reportiori.ge - გიორგი პაპუნაშვილი: ვინ თქვა რომ ქართველებს „მეზარბაზნეები“ არ ჰყავთო?! - (ექსკლუზივი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:48
ინტერვიუ
გიორგი პაპუნაშვილი: ვინ თქვა რომ ქართველებს „მეზარბაზნეები“ არ ჰყავთო?! - (ექსკლუზივი)
28 მაისი, 2014. 16:58


გიორგი პაპუნაშვილი სლოვენიაში გამართულ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ვარკსვლავი გახლავთ. ახალგაზრდა ფეხბურთელს არაჩვეულებრივი მოედნის ხედვა და გოლის გატანის ალღო გააჩნია. სამწუხაროდ ქართველმა გულშემატკივარმა ეს ბიჭები მიივიწყა, მაგრამ ისინი თავად არ გვაძლევენ ამის საშუალებას. ვასილ მაისურაძის თავკაცობით, გუშინ 19-წლამდელთა ნაკრებმა კვიპროსი არ დაინდო და ელიტ რაუნდის შეხვედრაში 5-1 სძლია.


მიმდინარე სეზონში გიორგი „დინამოს" დუბლებიდან ძირითად გუნდში დააწინაურეს.  ასაკის მიუხედავად, პაპუნაშვილს მეტოქის კარის დალაშქვრა არც ახლა უჭირს. იგი უმაღლეს ლიგაში უდავოდ ერთ-ერთი უნიჭიერესი ახალგაზრდაა, რომელსაც საკმაოდ დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ თავად ფეხბურთელს გავსაუბრებოდით და უფრო კარგად გაგვეცნო თქვენთვის მისი თავი.


-  გამარჯობა გიორგი, სულ თავიდან დავიწყოთ, როგორ გახდი ფეხბურთელი?


- ბავშვობიდან ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე, მაგრამ მშობლებს არ უნდოდათ. კოტე დოლიძის დიდი დამსახურებაა, რომ  ფეხბურთელი ვარ, რისთვისად მას დიდ მადლობას ვუხდი.


- როგორ მოხვდი ‘'დინამოში''?


- 6 წლის ასაკში, 2 წელი „ვაკე 91''-ში ვთამაშობდი. შემდეგ გუბაზ დოლიძესთან „ოლიმპში''. სწორედ მან მასწავლა ყოველი საფეხბურთო წვრილმანი. 2011 წელს, როცა 15 წლის ვიყავი, გიორგი ნემსაძე დამიკავშირდა და ‘'დინამოში'' გადმომიყვანა.


- როგორ შეეწყვე ქართული ფეხბურთის ფლაგმანს?


- როცა „დინამოში'' გადმოვედი, დუბლებში ვთამაშობდი, რომელსაც ძალიან კარგი სპეციალისტი გიორგი დევდარიანი წვრთნიდა.  15 წლის ვიყავი და 19 წლის ბიჭებს ვეთამაშებოდი. დუშან უჰრინის წასვლამდე 1 კვირით ადრე დამაწინაურეს და მას შემდეგ ძირითადი გუნდის წევრი ვარ. პირველი მატჩი ცხინვალის „სპარტაკთან'' ვითამაშე. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მალხაზ ჟვანიას იმისთვის რომ მენდობა.


- რას ნიშნავს შენთვის „დინამოს'' მაისურით თამაში?


- „დინამო'' დიდი გუნდია. აქ მოხვედრა ყველა ქართველი ბავშვის ოცნებაა. აქ ახლა ყველაფერია, რომ ფეხბურთის გარდა არაფერზე ვიფიქროთ. კლუბის პრეზიდენტი ბატონი რომან ფიფია, ყველაფერს აკეთებს ამისთვის. კლუბის ინფრასტრუქტურა, სტადიონები, ბაზა, აკადემია და ა.შ. საქართველოში საუკეთესოა. ეს ნამდვილი ოჯახია, გუნდი ერთმუშტადაა შეკრული და ვიმედოვნებთ, რომ „დინამო'' მალე დაიბრუნებს წარსულ დიდებას.


- მალხაზ ჟვანიას ფორმაციის გუნდში პოზიცია შეგეცვალათ. ამაზე რა აზრის ხართ?


- საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში, „დინამოს'' დუბლებში, ყველგან გამთამაშებლად ვთამაშობდი. ახლა მწვრთნელსა და გუნდს სჭირდება რომ მარჯვნივ ვიდგე და არ ვეწინააღმდეგები, თუმცა მოედანზე ცენტრში, ფორვარდის უკან ბევრად კომფორტულად ვგრძნობ თავს.


- „დინამოს" ძირითად გუნდში დაწინაურებიდან პირველივე სეზონში, გუნდთან ერთად დუბლის განხორციელება შეძელით და გახდით როგორც საქართველოს ჩემპიონი, ასევე დავით ყიფიანის თასის მფლობელი. როგორი შეგრძნებაა იყო საქართველოს ჩემპიონი?


- ყველა ქართველი ფეხბურთელის, მითუმეტეს ახალგაზრდის ოცნებაა, რომ საქართველოს ჩემპიონატი და თასი მოიგო. მადლობა ღმერთს, რომ მე ეს სიამოვნება მომენიჭა. ძალიან გახარებული და ბედნიერი ვარ. ბიჭებისა და სამწვრთნელო შტაბის შრომა მთელი სეზონის განმავლობაში, ნამდვილად დასაფასებელია.


- ასაკობრივ ნაკრებებზე გადავიდეთ, 17-წლამდელების მიღწევებით სრულიად საქართველომ იამაყა. შენ კი ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული იყავი იმ გუნდში.

 

- ეს იყო გუნდის თამაში. ვასილ მაისურაძემ უზარმაზარი სამუშაოები გასწია. ბიჭები ერთად ვიბრძოდით და წარმატებასაც ერთად მივაღწიეთ. ახლა 19-წლამდელებში ვთამაშობ. კენჭისყრის შედეგები რომ გახდა ცნობილი და ჰოლანიის ნაკრები ჩვენს ჯგუფში მოხვდა, ბიჭებმა ერთხმად გამოვხატეთ მათ წინააღმდეგ რევანშის სურვილი. გულშემატკივარს შვეიცარიაში ბრძოლას ვპირდებით. ჩვენით მთელი საქართველო იამაყებს.


- სწორედ ჰოლანდიის ნაკრების კარში გაიტანე გოლი. წარმოიდგენდი ამას ოდესმე?

 

- ჰოლადიასთან მატჩი ნამდვილი ტრაგედია იყო. არ მინდა მსაჯებზე ვისაუბრო, ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა. რაც შეეხება გოლს, სათამაშო მომენტი იყო, დავარტყი და გავიდა. განსაკუთრებული არაფერი.


- გუშინ კვიპროსის ნაკრები 5-1 დაამარცხეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ შედეგით?


- ბიჭებმა ყველაფერი გააკეთეს ამ თამაშში წარმატების მისაღწევად, მადლობა მათ ამისთვის. ყველაფერი ბოლო მატჩში - ისრაელის წინააღმდეგ გადაწყდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე გავიდეთ.


- რომელია შენი საყვარელი ფეხბურთელი?


- ქართველებიდან ყიფიანი და ქინქლაძე, უცხოელებიდან კი იოზილისა და კაკას თამაში მომწონს.


- და ბოლოს, თუ არის რაიმე შემოთავაზება რომელიმე უცხოური კლუბიდან?

 

- ჯერჯერობით არაფერი. ყველას ოცნებაა საზღვარგარეთ წასვლა და საქართველოს სახელის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გატანა. პრემიერ ლიგა ძალიან მომწონს და ინგლისში თამაშზე ვოცნებობ, თუმცა ახლა ჩემი გადმოსახედიდან მხოლოდ „დინამო'' ჩანს, მე ამ გუნდის ნაწილი ვარ და მისი წარმატებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.


შეგახსენებთ, ელიტ რაუნდიში ქართველთათვის გადამწყვეტი შეხვედრა ისრაელის ნაკრებთან დარჩათ. ჩვენებურებს შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ფრეც ყოფნით. წარმატებებს ვუსურვებთ გიორგის და მის თანაგუნდელებს. სწორედ მათ იმედადაა დარჩენილი ქართული ფეხბურთი.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016