reportiori.ge - ჯონდი ბაღათურია: საქართველოში ქართველი კი არა, მიწა წყალი აღარ დარჩება
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:50
ინტერვიუ
ჯონდი ბაღათურია: საქართველოში ქართველი კი არა, მიწა წყალი აღარ დარჩება
30 მაისი, 2014. 17:24


„ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" ერთ-ერთი ლიდერი ჯონდი ბაღათურია აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს "რეპორტიორთან" ინტერვიუში აფასებს. მისი თქმით, ოკუპირებულ რეგიონში მიმდინარე პროცესები დე-ფაქტო ლიდერის, ალექსანდრე ანქვაბის ორმაგმა თამაშმა და აფხაზეთში ბოლო დროს გააქტიურებულმა თურქეთმა განაპირობა:

 

 

-აფხაზეთში რაც ხდება, რუსეთის გარეშე რომ არ ხდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება. საქართველოს ხელისუფლებამ ცოტა უნდა შეაწუხოს საკუთარი გონება და იფიქროს, რატომ აკეთებს რუსეთი ამას. სავარაუდოდ, ეს განაპირობა ანქვაბის ორმაგმა თამაშმა და აფხაზეთში ბოლო დროს  გააქტიურებულმა თურქეთმა. როცა თურქეთი  აფხაზეთში საკუთარ წარმოადგენლობას ხსნიდა, ამაზე ხმა არ ამოუღია ჩვენს ხელისუფლებას. ბოლო დროს გააქტიურდა ბიზნესკომუნიკაცია. თურქეთის მხრიდან ეს არის არაკეთილმეზობლური და ცუდი ნაბიჯი. ასევე აღიქვა რუსეთმა თურქეთის ქმედება და ცდილობს გაიმტკიცოს პოზიციები საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში აფხაზეთში.

 

-საქართველოზე ზეწოლის მექანიზმებს გულისხმობთ?


-რა თქმა უნდა, მას სჭირდება რომ ჰქონდეს საქართველოზე ზეწოლის რაც შეიძლება მეტი მექანიზმი. რუსეთი ხედავს, რომ საქართველო არ მიდის მასთან კონსტრუქციული დიალოგის გზით და რჩება მტრულ ბანაკში. ამას ხელი შეუწყო თავდაცვის მინისტრის უპასუხისმგებლო განცხადებამ - NATO-ს სარაკეტო სისტემის საქართველოში განთავსებასთან დაკავშირებით. ეს  პირდაპირ რუსეთის უსაფრთხოების სისტემის წინააღმდეგ არის მიმართული. რუსები კი კონტრ-ზომებს იღებენ.



-რა უნდა მოიმოქმედოს ქართულმა ხელისუფლებამ?

 

-ჩვენმა ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების ყველა შანსი გაუშვა ხელიდან. რუსეთს აღებული ჰქონდა 2 წლიანი პაუზა, რადგან ელოდებოდა საქართველოსგან პოზიტიურ ნაბიჯებს. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის მხრიდან იყო საკმაოდ სერიოზული შემოთავაზება ზომიერი და კონსტრუქციული, როცა გამოთქვა სურვილი, რომ შეხვდებოდა საქართველოს პრეზიდენტს. ვერც პრეზიდენტმა და ვერც პრემიერ-მინისტრმა ვერ გაბედეს გადაედგათ ეს ნაბიჯი და შეხვედროდნენ პუტინს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვყავს მარიონეტული ხელისუფლება. ისინი არ არიან დამოუკიდებელი და თავისუფალი პოლიტიკური ლიდერები. მათ მნიშვნელოვანი შანსი გაუშვეს ხელიდან. ერთადერთი პოლიტიკური ძალა არის „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია", რომელსაც შეუძლია ისე დაარეგულიროს ურთიერთობები რუსეთთან, რომ დასავლეთის კარიც არ გამოიჯახუნოს.

 

-ექსპერტების აზრით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს აფხაზებს, რომ მათთვის, როგორც ეთნოსისთვის, გადარჩენის ერთადერთი გზა არის საქართველოსთან ერთად აფხაზეთის ევროკავშირის სივრცეში მოქცევა. ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

 

-ასეთი მოსაზრებები ხშირად ისმის პოლიტიკური წრეებიდან, ასევე ხელოვნურად გამოჩეკილი ექსპერტებისგან. ეს აზრი არის ფანტასტიკის სფეროდან. სუფთა ფანტაზიაა, რადგან თუ გვინდა აფხაზეთთან ურთიერთობა, პირველ რიგში, ურთიერთობა უნდა დავარეგულიროთ რუსეთთან. რუსეთი არის უზარმაზარი სუპერ-სახელმწიფო, ამიტომ მასთან ფრთხილი და გონივრული ნაბიჯების გადადგმა გვმართებს. თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ვიხილავთ სამხედრო ინტერვენციას რუსეთის მხრიდან უკვე აჭარაში, ახალციხეში, ახალქალაქში. ამის ნოყიერი ნიადაგი ამ რეგიონებში უკვე არის შემზადებული. ბევრი მოქალაქე ტაშის გრიალით შეიძლება დახვდეს რუსეთს, რადგან იქ არსებობს თურქეთისგან მზარდი საფრთხე . ამას   კიდევ უფრო ზრდის ისეთი არასერიოზული, უპასუხისმგებლო განცხადებები, როგორიც იყო თუნდაც სარაკეტო სისტემების განლაგება საქართველოში. ეს ნიშნავს, რომ საქართველო უნდა გადაიქცეს საომარ ლელოდ დასავლეთსა და რუსეთს შორის. საქართველოში ქართველი კია არა, მიწა- წყალი აღარ დარჩება. ღმერთა ნუ ქნას, ტყე და მინდორი აღარ დარჩება, გადაიბუგება მთლიანად.


-თქვენს კოალიციას რა ბერკეტებით შეუძლია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება ისე, რომ საქართველომ ევროპაზე უარი არ თქვას?

 

-კოალიცია „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია" შემდგარია თავისუფალი ლიდერებისგან, რომლებიც არ არიან არც დასავლეთის და არც რუსეთის მარიონეტები. კოალიციას ჰყავს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელსაც აქვს თავისი კომუნიკაციები რუსეთის ხელისუფლებასთან. არ დაგიმალავთ, ჩვენ, დანარჩენი ლიდერებიც ვმუშაობთ კომუნიკაციებზე. ბურჯანაძის ფაქტორი, დანარჩენი ლიდერების ფაქტორი და მათი მზაობა კონსტრუქციულად ითანამშრომლონ რუსეთთან, განაპირობებს სიტუაციის დალაგებას. ვიცით რაც არის ძირითადი საკითხები, რაზეც შეიძლება რუსეთს ჰქონდეს საკუთარი  ცხოველი ინტერესი რეგიონში და ეს არის დაკავშირებული რუსეთის უსაფრთხოებასთან, მაგრამ ამაზე საუბარი ახლა მიზანშეწონილი არაა. ეს დაახლობით ჰგავს: ექიმმა ავადმყოფი არ გასინჯოს და ისე დასვას დიაგნოზი. ჩვენ გვჭირდება რუსეთთან დაჯდომა „ანთების" კარგად დათვალიერება და დიალოგი. მაგრამ რომ დავსხდეთ რუსეთთან, ჩვენ გვჭირდება ლეგიტიმაცია და ამომრჩევლის მხარდაჭერა.


-რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს, როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო კამპანიას და გარემოს?

 

-რეგიონებში აშკარად შეიმჩნევა ზეწოლის სახიფათო ტენდენცია - სახელისუფლებო სტრუქტურებისა და ადგილობრივი „ფეოდალების" მხრიდან არის ჩვენი სიის წევრებზე ზეწოლის, დაშინების, შანტაჟის ფაქტები. მათი მიზანია, რომ ზოგიერთ ოლქში არც კი ვიყოთ წარმოდგენილები და ბიულეტენშიც არ იყოს ჩვენი პარტიული სია, ანუ მოვხსნათ კანდიდატურები. ამ საკითხის შესწავლა უკვე დავიწყეთ და მალე დავასახელებ „მოქმედ გმირებს". მიწიდან ამოვიღებთ დედაბუდიანად, არავის არ შევარჩენს ჩვენი მაჟორიტარების და სიის წევრების დაშანდაჟებას და კანდიდატურის მოხსნას ზეწოლით.


-დათა ახალაიას საბერძნეთის სასამართლომ გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა. ხომ არ ფიქრობთ, რომ პროკურატურამ სუსტად იმუშავა?

 

-დათა ახალაიას და ასევე კეზერაშვილის პრეცედენტები არის ნათელი ილუსტრაცია ჩვენი ხელისუფლების სრული უპრინციპობის, უსუსურობის, უხერხემლობის და უცოდინარობის. ეს არის კიდევ ერთი დასტური, რომ ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ამ პოლიტიკური ძალის ჩანაცვლება...


P.S. შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში არაღიარებული პოსტისთვის  ბრძოლა გრძელდება. ოპოზიციის აქტიურობის მიუხედავად, დე -ფაქტო ალექსანდრე ანქვაბი არსად წასვლას არ აპირებს. ოფიციალური მოსკოვი კი აცხადებს, რომ პროცესებს ეცლება და აფხაზეთის შიდა საქმეებში ჩარევას არ აპირებს.

არაღიარებული რესპუბლიკის ლიდერსა და პრემიერ-მინისტრს დე-ფაქტო პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. ანქვაბის გადაყენებას მხარი 20-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი კი 15 იყო. მოგვიანებით ოპოზიციამ დროებითი მთავრობის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016