლიტიკის მთელი სტრატეგია იმაზე იყო აგებული, რომ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" დიდხანს დარჩენა უზრუნველეყო, ქვეყანა და ხალხი კი სულ ფეხებზე ეკიდა. 


გიგა ბოკერია 2008 წლის ომის სამარცხვინოდ წაგების ერთ-ერთი  მთავარი მიზეზია. მას სიკვდილივით ეშინია ომის საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი გამოძიებისა, რადგან არსებობს უამრავი მოწმე, არსებობს მტკიცებულებები, რომ იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია, უშუალოდ ხელმძღვანელობდა საბრძოლო მოქმედებებს, გასცემდა ბრძანებებს, რომელთაც გენერლები და ოფიცრები ასრულებდნენ და მისმა ამ ბრძანებებმა, ქართულ ჯარში დიდი მსხვერპლი გამოიწვია, ათობით მებრძოლი და ასევე, მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს ბრალი თუ დაუმტკიცდა ბოკერიას, სამუდამო პატიმრობა გარანტირებული აქვს. 


2004 წლის თებერვალში, გლდანის ეკლესიის ვანდალურად დარბევის ინიციატორი, სააკაშვილთან ერთად, გიგა ბოკერია იყო. ამ მართლა ეშმაკის მოციქულმა, ისე მიუსია სპეცრაზმელები მრევლსა და მამა ბასილ მკალავიშვილს, თითქოს ყაჩაღები იყვნენ. ღმერთი სამართლიანია და არავის არაფერს არ უკარგავს არც მადლსა და არც ცოდვას, დღეს გიგა ბოკერიასა და ამ სპეცოპერაციის მომხრე პოლიტიკოსებს სასამართლოში დაათრევენ, უშუალო შემსრულებლებს კი, სხვადასხვა ფორმით სჯის. ვწუხვარ, მაგრამ ამ სპეცოპერაციის 4 მონაწილე ცოცხალი აღარ არის, ორი კი ინვალიდის სავარძელსაა მიჯაჭული. გიგა ბოკერია ქართული  ეკლესიისა და პირადად, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის პარადი მტერია. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ამერიკაში დაგეგმილ სპეცოპერაციას "ორი პატრიარქი", რომლის მიზანიც ქართულ ეკლესიაში შუღლის ჩამოგდება, სინოდის წევრთა ორად გაყოფა და საბოლოო ჯამში, ეკლესიის ორად გახლეჩა იყო. ილია მეორესა და მის მაღალ რეიტინგს  ვერაფერი რომ ვერ მოუხერხეს, ამ გეგმით სურდათ მისი განეიტრალება, სინოდის წევრთა ერთ ნაწილს სხვა, მეორე პატრიარქი უნდა აერჩია და ილია მეორეს დაუპირისპირდებოდა. ცხადია, მრევლიც ორად გაიყოფოდა და ამით დაასრულებდნენ ეკლესიასთან ბრძოლის მთავარ ეტაპს. ამ გეგმის შესახებ, შარშან, "ქრონიკა" დეტალურად სწერდა და ამ ინფორმაციის გახმაურებამ, ეკლესიასთან მებრძოლთა რიგებში დიდი აურზაური გამოიწვია. შეშფოთდნენ, ჩვენი გეგმის დეტალები როგორ მოხვდა "ქრონიკის" ფურცლებზე, გიგა ბოკერიამ ამხელა იაღლიში როგორ დაუშვაო. მაშინ, ამ ვითომ ლიბერალებიდან, კაცს არ უარყვია, ეგრე არ იყო, ეკლესიას არაფერს ვერჩით და არც მის ორად გახლეჩას ვაპირებდითო. აპირებდნენ კი არა, დღე და ღამე ამაზე ოცნებობენ, ეს მამონას მოტრფიალენი. 


ტელეკომპანია "იმედის" დარბევა ყველას კარგად გახსოვთ და ამ ამბის მთავარი შემოქმედიც გიგა ბოკერია იყო. გინდ დაიჯერეთ და გინდ - არა, მიშა სააკაშვილი, ზურა ადეიშვილი, ვანო მერაბიშვილი და სააკაშვილის გარემოცვის ყველაფრის მკადრებელი სხვა წევრებიც წინააღმდეგნი იყვნენ, "იმედში" ძალის გამოყენებისა. არა, მიშა კაცთმოყვარეობისა და მედიის თავისუფლების იდეის დაცვის გამო არ ყოყმანობდა ძალის გამოყენებაზე. მას დასავლეთის რეაქციისა ეშინოდა, სკამს უფრთხილდებოდა, ეს რომ გავაკეთო, მერე მეც ზედ არ გადამაყოლონ "იმედსო". გიგა ბოკერიამ მოაგვარა ამერიკაში "იმედის" დარბევის საქმე, უშუალოდ ამერიკის იმჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტისგან, დიკ ჩეინისგან მიიღო გარანტიები, რომ ამისთვის პასუხს არ აგებდა ხელისუფლება. გიგა ბოკერია სააკაშვილს დაემუქრა კიდეც, თუ "იმედში" სპეცრაზმს არ გაგზავნი, მე ჩემი გუნდით ოპოზიციაში გადავალო. სააკაშვილი საერთაშორისო გარანტიების შემდეგ დასთანხმდა ბოკერიას, "იმედი" დაერბია. ეს გარანტია კი დიკ ჩეინის თანხმობა იყო. მერე რაც მოხდა, ყველას კარგად მოგვეხსენება. "იმედი" დაარბიეს, დიკ ჩეინმა სიტყვა გატეხა და მიხეილ სააკაშვილი აიძულეს ამერიკელებმა, პრეზიდენტის პოსტიდან გადამდგარიყო. სამაგიეროდ, გიგა ბოკერიამ საწადელს მიაღწია, "იმედი" ნაცარტუტად აქცია და ყველაფერი სააკაშვილს დააბრალა. თავად ამ ვანდალიზმზე დღემდე არანაირი პასუხი არ უგია. იმედია, "იმედის" დარბევის საქმესაც ხელახლა გამოიძიებს ხელისუფლება და აი, მაშინ, გიგა ბოკერია მართლა ვერ გადაურჩება იმ ჯოჯოხეთს, თამარა ჩერგოლეიშვილი ხელისუფლებას რომ ჰპირდება.  



2006 წლის 27 მარტის "ციხის ბუნტის" მთავარი შემოქმედი გიგა ბოკერიაა. მაშინ ბაჩო ახალაია ვინ იყო, მარტოს გადაეწყვიტა, ციხეში სპეცრაზმი შეეყვანა თუ არა? მით უმეტეს, ციხეში ისეთი არაფერი ხდებოდა, რომ "სპეცნაზის" ჩარევა საჭირო ყოფილიყო. რაღა შორს წავიდე, აგერ "ნაციონალი" ელენე თევდორაძე ადებს ხელს გიგა ბოკერიას, "ციხის ბუნტის" დროს, გიგა ბოკერია ორთაჭალის ციხეში იყო და ბრძანებებსაც ეგ გასცემდაო. კიდევ სხვა, უამრავი მოწმე არსებობს, რომლებიც ამასაც ადასტურებენ და ამატებენ, გიგა ბოკერიას ხელში ავტომატი ეჭირა და ისროდა, პატიმრების დახოცვა მაგის კისერზეც არისო. ეს საქმეც კოშმარივით აწუხებს ბოკერიას, "ციხის ბუნტთან" დაკავშირებით, ერთდროულად რამდენიმე სისხლის სამართლის  საქმეა აღძრული და დიდი შანსია, სააკაშვილის ხელისუფლების ამ ერთ-ერთ ყველაზე საშინელ დანაშაულზე ბოკერიასაც მიადგნენ სამართალდამცავები. 


"ქრონიკა" ერთ ექსკლუზიურ ინფორმაციას შემოგთავაზებთ გიგა ბოკერიას მიმართ ხალხის განწყობის დასადასტურებლად. "ნაციონალები" ხშირად ატარებდნენ ფარულ,  შიდაპარტიულ კვლევებს, რათა გაეგოთ, მათი რომელი ლიდერის მიმართ იყო ხალხი ანტიპათიურად განწყობილი. მერე კი, ამ კვლევებზე დაყრდნობით, ყველაზე ურეიტინგო ლიდერების წამხდარი იმიჯის გამოსწორებას ლამობდნენ. ასეთ კვლევებში მუდამ გიგა ბოკერია ლიდერობდა. გინდ დაიჯერეთ და გინდ არა, 2011 წლის 26 მაისის შემდეგ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ვერც მიხეილ სააკაშვილმა და ვერც ვანო მერაბიშვილმა ვერ გადაასწრეს ბოკერიას, ხალხში იმდენად ღრმად არის გამჯდარი ზიზღი მის მიმართ. 



(გაზეთი "კვირის ქრონიკა", ხათუნა ელბაქიძე )


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016