reportiori.ge - ზაზა ხუციშვილი: მახინჯი სისტემა იყო, როდესაც პრივილეგირებული მომღერლები პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ!
ჩვენ შესახებ პარტნიორები ქარტია ბმულები რეკლამა კონტაქტი
შაბათი, 30 ნოემბერი, 2024. 08:51
ინტერვიუ
ზაზა ხუციშვილი: მახინჯი სისტემა იყო, როდესაც პრივილეგირებული მომღერლები პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ!
05 ივნისი, 2014. 11:52



ჯგუფი „ვაკის პარკი" ახალ პროექტებზე მუშაობს. სოლისტმა ზაზა ხუციშვილმა „რეპორტიორთან" ინტერვიუში  სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმ გეგმებსა და პროექტებზე, რომელსაც მსმენელი უახლოეს მომავალში მოისმენს.


 - რაზე მუშაობს ჯგუფი „ვაკის პარკი"?


 -ამჟამად  სამ ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ. ჩვენს ჯგუფში პროექტ „მაგთიფანიდან" ნათია თოდუა და თათია ყურაშვილი მოვიდნენ. ისინი „ვაკის პარკის" ბექვოკალში მღერიან. გარდა ამისა, თავიანთი სიმღერებიც გავუკეთეთ. ვფიქრობ, ეს ჩვენს ჯგუფს ახალ სიცოცხლეს შესძენს, უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი იქნება. სიმღერები უკვე ხმებში გაშლილი და  ბექებით  გალამაზებული იქნება. ამ სამი სიმღერიდან ერთ-ერთს მე შევასრულებ. რეპეტიცია მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში სტუდიაშიც ჩავწერთ.



 - ამ ნამუშევრებს მსმენელი როდის მოისმენს?


 - როგორც კი ჩაიწერება გამოვაქვეყნებთ, ერთი თვის ფარგლებში. „იუთუბზე" აიტვირთება, თუმცა კლიპის გადაღებას ჯერ არ ვფიქრობთ. საერთოდ, ჩემი დაკვირვებით შოუ-ბიზნესი ახალ საფეხურზე გადადის. უკეთესზე თუ უარესზე ეს საკითხავია, მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან და პრაქტიკიდან ვატყობ, რომ კლიპმეიკერობა და დისკის მცნება ჩიხშია შესული. სამოყვარულო კამერით გადაღებული სიუჟეტიც კი საკმარისია იმისთვის, რომ იუთუბში ბევრი ნახვა ჰქონდეს. ჩვენც ამ პრინციპით ვაპირებთ მუშაობას. ადრე ჩვენ ალბომს ვწერდით   და პირდაპირ ვანთავსებდით. ამ გადასახედიდან კი ვატყობ, რომ თორმეტი ახალი სიმღერის შემოსვლა დაბნეულობას უფრო იწვევს.  სჯობს, თითო ახალი სიმღერა გააკეთო და რაღაც პერიოდი მსმენელს მოსმენის საშუალება მისცე.  



 - ხშირად ამბობენ რომ შოუ-ბიზნესი არ არსებობს. რა არის საჭირო იმისთვის, რომ იარსებოს?


 - მწირი ბაზარია.  მახინჯი სისტემა იყო, როდესაც პრივილეგირებული მომღერლები პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდებოდნენ. რატომღაც, ყველგან მათი პროექტები იმარჯვებდა, თუმცა, ეს დრო დასრულდა. მე მათ მიმართ არანაირი აგრესია არ მაქვს. პირიქით, ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა. ვისაც განსაკუთრებული დანაშაული ჩადენილი არ აქვს, ყველა ჩადგეს თანაბარ პირობებში და საკუთარი ნიჭის და დამსახურების მიხედვით მიიღოს იმ მწირი კაპიტალიდან, რაც ქართულ შოუ-ბიზნესშია. მინდა გითხრათ, რომ სხვადასხვა ტელეარხზე უამრავი პროექტი განხორციელდა, რომელშიც ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდა. ამ მწირი კაპიტალის განაწილებაში ყველა მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას   ამდენი მომღერლის შენახვის საშუალება არ აქვს. შოუ-ბიზნესში გარკვეული საქმიანობა არსებობს. არსებობს კორპორატიული საღამოები. რამდენიმე სერიოზული ფირმა, რომელიც წარმატებულია და სხვადასხვა თარიღს ყოველ წელს აღნიშნავს. ეს არის სამუშაო, რასაც ჩემი ჯგუფი არ თაკილობს. სხვასაც იმავეს ვურჩევდი. მშვენიერი სამუშაოა. არის საკლუბო მუშაობა და ფესტივალები, სახალხო ზეიმები. ჯგუფი, რომელიც თვლის, რომ წარმატებულია, კარგი მენეჯმენტის პირობებში მსგავს ღონისძიებებზე უნდა გამოვიდეს. გარდა ამისა, თუ მიაჩნიათ, რომ იმდენად პოპულარულია ჯგუფი, რომ კონცერტების გამართავს შეძლებენ, შეუძლიათ კონცერტი  სხვადასხვა ქალაქში ჩაატარონ და გარკვეულ შემოსავალს მიიღებენ.



 - ქართული საზოგადოება როგორ მუსიკას უსმენს და როგორ მუსიკა სჭირდება?


 - უხერხულია იმაზე საუბარი, თუ რა დონეზეა ქართული საზოგადოება. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ქართველების უმრავლესობისგან  განსხვავებული გემოვნება და მუსიკალური აზროვნება მაქვს. „იუთუბში" რასაც ბევრი მოსმენა აქვს მე უბრალოდ არ მომწონს. ამ ნაწარმოებებს ჩემთვის ქართული ქანთრი დავარქვი. ჩვენთან ეს თითქოს ქართული ფოლკლორიდანაა წამოსული, ოღონდ არა ის ძვირფასი, რაც ჩაკრულო და კრიმანჭულია, არამედ რაღაც ჩემთვის მიუღებელი მუსიკა.



 - მომღერლები ხშირად ამბობენ, რომ რასაც მსმენელი ითხოვს იმას ვმღერით, ხოლო მსმენელი ამბობს, რასაც მღერიან იმას ვუსმენთო.


 -ყველა ადამიანს, რომელიც ნებისმიერ სფეროში მოღვაწეობს, აქვს გამოწვევა, თუ რატომ არის ამ სფეროში. თუ ადამიანს მუსიკისგან არავითარი გამოწვევა არ აქვს , რომ რაღაც საინტერესო გააკეთოს, ის სწორედ ასე ფიქრობს. ის იმ პროდუქტს გააკეთებს, რომელიც იყიდება და ამით კმაყოფილი იქნება. დღეს რაც იყიდება იმის დაკვრა არ მაინტერესებს. მე იმიტომ არ ვუკრავ, რომ პოპულარული ვიყო და ჩემს სიმღერას „იუთუბში" ორი მილიონი ნახვა ჰქონდეს. მუსიკოსმა მსმენელზე მაღლა უნდა იპოვოს საკუთარი ადგილი და  აიძულოს მის სიმაღლემდე მივიდეს. თუ ყველა იმას იფიქრებს, რომ ის პროდუქტი მიაწოდოს, რასაც ითხოვენ, ქართულ შოუ-ბიზნესში უარესი დეგრადაცია მოხდება. არავინ თქვას, რომ არჩევანის საშუალება არ აქვს. არის შესანიშნავი არხები, მაგრამ იაფფასიანს ირჩევენ.



 - თქვენ საკმაოდ აქტიური მოქალაქე ხართ და საკუთარ მოსაზრებებს თავისუფლად აფიქსირებთ. რამდენიმე წლის წინ უსამართლობაზე საუბრობდით და მღეროდით. დღეს  რა იწვევს თქვენში უსამართლობის განცდას?


 - ჩემთვის მორიგი იმედგაცრუება და ჩემი აზრით საკმაოდ აქტუალური ნამუშევარი იყო ჩვენი ბოლო ალბომი „ანდერგრაუნდი". იმედგაცრუება იმიტომ, რომ იმ მუხტს, რაც საზოგადოებაში   არსებობს და როკ მუსიკოსი თავის ხელოვნებაში ასახავს უფრო მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს, მაგრამ არ ექცევა. ეს მუსიკა იყო მთელს მსოფლიოში სოციალური უთანასწორობის მიმართ პროტესტი და როდესაც იგივე  ნიადაგი საქართველოშიც შეიქმნა, მუსიკოსების გარკვეულ ნაწილს მაინც, ამაზე ხმა უნდა ამოეღო. დღესაც არის თემები, რომლებიც პროტესტს იწვევს და უახლოეს მომავალში ალბათ ამ თემასაც შევეხმიანებით.



 - დღესაც იგრძნობა „სამართლის შიმშილი"?


 - დღეს ბევრად ნაკლებად იგრძნობა. შედარება არ არის. დღევანდელი პროტესტის ორი მთავარი მიმართულება არსებობს. პირველი უმუშევრობაა, რაზეც  მთავრობას პასუხისმგებლობას ცალსახად ვერ დავაკისრებ. დილეტანტის მოთხოვნილებაა, რომ მთავრობის შეცვლიდან ორი წლის შემდეგ   ხალხი დასაქმდეს. არც ერთი დიდი ფირმა ხელისუფლებას არ შეუქმნია. ხელისუფლება ხალხს არსად არ ასაქმებს. ეს უნდა გავიგოთ!  მას თავისი შტატი აქვს, რომელიც პირიქით, უნდა შეამციროს. ბიზნესი უნდა გათავისუფლდეს და მაქსიმალური პირობები შეექმნას იმისთვის, რომ ხალხი დაასაქმოს. სამწუხაროდ, მოსახლეობის უმრავლესობა თავის პირად ჭრილში ხედავს ქვეყნის მომავალს, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. ეს არ არის სახელმწიფოებრივი აზროვნება. პირდაპირ გეტყვით, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ორი წელი გავიდა. არც ერთ საახალწლო კონცერტზე, არც ერთ თბილისობაზე და 26 მაისს ჩემი ჯგუფი მიწვეული არ ყოფილა მაგრამ მე ჯიბრში არ ვუდგები. ვინც ამ კონცერტებს აკეთებდა ჩათვალა, რომ მე იქ არ უნდა ვყოფილიყავი. ამით არ დავბოღმილვარ, რადგან ასე არ ვუდგები საკითხს,  ხელისუფლების შეცვლით პირადად მე რა მივიღე.



 - ბატონო ზაზა, დაბლოკვაზე ხშირად საუბრობდით. იყო შემთხვევა, როდესაც „ვაკის პარკი" ბილაინის კონცერტის სიაში ჩასვეს, შემდეგ კი  თქვენი გამოსვლა გააუქმეს. დღეს თუ შეიცავალა რამე?


 -იმის მიუხედვად რომ ყველა ხელისუფლებასთან გარკვეულ დონეზე პირადი ურთიერთობები  მქონდა, არ არსებობს ბუნებაში ფაქტი, რომ მე სადმე ნაცნობობით ჩემი ჯგუფისთვის გზა გამეკვალა. იმიტომ არ მქონია პროტესტი, რომ ბევრი სახელისუფლებო კონცერტი უნდა ყოფილიყო  და მე გამოვსულიყავი, არა. მე ვთვლი, რომ ასეთი კონცერტები რაც შეიძლება ნაკლები უნდა იყოს და კომერციული კონცერტების მიმართ იყოს ყურადღება. შოუ-ბიზნესის მამოძრავებელი ძალა სახელისუფლებო კონცერტები არ უნდა იყოს. შოუ-ბიზნესი არის ზუსტად ისეთი ბიზნესი, როგორც ყველა სხვა. სახელმწიფომ ყველა მოთამაშეს თანაბარი პირობები უნდა შეუქმნას.



 - მუსიკოსს აქვს თუ არა ბერკეტი საზოგადოების აზროვნებაზე ზემოქმედების მოსახდენად  და რა ბერკეტია ეს?


 -დასავლეთის  ქვეყნებში  მეტი ბერკეტი აქვთ, სადაც ტექსტი მუსიკოსის შემოქმედებაში ერთ-ერთი  წამყვანია და ნაკლები აქვს საქართველოში, სადაც ზედაპირული და არაფრისმთქმელი ტექსტები ყოველთვის უფრო პოპულარული ხდება. საქართველოში სიმღერა ზედმეტი ფიქრის საგანი არ არის.



 - რატომ ურჩევნია ხალხს ასეთი მუსიკის მოსმენა?


 -ერთი კარგი გამონათქვამი არსებობს, რომ რასაც წარმოადგენ შენ, ზუსტად ისეთი ფილმის ყურება გინდა,  ისეთი წიგნის წაკითხვა გინდა, ისეთი მუსიკის მოსმენა გინდა იმიტომ, რომ შენი დონე ის არის.



 - საქართველოში ბევრი მუსიკალური კონკურსი ტარდება. რატომღაც,  უპირატესობას უცხოენოვანი სიმღერის შესრულებას ანიჭებენ. ხშირად იმასაც ამბობენ, რომ დამწყებებს ქართული სიმღერის შესრულება არ გამოსდით. ასეა?



 -ამ მოსაზრებას გარკვეულწილად ვეთანხმები, მაგრამ დასაძლევია. კოპირება ადვილია. არსებობს სტანდარტი. ათჯერ მოუსმენ და თუ კი ხმა საშუალებას გაძლევს  ამას აკოპირებ, რაც ადვილია.  საკუთარის პოვნა ბევრად უფრო რთულია. ამის რამდენიმე ნიმუში  გვაქვს. ჩვენი შესანიშნავი მომღერალია ნინო ქათამაძე, რომელმაც ყველასგან აბსოლუტურად განსხვავებული, საკუთარი  სახე შექმნა. სკოლასავით არის ნინო ქათამაძის ნამღერი. ის ბავშვები, რომლებიც მიჩვეულები არიან კოპირებას, ამას ძალიან კარგად აკეთებენ. როგორც კი ქართულ სიმღერას მისცემ, შესრულების ხარისხი მკვეთრად ეცემა. ნებისმიერ ხელოვნებაში საკუთარი  სახის პოვნა ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რითიც უნდა სულდგმულობდეს ადამიანი, რომელიც  ამა თუ იმ სფეროში მოღვაწეობს.


 - თქვენ წამყვანის ამპლუაშიც მოსინჯეთ თავი. გაქვთ თუ არა ახალი შემოთავაზება რომელიმე არხისგან და დათანხმდებით თუ არა მსგავს წინადადებას?


 - მირჩევნია,  შოუ-ბიზნესის მიმართულებით ვიმუშავო. პირდაპირ გეტყვით, რომ  მაშინ  დასაქმების კუთხით არანაირი საქმე არ მქონდა და  ძალიან შემეშველა ეკონომიურადაც და საქმითაც. ენერგიით სავსე ადამიანი რომ არაფერს აკეთებ და ვერ იხარჯები, ძალიან რთულია. ნადირობამაც ალბათ იმიტომ გამიტაცა, რომ ჩემს სფეროში ფაქტიურად ხელ-ფეხი მქონდა შეკრული.



მუსიკოსის თქმით, ბოლო წლებში საახალწლო კონცერტებთან დაკავშირებით სავალალო მდგომარეობა იყო და ფაქტიურად საინტერესო არაფერი შექმნილა, რამაც საახალწლო პროექტის შექმნისკენ უბიძგა. პროექტი, რომლის რამდენიმე სიმღერა უკვე დაწერილი აქვს სურს ტელევზიაში განახორციელოს.


 

ხათუნა ლაგაზიძის პრესკონფერენცია
13.02.2016
კონსტანტინე გამსახურდიას პრესკონფერენცია
13.02.2016
''ერეკლე მეორის საზოგადოების'' პრესკონფერენცია
13.02.2016
ლევან გოგიჩაიშვილის პრესკონფერენცია
11.02.2016
ნინო მაჭავარიანის, რუსუდან კვალიაშვილის და ირმა მახათაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დემურ გიორხელიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
პეტრე მამრაძის პრესკონფერენცია
11.02.2016
ომარ ნიშნიანიძის პრესკონფერენცია
11.02.2016
დიმიტრი ლორთქიფანიძის პრესკონფერენცია
10.02.2016
მანანა ნაჭყებიას პრესკონფერენცია
10.02.2016