reportiori.ge - ბექა ელბაქიძე: საქართველოში შეიძლება ძალიან ბევრი იშრომო, მაგრამ ერთ დღეს „სანაგვეზე“ აღმოჩნდე
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:37
ინტერვიუ
ბექა ელბაქიძე: საქართველოში შეიძლება ძალიან ბევრი იშრომო, მაგრამ ერთ დღეს „სანაგვეზე“ აღმოჩნდე
27 მაისი, 2014. 21:33



პოპულარულმა ჟურნალისტმა, წამყვანმა,  მსახიობმა და მწერალმა ბექა ელბაქიძე მაყურებელს არაერთი საინტერესო პროექტით დაამახსოვრა თავი. ბოლო დროს ბექა ქართული ტელე-ეკრანებიდან გაქრა, თუმცა როგორც „რეპორტიორთან“ ინტერვიუში გვითხრა საკმაოდ დატვირთულ შემოქმედებით ცხოვრებას ეწევა. ბექა ცოტა ხნის წინ დაბრუნდა იტალიიდან, სადაც სამსახიობო ხელოვნებას ეუფლება.

 

_ ბექა, დიდი ხანია ქართული ტელე-ეკრანებიდან გაუჩინარდი, რას მოღვაწეობ და რატომ წახვედი ჟურნალისტიკიდან?

_დავიწყოთ იმით, რომ ჩემი პროფესია არაა ჟურნალისტიკა. პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, შემდეგ კინოდრამატურგიაზე ვსწავლობდი. სულ მინდოდა მსახიობი გავმხდარიყავი. რაღაც დამთხვევები თავისით მოხდა. ტელევიზია ჩემთვის საინტერესო იყო იქედან გამომდინარე, რომ ახლოს ვიყავი იმ სფეროსთან, რაც მაინტერესებდა. ეს არის კულტურა, კონკრეტულად კი კინო და თეატრი.

 

რაღაც პერიოდში სატელევიზიო სივრცეს პოლიტიკამ გადაურა. უცნაურად დაიწყო გადაცემების დახურვა. აღარ იყო ის პროექტები, რომლის გაკეთებაც მაინტერესებდა. მხოლოდ ფულის გამო მუშაობა  ჩემთვის არ იყო მაინცდამიანც მომხიბვლელი. არ ვარ იმ კატეგორიის, რომ მთავარია კარგი ხელფასი მქონდეს და ჯანდაბას გავაკეთებ. თუმცა ბოლო პროექტს „ცეკვავენ ვარსკვლავების“ წამყვანობას ჰონორარის გამო  დავთანხმდი. მერე იყო ვენეციის ფესტივალი, შემოთავაზებები და იტალიამ გადაწონა. გადავედი საცხოვრებლად იტალიაში და დავიწყე სწავლა.

 

რაც შეეხება ჟურნალისტიკიდან წასვლას, ისეც არაა რომ წავედი და წავედი. ამ ეტაპზე  ტელეკომპანია „მაესტროს“ რეპორტიორი  ვარ ევროპიდან, რაც ისევ და ისევ კულტურას მოიცავს, ინტერვიუებს ცნობილ კინოვარსკვლავებთან, რეჟისორებთან...

 

_ როგორ დაიწყო თქვენი იტალიური ცხოვრება?

 

_ ვენეციის ფესტივალზე რუსუდან ჭყონიას ფილმით "ქიფ სმაილინგ" აღმოვჩნდი. თუ არ ჩავთვლით მოკლემეტრაჟიან ფილმებს, ეს იყო ჩემი პირველი როლი დიდ კინოში. ვენეციის კინოფესტივალი ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა ჩემთვის, რადგან  შემოთავაზებები მივიღე. გავიცანი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროდიუსერი, რომელთაგან ერთ-ერთი იყო პატრიცია ფრეგონეზე, „ინდიჩინემას” რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი. მან ფილმის ჩვენების შემდეგ გამართულ აპერიტივზე შემომთავაზა რომში ქასთინგზე ჩასვლა. ამ ქასთინგზე ჩავედი კიდეც დეკემბერში.  პარალელურად ვსწავლობდი უნივერსტეტში, თეატრის აკადემიაში.  "ქიფ სმაილინგ" ჩემთვის კიდევ იმიტომ აღმოჩნდა იღბლიანი, რომ ამის შემდეგ სამ ფილმში მივიღე მონაწილეობა, მათ შორის ერთ–ერთი იყო უკრაინელებისა და ფრანგების ნამუშევარი "ფარაჯანოვი", სადაც მარჩელო მასტროიანის თარჯიმანი ვითამაშე..

შეიძლება ითქვას, რომ სამსახიობო კარიერის დასაწყისში ვარ. მაქვს შემოთავაზებები, მათ შორის  პარიზიდან და ესპანეთიდან. სამომავლო გეგმებში ისევ ევროპა ფიგურირებს. ბევრის სწავლა და გამოცდილების მიღებაა ჩემი მიზანი..

საკმაოდ რთული გზა გავიარე. ბევრი მცდელობა მქონდა. ნიუ ორკის კინო-აკადემიაში ჩავირიცხე და დაფინასება ვერ მივიღე განათლების და მეცნიერების სამინისტროსგან. არ იყო პატარა თანხაზე საუაბრი. 25 000 დოლარი ღირდა ერთწლიანი კურსი. თუმცა ეს თანხა ნამდვილად ღირს, როდესაც რობერტ დე ნირო და სტივენ სპილბერგი წაგიკითხავენ  ლექცებს და ჩაგიტარებენ  „ვორკშოპებს“. არ გამოვიდა, რას ვიზავ. როცა  ფული ჩამივარდება ხოლმე, ყოველთვის ვიღებ სამ, ოთხთვიან მასტერკლასებს. ეს  სხვადასხვა რეჟისორთან, სხვადასხვა ქვეყანში მუშაობის საშუალებას მაძლევს.



- რამდენად ადვილია საქართველოში იყო მსახიობი?

_ საქართველოში ძალიან ბევრი რამის კეთებაა სამწუხაროდ ძნელი. ამ მხრივ ბევრად ჩამოვრჩებით ევროპის ქვეყნებს. მიუხედავად  კინოს და თეატრის ამხელა ისტორიისა, იყო ძალიან დიდი ვარდნა. 90- იანების ბნელი პერიოდი, როდესაც ფილმებს 10 წელი იღებდნენ. საქართველოში ცხოვრება ხელოვანისთვის ძალიან რთულია. „ა“ წერტილიდან „ც“ წერტილამდე მიდიხარ და მერე ჩერდები, იმის იქეთ აღარ არსებობს განვითარების გზა.


საქართველოსგან განსხვავებით ევროპას კიდევ ერთი ძალიან კარგი რამ აქვს. ჩვენთან მუშაობ, მუშაობ, ბევრს მუშაობ  და ერთ დღეს შეიძლება მთელი ეს ნამუშევარი ჩაგიყარონ წყალში. ამას მივხდი, როდესაც „ჟურნალისტის დღიური“ დახურეს. რა თქმა უნდა  გავაპროტესტე, მაგრამ მიზეზი  მაინც ვერ გავიგე. წამოვედი და ფაქტობრივად 3 თვე ვიყავი უმუშევარი. მაშინ მივხვდი, რომ საქართველოში შეიძლება ბევრი იშრომო, მაგრამ ერთ დღეს უკაცრავად და „სანაგვეზე“ აღმოჩნდე ისე, რომ პასუხიც კი არ გაგცენ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. ევროპას ეს არ აქვს. მას აქვს ძალიან კარგი პრინციპი - მუშაობ ბევრს, მაგრამ ეს შრომა აუცილებლად გიფასდება. რა თქმა უნდა საჭიროა ნიჭიც. და კიდევ ერთი, არ უნდა დაიღალო არასდროს.  


 _ ახალა რით ხარ დაკავებული, რა პროექტებში მონაწილეობ?

_ ახლახანს დასრულდა ნიკოლოზ გაბუნიას მოკლემეტრაჟიან ფილმის გადაღებები. ეს არის ბოლო ფილმი სადაც ვითამაშე. დანარჩენად მთლიანად კონცენტრირებული ვარ ფესტივალ „პოემუსზე“. მეორე წელია, რაც ამ ფესტივალს ვაკეთებ. ეს არის საქველმოქმედო არტ-ფესტივალი. შემოქმედებითი მოძრაობა, რომელშიც  150-მდე არტისტია ჩართული. ვაერთიანებთ სხვადასხვა სოციალურ თემებს. ლეიკემიასთან ბრძოლა, შეზღუდული შესაძლებლობების ადამინების დახამრება, ნარკომანიასთან ბრძოლა, მიუსაფარი მოხუცები, მზრუნეველობა მოკლებული ბავშვები და. ა. შ. ამ ადამინებს ვუძღვნით თეატრალურ წარმოდგენებს, პერფომანსებს მუსიკალურ კონცერტებს.

 



_წელს როდის იგეგმება ფესტივალის ჩატარება?

_ ფესტივალი პირველი ივნისიდან აიღებს სტარტს. ოფიციალური კვირეული კი თბილისში გიახსნება  და  21-28 ივნისს ჩათვლით იქნება, სადაც უკვე ქართველ არტისტებს  უცხოელი არტისტებიც შემოუერთდებიან ექვსი სხვადასხვა ქვეყნიდან.


_ გარდა იმისა, რომ ჟურნალისტიკაში და კინოში მოღვაწეობ, წერ რომანებს, ლექსებს.  ამ მხრივ რა სიახლეებია?

_ ახლახანს დავამთავრე მესამე რომანი „ ყვითელი ველოსიპედი“, რომელიც რედაქტირებაზეა და იმედია მალე დაიბეჭედება. რომანი იტალიურადაც ითარგმნება, რადგნა ამბავი იტალიაში ხდება. რომანი არის მწერალ კაცზე, რომელიც პოლიტიკური ინტერესების შეზღუდვის გამო ტოვებს იტალიას და გარბის სხვა ქვეყანაში. შეიძლება ითქვას, რომ ცოტა სკანდალურიც იქნება. ბევრი დაინახავს ნაცნობ სიტუაციას, რაც საქართვლოს ისტორიის უკანასკნელ წლებში ხდებოდა. ორი მთავარი ხაზია ერთი, სასიყავრულო და მეორე პოლიტიკური.


_ პოლიტიზირებული საზოგადოება ახსენე, ხელოვნების წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ,  რომ საქართველოში ყველაფერი პოლიტიზირებულია. შენ რამდენად ეთანხმები ამ მოსაზრებას? 

 

_ რაც შეეხება პოლიტიზირებას,  ერთ მარტივ მაგალითს მოვიყვან, ამერიკაში პრეზიდენტის არჩევნების დროს  კლინტ ინსტვუდმა არჩევნებში მხარი  მით რუნს დაუჭირა. გაიმარჯვა ობამამ,  მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ობამა მოვიდა ხელისუფლებაში და კლინტ ინსტვუდი ფილმებს ვეღარ გადაიღებს. ეს ამერიკაში არასდროს მოხდება. საქართველოში კი ასე  ხდება.. მე მახსოვს, როდესაც ტელვიზიაში ვმუშაობდი იყო შემთხვევები, როცა  დიდი ბრძოლის გადატანა მომიწია ტელვიზიის დირექტორთან და პროდიუსერთან, რომ  კონკრეტული ადამინი ჩვენ არხზე გამოჩენილიყო. მთელი ჩემი ემოციურობით ვაწვებოდი რქებით და ვამბობდი, რომ ეს ადამიანი არის ხელოვანი, არ მაინტერესებს პოლიტიკა და რომ მჭირდებოდა თეატრზე და  მუსიკაზე სასაუბროდ.


აბსოლუტურად ვემხრობი სამოქალაქო პოზიციის დაფიქსირებას. არ მომწონს მაგალითად, საყდრისის თემაზე კულტურის სამინისტროს პასიური დამოკიდებულება და გაურკვევლი პასუხები, რასაც აუცილებლად გავაპროტესტებ.  არის თემები, რომელიც ჩემს ქვეყანას, ქალაქს ეხება და როგორც მოქალაქეს გიჩნდება საკუთარი პოზიციის გამოხატვის სურვილი, მაგრამ განსხვავება უნდა იყოს პოლიტიკურ თამაშსა და  სამოქალაქო თვითშეგნებას შორის. ჩვენთან ამ ინტერესების აღრევა ხდება. ყოველთვის არის ორად გაყოფილი ჯგუფი ან ხარ „იმისისტი“ ან „ამისისტი“. ჩემს გარშემო ძალიან ბევრი სამეგობრო გიახლიჩა სწორედ ამის გამო. ოჯახის წევრი და ნათესავი დაშორდა ერთამენთს. უკანასკნელ 2 წლის განმავლობაში, რაც ხდება ეს არის საშინელი მდგომარეობა, საზოგადოების გახლეჩის თვალსაზრისით. იმის გამო, რომ სიტყვაზე, მომწონს საკაშვილი და შენ მოგწონს ბიძინა ივანიშვილი, ამის გამო  აღარ ველაპრაკებით ერთამანეთს. ეს არის სირცხვილი და არაჯანსაღი დამოკიდებულება.

კი ბატონო გააპროტესტე ციხის კადრები, გამოხატე შენი პოზიცია როგორც მოქალაქემ, როგორც არტისტმა. არ მოგწონს რაღაც, გასაგებია, მაგრამ მოდი რა, მერე პარლამენტში ნუ დაჯდები და შენ საქმეს მიხედე. ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს და პროტესტიც  საქმით გამოხატოს. მწერალმა დაწეროს, მსახიობმა ითამაშოს, რეჟისორმა გადაიღოს. ხელოვნება არის ყველაზე დიდი ძალა, რომლითაც ყველაზე უკეთ შეიძლება სათქმელი თქვა.


-  კარიერას და მომავალს როგორც ვხვდები მაინც საზღვარ გარეთ ხედავ...

_ სამწუხაროდ საქართველოში  არ გვაქვს კინოსკოლა. აქ ვერ მივიღებ ისეთ განათლებას და გამოცდილებას, როგორც ევროპაში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ წავალ და საქართველოს  „დავიკიდებ“. არა, ისევე როგორც შარშან, წელსაც ვაკეთებ ფესტივალ „პოემოსს“. რაც შემიძლია ქვეყნისთვის გავაკეთო, ცოტა ხმამაღალი ნათქვამია შეიძლება, ვაი პატრიოტიზმში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ ვაკეთებ. 

წლევანდელ ფესტივალზე  20-მდე უცხოელი არტისტი ჩამოვა სხვადასხვა ქვეყნიდან. მსახიობები, მუსიკოსები, ვისთანაც ამ ხნის განმავლობაში მომიწია მუშაობა, სრულიად უსასყიდლოდ მიიღებენ ამ კვირეულში მონაწილეობას და დაეხმარებიან  ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, შეზღუდული შესაძლებლობების პირებს და ყველას ვისაც დახმარება სჭირდება. 

 

„რეპორტიორი“ წარმატებას უსურვებს ბექა ელბაქიძეს ყველა იმ სფეროში, რომელშიც მოღვაწეობს.

 



 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016