reportiori.ge - ედმონდ მინაშვილი: ფილმი „შინდისის გმირები“- ეს არის ისტორია, რომელიც ყველამ უნდა ნახოს!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:51
ინტერვიუ
ედმონდ მინაშვილი: ფილმი „შინდისის გმირები“- ეს არის ისტორია, რომელიც ყველამ უნდა ნახოს!
29 მაისი, 2014. 16:20



რუსთაველის თეატრის მსახიობმა ედმონდ მინაშვილმა პოლიტიკაში ჩაბმა გადაწყვიტა. როგორც მსახიობმა „რეპორტიორთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, აქტიურ პოლიტიკაში ის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის გამოჩნდება.

 

მსახიობის მიერ განხორციელებული პროექტებისა  და განსახორციელებელი იდეების შესახებ  ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ:

 

-როგორ აღმოჩნდით რუსთაველის თეატრში?

-რუსთაველის თეატრში მოხვედრა ყველა მსახიობის ოცენებაა. ეს ჩემთვისაც ოცნება იყო. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ვლოცულობდი, რომ რუსთაველის თეატრში მოვხვედრილიყავი. ინსტიტუტში რომ ვსწავლობდი, რუსთაველის თეატრთან უნდა გამევლო, გავჩერდებოდი ხოლმე და 5 წუთი ვუყურებდი თეატრს. ვფიქრობდი, ერთი როლი მაინც მეთამაშა, ამ თეატრის სცენაზე ერთხელ მაინც დამედგა ფეხი. ღმერთმა გადმომხდა, მე-4 კურსზე ვიყავი გიგა ლორთქიფანიძე რუსთაველის თეატრში დგამდა „წათეს წითელ წაღებს“. პატარა როლისთვის მსახიობი სჭირდებოდათ, მიგვიყვანეს სტუდენტები და ასე მოვხვდი რუსთაველის თეატრში. შემდეგ რობერტ სტურუამ დადგა სპექტაკლი „სალამურა“, რის შემდეგაც ამიყვანეს შტატში. დღეს უკვე 7 წელია  ამ თეატრის მსახიობი ვარ. ეს არის ჩემთვის დიდი სახლი, სადაც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს.

 

-ვიცით, რომ რუსთაველის თეატრის გარდა,  სხვა საქმიანობითაც ხართ დაკავებული და საკმაოდ გადატვირთული გრაფიკით ცხოვრობთ.

 

 

-ბოლო თვე-ნახევარია ჩემთვის არც დღეა და არც ღამე. ვმუშაობ ტელეკომპანია „იმედში“. ახალი სეზონიდან დაიწყება ჩემი პროექტი, რამდენიმე სერია უკვე გადაღებული გვაქვს. გარდა ამისა, აქტიურად ვარ ჩართული დავით ნარმანიას წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს საქმეც ძალიან მომწონს. ექსკლუზიურად გეტყვით, რომ მალე პოლიტიკაში მიხილავთ.



-დავით ნარმანიას გუნდში?

 

-ეგ ვნახოთ, დავტოვოთ სიურპრიზად. ერთს გეტყვით, რომ პოლიტიკაში უეჭველად მიხილავთ. პოლიტიკაში აქტიურად ჩავერთვები 2016 წლის არჩევნებში. მანამდე კი საჯარო სამსახურში ვიმუშავებ.  

 

-და მსახიობობას ჩამოშორდებით?

 

-არასოდეს დავემშვიდობები მსახიობობას. ჩემი პროფესია ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თუმცა გეტყვით, რომ დამიგროვდა საკმაო გამოცდილება და ამ კუთხით გავაგრძელებ პოლიტიკაში მოღვაწეობას. ვფიქრობ, შემიძლია გაცილებით მეტი და რაც მთავარია, შრომა არ მეზარება. ვიშრომებ.

 

-რაც შეეხება თქვენს პროექტს ტელეკომპანია „იმედზე“, რა გადაცემაა?

 

-ეს არის შემეცნებით-სათავგადასავლო, ექსტრემალური ყოველკვირეული გადაცემა „ედმონდის მოგზაურობა“. გადაცემის მთავარი იდეაფიქსია: საქართველოს მასშტაბით დღემდე უცნობი საოცრებების აღმოჩენა. ყოველი მეოთხე გადაცემა იქნება ლაივ-ეთერი, მაყურებელი sms-ების საშუალებით გამოავლენს საუკეთესო გადაცემას. წლის ბოლოს, ამ გადაცემის მეშვეობით გვექნება 12 საოცრება საქართველოში, რომელიც დღემდე უცნობია.

 

-თქვენ ფილმ „შინდისის გმირების“ პროდიუსერი და იდეის ავტორი ხართ. როგორ გაგიჩნდათ ფილმის გადაღების იდეა?

 

 

-ეს ფილმი ეხება აგვისტოს ომს. დღესაც ანშლაგებით გადის კინოთეატრებში. ფილმში მოთხრობილია აგვისტოს ომში დაღუპული 17 ჯარისკაცის ისტორია, რომლებმაც წარმოუდგენელი გმირობა ჩაიდინეს და საოცარი წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს. ერთ-ერთი ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო. როდესაც ვკრძალავდით, დავიფიცე მის საფლავზე, რომ მის სახელს და საერთოდ, ამ 17 ჯარისკაცის სახელს მთელს საქართველოს გავაგებინებდი. მაღალბიუჯეტიანი ფილმია და საკმაოდ გაგვიჭირდა თანხების მოძიება. ფილმზე მუშაობა უწმინდესის კურთხევით დავიწყეთ. ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად დასრულდა და დღეს ფილმის ნახვა მაყურებელს კინოთეატრ „რუსთაველში“ შეუძლია . ეს ის ისტორიაა, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.



 - შინდისში ეკლესიის აგებაც თქვენი ინიციატივა იყო?

 

-როდესაც ამ პროექტზე მუშაობა დავიწყეთ, გაწერილი იყო 4 ეტაპი: დოკუმენტური ფილმის გადაღება, წიგნის გამოშვება და მხატვრული ფილმის გადაღება, რომელზეც ახლა ვმუშაობთ. მეოთხე ეტაპი იყო,  იმ ადგილზე, სადაც ეს ჯარისკაცები დაიღუპნენ, აგებულიყო ტაძარი. ეს ტერიტორია მეგონა,  რკინიგზის დეპარტამენტს ეკუთვნოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ  ტერიტორია ეკუთვნოდა კერძო პირს, ზვიად საბაშვილს. მოვიძიე ეს ადამიანი, მან კი აბსოლუტურად უანგაროდ გადმოსცა ეკლესიას ეს ტერიტორია. გარკვეული პერიოდი ვერ მოვიძიეთ სახსრები მშენებლობის დასაწყებად. მწირი თანხებით გავჭერით საძირკველი, მაგრამ ვეღარ განვაგრძეთ მშენებლობა. 2 წლის წინ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში კახა კალაძე იყო ჩამოსული შინდისში. როდესაც ნახა დაწყებული ტაძრის მშენებლობა, ასეთი რამ თქვა: მე გავიმარჯვებ, თუ ვერ გავიმარჯვებ არჩევნებში, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი სახსრებით ტაძარს დავასრულებო. მართლაც, ამ ადამიანმა თავის თავზე აიღო  ყველაფერი და დღეს ტაძრის მშენებლობა გადახურვის პროცესშია. ყველა დაღუპულის ოჯახის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო კახა კალაძეს. თავისი წარსულით და აწმყოთი ის მისაბაძი ადამიანია. ცოტა პოლიტიკურ განცხადებას გავაკეთებ. პრემიების თემა გახდა ამ ბოლო დროს აქტუალური. ვერავიზე ვერ დავდებ თავს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კახა კალაძე დღემდე არ იღებს ხელფასს. საკუთარ ხელფასს სხვადასხვა ბავშვთა სახლში რიცხავს.



 -რა ხდება თქვენს პირად ცხოვრებაში?

 

-სიყვარულს ვუყურებ ძალიან მძაფრად. მე თუ მიყვარს- მიყვარს. კირჩხიბები ვართ ძალიან ერთგულები და სიყვარული ვიცით ზედმეტადაც. მივხვდი, რომ ეს ზედმეტობა არაფერში არ შეიძლება.  ბედნიერი ვარ, რომ სიყვარული ვიცი და გამომიცდია. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მეც ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ მთავარია, შეგვეძლოს ჩვენი შეცდომების აღიარება. ჩემს პირველ სიყვარულთან ყველაფერი დასრულდა, სხვათა შორის სევდიანად. უწმინდესმა მითხრა, რომ წასასვლელი უნდა წავიდეს. ასეც მოხდა, წასასვლელი წავიდა, დასარჩენი დარჩა. ცხოვრება გრძელდება, ბედნიერი ვარ, რომ ბევრი საქმე მაქვს, ოღონდ პირადისთვის საერთოდ ვერ ვიცლი. საყვარელ ადამიანს ყურადღება უნდა, რისი საშუალებაც არ მაქვს დროის გამო.

 

-ცხოვრებაში რამდენჯერ გყვარებიათ?

 

-ერთხელ. მე მასთან ვიყავი 4 წელი, ერთად გავიზარდეთ ფაქტიურად,  19 წლის იყო, მე 23-ის. ის ჩემს ცხოვრებაში დარჩება, როგორც თავგადასავალი. მინდა რომ ბედნიერი იყოს და პირველი ვინც იქნება მისი გულშემატკივარი, მე ვიქნები.

 

-და ბოლოს, მაინც რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკური მოღვაწეობა?

-ყოველდღიურად ძალიან ბევრ გაჭირვებულ ადამიანს ვხვდები, ეს ყველაფერი გულზე მხვდება და მტკივა. ვთვლი, რომ შემიძლია, რაღაც კუთხით დავეხმარო ამ ადამიანებს, რაც მთავარია ამის სურვილი მაქვს. პატრიარქმაც გადამაწყევტინა, რომ საჯარო სამსახურში ვიმუშაო, რადგან მქონდეს საშუალება მეტი სიკეთე ვაკეთო და მეტ ადამიანს დავეხმარო. ბერტოლდ ბრეხტმა თქვა: „ყველა სიკეთე, რაც არსებობს ამ ქვეყანაზე, უთქმელად უნდა ეკუთვნოდეს მას, ვინც სიკეთეს, სიკეთეს, სიკეთეს თესავს“. მე მინდა ვთესო სიკეთე, რათა მოვიპოვო სიკეთე.

 

 

მსახიობი ოქტომბრის თვეში 6 თვით საქართველოდან გაემგზავრება. როგორც ჩვენთან ინტერვიუში განაცხადა,  სასწავლებლად ამერიკაში წავა და სამშობლოში ახალი იდეებით დაბრუნდება.

 


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016