reportiori.ge - ნინო გაჩეჩილაძე : წარმატებულ ადამიანთან ურთიერთობა მამაკაცებისთვის არც ისე ადვილია
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:53
ინტერვიუ
ნინო გაჩეჩილაძე : წარმატებულ ადამიანთან ურთიერთობა მამაკაცებისთვის არც ისე ადვილია
26 მაისი, 2014. 15:58


მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი, ნინო გაჩეჩილაძე სრულყოფილი დასვენებისთვის ემზადება. მითუმეტეს, რომ მას დატვირთული დღის რეჟიმი ჰქონდა-თეატრში პრემიერების თუ ახალ ფილმში გადაღებებზე მონაწილეობის გამო. სანამ ნინო რომში დასასვენებლად გაემგზავრება, „რეპორტიორს" საკუთარ შეხედულებებსა თუ დამოკიდებულებებზე გულწრფელად ესაუბრება:


__ ნინო, ამ ეტაპზე რას საქმიანობთ?

_ ამ ეტაპზე თეატრში რეპეტიციები აღარ მაქვს. ამ სეზონზე უკვე სამი პრემიერა ჩავატარე. ძალიან მიხარია, რომ ეს წელი ასეთი ნაყოფიერი გამოდგა. სულ ახლახანს დავამთავრე მიშა მშვილდაძის ფილმში გადაღება, რომელსაც „ტაქსი" ჰქვია და რომლის პრემიერაც 29 მაისს შედგება კინოთეატრებში. ახლა უკვე დასვენებაზე ვარ ორიენტირებული და ველოდები თეატრის სეზონის დასრულებას, რომ ქალაქიდან გავიდე და კარგად დავისვენო. 

 

__ რა შეგიძლიათ დააანონსოთ ფილმ „ტაქსიდან" -როგორ პერსონაჟს ასახიერებთ და რატომ უნდა უყუროს მას მაყურებელმა?

_ ფილმის სცენარი სრულიად რეალისტურია და ვფიქრობ, ძალიან სასაცილო. ამიტომ  ვურჩევ მაყურებელსაც, წავიდნენ კინოში და ეს ფილმი ნახონ. დიდ სიამოვნებას მიიღებენ. 

ჩემი პერსონაჟი, ნიცა, არის ძალიან ზედაპირული, მატერიალისტი და ცოტა ეგოისტი პიროვნება, რომელიც ფილმის მთავარ გმირს, ბაკურ კალანდაძეს უყვარს. ბოლოს მათი ურთიერთობა ერთი მარტივი მიზეზის გამო მთავრდება-ბაკურის ცხოვრებაში სხვა გოგო გამოჩნდება, რომელიც ბევრად უფრო შეეფერება მას, ვიდრე-ნიცა . მეტს აღარ მოგიყვებით.

 

__ რა მოგწონთ თანამედროვე კინემატოგრაფიაში და რა-არა?

_ მარტივად გიპასუხებთ: მომწონს, როცა კინოს ნიჭიერი ხალხი აკეთებს და არ მომწონს როცა უნიჭობა და არაპროფესიონალიზმია წახალისებული. ეს ალბათ იმიტომაც ხდება, რომ რეალურად კინოსკოლა საქართველოში არ არსებობს და კინოში ყოფნის მსურველებს უწევთ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება, რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ხოლო ის ვინც ვერ მიდის, საკმარის განათლებას ვერ აგროვებს და გადადის თვითშემოქმედებაზე, რაც ჩემთვის მიუღებელია. კარგი იქნებოდა საქართველოში არსებობდეს ისეთივე კინოსკოლები, როგორებიც მაგალითად არის მოსკოვში, ბერლინში , რომში ან ნიუ იორკში. მთავარი პრობლემა მაინც განათლებაშია. როცა ეს მოგვარდება, ჩვენი კინოც ბევრად წინ წავა. თუმცა, დღეს, საბედნიეროდ, არსებობენ ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერი რეჟისორები, რომლებთანაც სიამოვნებით ვითანამშრომლებდი.

__ რამდენად მოქმედებს თქვენზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა და ხართ თუ არა პოლიტიკური?

_ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, აბსოლუტურად აპოლიტიკური ვარ. თუმცა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მოქმედებს. პირველ რიგში, ჩვენს ფსიქიკაზე, შემდეგ კი სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. რა თქმა უნდა, მირჩევნია უკეთესი მდგომარეობა იყოს , ვიდრე ახლა არის, მაგრამ ეტყობა, ამაზე მეტი ჯერ ვერ დავიმსახურეთ .

__ რა გაწუხებთ ქვეყანაში განსაკუთრებით და რას ხედავთ დადებითად?

_ ძალიან შემაწუხებელია ბევრი პროვინციალის არსებობა პოლიტიკაში (პარლამენტში), როგორც წესი, მათ უფრო მეტი ამბიციები აქვთ ხოლმე. თუმცა ჩემთვის მთავარია ქვეყნისთვის კარგი საქმე გააკეთონ და დანარჩენს მოევლება. სამწუხაროდ, დაპირებები გაცილებით მეტია, ვიდრე შესრულებული საქმე და ეს ცუდია. 

__ ქართულ ტრადიციებს შევეხოთ-რა მოგწონთ და რა-არა?

_ ქართულ ტრადიციებში ზოგი რამ მომწონს და ზოგი -ძალიან არ მომწონს. მაგალითად, ძალიან მომწონს ჩვენი სტუმრისადმი პატივისცემის ტრადიცია და არ მომწონს ქელეხის ტრადიცია. არც ტრადიციული ქორწილები მომწონს, თავისი დოლ-გარმონით და ქართული ცეკვებით. მე უფრო ევროპული ქორწილების მომხრე ვარ. მაპატიეთ, მაგრამ ეს ჩემი აზრია.

 

__ ლამაზი, წარმატებული, რეალიზებული ქალი ხართ. რა სირთულეები დგას ყველა ამ სტატუსის მიღმა?

_ სირთულე ისაა, რომ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა მამაკაცებისთვის არც თუ ისე ადვილია, იქიდან გამომდინარე, რომ ყველა სიფრთხილით გეკიდება. ჰგონიათ რომ შენ მათგან რაღაც განსაკუთრებულს მოითხოვ და ეშინიათ ამ ურთიერთობის. არადა ბედნიერებისთვის სულ ცოტა არის საჭირო: იყავი ერთგული, გიყვარდეს გულწრფელად და გაეცი უფრო მეტი , ვიდრე ამას მოელიან შენგან.

 

ცნობილ სახესთან ურთიერთობის შიში ისევ და ისევ მათი კომპლექსებით არის გამოწვეული...

__ რა არის თქვენი განსაკუთრებული სურვილი, რაზეც ამჟამად მიზანდასახულად მუშაობთ?

_ ჩემი ყველაზე დიდი სურვილი ამ ეტაპზე მხოლოდ დასვენებაა. სიმართლე გითხრათ, ძალიან დავიღალე და მინდა ცოტა ამოვისუნთქო, რასაც, იმედია, სულ მალე განვახორციელებ.

__ და სად აპირებთ დასვენებას?

 

_ ზაფხული დაახლოებით უკვე დაგეგმილი მაქვს. ჩემს მეგობრებთან რომში ჩასვლას ვაპირებ. ძალიან მიყვარს ეს ქალაქი და როგორც კი მისი ნახვის შესაძლებლობა მეძლევა, მაშინვე მივდივარ ხოლმე. მერე ალბათ ზღვაზე წავალ.


ნინო გაჩეჩილაძე ჯაზმენ გივი გაჩეჩილაძის შვილი და მომღერალ თაკო გაჩეჩილაძის დაა. ცნობილი ოჯახის წევრი ფართო მაყურებელმა სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები" გაიცნო, სადაც კატოს როლს ასრულებდა.  ცნობილი მსახიობი ცოტა ხნის წინ პროექტ „ორ ვარსკვლავში" იღებდა მონაწილეობას. 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016