reportiori.ge - ვასილ ბერელა: აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და აღარასდროს ვიცხოვრებ სხვაგან (ფოტოკოლაჟი)
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
ორშაბათი, 02 დეკემბერი, 2024. 07:55
ინტერვიუ
ვასილ ბერელა: აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და აღარასდროს ვიცხოვრებ სხვაგან (ფოტოკოლაჟი)
03 ივნისი, 2014. 11:25


28 წლის ახალგაზრდა ქართველი მხატვარი ვასილ ბერელა (ბერელაშვილი) წლებია უკვე რაც გერმანიაში მოღვაწეობს. მის შემოქმედებას საქართველოში ნაკლებად იცნობენ, თუმცა გერმანიაში მის ნამუშევრებს არაერთ მნიშნველოვან გამოფენაზე აქვს მონაწილეობა მიღებული.  „რეპორტიორმა" გადაწყვიტა, მხატვარი ვასილ ბერელა და მისი შემოქმედება ქართველებს უფრო დეტალურად გააცნოს.


_ ვასილ მოდი დავიწყოთ თავიდან, მოგვიყევი როგორ დაიწყო თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება?


_ ხატვა ბავშობიდან დავიწყე.  მარტოობა ბევრად მერჩივნა თანატოლებთან და ზოგადად ხალხთან ურთიერთობას.  ამიტომ ჩემს გასართობს ხატვა წარმოადგენდა. რაღაც პერიოდი თითქმის 2-3 წელი შევწყვიტე ხატვა, რადგან  სხვა სამყარო აღმოვაჩინე - მუსიკა. მუსიკა ჩემს სულს ავსებდა, მაგრამ ხელოვნების ამ დარგში საკმაოდ უნიჭო ვარ, შინაგანად კი შექმნისკენ მაქვს მიდრეკილება. პაუზის შემდეგ გაასმაგებული ენერგიით დავუბრუნდი ხატვას.  2002 წლიდან დავიწყე ნუგზარ ჟოჟუაშვილის სამხატვრო სახელოსნოში სიარული ქალაქ გორში. იმ პერიოდისთვის მიზანი, სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებისთვის მზადება იყო.


 2004 წელს გავხდი თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტი. 6 თვის განმავლობაში, რაც აკადემიაში სწავლა დავიწყე ჩემში ერთმანეთს ორი მე ებრძოდა. პირველი, რომელსაც სურდა ყოფილიყო დიპლომიანი ადამიანი, ოღონდ არა მხატვარი, რადგან ჩემდა გასაოცრად აღმოვაჩინე, რომ აკადემიაში დარჩენის შემთხვევაში, შინაგანად იმდენად დავინგრეოდი, ალბათ აღარასდროს ვიქნებოდი ხელოვანი და მეორე, უბრალოდ მხატვარი.  საბოლოოდ ეს უკანასკნელი ავირჩიე და დავბრუნდი სახელოსნოში, სადაც ჩემს მასწავლებელთან ერთად  გავაგრძელე მუშაობა. დაახლოებთი ერთი წლის შემდეგ შევწყვიტე სახელოსნოში სიარული და საკუთარ თავზე სახლში დავიწყე  მუშაობა. ეს პერიოდი ყველაზე პროდუქტიული იყო ჩემს ცხოვრებაში, რამაც შედეგი გამოიღო. საკმაო ყურადღება და პატივისცემა დავიმსახურე უფროს კოლეგათა წრეში.

 

_ რატომ წახვედით საქართველოდან და როგორ აღმოჩნდით გერმანიაში?


_ გერმანიაში 2009  წლის იანვარში წავედი. ჩემი გეგმები მხოლოდ და მხოლოდ მხატვრობას უკავშირდებოდა.  ცალკე პიროვნება ვასილ ბერელაშვილი არ არსებობდა. იყო რაღაც გამჭვირვალე ეთერული სხეული, რომელიც ცხოვრობდა მხოლოდ იმ სამყაროში, რის გადმოცემასაც  თავის ტილოებზე ლამობდა.

ყველაზე ბედნიერი პერიოდი იყო სწორედ ის, როდესაც როგორც პიროვნება ვზავდებოდი შემოქმედებასთან და გამჭვირვალეობის შეგრძნებით ვნეტარებდი.  იმ არსებას, რასაც ასეთ მომენტებში წარმოვადგენდი, ხუმრობით „ოისტროსი" შევარქვი,  ბერძნული სიგიჟის ღმერთის სახელი.

რამდენად გასაკვირი არ უნდა იყოს, საქართველოდან გერმანიაში ვასილ ბერელა „ოისტროსს" გამოექცა. აქედან დაიწყო ჩემი მეორე ცხოვრება ნულიდან. მივხვდი, რომ აქ ყველასთვის უცხო ვარ. იმის შეგრძნებამ,  რა მცირედ მარცვალს წარმოადგენს ადამიანი ამხელა სამყაროში, უფრო მეტად შემაწუხა. ე.წ. „ოისტროსს" კი გავექეცი, თუმცა როგორც აღმოჩნდა დროებით.

2010 წელს დავიწყე ცხოვრება გერმანიის პატარა ქალაქ რაინეში. რატომღაც აღმოვჩნდი ბინაში, სადაც ცხოვრობდა ხალხი, რომელიც საზოგადოების ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა. ესეც ალბათ სიმბოლური იყო ახალი  ცხოვრების დასაწყებად.

თანდათან „ოისტროსი" ბრუნდებოდა ჩემში და მივხვდი, რომ ეს ორი მე ერთმანეთთან შეთანხმებულად ვეღარ იქნებოდა. გადაწყვეტილება უნდა მიმეღო, ვასილ ბერელაშვილის და „შეშლილი ხელოვანის" დასაზავებლად. ამ პერიოდში თითქმის შევწყვიტე ხატვა და დავიწყე საკუთარ სულში „ქექვა", რაშიც ფროიდი, არტურ შოპენჰაუერი, დოსტოევსკი, ნიცშე და ეგზისტენციალისტი მწერლები დამეხმარნენ. შესაბამისად ჩემში გაორებული პიროვნების დარეგულირება და მორიგება ვისწავლე.

ამ პერიოდში ერთ-ერთმა შემკვეთმა ბერლინში გადასვლა შემომთავაზა და მეც დავთანხმდი.

 

_  ადვილია  თუ არა ახალგაზრდა მხატვრისთვის გერმანიაში თავის დამკვიდრება?


-  თავის დამკვიდრება ძალიან რთულია. პირველ რიგში ხელს მიშლის ის, რომ სოციოფობი ვარ. ამას გარშემომყოფები ვერ ამჩნევენ, მაგრამ მე ვგრძნობ, შინაგან წინააღმდეგობებს კონტაქტების მოძიებისას და საკუთარი შემოქმედების დემონსტრირებისას.

 

_ ამ ხნის განმავლობაში რა გამოფენებში მიიღეთ მონაწილეობა?


_ იყო რაღაც წვრილმანი გამოფენები, მათგან რამდენიმე სერიოზული. 2010 წელს  - ჰაინრიხ ჰაინეს სახელობის დუსელდორფის უნივერსიტეტში მქონდა გამოფენა,  ექსპოზიცია სოფიო ღვინიაშვილთან ერთად.  2011 წელს -პერსონალური გამოფენა „ჰალუცინაციები" ქალაქ რაინეში. 2012 წელს - პერსონალური გამოფენა  Georgia-berlin galerie- ში. ასევე 2012 წელს - ჯგუფური გამოფენა  როლფ ეშერთან, ვიქტორ მიულერშტეტთან და სერხიო ცანისთან ერთად ისევ Georgia-berlin galerie- ში.  2013 წელს საქართველოს საელჩოში ვაპირებდი,  თუმცა რემონტის გამო გადაიდო და შემდეგ მეც გადავიფიქრე.

ხშირად ვმუშაობ კერძო შეკვეთებზე, მაგრამ რასაც ამ შემთხვევაში ვხატავ, ყურადღების ღირსად არ ვთვლი. წინა პლანზე შემკვეთის სურვილები დგას და მე, როგორც მხატვარი, აბსოლუტურად შეზღუდული ვარ.

 

_ მხატვრების შემოქმედებაში ქალბატონებს ალბათ განსაკუთრებული ადგილი უჭირავთ, არის თუ არა ვასილ ბერელას ცხოვრებაში ასეთი განსაკუთრებული ქალბატონი?


_ იყო პერიოდი, როდესაც მიმაჩნდა რომ მხატვრობაზე ვიქორწინე. თითქოს ჩემ თავში მოვიცავდი ერთ სრულყოფილ ადამიანს. რა თქმა უნდა, ქალი მუდამ იყო შთაგონების წყარო, მაგრამ ჩემი ნამდვილი მუზა ორი წლის წინ აღმოვაჩინე და ის გახდა ჩემი ნამუშევრების მთავარი პერსონაჟი.

 

_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი, გამოფენისთვის ხომ არ ემზადები?


_ 5 ივლისს, ქალაქ ჰამბურგში, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფესტივალი ,,Altonale" იმართება. სწორედ ამ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად ვემზადები ახლა.

 

_ საქართველოში დაბრუნებას ხომ არ აპირებთ, ან აქ გამოფენის მოწყობას?


-  სამწუხაროდ, ჩვენ მომვავალს და ბედ-იღბალს მხოლოდ ჩვენ ვერ განვსაზღვრავთ. აქედან გამომდინარე არ ვიცი, როდის რას ვიზამ, როდის დავბრუნდები საქართველოში, როდის გავაკეთებ ჩემს ქვეყანაში გამოფენას. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მინდა. ერთს ვიტყვი აუცილებლად დავბრუნდები და აღარასდროს ვიცხოვრებ სხვაგან.

„რეპორტიორი" წარმატებას უსურვებს მხატვარ ვასილ ბერელაშვილს მომავალ გამოფენაზე და საქართველოში მალე დაბრუნებას უსურვებს.


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016