მსახიობი თინა მახარაძე „პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში ბავშვობას იხსენებს. მისი თქმით, ის ძველ რუსთავში დაიბადა, რომელმაც მისი აზროვნების ფორმირებაში დიდი წვლილი შეიტანა.
თინა მახარაძე: „რუსთავში დავიბადე და მეშვიდე კლასამდე იქ ვცხოვრობდი. მიყვარს რუსთავი თავისი ბათქაშჩამოყრილი ძველი სახლებით. ჩემი ტიპის ფორმირებაში რუსთავმა დიდი როლი შეიტანა. მე ძველ რუსთავში დავიბადე-გავიზარდე და ეზოებში დავრბოდი. ძველი აფთიაქის სუნს ვსუნთქავდი მთელი ჩემი ბავშვობა. ამის გამო გემოვნება ბევრად დამეხვეწა და ფაქიზი ნიუანსების შეგრძნება შემიძლია. მიყვარს ბაძუნგალა ჯიხურები, სადაც გაცრეცილი კოლოფიანი „ვაისროი" იყიდება. ამაში ესთეტიკას ვხედავ. ჩემი ოჯახი ცხოვრობს გლდანში და დროის დიდ ნაწილს იქ ვატარებ. დიდი პერიოდი ვცხოვრობდი სხვაგან, ჩემთვის დამოუკიდებლად. ლოკაციას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მიხარია, რომ გლდანში ვცხოვრობ. ეს იმხელა სიამოვნებაა, როდესაც დილას ჩემ აივანზე გავდივარ და ვხედავ თვითმფრინავები როგორ მოფრინავენ ერთნაირი, მაღალი შენობების თავზე. ირგვლივ ბევრი კორპუსია, აზერბაიჯანელი ქალი ბოსტნეულს ყიდის და მე შემიძლია ყოველდღე ჩავიდე მასთან. ჩემ უბანთან დაკავშირებით საინტერესო ფოტო-პროექტს ვაპირებ. კომპლექსი შეიძლება იმის მქონდეს, რომ საინტერესო რამეები ვაკეთო იმ ადგილას, რომელ ადგილსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ლესელიძეზე ისედაც ბევრი საინტერესო დაწესებულებაა, გლდანში - არაფერი."- ამბობს თინა მახარაძე „პრაიმტაიმთან" საუბრისას.
თინა მახარაძე ამჟამად სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში" მონაწილეობს.