reportiori.ge - გია ხუხაშვილი: „პრეზიდენტმა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლების დელეგირება პრემიერზე უნდა მოახდინოს“
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:30
ინტერვიუ
გია ხუხაშვილი: „პრეზიდენტმა ასოცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის უფლების დელეგირება პრემიერზე უნდა მოახდინოს“
ავტორი:
26 მაისი, 2014. 17:37


გია ხუხაშვილი: „მე გიგი უგულავას თანამდებობიდან ჩამოშორება გამართლებულად თავიდანვე არ მიმაჩნდა"

 

გია ხუხაშვილის აზრით, მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს ერთმანეთთან კონფლიქტი არ აქვთ, მაგრამ „გარემოცვა ყოველთვის ახერხებს საქმის გაფუჭებას"

 

ექსპერტი გია ხუხაშვილი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების პრეროგატივად მიიჩნევს და ამბობს, რომ ატეხილი აჟიოტაჟის გამო ხელმოწერა კონკრეტული პირების პოლიტიკურ ბიოგრაფიაში პოზიტიურის ნაცვლად, შესაძლოა ნეგატიურად ჩაიწეროს.


„მთელ კვირასთან" საუბრისას ხუხაშვილი მხარეებს კოორდინირებული მუშაობისკენ მოუწოდებს და ლიდერებს ახსენებს, რომ 27 ივნისს არა კონკრეტული პირების, არამედ სახელმწიფოებრივი საქმე წყდება.

 

გია ხუხაშვილი: ეს ხელშეკრულება იმდენად მნიშვნელოვანი თემაა, რომ მისი გადაფარვა ასეთი ტიპის პოლემიკით სასიამოვნო არ არის. ბოლო პერიოდში საზოგადოების განხილვის საგანი ხდება არა მისი შინაარსობრივი მხარე, არამედ მასში არსებული ინტრიგა. ჩემზე ამ პრცესებმა მაინცდამაინც სასიამოვნო შთაბეჭდილება არ დატოვა, რადგანაც ყველაფერი მონოლოგის რეჟიმში მიდიოდა. ასეთი საკითხები კანონის, დადგენილი პროცედურების საფუძველზე უნდა წყდებოდეს და არა პოლიტიკური დისკუსიების ბაზაზე.


„მთელი კვირა": მიუხედავად რიგი ბუნდოვანი საკითხებისა, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობოების უმეტესობა თანხმდება, რომ ხელმოწერის უფლება, როგორც ქვეყნის პირველ პირს, პრეზიდენტს ენიჭება...


გია ხუხაშვილი: მეც ვიხრები იქით, რომ ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა, მაგრამ ამაზე ამხელა ამბის ატეხვა უკვე არასასიამოვნოა. ყველამ ცოტა წინ უნდა გაიხედოს, კანონის მიხედვით უნდა ვიმოქმედოთ. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოაწერს ხელს?! ვიღაც შეიძლება ფიქრობს, რომ მის გრძელვადიან პოლიტიკურ ბიოგრაფიაში ეს წარმატებად ჩაიწერება, მაგშრამ თუ კი აღმოჩნდა, რომ პროცედურები დაცული არ იყო, შეიძლება ეს უხერხულ ლაქადაც იქცეს.


მიმაჩნია, რომ პრეზიდენტისთვის ეს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი არ არის და ამ ვითარებაში სწორი გამოსავალი იქნებოდა, თუ ეს საუბრები შეწყდებოდა და პრეზიდენტი ამ უფლების დელეგირებას პრემიერ-მინისტრისთვის მოახდენდა. დელეგირების საფუძველზე ეს თემა ამოწურული იქნებოდა და ყველას, ვისაც ამ საკითხის ირგვლივ სკანდალის აგორება უნდა, პასუხი გაეცემოდა.


ჩემი აზრით, ამ თემის ღიად დატოვება ძალიან უხერხულია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც. დასავლეთი და ევროპა იმას ნიშნავს, რომ იქ ყველაფერი კანონის საფუძველზე წყდება.


ყველაფერი დაწერილი პროცედურების გათვალისწინებით უნდა მოხდეს. მით უფრო, რომ ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის გრძელვადიან გეოპოლიტიკურ არჩევანზე და აქედან გამომდინარე, ჩემთვის ამ თემასთან დაკავშირებით პერსონალიებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება. თუ ვინმესთვის აქვს, ეს საბოლოო ჯამში მისი პირადი პრობლემაა და რომც გაიტანოს ეს აკვიატება, ვფიქრობ, უფრო სამარცხვინო იქნება, ვიდრე რაიმე წარმატების აღმნიშვნელი.


„მთავარი კვირა": თქვენი აზრით, ვინ ჭირვეულობს - პრემიერი თუ პრეზიდენტი?

 

გია ხუხაშვილი: თუ ჯიუტად მოხდა ეს ყველაფერი და არა შეთანხმებით, ვინც უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს?! ყველაფერი დიალოგის რეჟიმში უნდა გადაწყდეს.


კიდევ ვიმეორებ, გამოსავალი არის ის, რომ პრეზიდენტმა მისი უფლების დელეგირება მოახდინოს ვინმეზე. მას შეუძლია ამის გაკეთება და არ მგონია, მან ამაზე უარი თქვას. ეს არის თანამშრომლობა და კომპრომისი, ყველა სხვა შემთხვევაში ეს უხერხულობას ქმნის და პოლიტიკური ოპონენტების ქილიკის და განხილვის საგანი ხდება. ეს უნდა გადაწყდეს, თორემ ამაზე საუბარი არ შეწყდება და უღირს ეს ვინმეს ამად?


„მთავარი კვირა": საზოგადოების გარკვეულ ნაწილს რჩება შთაბეჭდილება, პრეზიდენტსა და პრემიერს შორის სერიოზული დაპირისპირება თუ არა, უთანხმოება მაინც არსებობს. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

 

გია ხუხაშვილი: საზოგადოება ყოველთვის საუბრობს ამაზე, თუმცა, მე არ მგონია, ეს ასე იყოს. ერთმანეთის მიმართ სიყვარული არავის მოეთხოვება, მაგრამ ემოციები ყველამ სახლში უნდა დატოვოს. ხელისუფლების სხვადასხვა შტოებში მყოფი ლიდერები ვალდებულები არიან, ერთმანეთთან ითანამშრომლონ.


მე ვფიქრობ, რომ არც პრემიერს და არც პრეზიდენტს ერთმანეთთან კონფლიქტი არ აქვთ. გარემოცვა კი ყოველთვის ახერხებს საქმის გაფუჭებას. ამით თითქოს თავის ხელმძღვანელებს ერთგულებას უმტკიცებენ და ამის გამო ათას რაღაცებში იხლართებიან ხოლმე. მე არ მგონია, მათ პირადად ჰქონდეთ ერთმანეთთან ცუდი დამოკიდებულება.


„მთავარი კვირა": გარემოცვაში ვის გულისხმობთ?

გია ხუხაშვილი: სხვა ადამიანებს, რომლებიც ორბიტაზე ტრიალებენ, ისინი ცდილობენ, რომ თავის ხელმძღვანელებს ერთგულება უცნაური ფორმით დაუმტკიცონ. ისინი ხშირად პირველი პირების ირგვლივ არაჯანსაღ აჟიოტაჟს იწვევენ ხოლმე.


„მთავარი კვირა": პრეზიდენტი არც „ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კომპანიაში ერთვება. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

 

გია ხუხაშვილი: არც უნდა ჩაერთოს. ის რომელიმე პოლიტიკური პარტიის პრეზიდენტი ხომ არ არის... ძალიან სწორად იქცევა, რომ არ ერთვება.


მესმის, რომ ყველაფერი ეს ჯამში ეჭვებს ბადებს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ერთმანეთის სიყვარული არავის მოეხთოვება. პირადი ურთიერთობები ვის როგორი აქვს - ამის განხილვა სწორად არ მიმაჩნია. ვამბობ მხოლოდ ერთს, რომ მათ არ აქვთ უფლება, ეს ყველაფერი სახელმწიფოს მართვაში გამოხატონ, რადგანაც საბოლოო ჯამში ამით შეიძლება სახელმწიფოს ინტერესი დაზიანდეს. ამაზე ყველამ უნდა იზრუნოს.


„მთავარი კვირა": გიგი უგულავას საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე რა აზრის ხართ?

 

გია ხუხაშვილი: მე გიგი უგულავას თანამდებობიდან ჩამოშორება გამართლებულად თავიდანვე არ მიმაჩნდა. უგულავა აქამდე რომ დაეპატიმრებინათ, ყველაფერი ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ არსებულ ვითარებაში თანამდებობიდან მისი ჩამოშორება მიზანშეწონილად არ მიმაჩნდა. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც პრაქტიკთული პოლიტიკის თვალსაზრისით შედეგი არ მოაქვს და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის" სალაპარაკო თემად რჩება, გამართლებულად არ მიმაჩნია.


საერთოდ, როდესაც რაღაცას ვითხოვთ და რაღაც გვინდა, მარტო მოკლევადიან მომავალზე არ უნდა ვიფიქროთ და წინაც უნდა გავიხედოთ. ეს ეხება ყველას და განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, რადგანაც მათზე არა მხოლოდ მათი, ხშირად ქვეყნის ბედია დამოკიდებული.


ვფიქრობ, მისი თანამდებობიდან ჩამოშორება შეცდომა იყო. გიგი უგულავა თანამდებობაზე რომ დარჩენილიყო, რიგ საკითხებში ამ ხელისუფლების არგუმენტებს ბევრად უფრო გააძლიერებდა. ძალიან ზედაპირულად, დღევანდელი კვერცხის პრინციპით მიუდგნენ საქმეს.


„მთავარი კვირა": წინასაარჩევნო კამპანიას როგორ შეაფასებთ, ვის რა შანსები აქვს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე?

 

გია ხუხაშვილი: ნარმანიას გამარჯვებასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ვხედავ. არა იმიტომ, რომ განსაკუთრებული ავტორიტეტი აქვს, არამედ იმიტომ, რომ კონკურენტი არ ჰყავს. არ არსებობენ პოლიტიკური ძალები, სრულფასოვანი პოლიტიკური ინფრასტრუქტურით და პოზიტიური მესიჯებით. აქედან გამომდინარე, ხელისუფლებამ რომც არაფერი გააკეთოს, გამარჯვებისთვის განწირულია იმის მიუხედავადზაც კი, რომ საზოგადოებას პრეტენზიები მათ მიმართაც დაუგროვდა. მათ მთავარ ოპონენტად კი ისევ „ნაციონალური მოძრაობა" რჩება.


„მთავარი კვირა": გაერთიანებული არასაპარლამენტო ოპოზიციაზე რას ფიქრობთ, შესაძლოა, მათ მეორე ადგილზე გასვლა შეძლონ?

 

გია ხუხაშვილი:  ფანტასტიკის სფერო მგონია, რომ საქართველოს მასშტაბით მათ ეს მოახდინონ. თუმცა, გარკვეულ რეგიონებში ალბათ ასეთი რაღაც შეიძლება მოხდეს. ჯამურად რომ მეორე ადგილზე გავიდნენ, ამას გამოვრიცხავ.


„მთავარი კვირა": რა აზრის ხართ წინა კვირის ყველაზე ხმაურიან საკითხზე, რომელიც პრემიებს და საჯარო მოხელეების დანახარჯებს ეხებოდა და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის გადადგომით დასრულდა...

 

გია ხუხაშვილი: ძალიან დიდი თანხები ვიხილეთ, რაც არასასიამოვნოა. ის, რომ სახელმწიფო სექტორში პრემიელი არ უნდა არსებობდეს, სწორად არ მიმაჩნია, მაგრამ რაღაც ზედა ზღვარი უნდა დაწესდეს. საჯარო სამსახური არ არის კომერციული სტრუქტურა, რომ ვისაც რა ციფრი მოუვა თავში, ის გამოიწეროს. საჯარო სამსახურის სტანდარტი უნდა არსებობდეს, პრემიები სახელფასო დანამატს არ უნდა აღემატებოდეს, ეს წარმოუდგენელია.


ერთიან სტანდარტზე საუბარი დაიწყო და იმედია საქმეს ბოლომდე მიიყვანენ. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს,რომ ისინი ჩვენ მიერ გადახდილ გადასახადებს იღებენ და ამის საკუთარი სურვილისამებრ მოხმარებას წარმოუდგენელია, მითუმეტეს ისეთი სოციალური სტილის ქვეყანაში, როგორიც საქართველო.


თათია ჩაფიძე

გაზეთი„რეზონანსი"


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016