პირველი ქართული „ღამის შოუს" წამყვანი და პროდიუსერი, დავით გოგიჩაიშვილი, მეტ-ნაკლებად ცნობილი მიზეზების გამო ტელეკომპანია რუსთავი 2-დან რამდენიმე წლის წინ წავიდა. როგორც მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, „კომედი შოუს" გუნდი შიდა დაპირისპირებამ გაყო. პროდიუსერი და მენეჯერი, დავით გოგიჩაიშვილი, ამჟამად საკუთარი ტელევიზიის, ტვ 11-ის განვითარებით არის დაკავებული. პარალელურად კი სხვადასხვა სატელევიზიო არხებისთვის პროდუქციას ქმნის, მათ შორის „იმედისთვის" „ოთარ ტატიშვილის შოუს", და „მაესტროსთვის"-„ოთხი ოთხზე". საიტ „მარკეტერთან" ინტერვიუში დავით გოგიჩაიშვილი „კომედი ჯგუფთან" დაკავშირებულ დაპირისპირებას და სამომავლო გეგმებს შეეხო:
დავით გოგიჩაიშვილი: „კომედი შოუს ბიჭებთან ერთად ჩვენ არასოდეს არაფერს არ გავაკეთებთ. რაც არ უნდა კომერციული დაინტერესება იყოს მე არასდროს მათთან არაფერს არ გავაკეთებ. იქ იყო დიდი დაპირისპირება, რაც წელებთან ერთად არ განელებულა. ეს დიდი პრინციპის ამბავია, თუმცა მართალია არასოდეს თქვა არასოდეს, მაგრამ მაინც. „რუსთავი 2-თან" კი არ გვქონდა პრობლემა ჩვენ შიდა დაპირისპირება მოგვივიდა, კი მაშინდელი ხელმძღვანელობა იღებდა მონაწილეობას, მაგრამ ჩვენი მთავარი გულისტკივილის გამომწვევი არიან ეს ბიჭები. „რუსთავი 2" რეიტინგული ტელევიზიაა და რატომაც არა. სიამოვნებით ვითანამშრომლებთ „რუსთავი 2-თან", „იმედთან" და სხვა არხებთან. „
დავით გოგიჩაიშვილი ინტერვიუში ასევე აღნიშნავს, რომ მას მაყურებელი ეკრანზე უახლოეს მომავალში მაინც ვერ იხილავს. თუმცა, სხვადასხვა ინფორმაციიაზე დაყრდნობით, ჩვენთვის ცნობილია, რომ მისი ეკრანზე ხილვა ტელეკომპანია „მაესტროში", რომელიმე გადაცემის წამყვანად, არ გამოირიცხება.
წყარო: www.marketer.ge